Google+

სიახლეები

26.05.2006
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საჯარო გამოსვლა საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ აღლუმზე

დღეს ჩვენ მხედრულ სალამს ვაძლევთ ძლიერ, დისციპლინირებულ და ბრძოლისუნარიან ქართულ არმიას.

რამოდენიმე წლის წინ ჩვენ დაშლილი, გაუბედურებული ქართული ჯარი ჩავიბარეთ.

ამ წლების განმავლობაში ჩვენ თქვენთან ერთად ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ შექმნილიყო ისეთი შეიარაღებული ძალები, რომლითაც თქვენ, თქვენი ოჯახის წევრები და მთელი საქართველო იამაყებდა.

ჩვენი შეიარაღებული ძალები არავის ემუქრება გარდა იმ ხალხისა, ვინც მზად არის საქართველოს თავისუფლებაზე ხელი აღმართოს, ვისაც საქართველოს არეულობა და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის წერტილის დასმა უნდა.

ჩვენ მივესალმებით იმ ჯარისკაცებს და ოფიცრებს, რომლებმაც დღეს სამთავრობო ჯილდოები მიიღეს, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო, რითაც უცხოელ ჯარისკაცებს უკიდურესად იშვიათად აჯილდოებენ. ასეთია ქართველების ბედი და ტრადიცია - თავი გამოიჩინონ არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის სადარაჯოზე, არამედ მთელ მსოფლიოში. ასე იყო საუკუნეების განმავლობში და დღესაც გრძელდება.

ჩვენ ქართველები ვჭირდებით არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მთელ თავისუფლების მოყვარე მსოფლიოს.

ჩვენ თავისუფლების პირობებში წარმატებული განვითარების მაგალითს ვქმნით, რომელიც ასე სჭირდება იმ ხალხს, ვინც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის იბრძვის.

ჩვენი არმიის სახით ვესალმებით ახალ საქართველოს, რომლითაც ყოველმა ქართველმა უნდა იამაყოს.

ვესალმებით საქართველოს, რომელიც მტერს თავს არასდროს დაუხრის, საქართველოს, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავის და ეროვნული ინტერესების დაცვა.

დღეს ჩვენ ვესალმებით ყველა მოქალაქეს, ვინაიდან საქართველო ყველას ეკუთვნის. საქართველოში საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები. ისინი საქართველოს სამსახურში დგანან და პატრიოტები არიან.

ჩვენ ვესალმებით მათ, ვისაც საქართველოს ბედზე შესტკივა გული, ვისაც თავისი ცხოვრების მიზნად საქართველოს წარმატებისათვის ბრძოლა დაუსახავს.

საქართველოს მოქალაქეებმა ყველას დაუმტკიცეს, რომ მათ ისეთი სახელმწიფოს შენება შეუძლიათ, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებს შეეფერება.

თითოეული თქვენგანის დამსახურებაა ის, რომ საქართველოს დღეს მთელ მსოფლიოში იცნობენ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად სახელმწიფოს, რომელიც თავისი ინტერესების დასაცავად მუდმივად იბრძვის.

ჩვენ მივესალმებით ქართველ ახალგაზრდებს, პატრიოტთა მოძრაობის წევრებს, სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს, პატრიოტულ პოლიტიკურ სპექტრს.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ რამდენადაც არ უნდა ვკამათობდეთ და რამდენად დიდი აზრთა სხვადასხვაობაც არ უნდა არსებობდეს, ჩვენ ერთმანეთის მტრები არ ვართ, ჩვენ ერთმანეთის ოპონენტები ვართ, რომელთაც იმ დიდი გამოწვევების წინააღმდეგ გაერთიანება უნდა შეძლონ, რომელიც დღეს საფრთხეს უქმნის საქართველოს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და მის მომავალს.

ჩვენ აღარ უნდა გავიმეოროთ ისეთი შეცდომა, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ვუშვებდით - როცა შიდა პოლიტიკური წვრილმანის, შურის, ეჭვიანობის და დაპირისპირების გამო ჩვენი ქვეყნის მოწინააღმდეგის წინაშე საკუთარ თავს, ქვეყანას და მომავალს ვაგებდით.

ეს აღარასოდეს არც ერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა არ უნდა დაუშვას.

საქართველო უბრუნდება ევროპულ ოჯახს.

ჩვენ მხედრული სალმით მივესალმებით თავისუფლების მოყვარე ყველა ადამიანს და ერს.

მალე მოვა ის დრო, როცა აფხაზები და ოსები ისევე იზეიმებენ ამ დღეს, როგორც დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე ზეიმობს.

მე მინდა მათ ვუთხრა - ჩვენ გვსურს მშვიდობა და ის, რომ პატარა, მაგრამ ლამაზი და ძლიერი ქვეყანა ერთად ავაშენოთ.

იმ წარმატებებში, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, კარგი იქნებოდა, რომ მონაწილეობა აფხაზებსა და ოსებსაც მიეღოთ.

საქართველოში ნგრევისა და დაპირისპირების დრო დამთავრდა, უმჯობესია ერთად გავაგრძელოთ შენება, რათა რამოდენიმე წლის შემდეგ ყველამ ერთად ერთიან სახელმწიფოში ბედნიერად და უსაფრთხოდ ვიცხოვროთ.

იმ ხალხის გასაგონად, ვისაც საქართველოს დანაწევრება უნდა, მინდა ვთქვა, საქართველოს გასაცემი და დასაკარგი ერთი გოჯა მიწაც კი არ გააჩნია. საკმარისად პატარა ქვეყანაა, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ. ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ კომპრომისებზე წასვლას არ ვაპირებთ.

მივესალმებით ყველა პედაგოგს, მეცნიერს, ქართულ ინტელექტუალურ პოტენციალს, რომელიც მსოფლიოში გამორჩეულია. განათლება ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია.

დღეს ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც სამი, ხუთი, ასი წლის შემდეგ შედეგს მოგვცემს.

ჩვენ გასანიავებელი ტალანტები და დასაკარგი მეცნიერები, პედაგოგები არ გვყავს და ყველა ერთად ახალი საქართველოს მშენებლობისათვის უნდა გამოვიყენოთ.

ჩვენ მივესალმებით სოფლად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს.

ის, რომ ჩვენ აქამდე მოვედით, ამის ხერხემალი სოფელშია. ამ ხალხმა შეინარჩუნა ჩვენი ქვეყანა, გადაარჩინა შიმშილს, მათი შრომა განსაკუთრებულად დასაფასებელია.

მინდა მივესალმო ჩვენს მევენახეებს, მათ არაფრის არ უნდა ეშინოდეთ, საქართველოში ამ დარგის განადგურებას ვერავინ შეძლებს.

ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ პროგრამებს - სარწყავი არხების აღდგენის, ამბულატორიების და სკოლების მშენებლობის. ეს დაპირება არ არის, ეს რეალობაა.

ჩვენ მხედრული სალმით ვესალმებით ჯარისკაცებს, რომელთაც სამშობლოში სამსახური ეამაყებათ, ჯარისკაცებს, რომელთაც ჩვენი ისტორიის საფიცარი გმირების სისხლი უდუღთ.

ჩვენ მხედრულ სალამს ვაძლევთ ქართველ გმირებს, რომლებიც მთელი ისტორიის მანძილზე თავს სწირავდნენ საქართველოს თავისუფლებას.

ჩვენ ვესალმებით ქართველთა ყველა თაობას, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, საქართველოში ამ დღეებში ჩამოსულ ქართული დიასპორის წარმომადგენელებს.

ჩვენ ვამაყობთ თქვენი წარმატებით.

საქართველოდან წასული ნებისმიერი ეროვნების ადამიანი განსაკუთრებით ნიჭიერი და წარმატებულია სხვა ქვეყანაში.

ჩვენი ამოცანაა ამ ხალხის საქართველოში დაბრუნება და მათი პოტენციალის გამოყენება ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ, ჩვენი მომავლის ერთად ასაშენებლად.

მივესალმები ყველა თაობის ადამიანს, პენსიონრებს, იმიტომ, რომ სიკეთის დაფასება, სამართლიანობა, პატიოსნება და წესიერება ჩვენ უფროსმა ადამიანებმა გვასწავლეს, ჩვენ კი - მომავალ თაობას უნდა გადავცეთ.

ორი წლის წინ, რევოლუციის დროს, ჩვენ აქ, ამ ადგილას ჩვენმა იმედმა გაგვაერთიანა - ძლიერი საქართველოს აშენების იმედმა, სიტუაცია შეიცვალა, დღეს უკვე მოპოვებული სიძლიერე და ის დიდი მიზნები გვაერთიანებს, რომლითაც უახლოეს მომავალში ძლიერმა საქართველომ გასაერთიანებლად და გასაძლიერებლად უნდა მიაღწიოს.

ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს - საქართველოს და თითოეული თქვენგანის მფარველი.

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)