Google+

სიახლეები

26.05.2005
ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვაირა ვიკე-ფრეიბერგას მისასალმებელი სიტყვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე

ბატონო პრეზიდენტო, მთავრობის წევრებო და მოქალაქეებო!

მსურს დღევანდელი დღე მოგილოცოთ და აღვნიშნო, რომ ეს დღე საქართველოს დამოუკიდებლობის, სიამაყისა და სიხარულის დღეა.

მე ჩამოვედი ქვეყნიდან, რომელიც საქართველოდან 2000 კილომეტრითაა დაშორებული და ჩამოვედი იმისათვის, რომ ლატვიელი ხალხის გულწრფელი მოლოცვა გადმოგცეთ.

მსურს გითხრათ, რომ თქვენს საქმეებში ყოველმხრივ მხარს გიჭერთ და ისიც მსურს აღვნიშნო, რომ აღფრთოვანებული ვარ თქვენი წარმატებებით.

მომავალ საქმიანობაშიც ლატვიის რესპუბლიკა თქვენს გვერდით იგულეთ.

1990 წელი ჩვენი ქვეყნებისთვის ისტორიული აღმოჩნდა - ამ წელმა საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას დამოუკიდებლობა მოუტანა.

ჩვენ იმასაც მოველით, რომ თავისუფალ და ევროპულ სტანდარტებს მორგებულ ქვეყნებში ვიცხოვრებთ.

ჩვენ ვებრძოდით როგორც რუსულ, ასევე, გერმანულ ჯარებს, სანამ ბალტიისპირეთი თავისუფალი და სუვერენული არ გახდა.

ამან მშვიდობის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის 20 წელი მოგვიტანა, რამაც საშუალება მოგვცა ახალი, თანამედროვე სახელმწიფოსთვის საფუძველი ჩაგვეყარა.

მეორე მსოფლიო ომმა ყოველივე ეს დაანგრია და შემდეგი 50 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნების ბედი ერთმანეთთან იყო გადაჯაჭვული.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩვენი ქვეყნები დამოუკიდებლობისა და შემდგომი განვითარების გზას დაადგა.

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორია სხვა ქვეყნის საჯარისო შენაერთებისგან გაგვეთავისუფლებინა.

მსურს ისიც აღვნიშნო, რომ გულწრფელად მივესალმები თქვენს სურვილსა და მისწრაფებას დაიცვათ სახელმწიფო საზღვრები და თქვენი ტერიტორიიდან სხვა ქვეყნის სამხედრო ნაწილების გაიყვანოთ.

ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს და ბევრი ქვეყნისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ ტირანიისგან, ან არადემოკრატიული მთავრობის მმართველობისგან იტანჯება, საქართველო იმედისა და თავისუფლების მანათობელი შუქურაა.

მთავარი ისაა, რომ თქვენ გამარჯვებას ვარდებით ხელში მიაღწიეთ და არც ერთი წვეთი სისხლი არ დაღვრილა, რაც ძალზე მნიშვნელოვანია.

იყო დრო, როდესაც ჩვენი ხალხიც დროშებით ხელში, ქუჩაში იმ იმედით გამოვიდა, რომ გაიმარჯვებდა და წარმატებას მიაღწევდა.

ეს მომავლის რწმენა იყო.

მინდა, რომ საქართველოს კიდევ ერთხელ მივულოცო ეს დღე.

თქვენ ამაყი ერი ხართ და სიამაყის სრული საფუძველი გაქვთ.

საქართველოს უზარმაზარი ისტორია ცივილიზაციის მრავალ ათას წელს ითვლის და თქვენ ამითაც შეგიძლიათ იამაყოთ.

თქვენ გყავდათ დიდი მეფეები და დედოფლები, გყავდათ პოეტები, მსახიობები, არქიტექტორები და ბევრი ნიჭიერი, გამოჩენილი პიროვნება, რაც იმას მიუთითებს, რომ მართლაც გამორჩეული და დიდი ერი ხართ.

ჩემი ქვეყნის, ლატვიის მსგავსად, საქართველოშიც საუკუნეების განმავლობაში, სხვადასხვა გარეშე ძალა თქვენს შექმნილს ანგრევდა და ანადგურებდა.

თუმცა მსურს გითხრათ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება, რადგან არც ევროპა და არც მთელი მსოფლიო ამას არ დაუშვებს.

თქვენი ქვეყანა თქვენ გეკუთვნით და შეგიძლიათ იგი თქვენი სურვილების, იმედების, მიზნებისა და ოცნებების შესაბამისად განავითაროთ, რათა თავისუფალ და წარმატებულ ქვეყანაში იცხოვროთ.

საქართველო თავისუფალი ქვეყანაა, რომელიც მნიშვნელოვანი ტვირთისგან საბოლოოდ გათავისუფლდა.

უნდა გაიაზროთ, რომ თქვენს მიერ აღებული პასუხისმგებლობა, თქვენივე ნებით გაკეთებული არჩევანია.

თქვენ თავისუფალი ერი ხართ მდიდარი წარსულითა და კულტურული მემკვიდრეობით და ამ წარსულიდან შეგიძლიათ აიღოთ ის, რაც მოგწონთ და უარყოთ, რასაც მიუღებლად მიიჩნევთ.

თქვენ უდიდესი ერი ხართ, არა მეცნიერების, შეიარაღებული ძალებისა და მოსახლეობის რაოდენობის თვალსაზრისით, არამედ თქვენი უმდიდრესი კულტურით, გამორჩეული ნიჭისა და გულის მქონე ხალხით.

გასული 15 წლის განმავლობაში ჩემმა ქვეყანამ, ლატვიამ რთული გზა გაიარა და ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ლატვია ევროკავშირში გაერთიანდა.

ეს ჩვენი უმთავრესი მიღწევა იყო.

ახლა კი ვცდილობთ ის უპირატესობა გამოვიყენოთ, რაც ევროკავშირის წევრობამ მოგვანიჭა.

ჩვენი გამოცდილებით, მსურს გითხრათ, რომ ეს გზა გრძელი და რთული იყო, თუმცა საწადელს მივაღწიეთ.

ამ მიზნისკენ მხარდამხარ იმ ერებთან ერთად მივიწევდით, რომლებსაც მსგავსი იდეალები ჰქონდათ და იმ ერების დახმარებითაც, რომლებიც ამ გაერთიანების წევრები უკვე იყვნენ.

იგივე დახმარებას თქვენც გთავაზობთ და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე მეგობრობის ხელს გიწვდით.

თქვენ, ქართველ ხალხს ვარდების რევოლუციის შედეგად მოპოვებულ გამარჯვებასაც გილოცავთ და გისურვებთ, რომ იმავე გზაზე გევლოთ, რომელიც ამ რევოლუციის დასაწყისში აირჩიეთ.

თქვენი ქვეყანა მხურვალედ უნდა გიყვარდეთ და თქვენი ერისა და მომავალი წარმატების ღრმად უნდა გწამდეთ.

მზად უნდა იყოთ, რომ ნებისმიერ დროს დაიცვათ თქვენი მიწა-წყალი და ამისათვის ყველაფერი უნდა გააკეთოთ.

ყველაზე მეტად თქვენ ის ვაჟკაცობა და მიზანსწრაფულობა უნდა გქონდეთ, რაც წარსულში არაერთხელ გამოიჩინეთ.

მეც და მთელმა მსოფლიომ იცის, რომ თქვენ ამის გამბედაობაც გაქვთ და მიზანსწრაფვაც.

იყავით ძლიერები თქვენს ოცნებებსა და მიზნებში, ყოველდღიურ წარმატებებში, მედგრად იარეთ ამ გზაზე და ბევრს მიაღწევთ.

თქვენი ქვეყანა თქვენსავე ხელშია და მისი მომავალი ისტორიის შექმნა თითოეულ თქვენგანს შეუძლია.

გისურვებთ ძლიერებას, ბედნიერებასა და ღვთის წყალობას!

ღმერთი ფარავდეს საქართველოს!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)