Google+

სიახლეები

21.02.2006
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება უშიშროების საბჭოს სხდომაზე

რუსეთის ფედერაციის მხრიდან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ისეთი ნაბიჯები გადაიდგა, რომელიც ცოტა უცნაურად და არაადეკვატურად შეიძლება იქნეს შეფასებული.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავისი ინიციატივით დამირეკა და შემომთავაზა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის მოსკოვში ჩასვლა.

ჩვენ ამ შეხვედრას დავთანხმდით, თუმცა, რატომღაც ეს შეხვედრა გადაიდო.

რუსეთის ხელმძღვანელობა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებით არაერთხელ დაგვემუქრა.

მინდა ყველას შევახსენო, რომ ჩვენ რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გავამარტივეთ, ამის ნაცვლად, დღეს სავიზო რეჟიმის დრაკონული გამკაცრება და ადამიანების გადაადგილების არაცივილიზებული შეზღუდვა მოხდა.

დღეს რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავების და ვერტმფრენების მხრიდან საქართველოს სივრცის არაერთგზის დარღვევა მოხდა.

თქვენ გახსოვთ, როცა წლინახევრის წინ ასეთი დარღვევები ხდებოდა, რუსეთის თავდაცვის მინისტრი მოსკოვში ჩასულ ბარამიძეს საჰაერო სივრცის დამადასტურებელ საბუთებს გამომწვევად სთხოვდა.

საქართველოს მაშინ ამის დასადგენი ზუსტი აპარატურა არ ჰქონდა, ვინაიდან იგი ძვირი და ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო.

დღეს საქართველოს, ჩვენი ინტენსიური ქმედების შედეგად, ყველაზე თანამედროვე საჰაერო სივრცის კონტროლის აპარატურა გააჩნია.

მე ხელთ მაქვს ყველაზე უტყუარი მასალები ჩვენი საჰაერო პუნქტიდან, რომელიც საჰაერო სივრცის დარღვევისას მივიღეთ.

დღეს ზუსტად არის დასაბუთებული რომელი თვითმფრინავი, რომელი აეროპორტიდან გამოვიდა, რა იყო საბორტე ნომერი, ტიპი და მარშრუტი, ყველა პარამეტრი რომელიც შეიძლება დღეს დაფიქსირდეს.

თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვინმესთან მიმართებაში რაიმე სახის ცალმხრივ მოქმედებებს ვაპირებთ.

მე მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი ნერვების მოშლასა და დაშინებაზეა გათვლილი.

ჩვენ ის ქვეყანა არ ვართ, რაც ორი სამი წლის წინ ვიყვით.

ჩვენ არაფრის არ გვეშინია, ნერვებსაც არ მოვიშლით.

ჩვენ ჩვენი გზა და ჩვენი კურსი უნდა გავაგრძელოთ.

დღეს ევროკავშირმა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივის და პოლიტიკის მხარდასაჭერად ხმამაღალი განცხადება მიიღო.

იგივე რეზოლუცია ამერიკის მთავრობამ და სენატმა არაერთხელ მიიღო. ჩვენ ყველა დონეზე გვაქვს მხარდაჭერა.

ჩვენ მზად ვართ ყველა საკითხი რუსეთთან თანამშრომლობის და მოლაპარაკების გზით გადავწყვიტოთ, კეთილმეზობლური ურთიერთობიდან გამომდინარე, საქართველოს მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპეპზე დაფუძნებით.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არანაირ ექსესებს არ ჰქორდეს ადგილი, სიუტაციის გართულება არ მოხდება.

ამ სცენარს თავზე ვერ მოგვახვევენ.

ჩვენ ზუსტად ვიცით ჩვენი კურსი და ჩვენს მიერ დაგეგმილ ყველა საკითხს ბოლომდე მივიყვანთ.

„ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდის"- ჩვენი ქარავანი შორს არის წასული და ყველა მიზანს ავისრულებთ. ეს მინდა იცოდეს ყველა იმ ადამიანმა, ვინც ამ იაფფასიან თამაშს ეწევა.

რუსეთი დიდი სახელმწიფოა და მსგავსი ნაბიჯები დიდი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისათვის ძალიან არასერიოზულია.

ჩვენ მზად ვართ ამ დიდ სახელმწიფოსთან თანაბარუფლებიანი, ღირსებაზე და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები გვქონდეს. იმედია მათაც სურთ ეს.

ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩვენით განვითარდეთ და გავარგძელოთ ის, რასაც ვაკეთებთ, დრო ჩვენზე მუშაობს.

ყველა სახის რიტორიკის, მუქარის და პროვოკაციების მიმართ ჩვენი რეაგირება უნდა იყოს იგნორირებული და მშვიდი.

ჩვენ ჩვენს საქმეს მივხედოთ და სხვები ვერაფერს დაგვაკლებენ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)