Google+

სიახლეები

12.10.2005
მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ქართული მონაკვეთის გახსნის ცერემონიაზე

მინდა მივესალმო ყველას!

მივესალმები ჩვენს მეგობრებს - თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს, ასევე "ბრითიშ პეტროლიუმის" წარმომადგენლებს.

ეს არის დღე, რომელიც რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენლად მიაჩნდათ.

ჩვენ მოხარული ვართ, რომ ყველაფერი ისტორიული განვითარების გზით და იმ მიმართულებით მიდის, როგორც ჩვენ ვვარაუდობდით.

ჩვენი ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკა და ქვეყნის მნიშვნელობა იზრდება. ეს ყველაფერი პოლიტიკურ ნებასა და ეკონომიკურ გათვლებზეა დაფუძნებული.

ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ აზერბაიჯანში პროცესები ისე ვითარდება, როგორც ამას საქართველო ისურვებდა.

აზერბაიჯანი მდიდარი ქვეყანა ხდება, სადაც სოციალური ინფრაქტრუქტურა და ეკონომიკა ვითარდება, რაც ხალხს უკეთესად ცხოვრებაში ეხმარება.

მიხარია, რომ აზერბაიჯანს ჰყავს ლიდერი, რომელიც არა მხოლოდ თავის ხალხის დიდი იმედია, მაგრამ ჩვენთვისაც ასევე ძალიან ახლობელია.

მე ვსაუბრობ პირადად ჩემს მეგობარზე - ილჰამ ალიევზე და იმ პოლიტიკაზე, რომელსაც ის თავის ქვეყანაში ახორციელებს იმისათვის, რომ აზერბაიჯანი წარმატებული ქვეყანა იყოს. ეს ქართველებისთვის გადამწყვეტია იმიტომ, რომ ყველა ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხის გადაწყვეტისას ჩვენ ეკონომიკურად წარმატებულ მეზობელს და სტრატეგიულ მოკავშირეს ვიძენთ.

თქვენ ჩვენი სახით მეგობრული ქვეყანა გყავთ, რომელიც მზად არის აზარბაიჯანს ყველაფერში მხარში ამოუდგეს. თურქეთი ეს არა მხოლოდ დიდი სახელმწიფოა, რომელსაც დიდი გული აქვს, არამედ ის ქვეყანაა, რომელიც ყველაზე მძიმე წუთებში საქართველოს უანგაროდ გვერდით უდგას.

დამოუკიდებლობის პირველ წლებში, როდესაც საქართველოს სერიოზულად არავინ აღიქვამდა, თურქეთმა საქართველოს დახმარების ხელი გამოუწოდა.

შარშან აჭარაში კრიზისის დროს, საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე იყო, თურქეთის ზომიერმა პოზიციამ კი, ამ კრიზისის უმტკივნეულოდ გადაწყვეტას ხელი შეუწყო.

თურქეთი საიმედო პარტნიორია, თურქული ფირმები ქართულ ბაზარზე - ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში შემოდიან და ინფრასტრუქტურის განვითარებაშიც მონაწილეობას იღებენ. ბათუმის აეროპორტი თურქული ინვესტიციებით შენდება.

ჩვენ მივესალმებით ამას და მიგვაჩნია, რომ ის ინტეგრაციული პროცესები, რომლებსაც ამჟამად რეაულური საფუძველი ეყრება, გარდაუვალია.

ჩვენ ერთი რეგიონი ვართ, ერთი ეკონომიკა გვაქვს და ურთიერთგადახლართულ კომპლექსს ვქმნით.

"ბრითიშ პეტროლიუმთან" ჩვენ მუშაობის კარგი გამოცდილება გვაქვს.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენ "ბრითიშ პეტროლიუმთან" თანამშრომლობა დავიწყეთ და ბევრი საკითხის სწორად წარმართვა მოვახერხეთ.

ჩვენი თანამშრომლობის კარგი მაგალითია არა მხოლოდ ეს სადგური, არამედ ბორჯომის ახალი პარკი, რომელიც ასევე განახლებისა და სილამაზის სიმბოლოა.

ჩვენ ერთად ბევრი სხვა სოციალური პროექტის განხორციელებას ვაპირებთ. საუბარია ახალციხეში წყლის სისტემის ამოქმედებაზე.

ჩვენი ქვეყანა მზად არის პატარა თუ დიდი პროექტების განსახორციელებლად.

საქართველო მზად არის თავისი საკონტრაქტო მოვალეობები შეასრულოს და კანონი უმკაცრესად დაიცვას.

მე მივესალმები ყველა მეგობრული მთავრობის წარმომადგენელს.

რას ნიშნავს საქართველოსათვის ეს ნავთობსადენი?

ეკონომიკურად ის უფრო მეტი ინფრასტრუქტურის შექმნას და მეტი ინვესტიციის მოზიდვას ნიშნავს, მაგრამ ნავთობსადენს ყველაზე მეტად პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.

საქართველოს მნიშვნელობა მსოფლიო რუკაზე და ამ რეგიონში იზრდება.

მომავალ წელს ჩვენ გაზსადენს მივიღებთ, რომელიც გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის საქართველოს რეალურ ეკონომიკურ და ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას მოუტანს.

ეს არის ისტორიული დღე, მაგრამ ყველა შედეგს ჩვენ დღეს ვერ დავინახავთ, ამისთვის მოთმინება გვჭირდება.

ეს რეგიონი აღარ არის ჩიხი, ის მეტად მნიშვნელოვანია.

ჩვენს ქვეყანას ბევრი ალტერნატივა და არჩევანი აქვს.

იმ ქვეყანაში, სადაც კონკურენცია და თავისუფლად გადაადგილების საშუალებაა, ხალხს უფრო მეტი თავისუფლება აქვს მინიჭებული, დემოკრატიული ღირებულებები კი უფრო მეტად არის დაცული, ეს კი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნავთობი და გაზი.

რაც უფრო მდიდარი იქნებიან ჩვენი ქვეყნები, უფრო ადვილი იქნება მათთან ურთიერთობა და პარტნიორობა. აქ დაპირისპირება კი არ არის, არამედ გარკვეული კომერციული კონკურენციაა, რომლის შედეგადაც ყველა მხარე მოგებულია.

დიდი მადლობა ყველა თანამშრომელსა და კომპანიას, რომელიც აქ მუშაობდა.

მოგესალმებით საქართველოს ტერიტორიის იმ ნაწილიდან, რომლის ფეხქვეშაც ნავთობია, აქედან გამომდინარე, ამ მიწის მნიშვნელობა ნამდვილად ისტორიულია.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)