საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის „აზოტის“ ქარხანას ეწვია
მოგესალმებით ყველას!
დიდი სურვილი მაქვს თითოეულ თქვენგანს ხელი ჩამოვართვა, რადგან პირადად ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის თქვენთან შეხვედრის სიამოვნება პრივილეგიაა.
დიდი სურვილი მაქვს თითოეულ თქვენგანს პირადად შევხვდე, ვფიქრობ ამის საშუალებაც მომეცემა.
უწინარეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ არაფერი ისე არ მახარებს, როგორც მომუშავე ქართული საწარმოს - რუსთავის "აზოტის" ქარხნის ხმა.
რუსთავის "აზოტი" და მთლიანად რუსთავი განსაკუთრებული ხალხით დაკომპლექტებული საწარმო და ქალაქია.
ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე რუსთავი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ინდუსტრიული კულტურის მქონე ქალაქია.
აქ ყველაზე შრომისმოყვარე, დისციპლინირებული, კეთილსინდისიერი და თბილი ხალხი ცხოვრობს.
მართლაც მნიშვნელოვანია, რომ რუსთავის საწარმოები ამუშავდეს, ხალხი დასაქმდეს, გაჩნდეს საშუალება, რომ მოქალაქეებს ელემენტარული შემოსავლის წყარო გაუჩნდეს.
ვიცი და ბედნიერი ვარ იმით, რომ ამ საწარმოში 3 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს.
ბედნიერი ვარ, რომ ბოლო წლების განმავლობაში უფრო მეტი ამუშავდა.
ისიც ვიცი, რომ აქაური ხელფასებით ვერავინ გამდიდრდება, მაგრამ ყველამ კარგად უნდა გავიგოთ, რომ ჩვენი კონკურენტები არიან ჩინეთი, სადაც კიდევ უფრო ნაკლები ხელფასები აქვთ, სხვა განვითარებადი ქვეყნები, სადაც ხალხს უფრო უარეს პირობებში ამუშავებენ.
ამ კონკურეციის პირობებში ჩვენ ბრძოლა და საკუთარი თავის გადარჩენაზე ზრუნვა გვიწევს.
განსაკუთრებით მსურს შევაქო ამ საწარმოს დირექცია.
აქ პრივატიზაციის წარმატებული მოდელი იმ თვალსაზრისით განხორციელდა, რომ სიმძლავრეებში მეტი ფული იდება.
ვფიქრობ, რომ ეს რუსულ-ქართული თანამშრომლობის პოზიტიური მაგალითია. ბოლო პერიოდის განმავლობაში მსგავსი მაგალითებით არც თუ განებივრებული ვართ.
აქ შეძენილია ახალი მილები, მანქანა-დანადგარები, ქიმიური საშუალებები, აღდგენილია აგრეგატები და საამქროები.
ამჟამად ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით თქვენს მიერ გამოშვებულ გვარჯილას ვარიგებთ, მართალია, მხოლოდ 25 კილოგრამის ოდენობით, რადგან ჩვენი სახელმწიფო სხვა სახელმწიფოებთან ერთად რიგში დგას და მეტი არ არის.
ეს პროდუქცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, სომხეთში, სხვა ქვეყნებში იგზავნება და ჩვენ რიგში ვდგავართ, რათა თქვენს მიერ გამოშვებული პროდუქცია უფასოდ მივიღოთ.
პირადად ვნახე როგორი გახარებული არიან გლეხები, რომლებიც თქვენს მიერ გამოშვებული და გაგზავნილი პროდუქციის თუნდაც მხოლოდ 25 კილოგრამს იღებენ.
ისინი ბედნიერები არიან, რადგან ეს პირველი გვარჯილაა, რომელიც მათ მრავალი წლის განმავლობაში მიიღეს.
ეს სახელმწიფოს მხრიდან მათთვის პირველად გაწვდილი დახმარების ხელია. ეს თქვენი შრომის ნაყოფია, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის აღორძინებას ეხმარება.
ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველოს ეკონომიკა ბევრად უფრო ჩქარი ტემპით განვითარდეს და ეს არა მარტო ციფრებში უნდა აისახოს, არამედ რეალურად უნდა მოხდეს.
ამისათვის ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვნად გამარტივებული, ლიბერალური საგადასახადო კოდექსი, რომელმაც სამჯერ შეამცირა გადასახადების რაოდენობა.
დღეს მსოფლიოში მხოლოდ 11 ქვეყანას აქვს საქართველოზე დაბალი გადასახადები და მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოში 200-მდე ქვეყანაა.
ეს ქვეყნები ძირითადად ნავთობმომპოვებელი ქვეყნებია, ჩვენ კი, არც ნავთობი და არც გაზი გვაქვს.
ამის მიუხედავად, დაბალ გადასახადებს ვინარჩუნებთ და ვამცირებთ კიდეც.
ეს კი იმისთვის ხდება, რომ წარმოება ამუშავდეს და ხალხს მეტი პროდუქციის წარმოებისა და მეტი სამუშაო ადგილების შექმნის საშუალება მიეცეს.
ლიცენზიებისა და ნებართვების რაოდენობა 85 პროცენტით შემცირდა.
მათ მისაღებად ხალხს ფულს სძალავდნენ.
თქვენ იცით, რომ ლიცენზიები და ნებართვები რეალურად არა ხარისხის კონტროლის საშუალება, არამედ კორუმპირებული ბიუროკრატების მხრიდან ადამიანებისთვის ფულის გამოძალვისა და სისხლის "გაშრობის" საშუალება იყო.
მშენებლობის სფეროს რეგულირება გამარტივდა და მიხარია, რომ პირველად დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რუსთავში ახალი კორპუსების მშენებლობა მოითხოვეს.
აქამდე ახალი შენობები მხოლოდ თბილისში შენდებოდა, ეხლა კი შენდება რუსთავში, გორში, ბათუმში. მშენებლობა დაიწყო სამეგრელოში და ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ფრონტიც გაიშლება და ბევრად უფრო მეტ ადამიანს ექნება იმის საშუალება, რომ საცხოვრებელი ბინა ჰქონდეს.
ჩვენ ვამარტივებთ და ვამცირებთ მშენებლობის ღირებულებას, რათა უფრო მეტი აშენდეს და მოსახლეობისთვის საცხოვრებელი უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს.
ჩვენი ამოცანა მარტივია - მაქსიმალურად შემოვიტანოთ ინვესტიციები.
ჩვენ ევროპელებისთვის სავიზო რეჟიმი გავაუქმეთ. თურქებისთვის და სუფთა და კანონიერი ბიზნესის მკეთებლებს საქართველოში ყველა საზღვარი უნდა გავუხსნათ, ყველა დაბრკოლება მოვუხსნათ, ყველა ხელოვნურად შექმნილი მაკონტროლებელი ბერკეტები უნდა მოვაშოროთ.
ყოველივე ეს უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკა წინ წავიდეს.
2005 წელს ჩვენმა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა თითქმის 9.5 პროცენტი შეადგინა.
ეს მსოფლიოს მასშტაბით ზრდის ტემპის ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი..
უდაოდ გამიხარდებოდა, რომ ეს მაჩვენებელი 100 პროცენტი ყოფილიყო, მაგრამ ასეთი რამ არ არსებობს - არის 10 პროცენტიანი და ერთ პროცენტიანი ზრდა.
ჩვენ მივაღწიეთ მაქსიმუმს, მათ შორის, ზოგიერთ სექტორში მართლაც რეკორდული მაჩვენებლები გვქონდა.
ეს ძალზე მნიშვნელოვანია.
შარშან საქართველოში 54 ათასმა მეწარმემ საქმიანობა დაიწყო.
მინდა გითხრათ, რომ ახალი მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვრის შემდეგ მარტის დამლევამდე 16 ათასი ახალი მეწარმე და ფირმა დარეგისტრირდა.
ეს ნიშნავს მინიმუმ 16 ათას ახალ სამუშაო ადგილს, თუმცა თითო მეწარმე კიდევ რამდენიმე ადამიანს ასაქმებს.
ეს რეალური მონაცემებია და არა უბრალოდ ციფრები.
2004-05 წლებში პრივატიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა 2000 წლამდე მიღებულ შემოსავალს 9-ჯერ გადააჭარბა, წელს კი, პრივატიზაციის შედეგად, მთელი ამ წლების განმავლობაში მიღებულ შემოსავალზე 2-3-ჯერ მეტის მიღებას ვვარაუდობთ.
საქართველოს ბიუჯეტში დაგეგმილზე 752 მილიონით მეტი შემოსავალი შევიდა, ხოლო წელს ჩვენი ბიუჯეტი, წინა წლებში დაგეგმილზე, მილიარდი ლარით გაიზრდება.
ეს ნიშნავს, რომ აშენდება ახალი გზები, სკოლები, საბავშვო ბაღები, პოლიკლინიკები, საავადმყოფოები (მათ შორის რუსთავში), განათების ახალი სისტემეები გვექნება და მთელი საქართველო განათდება, მივიღებთ ახალ ინვესტიციებს ენერგეტიკის, ჯანდაცვის სფეროებში, გვექნება ძლიერი ჯარი და თითოეული ადამიანისათვის უკეთესი პირობები შეიქმნება.
ამავე დროს, ამას უცხოელებიც ამჩნევენ, საერთაშორის საფინანსო კორპორაციამ, რომელიც მთავარი შემფასებელია მთელ მსოფლიოში, აღნიშნა, რომ რეფორმების მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით, დღესდღეობით, საქართველო მეორე ადგილზე იმყოფება, ხოლო ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით პირველ ადგილს იკავებს.
ამერიკელების შეფასებით, საქართველოში ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი რამდენჯერმე გაუმჯობესდა და ამ თვალსაზრისით, მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას გავუსწარით.
თქვენ იცით, რომ საწარმოების ასამუშავებლად კრედიტის აღებაა აუცილებელი.
კრედიტს კი, იმ ქვეყანას აძლევენ, რომელსაც ენდობიან.
საკრედიტო რეიტინგის თვალსაზრისით, აქამდე გამოუსწორებელი ოროსნები ვიყავით - ჩვენს ბანკებს ფულს არავინ აძლევდა იმისათვის, რომ, თავის მხრივ, ამ ბანკებს თანხა საწარმოებისთვის გამოეყოთ.
გასულ წელს ჩვენ მივიღეთ რეიტინგი "ბი+", რა იმას ნიშნავ, რომ ოთხოსნებსა და ხუთოსნებს შორის ვიმყოფებით.
მალე აუცილებლად გავხდებით ხუთოსნებიც და უფრო დაბალპროცენტიან კრედიტებს მივიღებს თითოეული ქართული საწარმო, თითოეული ქართული ბანკი და ახლადდაწყებული თითოეული ქართული ბიზნესი.
ჩვენ ეხლა ვიღებთ ახალ კანონებს, რომლებმაც მკვეთრად უნდა გაამარტივოს ყველაფერი.
მაგალითად, დღეს ზოგიერთი პროდუქციის შემოსატანად 116 ხელმოწერა და დოკუმენტია საჭირო, ე.ი. 116 ბარიერია გადასალახი.
ამ კანონების მიღების შემდეგ ამ დოკუმენტების რაოდენობა გახდება მხოლოდ 30 და ამასაც შევამცირებთ.
საბაჟო გადასახადებისა და კატეგორიების რაოდენობა მცირდება.
მიმაჩნია, რომ ეს თითოეულ ადამიანს საქმიანობას გაუადვილებს, რათა ბევრად მეტი შემოიტანოს, მეტი ადამიანი დაასაქმოს და ბევრი მეტი ახალი სამუშაო ადგილი შექმნას.
თქვენ იცით, რომ ყოველივე ამის ფონზე, რუსეთის ხელისუფლების გარკვეული დონის მხრიდან ძალზე დიდი დარტყმა მივიღეთ - რუსეთმა საქართველოსთვის და მოლდოვასთვის ღვინის ბაზარი მთლიანად ჩაკეტა.
ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც შარშან საქართველოში სამჯერ მეტი ყურძენი გადამუშავდა და შესაბამისად სამჯერ მეტი ღვინო ვაწარმოეთ, ვიდრე ეს რევოლუციამდე ხდებოდა.
ფალსიფიკაცია ათჯერ და მეტჯერ შემცირდა, თითქმის აღარ არსებობს ფალსიფიციური ქართული ღვინო და ამ პირობებში, ფალსიფიკაციის მოტივით რუსეთმა ღვინის ბაზარი გადაგვიკეტა.
გუშინ კახეთში ვიმყოფებოდი და ჩვენს მეღვინეებსა და მევენახეებს შევხვდი.
ეკონომიკის ამ სექტორის გადასარჩენად ჩვენ დაუყოვნებლივ ძალზე მკვეთრ ნაბიჯებს გადავდგამთ.
დღეს მივიღე გადაწყვეტილება, რომ საგანგებოდ კახეთისთვის და ღვინის მწარმოებელი სხვა რაიონებითვის დამატებით რამდენიმე ასეული ტრაქტორი შევიძინოთ და შევქმნათ სქემა, რათა თითოეულ მევენახეს, მიწის თითოეულ მფლობელს ახალ, ხარისხიან ტექნიკაზე ძალზე შეღავათიან ფასებში, ან თითქმის სიმბოლურ ფასად მიუწვდებოდეს ხელი.
ჩვენი ხარჯით შემოვიტანთ ტრაქტორებს, გავუკეთებთ მობილიზაციას სახსრებს და რამდენიმე ასეულ დამატებით ტრაქტორს კახელ გლეხებსა და ღვინის მწარმოებელ რაიონებს დავურიგებთ.
ეს არის პირველი გადაწყვეტილება.
ამას გარდა, ჩვენ უფასოდ დავიწყებთ ნერგების დარიგებას და ყურძნის ახალი ნერგების მიღებას ისეთი ჯიშების მოსაყვანათ, რომელზეც ევროპულ და სხვა ბაზრებზე უფრო მეტი მოთხოვნაა.
ჩვენ აღმოსავლეთ ევროპის და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, უკრაინასთან, პოლონეთთან აქტიური მუშაობა დავიწყეთ.
დარწმუნებული ვარ, ამ ემბარგოთი საქართველოს განადგურების მოსურნეების ჯინზე, რუსეთში გასატანი ღვინის პროდუქციის ძალიან დიდ ნაწილს აუცილებლად გავყიდით სხვა ქვეყნებში.
ჩვენს მეღვინეებს ჯერ კიდევ შარშან ვაფრთხილებდი, რომ გარკვეული მოსაზრებების გამო რუსეთი ბაზარს დაკეტავდა, ამის დიდი შანსი არსებობდა.
დარწმუნებული ვარ, რომ გამანადგურებელ ზარალს ვერავინ მოგვაყენებს.
ჩვენ მოვნახავთ ახალ ბაზრებს, გვექნება ახალი პერსპექტივები, მაგრამ, ამავე დროს, რუსეთის ბაზარს აუცილებლად დავიბრუნებთ.
ეს ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა.
ტრაქტორებს უფასოდ შემოვიტანთ და გლეხებს ნერგებს უფასოდ დავურიგებთ.
მართალია ახალი ვენახის გასაშენებლად სამი წელია საჭირო, მაგრამ მე სამი წლით და ხუთი წლით წინ ვიხედები.
ფალსიფიკაციასთან ბრძოლას გავამკაცრებთ და ჩვენი ღვინისთვის დიდ სარეკლამო კამპანიას გავწევთ - საამისოდ სახელმწიფო ძალიან ბევრ დროს იყიდის სხვადასხვა ტელევიზიებში, გაზეთებში კი - ადგილებს, რათა ჩვენი ღვინის პოპულარიზაცია მოვახდინოთ.
ასევე, ღვინის ფორუმებს მოვაწყობთ რუსეთში, უკრაინაში, ჩინეთში, იაპონიაში, თურქეთში პოლონეთში და ეს უკვე დაგეგმილი გვაქვს.
თბილისშიც ჩამოვიყვანთ უამრავ მეღვინეს, რომლებსაც დარწმუნებული ვარ ჩვენს პროდუქციას მოვაწონებთ.
ჩვენ გავარღვევთ ამ ბლოკადას და საქართველოს არაკეთილმოსურნეს არ გავახარებთ!
არ გავახარებთ იმ ხალხს, ვინც არა მხოლოდ ქვეყნის გარეთ ფიქრობს, რომ დაგვანგრია, არამედ ვისაც ქვეყნის შიგნითაც მიაჩნია ასე.
ვერც დაგვანგრევენ და ვერც დაგვახრჩობენ!
როგორი ბინძური მეთოდები და ბოროტი ძალებიც არ უნდა გამოიყენონ, ვერ გაიმარჯვებენ!
ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან მათ იმ ხალხთან აქვთ საქმე, ვინც წუწუნის გარეშე ენერგეტიკული საბოტაჟი გადაიტანა, ვინც მუდმივად თავის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და ზოგადად ქვეყნის გაძლიერებაზე მუდმივად მუშაობს. იმ ხალხთან, ვინც ამ პროდუქციას აქ რუსეთთან თანამშრომლობის პირობებში ქმნის, იმ ხალხთან, რომელიც იმდენად მოქნილი, შემოქმედებითია და იმდენად იცის საკუთარი ინტერესის დაცვა, რომ სხვა ბაზარსაც აუცილებელად მონახავს, ხარისხსაც გააუმჯობესებს და რუსეთის ბაზარზე ორჯერ მეტი ძალით დაბრუნდება, რათა საბოლოოდ თავისი პროდუქციის რეალიზაცია მოახერხოს. საქართველოს მთავრობა კი, ყოველდღიურად იმუშავებს იმისათვის, რომ ასეთი უსიამოვნებებისაგან დაზღვეული ვიყოთ. საქართველოში მას შემდეგ, რაც მე პრეზიდენტი გავხდი არც ერთი ძირითადი საწარმო არ შეჩერებულა, ათეულობით მათგანი კი, ამუშავდა.
ჩვენ შემოგვაქვს მანდარინის საამქროები იტალიიდან, უკვე შემოდგომაზე გვექნება ჩვენი მანდარინის სხვა ქვეყნებში გატანის საშუალება.
ჩვენ ჩვენს ციტრუსებს შუა აზიაში, ბულგარეთში, რუმინეთში და უკრაინაში გავიტანთ ამის ტექნოლოგია უკვე გაგვაჩნია, აქამდე ეს არ გვქონდა.
რუსეთმა ჩვენ მხოლოდ გაგვაძლიერა, დაგვიკეტა ვაშლის ბაზარი. ჩვენ აგარაში ახალი ქარხანა უკვე გავხსენით. ჩვენ გვაქვს კარგი ვაშლი და სხვა ქვეყნებში გავიტანთ. ამის მოთხოვნა არის.
დაგვიკეტავენ თხილის ბაზარს, სამეგრელოში ჩვენ ვდგამთ თხილის გადამამუშავებელ კომბინატს და ჩვენი თხილი გავა გერმანიაში, ამერიკაში და ევროპაში, სადაც ქართულ თხილზე დიდი მოთხოვნაა. დაგვიკეტავენ ხე-ტყის ბაზარს, ხე-ტყის გადამუშავებას დავიწყებთ, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ევროპის დონის ახალი საწარმოები იხსნება.
მარტო ის რად ღირს, რომ წელს ქართულ სკოლებში ჩვენი ბავშვები ახალ მერხებზე, ახალი ფორმებით, ახალი წიგნებით იჯდებიან. ეს ყველაფერი საქართველოში გამომუშავებული პროდუქცია იქნება, ქართველი კაცის მიერ შექმნილი. ასე რომ ჩვენ უნდა გადავრჩეთ, არ უნდა ვიწუწუნოთ. ჩვენ საქართველოს მოწინააღმდეგის, დანგრევის და განადგურების მსურველს უნდა ვაჩვენოთ, რომ ის ხალხი არ ვართ, რომელსაც ბლოკადებით და ემბარგოებით თავის გადაწყევეტილებას უცვლის, აფხაზეთზე, ცხინვალზე, თავისუფლებასა და განვითარებაზე უარს ათქმევინებს. ეს ის ხალხია, რომელიც მეგობრობას აფასებს. ჩვენ გვსურს რუსეთთან მეგობრობა, ეს ქარხანა რუსეთთან მეგობრობის შედეგია, თუმცა ჩვენ ჩვენს ინტერესებს დავიცავთ. ეს, პირველ რიგში, ეკონომიკას ეხება. დარწმუნებული ვარ, დანარჩენი საქართველოსათვის ეს საწარო ნათელი წერტილია. გასაღების პრობლებმა აღარ არის, ჩვენ რუსეთში ვეღარ ვყიდით, მაგრამ ვყიდით ამერიკაში, საქართველოში. ადრე რომ ასე ეფიქრათ სხვებს, ბევრი ბაზარი გვექნებოდა. ქართველები გვიან ვიწყებთ ფიქრს, მაგრამ როცა ვინდომებთ კარგად ვაკეთებთ. ამაში დარწმუნებული ვარ. რასაც აკეთებთ, დიდი მადლობა ყველაფრისათვის. მე კარგად ვიცი, რომ თქვენი შრომა ადვილი არ არის, არ არის შემოსავალი, მაგრამ არის მომავლის პერსპექტივა. ამისათვის მინდა თავი დაგიხაროთ ყველას, ეს მსოფლიოში ერთ-ერთი განათლებული, სამუშაო ძალაა, თქვენი ბრალი არ არის, რომ ამ მდგომარეობაში ჩავარდით, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად ამ მდგომარეობის შემობრუნება დავიწყეთ. კიდევ ერთხელ გპირდებით თანადგომას. მრავალი წლის განმავლობაში ყველაფერი ნადგურდებოდა. "აზოტის" დაშლა ვერ მოასწრეს, თქვენ ეს საწარმო შიშველი ხელებით გადაარჩინეთ. თქვენი მოკავშირე დღეს ქართული სახელმწიფოა. და ჩვენ ერთად მოვახდენთ სასწაულებს.
დიდი მადლობა ყველას!
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური