Google+

სიახლეები

27.03.2006
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა უშიშროების საბჭოს სხდომაზე

ჩვენ ყველამ ერთად, ოთხი თვის წინ, საქართველოში ორგანიზებულ დანაშაულს, ქურდის ინსტიტუტს დაუნდობელი ბრძოლა გამოვუცხადეთ.

მას შემდეგ ყოველდღიურად მასობრივი არეულობებისა და გაქცევების შესახებ მუქარს ვიღებდით.

ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში ციხეს და მთელ საქართველოს ედუარდ შევარდნაძე კი არა, ქურდები და ბანდიტები მართავდნენ. ისინი ეკონომიკას, ენერგეტიკას, ეზოებსა და ქუჩებს მთლიანად აკონტროლებდნენ.

მე და ჩემა მეგობრებმა მათთან ბრძოლა ჩემი იუსტიციის მინისტრობის პერიოდიდან დავიწყეთ, მაშინ ირაკლი ოქრუაშვილი ჩემი მოადგილე იყო.

სამწუხაროდ მაშინ ამის ლოგიკურ დასასრულამდე არც დრო და არც საშუალე არ გვქონდა.

რევოლუციის შემდეგ, გარკვეული პერიოდი დაგვჭირდა იმისათვის, რომ ამ უბედურებისათვის ხელი მოგვეკიდა.

ამისათვის საჭირო იყო ახალი საპატიმრო დაწესებულებები.

ჩვენ ისინი რუსთავსა და ქუთაისში ავაშენეთ. საჭირო იყო პერსონალის გამოცვლა, დაინიშნა პენიტენციალური დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი, რომელიც იმ ხალხისაგან განსხვავდებოდა, ვინც მანამდე ციხეს ქურდების მეშვეობით მართავდა.

ამ ბანდიტებს ხელი სერიოზულად მოვკიდეთ.

ბოლო დროს, ნარკოტეკებით ვაჭრობა ციხიდან გარეთ მიმდინარეობდა. ბოლო დროს მოპარული მანქანების დაბრუნება ციხიდან ხდებოდა.

ციხიდან გაიცემოდა ბრძანებები ხალხის გატაცების, მობილური ტელეფონების ჩართვის შესახებ.

კრიმინალური დაჯგუფებების მხრიდან ციხიდან მიმდინარეობდა საზოგადოების დაშანტაჟების მცდელობა.

როცა ქურდებს ხელი მკაცრად მოვკიდეთ, მივიღეთ კანონი ქონების ჩამორთმევის შესახებ, რაც პარლამენტის დამსახურებაა. პირველად ჩვენს ისტორიაში მათ პარლამენტში სერიოზული ლობი აღარ ყავდათ, რაზეც ისინი სერიოზულად განერვიულდნენ.

ვინაიდან მათ ბოლო კვირის განმავლობაში გარკვეული ძალებიდან, ტელეეკრანებიდან, ქუჩიდან და პარლამენტის ტრიბუნებიდან მხარდაჭერა მიიღეს, დაიწყეს პოლიციის ლანძღვა-გინება, იმ პოლიციისა, რომელსაც საზოგადოების ძალიან დიდი ნდობა და მხარდაჭერა აქვს, იფიქრეს, რომ კარგი დროა, ეს ადამიანები შესუსტდნენ და შეიძლება მათზე გადავლა. ნურას უკაცრავად პატივცემულო ბანტიტებო, ქურდებო, საზოგადოების ხორცმეტებო და მათო მხარდამჭერებო.

ამჯერად თქვენ საქართველოში ის ხელისუფლება არ დაგხვდათ.

მინდა ყველამ იცოდეს, რა საფრთხის წინაშე იყო ღამით თბილისი. შესაძლებელი იყო თბილისში გასულიყო 4 ათასი თავზეხელაღებული, გააფთრებული, საშიში დამნაშავე.

ეს ნიშნავდა ასობით გატაცებულ ავტომანქანას, ასობით გაქურდულ სახლს და ასობით გაუპატიურებულ ადამიანს, უბედურებას და არეულობას.

მინდა გაიხსენოთ ზვიად გამსახურდიას დრო, შემოდგომაზე ამ იზოლატორიდან ასობით კრიმინალი გაიპარა, რის შემდეგაც საქართველოში სამოქალაქო ომი, ქურდობა და არეულობა, ძარცვა დაიწყო.

ჩემი ოჯახი მაშინ ციხიდან გაქცეული კრიმინალების მიერ გაიძარცვა. ბაბუაჩემს დღემდე ახსოვს როგორ ჩაარტყეს კონდახი თავში. ასეთ დღეში თბილისში ბევრი ოჯახი ჩავარდა.

გადატრიალების შემდეგ ხელისუფლებაში ბანდიტები მოვიდნენ და მათ, ვინც ციხეში დარჩენილი იყო, ისინიც ოფიციალურად გამოუშვეს. შემდეგ იყო გაძარცვული გაუბედურებული სამეგრელო, სადაც დაუწიოკებელი და გაუძარცველი ერთი სახლი არ დაუტოვებიათ.

ამ ადამიანებს შორის ბევრი იმათგანია, ვინც რევოლუციის შემდეგ საპყრობილეებში შევაბრუნეთ.

მე ვარ მშობელი, ყველას გვყავს ოჯახები, მინდა მადლობა ვუთხრა იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს და პოლიციას, რომელმაც უკიდურესად პროფესიონალურად იმოქმედა იმისათვის, რომ ჩვენთვის მოსალოდნელი უბედურება თავიდან აეცილებინათ.

მხვერპლი არავის არ უხარია, მაგრამ თუ ჩვენ ვართ საზოგადოება, საზოგადოებას, კანონიერებას და წესრიგს, კანონიერების ფარგლებში დავიცავთ.

ჩვენ ზვიად გამსახურდიას დროს სახალმწიფო არ გვქონია.

ქვეყანა სუსტი იყო და არ ვიყავით დამოუკიდებლები. ჯაბას დროს იყო ჯაბას კანონები ანუ უკანონობა.

დღეს საქართველო სახელმწიფოა, არსებობს კანონები, მაღალპროფესიონალებით დაკომპლექტებული პოლიცია და რეფორმირების პროცესში მყოფი იუსტიციის სამინისტრო.

ამ სამინისტროს სრული მხარდაჭერა აქვს, მათ არ ეშინიათ სატელევიზიო შანტაჟების, იმიტომ რომ ჩვენი საზოგადოება გონიერია, მათ დღეში ათჯერ რომ მოუყვნენ, იმის შესახებ, რომ თეთრი შავია, მათ კარგად იციან, რომ შავი შავია და თეთრი თეთრი. მათ კარგად იციან, სად არის სიკეთე და სად ბოროტება.

ჩვენ გამოვაცხადეთ პოლიტიკა ნულოვანი დანაშაულის მოთმენის შესახებ, ჩვენ ამ ხალხის ციხეებში შეყვანა კანონის დაცვით უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ სისხლის სამართლის კოდექსი ისე უნდა შევცვალოთ, რომ ციხიდან პირობითი სასჯელით არავინ გავიდეს.

იქნება სრული ნულოვანი მოთმენა.

ის ხალხი, ვინც სამსახურიდან დაღლილი მოდის, ვინაიდან დალხინებული ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ცოტას აქვს და ბინა გაძარცვული ხვდება, ეს ხალხი ჩვენი საზოგადოებაა და მათი დაცვა ჩვენი სამოქალაქო ვალდებულებაა.

მინდა ვუთხრა ორგანიზებული დანაშაულის მხარდამჭერებს - რა ხმაური და შანტაჟიც არ უნდა მოაწყონ, რა დისკრედიტაციაც არ უნდა გამოიყენონ, რაც სასამართლოს მიერ დაკანონებულ ვიდეოჩანაწერში მშვენივრად გამოჩნდა, გასაგები იყო ყველასათვის, ამ ბოროტმოქმედებს რა სცენარი და გეგმა ჰქონდათ.

რა ფული და გავლენაც არ უნდა ჰქონდეთ მათ პატრონებს, ჩვენ ორგანიზებული დანაშაულის ყველა წევრს, მონაწილეს, და მფარველებს ბოლომდე მივწვდებით.

აქ არც ველური დასავლეთი და არც რაღაც სხვა ტერიტორია, სადაც დამნაშავეების ჯირითი და დიდი ფულით სამართალის ყიდვა ადვილდად შეიძლება.

საქართველოში სამართალი ფულზე და შანტაჟზე არ იცვლება.

ჩვენ ამას არ ვექვემდებარებით.

მინდა დავპირდე ყველას, რომ წლის ბოლომდე ქუთაისისა და რუსთავის კოლონიებს ავამუშავებთ და პატიმრებს იქ გადავიყვანთ.

თავს არ დავზოგავთ და ახალ იზოლატორს ყველა თანამედროვე სტანდარტით აუცილებლად დავამთავრებთ.

ორთაჭალის ციხე დასანგრევია, ტექნოლოგიურად და უსაფრთხოების თვალსაზრისით უზრუნველყოფა შეუძლებელია.

ქალაქის ცენტრში დიდი საფრთხეა, ჩვენ უნდა დავამთავროთ ახალი საპატიმრო და პატიმრები ცოტათი მოშორებთი ამ ციხეებში გადავიყვანოთ.

აშკარაა, რომ საქართველოში ორგანიზებულმა დანაშაულმა ბოლოჯერ გაიბრძოლა.

კოდორში აფეთქების მცდელობა, რომ საქართველო ბოლოჯერ დატოვონ დენის გარეშე ამის კლასიკური ნიმუშია.

არავის ეგონოს, რომ ჩვენ ვინმეს ენას მოუჩლიქავთ, ის დრო აღარ არის, ბანდიტებთან არანაირი მოლაპარაკება არ იქნება, ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ წესრიგი ყველგან დავამყაროთ.

რადგან ამ ხალხმა ჩვენი გამოწყევა გადაწყვიტა, ამ გამოწევვას ვიღებთ. იცოდეს ყველამ, კრიმინალებმა, მათმა პოლიტიკურმა და სხვა სახის მხარდამჭერებმა - სულ ყირაზე რომ დადგნენ, ჩვენ საქართველოში კანონიერებას და წესრიგს დავამყარებთ.

ხალხი ქუჩაში უსაფრთხოდ ივლის, ბიზნესები გაიხსნება რეკეტის გარეშე, როგორც ეს დღეს არის. მშობლები ბავშვებს სკოლაში შიშის გარეშე გაუშვებენ, ქუჩები დანაშაულის სახით გაწმენდილი იქნება ამ სიბინძურისაგან და ნაგვისაგან.

კანონის და დემოკრატიის მოთხოვნის დაცვის პირობებში, ყველა ცივილიზებული ქვეყანა ამგვარ სიტუაციაში მოიქცეოდა ასე.

ჩვემა პოლიციამ და იუსტიციის სამინისტრომ პროფესიონალიზმი გამოიჩინა.

ასეთი კარგი ოპერაციის ჩატარება ბევრი ქვეყნის სპეც-სამსახურსაც არ შეუძლია, ეს ტელეეკრანზე ბევრჯერ მინახავს.

ჩვენ ბოლომდე მივწვდებით ორგანიზებულ დანაშაულს და ქართული სახელმწიფო ამ დანაშაულებრივ მენტალიტეტს ბოლომდე აღმოფხვრავს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)