Google+

სიახლეები

08.07.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდა

მოგესალმებით ყველას.

მსურს დიდი მადლობა მოვახსენო საპარლამენტო უმრავლესობას, პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც ამჟამად ამერიკაში იმყოფება და ამიტომ ჩვენთან ერთად ყოფნა ვერ მოახერხა, ასევე, უმრავლესობის ლიდერს ბესო ჯუღელს, ბატონ გოგი ლიპარტელიანს, თითოეულ თქვენგანს იმისათვის, რომ საკმაოდ კარგი და საინტერესო სესიის გამართვა მოახერხეთ.

ბოლო წლის განმავლობაში ხან ერთი ტელეკომენტატორი ან ე.წ. პოლიტოლოგი პოლიტიკოსი და ხან მეორე, კითხულობდა, თუ როდის დაიშლებოდა საპარლამენტო უმრავლესობა.

გეგონება ლაპარაკი რომელიმე შორეული აფრიკული ქვეყნის უმრავლესობაზე იყო და არც ჩვენი ქვეყანას ეხებოდეს, რომელსაც უამრავი ამოცანა აქვს გადასაწყვეტი.

ბოლო წლის განმავლობაში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ძალა ერთობაშია და არა ფრაგმენტირებაში, როგორც ეს ჩვენი ერის ისტორიაში არაერთხელ ყოფილა, არა ერთმანეთის ღალატსა და გაუტანლობაში.

უმრავლესობის ერთად დგომით და ერთმანეთის მხარდაჭერით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი, მართალია კამათისა და სხვადასხვა განხილივის ფონზე, მაგრამ მიღებულ გადაწყვეტილებას ბოლომდე ვახორციელებთ.

ეს არის პირველი უმრავლესობა, რომელმაც თვითწმენდა მოახერხა, რომელსაც ხელშეუხებელი წევრები არა ჰყავს, ხელს არ აფარებს საკუთარ წარმომადგენელს, თუკი დამნაშავეა და პირიქით ბოლომდე იბრძვის იმ წევრებისთვის, რომლებიც მართლები არიან, რაც უმეტეს შემთხვევაში ხდება-ხოლმე.

ჩვენ პირველი უმრავლესობა ვართ, რომელსაც მორალური უპირატესობა აქვს, ეს კი ჩვენი მთავარი ძალაა.

ეს ის საპარლამენტო უმრავლესობაა, რომელმაც აჭარის საკითხის გადაწყვეტა მოახერხა.

ეს ის საპარლამენტო უმრავლესობაა, რომელიც ცხინვალისა და, დარწმუნებული ვარ, აფხაზეთის საკითხებსაც გადაწყვეტს.

დიდ მადლობას მოგახსენებთ, იმისთვისაც რომ საკმაოდ რთული კანონების მიღება მოახერხეთ.

მარტო ლიცენზირების კანონი რად ღირს. ამ შემთხვევაში, ინტერესთა კონფლიქტი იკვეთებოდა, მაგრამ უმრავლესობა ყოველივე ამაზე მაღლა დადგა.

უმრავლესობამ ბიზნესს რეალურად უპატრონა, რაც ადრე არასდროს ყოფილა და ამ კანონით, ლიცენზიებისა და ნებართვების 80 პროცენტი გააუქმა.

თქვენ მიიღეთ სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული კანონები - სახალხო კანონები.

ეს იმ ხალხის კანონებია, რომლებსაც ადრე პოლიტიკაში წარმომადგენლები არ ჰყავდათ და თქვენ მათი წარმომადგენლები გახდით.

აჭარასთან მიმართებაში, საქართველოს კონსტიტუციურ მოწყობასთან დაკავშირებით, ჩვენ ისეთი კანონები მივიღეთ, რომელიც საქართველოს ისტორიაში სამუდამოდ დარჩება და ამით თვითოეული ჩვენგანი იამაყებს.

რუსეთის ბაზებთან დაკავშირებით ჩვენ ისეთი დადგენილება მივიღეთ, რომელმაც ამ ბაზების საკითხის გადაწყვეტა განაპირობა.

ეს ამ უმრავლესობის დამსახურებაა.

ამავე დროს, მინადა ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ზოგიერთებს ხელს ვუშლით.

ოპოზიციაში იმ წარმომადგენლებთან, რომლებსაც ლაპარაკი, აზრის გამოთქმა და ურთიერთობა ადამიანურად შეუძლიათ, კონსესუსი და საერთო ენა უნდა გამოვნახოთ.

ჩვენ მათ ხელი უნდა გავუწოდოთ, რადგან ეს ჩვენი საერთო ქვეყანაა, საერთო პრობლემები გვაქვს და ტერიტორიებიც ერთად უნდა დავიბრუნოთ.

ამიტომ, ოპოზიციად და უმრავლესობად არ უნდა დავიყოთ.

წინ დიდი ამოცანები გველოდება.

ამ კვირის განმავლობაში თბილისის მერის ხალხის მიერ არჩევის გადაწყვეტილება მივიღეთ, სექტემბერში ახალი თვითმმართველობის კანონის მიღებით თვითმმართველობის განვითარება უნდა გაგრძელდეს.

ჩვენ ასევე, პარლამენტის 150 დეპუტატამდე შემცირების გადაწყვეტილება და მაჟორიტარების არჩევის წესი მივიღეთ.

საერთაშორისო ფორუმებზე თქვენი უმეტესობა ჩვენს ქვეყანას ძალზე ღირსეულად წარმოადგენს.

ღირსეულად მუშაობენ ნინო ბურჯანაძე, უმრავლესობის ლიდერი, კომიტეტების თავმჯდომარეები, საპარლამენტო დელეგაციები და ამ მუშაობის შედეგები სახეზეა - საქართველოს არნახული რეპუტაცია აქვს.

ეს არა ცალკე აღებული პრეზიდენტისა და რამდენიმე მინისტრის, არამედ საპარლამენტო უმრავლეასობის უკლებლივ ყველა წარმომადგენლის დამსახურებაა.

რა თქმა უნდა, წინ ბევრი გამოწვევა, ბევრი გადასაჭრელი ამოცანა გველოდება, მაგრამ ყველა ერთად ამას დავძლევთ.

ძალა ერთობაშია და ერთობით ყველაფერს მივაღწევთ.

დიდი მადლობას მოვახსენებ განსაკუთრებით მათ, ვინც კურორტებიდან ისევ სამუშაოდ და ამ კანონების მისაღებად დაბრუნდა.

ახლა, დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდად დასვენება შეგვიძლია.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)