Google+

სიახლეები

25.07.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასტუმრო ჰაიატის მშენებლობის პრეზენტაციას დაესწრო

მინდა მოგესალმოთ ყველას, განსაკუთრებით ჩამოსულ სტუმრებს!

ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველოსა და მთელი ჩვენი რეგიონის ეკონომიკისთვის ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარების საქმეში, ეს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, წინგადადგმული, ისტორიული ნაბიჯია.

საქართველოს იდენტურობა არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა აბრეშუმის გზის მთავარი და ცენტრალური ადგილი იყო და თქვენ მართლაც კარგად შეგისწავლიათ ჩვენი ისტორია.

საქართველო მართლაც ძალზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა, საქართველო მიწათმოქმედების ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, საგულისხმოა ისიც, რომ, კაცობრიობის ისტორიაში, პირველი ღვინოები საქართველოში ჩამოისხა და საქართველო ღვინის სამშობლოა.

მსოფლიო მითოლოგიებში საქართველო ძალზე მნიშვნელოვნადაა წარმოდგენილი.

ეს არის ქვეყანა, სადაც ბერძნული მითოლოგიის გმირი პრომეთე ჩვენს ერთ-ერთ მწვერვალზე იყო მიჯაჭვული.

საქართველო არის ქვეყანა, რომელშიც იყო ოქროს საწმისი - მსოფლიოს კეთილდღეობისა და ანტიკური სამყაროსთვის სიმდიდრისა და წარმატების სიმბოლო.

შუა საუკუნეების საქართველო აბრეშუმის გზის მთავარი ქვეყანა იყო.

ამიტომ, თბილისის იდენტურობა არის მთელი შუააზიის, ჩინეთიდან მომავალი გზების, ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის მთავარი შემადგენელი ცენტრალური წერტილი.

დღევანდელი დღე ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან თბილიში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო და თანამედროვე, დიდი და ახალი სასტუმრო კომპლექსი შენდება.

თბილისში ასეთი სასრუმროს მშენებლობა ნიშნავს, რომ ამ სასტუმროს მშენებლობისა და შემდეგ მისი ოპერირების პროცესში რამდენიმე ათასი ადამიანი დასაქმდება.

ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ფულის ჩადების მსურველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან საქართველო, ევროპის ბანკის თანახმად, ევროპის სამ ყველაზე არაკორუმპირებულ სახელმწიფოთა შორისაა, სადაც ევროპის მასშტაბით, ყველაზე დაბალი გადასახადებია.

ჩვენს ქვეყანაში ნებართვებისა და ლიცენზიების მიღების ყველაზე მარტივი პროცედურაა და ამაში თქვენ თავად დარწმუნდით - თბილისში სამშენებლო ნებართვის მიღება ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე მოსკოვში, კიევში, პარიზში, ლონდონსა თუ ნიუ-იორკში.

ეს არის ჩვენი შეგნებული პოლიტიკა.

ჩვენი მთავარი იდენტურობა არის ბიზნესის კეთების თავისუფლება, საკუთრების ხელშეუხებლობა, არაკურუმპირებული სახელმწიფოს ჩარევისგან თავისუფალი ბიზნესგარემო, რომელმაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს კეთილდღეობა უნდა მოუტანოს.

ამიტომ ეს მართლაც ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენაა.

ეს არ არის უბრალოდ მორიგი პრეზენტაცია - ეს არის საქართველოში ტურიზმის, მშენებლობის არქიტექტურის სფეროებში, ასევე ქალაქმოწყობის მხრივ ახალი ეპოქის დიდი დასაწყისი.

ამ მხრივ ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ.

თუ საქართველოს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შევადარებთ, მოსკოვის გარდა, თანამედროვე სასტუმრო ცენტრების თავმოყრის თვალსაზრისით, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, თბილისი ყველაზე დიდი კონცენტრაციის ადგილი ხდება.

ეს არის ქვეყანა, რომელიც ამ მხრივ, სულ ცოტა ხნის წინათ, არავის აინტერესებდა, მაგრამ ეხლა ის მთვარი ცენტრი ხდება.

აი, ეს მოაქვს თვისუფლებას და განვითარებას.

თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია და მაშინ, როდესაც ყველაფერი დამთვრდება (და იმედი მაქვს, რომ ჩემი პრეზიდენტობის პირველ ვადაში დასრულდება), ეს ჩვენი ერთობლივი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ძეგლი იქნება.

ყველა ადამიანი არა დაპირებებითა და სიტყვებით, არამედ მისი რეალური დანატოვარითა და საქმით ფასდება.

რა თქმა უნდა, მთავარ მამოძრავებელ ძალას ყოველთვის კერძო ინიციატივა წარმოადგენს, დღეს სახელმწიფოები არაფერს აშენებენ, მაგრამ ჩვენ ისეთი პირობები უნდა შევქმნათ, რომ ჩვენს შემდეგ ამ ძალიან ძველი, საინტერესო, განსაკუთრებული ქვეყნის და მისი განსაკუთრებული დედაქალაქის საუკეთესო არქიტექტურული სახე დარჩეს.

ჩვენი ეპოქის ძეგლები არის ის, რაც ამ წლებში შეიქმნება.

ჩვენს შემდეგ ისეთი ეპოქა უნდა დავტოვოთ, რომ ჩვენს შვილთა შვილებს და მათ მომავალ თაობებსაც კი არ შერცხვეთ იმის, რაც ამ წლებში შეიქმნა.

ამ მხრივ, ძალზე რადიკალურად ვართ განწყობილი და მყარი გადაწყვეტილებები გვაქვს მიღებული - ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ და ყველა ვალდებულება შესრულდება ისე, როგორც ეს თქვენს მიერ დღეს ხელმოწერილი კონტრაქტითაა გათვალისწინებული.

კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა მოგახსენოთ.

აქ წარმოდგენილი კომპანიების გარდა, რომელთა მიმართ ღრმა პატივისცემას გამოვხატავ, მსურს განსაკუთრებით აღვნიშნო რომან ფიფიას როლი, რადგან იგი იმ ქართველის კლასიკური ნიმუშია, რომელმაც წარმატებული ბიზნესის კეთება საზღვარგარეთ შეძლო, მაგრამ სამშობლოში დაბრუნდა, რათა საკუთარი ფული ქართულ ეკონომიკაში ჩაედო.

ეს არის ახალი საქართველოს სიმბოლო, რადგან წლების განმავლობაში საქართველო იყო ქვეყანა, საიდანაც ყველა გარბოდა, ვერავინ ვერაფერს აკეთებდა, აქეთ გამოხედვა არავის უნდოდა და თუკი ვინმე დარჩებოდა მასაც გაქცევაზე და გასწრებაზე ეჭირა თვალი.

დღეს, აქედან წასვლას არავის ვურჩევ, რადგან სიმბოლო იმისა, რომ აქედან არავინ უნდა წავიდეს, საქართველოში დაბრუნებული ხალხია, და უნდა აღვნიშნო, რომ სამშობლოში 80 ათასი ადამიანით მეტი დაბრუნდა, ვიდრე გავიდა; ეს კი 5 მილიონიანი ქვეყნისთვის ცოტა არ არის.

2004 წელი იყო პირველი წელი, როდესაც მეტი ადამიანი დაბრუნდა ვიდრე გავიდა ქვეყნიდან, გასულ წელს კი 80 ათასით მეტი დაბრუნდა ვიდრე წავიდა.

ამათში ერთ-ერთი წარმატებული სიმბოლო, ჩვენს ექიმებთან, მოცეკვავეებთან, მხატვრებთან, სპორტსმენებთან და სხვა ბიზნესმენებთან ერთად, არის სწორედ რომან ფიფია.

მსურს განსაკუთრებით აღვნიშნო მისი დიდი პტრიოტული დამსახურება ამ საკითხში.

დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)