Google+

სიახლეები

26.07.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში სამართალდამცავი სრუქტურების წარმომადგენლებს შეხვდა

მოგესალმებით ყველას.

მე შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ შენაერთის შენობაში სპეციალურად იმისთვის მოვედი, რომ მთელი საქართველოს სახელით თქვენ მიერ შესრულებული მნიშვნელოვანი ისტორიული სამუშაოსათვის მადლობა გითხრათ.

ჩვენ მთლიანად დაშლილი, განადგურებული სამართალდამცავი სტრუქტურა ჩავიბარეთ.

კარგად გახსოვთ, თუ რა ხელფასები გქონდათ, უფროსები გთხოვდნენ, რომ ფორმა თავად შეგეძინათ, საკუთარი მანქანებით გევლოთ, ბენზინი ჩაგესხათ და კიდევ გარკვეული წილი მათთვის მიგეტანათ.

მუშაობაც შესაბამისი იყო.

ძველი უშიშროების კადრებს კარგად ახსოვთ, თუ როგორ ჩამოართვა ლევან კენჭაძემ უშიშროების პირადი შემადგენლობის ნაწილს სატაბელო იარაღი, როგორც ძველი და უვარგისი, თითქოს ეს იარაღი რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში გადაადნეს, შემდეგ გაყიდეს, სინამდვილეში კი ის დამნაშავეთა სამყაროს ცენტრში გადავიდა.

კაცი, რომელმაც ეს გააკეთა, ანტიტერორისტული ცენტრის უფროსი იყო.

თქვენ კარგად გახსოვთ, თუ როგორ დაცინოდნენ ქართველ სამართალდამცავებს.

კონტრდაზვერვის სამსახურის თანამშრომლებმა კარგად იციან, რომ საქართველო წლების განმავლოაბში სხავადასხვა ქვეყნის დაზვერვის საჯირითო პოლიგონი იყო და პრაქტიკულად, ეს სპეცსამსახურები ჩვენს ტერიტორიაზე სრულიად უხეშად მოქმედებდნენ.

აშკარაა, რომ ისინი დაუსჯელობის სინდრომით იყვნენ შეპყრობილი, მაგრამ ბოლო პერიოდში ამას წერტილი დაუსვით.

ჩვენ საზოგადოებას ვაჩვენეთ, რომ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს საზოგადოების დაცვა ყველაზე რთული დანაშაულების პირობებშიც შეუძლიათ.

კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოში გაუხსნელი მძიმე დანაშაული, პრაქტიკულად, აღარ არსებობს.

აღარ არსებობს ადამიანების გატაცების ფაქტებიც.

ეს არის ის, რაზეც ოცნება არ შეგვეძლო.

ტექნიკური მუშაობის შედეგად, ჩვენ ძალიან რთული ორი ტერორისტული აქტი გავხსენით.

მსურს წლევანდელი წლის ათი მაისი გავიხსენო, როდესაც თავისუფლების მოედანზე ყუმბარა ისროლეს.

მე მინდა გავიხსენო, თუ როგორ მოხდა ეს.

თავისუფლების მოედნის დაცვა, თავდაპირველად, ჩვენმა სტუმრებმა საკუთარ თავზე აიღეს.

საქართველოს უშიშროების სტრუქტურების წარმომადგენლები იქ არ შედიოდნენ, მაგრამ გაცილებით მეტი ხალხი მოვიდა, ვიდრე ამას პროფესიონალები ელოდნენ.

როდესაც ხალხმა ჯებირები გაარღვია, იმ ადგილის დაცვა, საიდანაც პრეზიდენტი ბუში გამოდიდა, ჩვენმა თანამშრომლებმა იარაღის გარეშე იკისრეს.

რომ არა თქვენი თანამშრომლების მიერ ტერიტორიისთვის შემორტყმული რკალი, ბევრად უფრო სავალალო შედეგთან გვექნებოდა საქმე.

ეს ადამიანი უშუალოდ იმ ადგილას მოახერხებდა მისვლას, საიდანაც აშშ-ს პრეზიდენტი ხალხს მიმართავდა.

ჩვენ კიდევ ვერ წარმოგვიდგენია თუ რას გადავრჩით.

განსაკუთრებით მსურს გამოვყო სახელმწიფო დაცვის თანამშრომლის, დავით ნადიბაიძის გმირობა.

ამ კაცმა გადაგდებული ხელყუმბარა მოედნიდან სიცოცხლისათვის წარმოუდგენელი რისკის ფასად გაიტანა.

ჩვენ ასეთი გმირები მოგვიმრავლდა.

ამ გმირობისათვის, მინდა მას მთელი საქართველოს სახელით მადლობა გადავუხადო და ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენი გადავცე.

ასევე მსურს განსაკუთრებით აღვნიშნო, ჩვენი პოლიციელის ზურაბ ქვლივიძის გმირობა, რომელიც მხოლოდ იმის გამო დაიღუპა, რომ მან ტერორიზმში ეჭვმიტანილის ცოცხლად აყვანის ბრძანება შეასრულა.

შეასრულა იმ პირობებში, როცა ამას ვერც ერთი უცხოური სპეცსამსახური ვერ გააკეთებდა.

რამდენიმე დღის წინათ თქვენ ინგლისში განხორციელებული სპეცოპერაცია ნახეთ, რომლის დროსაც ბევრად უფრო გამოცდილმა ბრიტანულმა პოლიციამ წაქცეულ ტერორისტს რვა ტყვია დაახალა.

თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა, მათ შეცდომა დაუშვეს.

ჩვენმა პოლიციელმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად "მაკაროვის" ტიპის პისტოლეტიდან ისე ისროლა, რომ ტერორისტი ადგილზე არ მომკვდარიყო.

ცოცხლად კი იმიტომ ავიყვანეთ, რომ ვინმეს სპეკულაცია არ დაეწყო, თითქოს ის დამნაშავე არ იყო და კვალის დაფარვა გვსურდა.

თითო საქმეზე 100 და 150 ავყია, უსაქმური და გარეწარი მოიძებნება, რომლებსაც საქმის რეალური გარემოება არც კი აინტერესებს.

დანაშაულში ეჭვმიტანილის ოჯახის "საცოდავობაზე" ამ დღეებში მუდმივად ამახვილებდნენ ყურადღებას.

მისი ნასროლი ყუმბარა პატარა ბავშვს ქუდზე მოხვდა, გარშემო სხვა ბავშვები, უდანაშაულო ადამიანები, მათ შორის, თქვენი თანამშრომლებიც იდგნენ, რომლებიც დაღუპვის საფრთხის წინაშე რეალურად იყვნენ.

დღეს იმ ოჯახს ვესტუმრე, რომლის უფროსმა, ზურაბ ქვლივიძემ ეს კრიმინალი საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა.

ქვლივიძის დედით, მეუღლით, შვილებით და მისი ოჯახის სხვა წევრებით არავინ დაინტერესებულა და არც არავის უხსენებია.

ზურაბ ქვლივიძის ნათესავებს დღეს მე ბოდიში იმ ჟურნალისტების ნაცვლად მოვუხადე, რომლებმაც ეს რეპორტაჟები აჩვენეს და დამნაშავის ოჯახის გამართლება დაიწყეს და მათ ვახტანგ გორგასლის ორდენი გადავეცი.

დღესდღეობით, ხშირად ლაპარაკობენ ეჭვმიტანილის ეთნიკურ წარმომავლობაზე, მის ეროვნებაზე.

მასმედიამ და ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ეს თემა აიტაცეს და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დამნაშავე სომეხია.

იმასაც ამბობენ, რომ მის მიერ ნასროლი ხელყუმბარა სომხური წარმოების იყო.

მსურს ყველას ვუთხრა, რომ ზურაბ ქვლივიძის მეუღლე სვეტლანა გადიანიც ეროვნებით სომეხია. ვიმეორებ, იმ გმირის მეუღლე, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირა, ტერორისტის ეროვნებისაა, მაგრამ ჩემთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.

თითოეული მათგანი ჩვენი ერისა და სახელმწიფოს შვილები არიან.

ბოლო დღეების განმავლობაში ოსურ წარმომავლობაზეც ამახვილებენ ყურადღებას.

მსურს მოგახსენოთ, რომ არსებობენ ოსები, რომლებმაც გორის პოლიციის შენობა ააფეთქეს და არსებობს ალან ლაკოევი - საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებული მფრინავი.

ალან ლაკოევმა აფხაზეთის ომის დროს ასობით საბრძოლო გაფრენა შეასრულა, წარმოუდგენელი გმირობისათვის მან მრავალი სამთავრობო ჯილდოც დაიმსახურა.

მთელი ამ წლების განმავლობაში მუხლჩაუხრელად, უყოყმანოდ ემსახურებოდა საქართველოს, ქართულ სახელმწიფოს.

ყოველივე ამის შემდეგ, გამოვიდეს ვინმე და თქვას, რომ პრობლემა ოსურ წარმომავლობაში ან ოსურ სისხლშია.

ალანი ნამდვილი ვაჟკაცი და საქართველოს გმირია.

პირველი, ვინც საპატრულო პოლიციის რიგებიდან თბილისში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის დროს დაიღუპა, წარმოშობით ოსი, ენვერ გუცოევი იყო.

თქვენს შორის არის გიორგი ხოსროევიც...

ყოველივე ამის შემდეგ რომელ ოსურ ფაქტორზე, მათ კრიმინალობასა და დამნაშავეობაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?

სამაგიეროდ, არსებობს ხაჭაპურიძე, რომელიც დღეს ადგილობრივი დანაშაულებრივი ჯგუფის სახელით აკეთებს განცხადებას.

და ვინმეს უნდა თქვას, რომ ხაჭაპურიძე ქართველია და ლაკოევი და ხოსროევი არ არიან ქართველები? ხაჭაპურიძე მოქალაქეა, ესენი კი, არა?

აფხაზეთის ომის დროს ხაჭაპურიძე საქართველოს ღალატითა და დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენით იყო დაკავებული, ლაკოევი კი, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას იცავდა.

ისინი ერთმანეთისგან მართლაც განსხვავდებიან, თუმცა არამარტო წარმომავლობითა და სისხლით, არამედ იმით, თუ რა მრწამსით ემსახურებოდნენ და ემსახურებიან საქართველოს.

ერთხელ და სამუდამოდ ყველამ უნდა დაიმახსოვროს, რომ ის დრო, როდესაც ადამიანის წარმოშობას კითხულობდნენ, ის დრო, როდესაც გვარის მიხედვით ხდებოდა ადამიანის შეფასება, დასრულდა.

თუ ვინმეს სომეხი ეზიზღება, მე მიხეილ სააკაშვილი მასთან სომეხი ვიქნები, თუ ვინმეს ოსი ეზიზღება მასთან ოსი ვიქნები, აზერბაიჯანელი ეზიზღება? - გავხდები აზერბაიჯანელი, ებრაელი? - გავხდები ებრაელი, და მაინც, ყველაზე დიდ ქართველად დავრჩები, რადგან საქართველოს პატრიოტიზმი არა სისხლითა და წარმომავლობით, არამედ თქვენნაირი ხალხის ქმედებებით ისაზღვრება.

ამას განსაკუთრებულად, ხაზგასმით ვაცხადებ, ისევე, როგორც განსაკუთრებული ხაზგასმით მსურს აღვნიშნო ის, რომ არც ერთ შემთხვევაში უარს არ ვიტყვით ჩვენს სამშვიდობო გეგმაზე.

თუმცა მათ ამაზე პასუხი არა აქვთ.

ეს სამშვიდობო გეგმა რამდენიმე ენაზე ვთარგმნეთ და გავავრცელეთ.

ქართული სახელმწიფო თავის ტერიტორიებზე, უკონტროლო ზონებში კრიმინალური ელემენტების თარეშსა და ბოგინს აღარ მოითმენს.

არ მინდა, რომ ყველაფერი ეს რუსეთის წინააღმდეგ მივმართოთ და გამიკვირდა ის აგრესია, რომელიც ზოგიერთმა რუსმა კომენტატორმა ჩემს გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით გამოავლინა.

ჩვენ მზად ვართ რუსეთის საგამოძიებო სამსახურს ყველა მასალა გადავცეთ.

ჩამოვიდეს საგამოძიებო ჯგუფი და თავად დაკითხოს დაკავებულები.

ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან და არც ერთ შემთხვევაში კონფრონტაცია არ გვაძლევს ხელს.

რუსეთთან ცუდი ურთიერთობა არ გვჭირდება და ასეთი ზონების არსებობა რუსეთის ინტერესებს არ შეესაბამება.

ჩვენ ასეთი ზონების არსებობას აღარ მოვითმენთ, თუმცა ვაპირებთ, რომ ადამიანის უფლებების სრული დაცვით, ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, ყველაფერი მშვიდობიანად გადაწყდეს.

ასევე მსურს მოგახსენოთ, რომ ძალზე საინტერესო ოპერაციები განახორციელა ანტიტერორისტულმა ცენტრმა, ვახტანგ ზუხბაიას სპეციალური დანიშნულების რაზმმა, კონსტიტუციური წყობის დაცვის დეპარტამენტმა.

მაგალითად, საგადასახადო ორგანოებში განხორციელებული ოპერაციები, პროფესიონალიზმითა და შესრულების თვალსაზრისით, უნიკალურია.

ვერავინ იტყვის, რომ ეს ყველაფერი მოგონილია, რადგან ყველაფერი გადაღებული და დადასტურებულია.

ეს უმაღლესი კლასის პროფესიონალიზმია.

ამის გაკეთება უმრავლესი ქვეყნის სპეციალურ სამსახურებსაც უჭირს.

იცით, რომ საგადასახადოს თანამშრომლების დაკავების შემდეგ, რეკეტირთა ბანდაც დავაპატიმრეთ, რასაც ქუჩაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

ვფიქრობ ეს აქციები მოჭიდავეთა აყვანას იმდენად არ ეხებოდა, რამდენადაც ანტიკორუფციულ ოპერაციებს.

აქციათა ორგანიზატორები ფიქრობდნენ, რომ ჩვენ იმდენად "მძიმეწონიანი" ხალხი გავანაწყენეთ, რომ სააკაშვილისა და მისი გუნდის "აყირავების" დრო მოვიდა.

ჩვენმა სპეციალურმა რაზმებმა მაშინაც ძალზე კარგად დაიცვეს საზოგადოებრივი წესრიგი, რასაც პირადად მე მივესალმები და მიმაჩნია, რომ პოლიცია ბრწყინვალედ მუშაობს.

ჩემმა ასეთმა დამოკიდებულებამ ზოგიერთები აღაშფოთა კიდეც, მაგრამ მაშინ როდესაც პოლიცია ბრწყინვალედ მუშაობს უნდა აღნიშნო და მთელი საზოგადოების სახელით, მას მადლობაც უნდა გამოუცხადო.

მკვიდრდება კლიშე, რომ მიტინგი დაარბიეს - კი არ დაარბიეს დაშალეს.

აქცია, რომლის გამოც დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი, დაიკეტა ქუჩა დაშალეს და ამას გავაკეთებთ ყოველთვის, ამას ყველა სახელმწიფო აკეთებს.

იმ დღეებში, როდესაც ეს თბილისში ამდენად მაღალ დონეზე შესრულდა -პრაქტიკულად, არავინ დაზიანებულა, იმავე საღამოს ისრაელის პოლიციამ ბევრად უფრო მძიმე ძალის გამოყენებით, ბევრად უფრო მშვიდობიანი მიტინგი დაშალა.

ასევე მოხდა ინგლისშიც - ბრიტანეთის პოლიციამ ტრიალ მინდორზე გაშლილი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენა ძალა.

დროა, რომ ჩვენ ეს პროვინციალიზმი მოვიშოროთ, ჩვენ უნდა დავიცვათ ადამიანის უფლებები, მაგრამ, ამავდროულად ჩვენ ქართული საზოგადოება უნდა დავიცვათ.

ის, რასაც დღეს საქართველოს ხელისუფლება აკეთებს - გზების შეკეთება, ფასადების შეღებვა, ახალი ტრანსპორტის შემოყვანა, ახალი შენობების მშენებლობა - ყოველივე ეს წესრიგის შედეგია.

უახლოეს წლებში ამაზე 10-ჯერ მეტი გაკეთდება, მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, რომ შეშინებულ სახელმწიფოსთან ექნება საქმე, ძალიან ცდება.

ჩვენთვის და ჩვენი ხელისუფლებისთვის ადამიანის უფლებების დაცვა გადამწყვეტი და მთავარი საკითხია.

მინდა წაგიკითხოთ ადამიანის უფლებების დაცვის მსოფლიოში ყველაზე კრიტიკული და ავტორიტეტული ორგანიზაციის "Human Rights Watch"-ის წერილი, რომელიც ჩემს სახელზეა გამოგზავნილი.

"Human Rights Watch"-ი უკიდურესად კმაყოფილია თქვენი მთავრობის ახლახან გადადგმული ნაბიჯებით, რათა აღმოიფხვრა წამება (ძირითადად ადამიანთა ცემა იგულისხმება) პოლიციასა და სამართალდამცავ ორგანოებში. ძალიან კმაყოფილი ვართ თქვენი მთავრობის მიერ გამოჩენილი თანამშრომლობით და გილოცავთ, რომ თქვენმა მთავრობამ ძალზე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ნაბიჯები გადადგა, მათ შორის ისეთი სერიოზული ნაბიჯები, როგორიცაა სასამართლოს გარეთ მიცემული არდაშვება სასამართლოში და წინასწარი პატიმრობის ვადების შემცირება. საქართველოში ძალიან მოკლე პერიოდში ბევრი სხვა დადებითი ცვლილებაც განხორციელდა. ძალზე კმაყოფილი ვართ შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებისა და პარლამენტის მიერ გაწეული სამუშაოებით. პროკურატურამ ძალზე დადებითი ნაბიჯები გადადგა პოლიციელების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის აღსაკვეთად და ამას მთლიანად მივესალმებით. ჩვენს მიერ საქართველოში გამოკითხული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები აღიარებენ, რომ ამ მხრივ, განსაკუთრებით თბილისში ვითარება მკვეთრად გამოსწორდა".

მე არ მახსოვს, რომ ამ ორგანიზაციას რომელიმე ქვეყნის მიმართ ასეთ მოკლე ვადებში ამდენად პოზიტიური შეფასება მიეცა.

ამას თქვენ ყველას ერთად გილოცავთ და მადლობას მოგახსენებთ, რადგან ეს ჩემთვის ძალზე პრინციპული საკითხია.

ჩვენებების მიღება ჩვენ ცემის გარეშე ვისწავლეთ.

მე ვიცი რამდენად ძნელია ამის გაკეთება.

ამას წინათ ჩემი ახლობლის ბინა გაქურდეს და ქურდები დაიჭირეს.

ბინის პატრონი გაოგნებული იყო, რადგან იქ მყოფ სამ პოლიციელს ორი გარეწარი ქურდი შეურაცხყოფას აყენებდა, აგინებდა, პოლიციელები კი მშვიდად აგრძელებდნენ საქმეს და ხელიც არ გაუნძრევიათ.

ამ ამბის გამგონეს მე გამიჩნდა აგრესია იმ ქურდების მიმართ.

რა თქმა უნდა, ეს ძალზე ძნელი გასაკეთებელი და რთული მოსათმენია.

ჩვენ უნდა მოვითმინოთ, მაგრამ იქ სადაც საჭირო იქნება ადეკვატური რეაგირება არც ამას უნდა შევუშინდეთ - ძალას დაუპირისპირდება ძალა, აგრესიას კი აღვკვეთთ.

ესეც უნდა ვისწავლოთ ცივილიზებული ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოების მუშაობიდან.

ადამიანის უფლებები ერთია, ხოლო ის რაც მტკიცედ უნდა დავიცვათ - მეორე.

ჩვენ სწორი რეაგირება უნდა შეგვეძლოს და კაპიტულანტური დამოკიდებულება არ უნდა გვქონდეს.

ამ წერილში ბევრი შენიშვნაც არის, რომლებიც, ძირითადად, რეგიონებს ეხება, მაგრამ მათ აუცილებლად გამოვასწორებთ.

მინდა, რომ ეს წერილი შესაბამისი დანაყოფების უფროსებს დაურიგდეს და ყველამ იცოდეს, რაში გვაქვს პროგრესი და რაში ვცდებით.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ თვალსაზრისით უმაღლეს სტანდარტებს მივაღწევთ.

რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად ჯერ კიდევ არ არის და ამას ვაღიარებ.

მართალია, მძიმე დანაშაულის აღკვეთა ვისწავლეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალადობრივი დანაშაული, თავდასხმები, საქმის გარჩევები ჯერ კიდევ ძალიან ბევრია.

ამას წინათ ტელევიზიით ბიზნესმენ გელაშვილის ისტორია ვიხილე.

ეს სრულიად მიუღებელი და დაუშვებელია.

ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ქუჩაში საქმის ძველბიჭური გარჩევა აღარ ხდებოდეს.

წელს ბათუმში ჩავიყვანეთ პოლიცია და ვითარება საგრძნობლად გამოსწორდა.

ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ყოველგვარი ძალადობა, ანგარიშსწორება, გარჩევები ერთხელ და სამუდამოდ აღვკვეთოთ.

თუ ძირითად მაგისტრალებზე პატრული ხშირად გამოჩნდება, თუ ბევრად მეტი მანქანა გვეყოლება, მეტი ხელფასები იქნება ამას მოვახერხებთ.

მე გაძლევთ გარანტიას, რომ ხელფასები გაიზრდება, სექტემბერში საუკეთესო პატრულებს უფასოდ გადავცემთ ბინებს და რამდენიმე მანქანას.

უდავოა, რომ წინ კიდევ ბევრი სამუშაო გველოდება.

მე ვამაყობ თქვენით, ჩვენ ვართ ამ პროცესების მონაწილეები.

საზოგადოება ამაყობს თქვენით და მას თქვენ უყვარხართ.

ჩვენს ქვეყანაში კულტურული რევოლუცია ხდება.

გაიხსენეთ, ზაფხულში ხალხმა გამოცდები ისე ჩააბარა, რომ ერთი საჩივარიც არ ყოფილა. ასეთი რამ არ მომხდარა აღამაჰმადხანის შემოსევის შემდეგ.

ოდესმე ვინმე წარმოიდგენდა, რომ საქართველოში გამოცდები ასე ჩატარდებოდა, წარმოიდგენდით იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში ხალხს პოლიცია ეყვარებოდა.

ეს ფსიქოლოგიური ბარიერი რეალურად იყო.

მე გავიზარდე ოჯახში სადაც პოლიცია უყვარდათ.

მყავდა ახლობლები, რომლებიც ქურდებთან ბრძოლას თავს სწირავდნენ, მაგრამ საზოგადოებაში პოლიციის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება იყო.

ახლა ეს დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა.

ადრე პატრულში მოსვლა არავის არ უნდოდა, ახლა დიდი კონკურსია.

ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დროს სპეცდანიშნულების რაზმებში 29 კაცი იყო, ახლა ორმოცდაათამდე გაიზარდა.

თქვენს მიერ განხორციელებული ოპერაცია, უმაღლესი პილოტაჟის სპეციალური დანიშნულების ოპერაცია იყო.

მე ხომ ვიცი, რამდენი კვირა იგეგმებოდა ეს ოპერაცია, ხომ ვიცი, რა რთული იყო საქართველოში ამის საიდუმლოდ შენახვა, ხომ ვიცი დამნაშავეთა დაკავების შემდეგ კიდევ რამდენ ხანს ვინახავდით ამ საიდუმლოს.

აი ეს არის უკვე სახელმწიფო და სულ სხვა დონის მუშაობა.

მინდა გითხრათ, რომ მე ერთ-ერთი თქვენგანი ვარ, თქვენი მინისტრისა და პროკურორის მეშვეობით, ყველა პრობლემის თაობაზე შეგიძლიათ მომმართოთ.

თითოეული თქვენი წარმატება, ჩემი და მთელი საზოგადოების წარმატებაა.

სახელმწიფო ხართ თქვენ, იმ თვალსაზრისით, რასაც ინსტიტუციონალური მშენებლობა ჰქვია.

ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ თქვენი წვლილი ჩვენი საბოლოო ამოცანის გადაწყვეტაში - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს.

ამაში თქვენი თანადგომის იმედი მაქვს.

გუშინდელი დღის შემდეგ მშვიდად ვარ - ჩვენ ძლიერები ვართ და ვერავინ მოგვერევა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)