Google+

სიახლეები

23.02.2006
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიტყვა მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონიაზე

მოგესალმებით ყველას!

მოსამართლეები დღეს ფიცს დადებენ და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.

ასევე, შეგვიძლია სასამართლო სისტემაში შექმნილ მნიშვნელოვან და რთულ პრობლემებზე ვისაუბროთ.

დღეს საქართველოში არიან მოსამართლეები, რომლებითაც მთელმა საზოგადოებამ შეიძლება იამაყოს.

მთავარი, რაც საზოგადოებისათვის მიუღებელია და რასაც მოსამართლეებს და სამოქალაქო მოსამსახურეებს არ ეპატიებათ, ეს კორუფციაა.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, თუ რა ქვეყანაში ვცხოვრობდით და რა ქვეყანაში აღმოვჩნდით.

სამი წლის წინათ, ევროპის განვითარების ბანკმა ყველა ევროპულ ქვეყანაში გამოკითხვა ჩაატარა; გამოკითხვის შედეგად, საქართველო, ევროპის 50 ქვეყანას შორის, ბოლოდან მესამე ადგილზე აღმოჩნდა კორუფციის თვალსაზრისით.

იმ პერიოდში ბევრად უფრო კორუმპირებული ქვეყნები იყო ყირგიზეთი და ალბანეთი.

ამჟამად ევროპის განვითარების ბანკის მონაცემებით, საქართველო საფრანგეთს, სკანდინავიის ქვეყნებს, გერმანიას უსწრებს.

დღეს კორუფციის თვალსაზრისით, ევროპის მასშტაბით, საქართველო მესამე ადგილზეა და მხოლოდ ესტონეთი და სლოვენია გვისწრებს.

ამას კი მკაცრი ხელით, გამჭირვალობით და წესიერებით მივაღწიეთ.

მოფერებითა და მხოლოდ საუბარით არაფერი მიიღწევა.

ამას ჩვენი მკაცრი მოქმედებებისა და ჩვენს მიერ შექმნილი სწორი სისტემის წყალობით მივაღწიეთ.

მთავარი ამოცანაა ის, რომ მოსამართლემ უსამართლოდ არავინ დასაჯოს და დაჩაგროს, რათა ციხეში უდანაშაულო ადამიანი არ მოხვდეს.

ის, რომ ჩვენს ქვეყანაში წამების და ცემის ფაქტები არ უნდა იყოს, ეს ჩვენი პრინციპია და ჩვენ უკვე ამის გარეშე ვისწავლეთ საქმის გახსნა.

უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს საზოგადოებაში დანაშაულის დონე ჯერ კიდევ მაღალია.

ჩვენს ნაცნობებსა და ახლობლებს ქუჩაში ყოველდღიურად ხვდებიან, სცემენ, ართმევენ საფულეებს, ქონებას, ადამიანებს უჭრიან შვილებს.

ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ, პოლიციამ დამნაშავეთა გარკვეული რაოდენობა დააპატიმრა, თუმცა სასამართლომ ისინი ზუსტად ერთ წელიწადში გარეთ გამოუშვა.

ჩვენ აქ იმისათვის კი არ ვართ, რომ ვთქვათ, თითქოს მომართლეა კანონი, არამედ იმისათვის, რომ განვაცხადოთ - საქართველოში არის კანონი.

კანონის უზენაესობა საზოგადოების ინტერესების დაცვას ნიშნავს.

პირადად მე, ამ თემებზე მუშაობის შეწყვეტას არ ვაპირებ.

ერთი რამ ნათელია, საქართველოში ქურდული ინსტიტუტი უნდა ამოვძირკვოთ.

ეხლა იწყება პროცესი, რის თანახმადაც კანონიერ ქურდებს ქონება ჩამოერთმევათ.

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მათ ხუთსართულიანი სახლები აქვთ, ეს ქონება უნდა ჩამოვართვათ, გავყიდოთ ან გადავცეთ პროკურატურას და იქ სასამართლო უწყებები ან საბავშვო ბაღები განვათავსოთ.

ჩვენ ვაპირებთ ათი სასამართლო შენობის გარემონტებას, თუმცა ზოგიერთი ქურდის სახლი ისეთია, რომ მსგავს სასამართლო შენობას ვერასოდეს გავაკეთებთ.

მათ ჰყავთ მანქანებიც, რომელსაც ბადრაგისათვის, ან სხვა საჭიროებისამებრ გამოიყენებთ.

ძალიან კარგია, რომ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სახლში დღეს მოხუცებულთა თავშესაფარია - ეს ნამდვილად მადლია.

დღეს ამ სახლის პატრონი სასჯელს იხდის.

ის ადამიანები, ვინც მან და მისნაირებმა გაძარცვეს, დღეს მათ სახლებში იმყოფებიან.

იგივეს გავაკეთებთ ქურდებთან მიმათებაშიც.

ხუთი წლის წინათ, თბილისში უბნების მიხედვით იყვნენ "ყოჩები", კარგი დამჭრელი, საქმის გამრჩევი და დაუნდობელი ადამიანები, ისინი მართავდნენ ქუჩას და მთლიანად მოედვნენ საზოგადოებას.

ჩვენ დღეს პარლამენტში წვრილმანი დანაშაულის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობისა და ნულოვანი მოთმენის შესახებ კანონს განვიხილავთ, რაზეც ჩვენი ზოგიერთი ოპონენტი გაღიზიანდა.

ადამიანები წვრილმანი დანაშაულისათვის ციხეში უნდა მოხვდნენ, თუმცა მცირეწლოვანებზე და იმ ადამიანებზე, ვინც გამოძიებასთან ითანამშრომლებს, შემამსუბუქებელი გარემოებებიც შეიძლება შეეხოთ.

ყველა სხვამ სასჯელი კანონის ფარგლებში უნდა მოიხადოს და ყველანაირ პირობით სასჯელს ავკრძალავთ.

ჩვენ ვაშენებთ ახალ ციხეებს.

მოსამართლემ, საზოგადოების ხარჯზე, "სიკეთე" და "გულმოწყალება" არ უნდა გამოიჩინოს, ეს კანონის მოთხოვნაა.

სასამართლოში ასეთი პრეცენდენტებიც არის - მოსამართლემ ნარკოტიკებთი მოვაჭრე პირობითად სახლში იმ მოტივით გაუშვა, რომ მას ბებია ჰყავდა ავად; მეორე - ძარცვაში ორჯერ ეჭვმიტანილი მოსამართლემ იმ მოტივით გაუშვა, რომ მას სიდედრი ჰყავდა ავად. მესამე - მოსამართლემ ძარცვაში ეჭვმიტანილს თანამონაწილეს დასახელება მოსთხოვა, რაზეც მან უარი განაცხადა, მოსამართლემ კი იგი „კარგი ბიჭობისთვის" და „კარგი გაგებისათვის" გაათავისუფლა.

დააპატიმრეს ყაჩაღები, რომელებიც შემდეგ ციხიდან გაიქცნენ, მოსამართლემ კი ციხიდან გაქცეული ადამიანი ოფიციალურად გარეთ გაუშვა.

ამ ფაქტების გამომჟღავნება სასამართლოზე ზემოქმედებაა თუ სიმართლის თქმა?

ამ სიმართლისთვის ბრძოლას კვლავაც გავაგრძელებთ.

ქრთამის აღების ფაქტზე თოთხმეტი მოსამართლე დავაპატიმრეთ, ეს ტელევიზიითაც გაშუქდა...

მსგავსი თემები უნდა დამთავრდეს.

როდესაც უბანში კრიმინალს იჭერენ, საზოგადოებაში ჩნდება აზრი, რომ დამნაშავეები ისჯებიან, თუმცა, როდესაც ერთ თვის შემდეგ დამნაშავე ისევ ქუჩაზე ჩნდება, საზოგადოებაში სამართლიანობაზე წარმოდგენა ინგრევა.

ამის შემდეგ, ბუნებრივია, ადამიანებს არავითარი სურვილი აღარ აქვთ, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლონ.

ახალი კანონის მიხედვით პირობითი სასჯელი უქმდება და ყველა დამნაშავე ციხეში წავა; გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამოძიება ჩათვლის საჭიროდ ადამიანისაგან ისეთი ინფორმაცია მიიღოს, რომლიც გამოძიებას ძალზე დიდი და სერიოზული საქმეების გახსნაში დაეხმარება, მაგალითად, როგორც ეს კალაძის მკვლელობის საქმის გახნის შემთხვევაში იყო.

ეს უდიდესი მნიშვნელობის საკითხი - საერთაშორისო დონეზე განხორციელებული ოპერაცია იყო.

ჩვენ ვაპირებთ მოსამართლეებს ყველანაირი პირობა შეუქმნათ.

წელს მოსამართლეების ხელფასები რამდენჯერმე გაიზარდა, გაიზრდება პოლიციელთა ხელფასებიც.

პროკურატურისა და პოლიციის ყველა შენობა ევროპულ დონეზე გარემონტდა, რაზეც ოცნებასაც ვერ შევძლებდით.

წელს სასამართლოებსაც შევაკეთებთ.

ყველა მოსამართლეს და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს განსაკუთრებული დაცვის გარანტიებს ვაძლევთ.

საჭიროების შემთხვევაში, დაცვას გამოგიყოფთ.

პოლიციელებს აქვთ მითითება, რომ, კანონის შესაბამისად, იარაღი გამოიყენონ - პოლიციელი ვერ დაელოდება, რომ მას რამდენჯერმე ესროლონ.

პოლიციელმა არუთინიანის აყვანისას, საკუთარი სიცოცხლე გაწირა, თუმცა მას მხოლოდ ფეხებში ესროლა.

ერთი პოლიციელის სიცოცხლე ბევრად უფრო მეტი ღირს ვიდრე მთელი დამნაშავეთა სამყარო.

ჩვენ შევქმენით იარაღის გამოყენების პრეცენდენტები ისევე, როგორც ეს ამერიკაში, ევროპაში, ისრაელში და ყველა განვითარებულ ქვეყანაშია.

საზოგადოების ხორცმეტებთან, სისხლის მსმელებთან და პარაზიტებთან ტკბილად საუბარს არ ვაპირებთ.

დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანი დაცულია და კანონი კანონობს, დამნაშავე არავის აშანტაჟებს სასამართლო გალიიდან ან ტელეეთერის საშუალებით.

ჩვენს საზოგადოებაში თანდათან მისაბაძი მოსამართლეები ჩნდებიან. ჩვენ საზოგადოებაში კრიმინალი კი არ უნდა იყოს მისაბაძი, არამედ სამართლიანი მოსამართლე, ძლიერი პოლიციელი, კვალიფიციური ექიმი და წარმატებული ბიზნესმენი.

ეს ნიჭიერ ადამიანთა საზოგადოებაა - ისინი წარმატებული არიან ყველა, განსაკუთრებით კი, იურიდიულ სფეროში და ყველაფერს მიაღწევენ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)