Google+

სიახლეები

05.08.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეკონომიკური განვითარების ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა

ძვირფასო თანამემამულენო!

დღეს გადავწყვიტე, რომ ჩვენს გეგმებთან და ხედვებთან დაკავშირებით, თქვენთვის საგანგებოდ მომემართა.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მსოფლიოს ლიდერებს ვხვდებოდი, მაგრამ, რაც მთავარია შეგხვდით თქვენ - ათასობით ჩემს თანამოქალაქეს.

მრჩევლებად მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები ავიყვანეთ, მაგრამ მთავარია, რომ ქართული ბიზნესის ასობით წარმომადგენელს შევხვდი - იმ ხალხს, ვინც საქართველოს ეკონომიკას და, შესაბამისად, თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურ ყოფას რეალურად ქმნის.

ამიტომ მინდა ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და ჩემი ხედვა გაგიზიაროთ.

მინდა ჩვენს მომავალზე და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე ვილაპარაკო.

უდავოა, რომ 32 თვის განმავლობაში, ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველოში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა.

დღეს ჩვენ სრულიად სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ.

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელიც ოპტიმიზმითა და რწმენით უფრო და უფრო ივსება.

საქართველო ივსება რწმენით, რომ ცვლილებები შესაძლებელია და გაუკეთებელი და მიუღწეველი არაფერი არ არსებობს; რომ ქართველებს, ჩვენი მიღწევებითა და წარმატებებით, არა მარტო ჩვენი სამეზობლოს, არამედ მთელი მსოფლიოს გაოცება შეგვიძლია.

არ მინდა ჩვენი მიღწეულით ვიტრაბახოთ, მაგრამ მაინც მსურს რამდენიმე შედეგს გადავხედოთ, რადგან ყველაფრის უკან დაბრუნების საფრთხე ჯერ კიდევ დიდია, ყველა მიღწევა კი - ძალზე მყიფე და თუკი დაგვავიწყდება რა გაკეთდა, ერთ დღეს შეიძლება ისევ იქ აღმოვჩნდეთ, საიდანაც ამ 32 თვის წინათ დავიწყეთ.

ამიტომ, მინდა გავიხსენოთ: 32 თვის წინათ, მაშინ, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი გავხდი, დაგპირდით, რომ ჩვენ დავამარცხებდით კორუფციას, მოვახდენდით ეკონომიკური ვითარების სტაბილიზაციას.

დაგპირდით, რომ გავაუმჯობესებდით დანგრეულ და დაქცეულ ინფრასტრუქტურას (გზები, საავადმყოფოები, სკოლები და სხვა), გავზრდიდით ბიუჯეტს, შესაბამისად კი, პენსიებს და ხელფასებს, გავისტუმრებდით მრავალწლიან და მრავალ ასეულ მილიონიან დავალიანებებს.

ასევე, დაგპირდეთ, რომ დავძლევდით მრავალწლიან ენერგეტიკულ კრიზისს და დავამარცხებდით ფარულ ეკონომიკას, დავიცავდით ბაზარს კონტრაბანდისგან და დავამარცხებდით ეკონომიკურ დანაშაულს, შევამცირებდით გადასახადებს და ყველა მეწარმეს თანაბარ პირობებს შევუქმნიდით.

დაგპირდით, რომ სახელმწიფოსა და კრიმინალურ სამყაროს ერთმანეთისგან გავმიჯნავდით, ორგანიზებულ დანაშაულს შევებრძოლებოდით და ბიზნესს კრიმინალის ზემოქმედებისგან გავათავისუფლებდით.

ასეთი იყო ჩვენი ძირითადი დაპირებები.

მე და ჩემს თანამებრძოლებს გვწამდა, რომ სხვათა ურწმუნობისა და ყოველივე ამის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულების მიუხედავად, ყველაფერს შევასრულებდით და ასეც მოხდა.

გარდაქმნის პირველი შედეგები ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, ბოლო წლებში დაგროვოლი და სწორად მიმართული ეროვნული ენერგიის, ჩვენი და ჩვენი ხალხის განსაკუთრებული შეუპოვრობის წყალობით მივიღეთ.

უნდა ითქვას, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პუნქტი, დღესდღეობით, ბოლომდე თუ არა, ძირითადად შესრულებულია.

თავად წარმოიდგინეთ, 32 თვის წინათ ვინმეს რომ ეთქვა, რომ მთელი საქართველო უწყვეტი ელექტროენერგიით იქნებოდა განათებული, ყველა, მათ შორის ჩვენც, დავცინებდით.

წინასაარჩევნოდ ყველა პარტია გვპირდებოდა, რომ ელექტროენერგიით მომარაგების 14, 16, 18 საათიან გრაფიკს უზრუნველყოფდა.

ბოლო 15 წლის განმავლობაში ჩვენს ხალხს ნერვები დაწყვეტაზე ჰქონდა - გავიხსენოთ თუ როგორ ვწვავდით გზებზე საბურავებს, როგორ მიგვქონდა სახლებში ნავთი ჩვენი შვილების გასათბობად.

დავიღალეთ იმისგან, რომ თბილისშიც და რეგიონებშიც ენერგეტიკული ბლოკადის გამო ვერავინ ვერაფერს იწყებდა.

წელს კი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ყველაზე ბოროტმა მოწინააღმდეგემ სრული ენერგეტიკული ბლოკადა მოგვიწყო, პირველი ზამთარი იყო, როდესაც გადახდის პირობებში, უწყვეტი ელექტროენერგია გვქონდა (თუ არ ჩავთვლით იმ 3 დღეს).

მინდა ეს კიდევ ერთხელ გავიხსენოთ.

32 თვის წინათ ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ ღიპიანი "გაიშნიკების" ნაცვლად, პატრული დადგებოდა.

სხვადასხვა პროპაგანდისტებმა ტელევიზიით რამდენიც არ უნდა ლანძღონ ჩვენი პოლიცია, ეს ლანძღვა და ვაკჰანალია ჩვენი ხალხის ყოველდღიურ მადლიერებას ვერ გადაფარავს.

ყველა ადამიანმა მოიგო იმით, რომ გზაზე არავინ აჩერებს, არავინ აშანტაჟებს და გვყავს პოლიცია, რომელსაც გაჭირვების ჟამს დაურეკავ, მოვა და დაგიცავს.

ძალიან ბევრ ქვეყანას ეს ფუფუნება არა აქვს და საქართველოში ეს სრულიად წარმოუდგენელი რამ იყო.

32 თვის წინათ ძნელად წარმოსადგენი იქნებოდა, რომ ამბროლაურის რაიონის ძალიან ლამაზი, მაღალმთიანი სოფლის - ჭრებალოს მკვიდრი მირანდა კერვალიშვილი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მაღალ ქულებს დააგროვებდა და უმაღლეს სასწავლებელში ყოველგვარი "ბლატის", ქრთამისა და პროტექციის გარეშე ჩაირიცხებოდა.

ნუთუ დაგვავიწყდა, რომ ჩემს დროსაც და ჩემი მშობლების დროსაც კი, ჩვენი უმაღლესი სასწავლებლები ბოლომდე გახრწნილი იყო, ხოლო მთელი მისაღები გამოცდები - კორუფციის ერთი უწყვეტი ჯაჭვი და დიდი ჭაობი.

წელს ჩვენ მეორე ეროვნული გამოცდები ჩავატარეთ და საერთოდ ვერავინ გაიგო თუ როგორ მიმდინარეობდა ის.

ერთ წელიწადში ტრადიციად ვაქციეთ სრული ანტიპოდი იმისა, რაც ბოლო 30-40 წლის განმავლობაში იყო დამკვიდრებული.

არც ტელევიზიებს გაუშუქებიათ ისე, როგორც შარშან, არც პრეტენზიები ყოფილა იმის თაობაზე, რომ ვიღაც ქრთამს იღებს, ან ვინმეს ჩაგრავენ.

როგორი უკმაყოფილებაც არ უნდა გამოთქვან განათლების რეფორმის თაობაზე, მთავარი ის არის, რომ, ძირითადად, ყველაზე მეტად ხმაურობს ის, ვინც მისაღებ გამოცდებზე წლების განმავლობაში აკეთებდა ფულს.

რა თქმა უნდა, მათში ყველას არ ვგულისხმობ, თუმცა ეს მათ საგრძნობ და აქტიურ ნაწილს შეეხება.

ავიღოთ სხვა მაგალითი.

თბილისში, რომელიც საერთაშორისო პრესაში უბედურების ზონად იყო გამოცხადებული, უცხოელი აღარ ჩამოდიოდა.

მახსოვს, 2003 წელს უცხოურმა ავიაკომპანიებმა საერთოდ შეწყვიტეს საქართველოში ფრენა.

ვერ წარმომედგინა, რომ 2006 წელს ჰაიატის, ჰილტონის, რადისონის და კიდევ 20-მდე დასახელების ყველაზე საუკეთესო საერთაშორისო სასტუმროების მშენებლობა დაიწყებოდა.

ეხლა, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში თბილისი რეალურად გადაიქცევა ტურიზმის ყველაზე საინტერესო ცენტრად.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ხალხს აქედანაც შემოსავალი ექნება, ხოლო საქართველოს - უფრო მდიდარი ეკონომიკა.

ყველაფერი ეს რეალურად სრულდება და არც ზღაპარია და არც სამომავლო დაპირება - თბილისში ჰაიატისა და რადისონის მშენებლობა დაიწყო, ხოლო ბათუმში, ამ წუთებშიც, როდესაც თქვენ გესაუბრებით, რამდენიმე დიდი, ათეულობით პატარა და საშუალო სასტუმრო შენდება.

ვის ჰქონდა წარმოდგენილი, რომ იმ ადგილას, სადაც ადგილობრივი ქართველი ფეოდალის კერძო არმია ყველანაირი იარაღით აღჭურვილი დაგვხვდა, და როგორც ჩემი დაცვის წევრებმა დათვალეს 87 მარტო ყუმბარმტყორცნი ჰქონდათ ჩვენთვის დამიზნებული; ზუსტად იმ ადგილას, სადაც მშენებლებმა რამდენიმე კვირის წინათ ისევ იპოვნეს ჩამარხული ყუმბარები, აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე თანამედროვე (არაფერს ვაზვიადებ) დასვენებისა და გასართობი პარკი აშენდებოდა.

მართალია, წელს პარკში შესვლა და გართობა ჩვენი ხალხისთვის უფასო იქნება, მაგრამ ის ათიათასობით და ასიათასობით უცხოელის მოსაზიდი და ისევ, ჩვენს ეკონომიკაში ფულის ჩადების მშვენიერი საშუალებაა.

ეს ნამდვილი წარმატების სიმბოლოა.

პარკში ამ ვიყავი და გაოგნებული დავრჩი, რომ ასეთი პარკი აშენდა იმ ადგილზე, სადაც რამდენიმე წლის წინათ "ბაბუინები" თითოეულ ჩვენგანს პასპორტებს უმოწმებდნენ, ზოგს საერთოდ არ უშვებდნენ და ადამიანის გაჩხრეკვა, დამცირება, მისთვის შეურაცხყოფის მიყენება ყოველგვარი კანონისა და წესის გარეშე შეეძლოთ.

ეხლა იმ ადგილზე თავისუფალი მიმოსვლა შეგვიძლია, მსგავსი პარკი კი არც რუსეთს, არც ჩეხეთს, არც უნგრეთს და არც ჩვენს მეზობელ, ან აღმოსავლეთ ევროპის რომელიმე სხვა ქვეყანას აქვს.

ყოველივე ეს ძალზე ძნელი წარმოსადგენი იყო.

მთავარ საკითხზე შემდეგ გადავალ, მანამდე კი თქვენი ყურადღება მინდა კიდევ ერთხელ მივაპყრო ამ გარემოებას: არ ჩათვალოთ, რომ ვტრაბახობ, ან ვინმეს რაიმეს ვამადლი, უბრალოდ კიდევ ერთხელ მსურს აღვნიშნო, რომ ყოველივე ეს ჯერ-ჯერობით ძალზე მყიფეა და არაფერია ისეთი, რომლის უკან შეტრიალება არ შეიძლებოდეს.

რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, რომ ქვეყანაში გამეფებულია კორუფცია, ყველამ საკუთარ გულში ჩაიხედოს - თქვენ ხომ იცით, რომ კორუფციასთან შეხება არ გქონიათ და სწორედ ეს არის მთავარი.

ამიტომ, ნუ დაუჯერებთ ამ ლაყბობას - დაუჯერეთ საკუთარ თვალებს და აღიქვით ის რაც არის!

სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანია ისეთი, ვისაც ყოველივე ამის ჩაძირვა სურს.

მსოფლიო ბანკმა (ამაზე დიდი საერთაშორისო ორგანიზაცია კი არ არსებობს) ევროპისა და აზიის ქვეყნების შესახებ სულ ახლახან გამოკვლევის დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც ცალკე ჩანართი, სახელწოდებით "ძლიერ მმართველობას მოაქვს შედეგები", საქართველოს ეძღვნება.

თქვენის ნებართვით, ჩანაწერის ციტირებას მოვახდენ: "2002 წლიდან 2005 წლამდე ევროპისა და აზიის ქვეყნების მასშტაბით, კორუფცია ყველაზე მნიშვნელოვნად საქართველოში შემცირდა".

ეს იმას ნიშნავს, რომ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ევროპისა და აზიის ქვეყნებში პირველ ადგილს იკავებს.

"რეფორმების ტემპები საქართველოში 2003 წელს მომხდარი ვარდების რევოლუციის შემდეგ შთამბეჭდავია. ხელისუფლებაში მოსულ რეფორმატორთა პატარა, მაგრამ ძალზე გაბედულმა ჯგუფმა შეამცირა სახელმწიფოს წნეხი ეკონომიკაზე და ფისკალურად მდგრადი სოციალური დაცვის სისტემა შექმნა. დროის ძალზე მოკლე პერიოდში მოახდინა კორუმპირებული დაწესებულების რეფორმირება. ბიზნესსექტორისთვის მნიშვნელოვნად გაამარტივა მარეგულირებელი გარემო. განახორციელა სერიოზული საგადასახადო რეფორმა, გააუმჯობესა სახელმწიფო ფინანსების მართვა, გააძლიერა სახელმწიფო კონტროლი".

ეს არის მსოფლიო ბანკის დასკვნა იმ პროცესებზე, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს.

ვფიქრობ, ამ ხალხს საკმარისად ბევრი კომპეტენტური წარმომადგენელი ჰყავს ადგილზე, რომ ზუსტად აღიქვან ის რაც ხდება.

შორს რომ არ წავიდეთ, ბოლო მაგალითი ავიღოთ, დღეს გამომიგზავნეს დასავლეთში ყველაზე გავლენიანი და სერიოზული, ასევე, ალბათ, ყველაზე სკეპტიკური, და, როგორც წესი, ძალზე კრიტიკული ჟურნალის "ეკონომისტი" სტატია, რომელშიც წერია, რომ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველოს ყველაზე წარმატებული მთავრობა ჰყავს.

აი, ეს არის ჩვენი შედეგები.

ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ყოველივე ამის შედეგად დაიგებოდა ამდენი გზა, აშენდებოდა საავადმყოფოები, შეკეთდებოდა სკოლები და წელს ყველაფერი ორჯერ, სამჯერ მეტი გაკეთდება.

4 დიდი საავადმყოფო პრაქტიკულად დასრულებულია, აშენდება ასზე მეტი ამბულატორია და პოლიკლინიკა, დაიგო 3 მილიონი კვადრატული მეტრი გზა...

ერთ წელიწადში უფრო მეტი გაკეთდა, ვიდრე - გასული 15 წლის განმავლობაში ერთად აღებული მთლიანად საქართველოში.

თუმცა ყოველივე ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ უბრალოდ წარსულზე ვისაუბროთ.

თქვენც ძალიან კარგად იცით, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია - საფუძველი, რომლის ზედნაშენი ეხლა უნდა შეიქმნას.

საქართველო ჯერ კიდევ ის ქვეყანაა, სადაც უზარმაზარი გაჭირვებაა.

საქართველო ჯერ კიდევ ის ქვეყანაა, რომელიც ძალზე შორსაა იმისგან, რომ თითოეულმა ქართველმა ყველა ამ სასიკეთო ცვლილებების შედეგად, ცვლილებები საკუთარი ოჯახის, ახლობლებისა და გარემოცვის ყოფაში შეიგრძნოს.

რა თქმა უნდა, მშვენივრად ვიცით, რომ ეკონომიკის მთელი დარგები დაინგრა.

მშვენივრად ვიცი, რომ ყველა რეგიონი თანაბრად არ ვითარდება.

აქაც ბათუმში, საიდანაც ეხლა მოგმართავთ, ძალიან დიდი გაჭირვებაა, მაგრამ ბევრად მეტი რეგიონია საქართველოში, სადაც იმის მეათედიც არ კეთდება, რამდენიც აქ.

რა თქმა უნდა, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს.

არის ჯანღონით აღსავსე ბევრი ადამიანი, რომელსაც გათენება არ უხარია იმის გამო, რომ სამსახური არა აქვს.

არიან ადამიანები, რომლებსაც შესაძლოა ლუკმა-პურის პრობლემა არ ჰქონდეთ, მაგრამ გრძნობენ, რომ მათი პოტენციალი რეალიზებული არ არის.

ესეც ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან შესაძლოა ადამიანს ყოველდღიური შემოსავალი ჰქონდეს, მაგრამ არ მუშაობდეს პროფესიით და მისი ინტელექტუალური და შრომითი რესურსები ბოლომდე არ იყოს გამოყენებული.

არიან ადამიანები რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში შრომობდნენ, რათა ჩვენ გავეზარდეთ, ეხლა კი ისეთ პირობებში არიან, რომ ავად გახდომის შემთხვევაში, სამკურნალოდ, ან თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან უჭირთ, შესაძლოა სახლიდან ნივთების, ან თუნდაც საცხოვრებლის გაყიდვა მოუხდეთ.

ჩვენ ამის შესახებ ძალიან კარგად ვიცით.

მე ისიც კარგად ვიცი, რომ საქართველოში ფასები იზრდება, მაგრამ მინდა იცოდეთ ეს რატომ ხდება, რა არის ამის მთავარი მიზეზი.

ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი, პრაქტიკულად, სამჯერ გაიზარდა.

ნავთობის ფასის ზრდასთან ერთად, ავტომატურად იზრდება პირველი მოხმარების საგნების ფასი - როდესაც ძვირდება ბენზინი, ყველაფერი ძვრდება.

ამას გარდა, ეკონომიკაში ბევრი ინვესტიცია, ძალიან დიდი ფული შემოდის, რაც მისასალმებელია და ასეც უნდა იყოს, მაგრამ ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ეს ფული არათანაბრად ნაწილდება - ბევრი ადამიანი ამით ხეირობს, ნაწილი კი ზარალდება, რადგან ფასები იზრდება და ბევრი რამ მისთვის ხელმისაწვდომი აღარ არის.

ჩვენ, საქართველოს ხელისუფლებას ეს ძალიან კარგად გვესმის და მშვენივრად გვესმის ისიც, რომ გულ-ხელდაკრეფილი არ უნდა ვისხდეთ.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს ნეგატიური მხარე გამოვასწოროთ, მსგავსი ტენდენციები შემოვატრიალოთ და სხვა მიმართულებით წავიდეთ.

ამიტომ, დადგა დრო, რომ ეკონომიკური განვითარების შემდგომ ეტაპზე გადავიდეთ.

საქართველოში მთავარი პრობლემა უმუშევრობაა.

აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანაა, რომ ეკონომიკის სტიმულირებით, საქართველოში უმუშევრობის დონე, შემდეგი წლების განმავლობაში - ჩემი პირველი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე მინიმუმ ორჯერ შემცირდეს.

ამავე დროს სამუშაო ადგილები საქართველოს ყველა რეგიონში უნდა შეიქმნას - არა მარტო დედაქალაქსა და ზღვისპირა რეგიონებში, არამედ ქვეყნის ყველაზე ძნელად მისადგომ რაიონებშიც.

რა არის საჭირო იმისათვის, რომ ეკონომიკის სტიმულირება მოხდეს?

უპირველესად, საჭიროა ბიზნესგარემოს გაუმჯობესება, შემდეგ დასაქმებული და დასასაქმებელი ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლება, ხელახალი მომზადება და პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრა.

ეხლა, რაც შეეხება კერძო სექტორის განვითარებას.

უკვე ვისაუბრე იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა დადებითი, მაგრამ ეს პროცესი უნდა იყოს შეუქცევადი.

უდავოა, რომ საქართველოს ბევრად მეტი ინვესტიციისა და უცხოური კაპიტალის მოზიდვა სჭირდება, მაგრამ ამ კაპიტალისთვის ბევრად უფრო გამჭვირვალე, პროგნოზირებადი და გრძელვადიანი სტაბილურობის შემქმნელი სამეწარმეო და სახელმწიფო გარემოს ჩამოყალიბებაა აუცილებელი.

ამისათვის კი, უპირველეს ყოვლისა თანამედროვე და ეფექტიანი საგადასახადო დეპარტამენტი, ფინანსური ურთიერთობების დეკრიმინალიზაცია გვჭირდება.

პირველ წლებში, როდესაც ძალიან სერიოზული ბრძოლა დავიწყეთ კორუფციის წინააღმდეგ, მეწარმესთან ურთიერთობა, ძირითადად, საგადასახადო პოლიციის მეშვეობით ხდებოდა.

თუმცა, როგორც კი, საგადასახადო პოლიციელი ბიზნეს სუბიექტის შესამოწმებლად შედის, ავტომატურად ხდება ამ სუბიექტის წარმომადგენლის კრიმინალიზაცია, რადგან ის სისხლის სამართლებრივ ურთიერთობაში შედის - საგადასახადო დარღვევით სისხლის სამართლის კოდექსიც ავტომატურად ირღვევა.

ჩვენ საგადასახადო სამსახურის ისეთი რეფორმა უნდა განვახორციელოთ, სადაც საგადასახადო და საბაჟო სამსახურები გაერთიანდება, ხოლო ფინანსური პოლიცია ამ სტრუქტურის მხოლოდ ერთ-ერთი შენაერთი იქნება და მასთან ურთიერთობა ძალზე იშვიათ შემთხვევებში ბოლო ეტაპი იქნება.

ყველაფერი დანარჩენი სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ჩვეულებრივი, სამოქალაქო ურთიერთობის ფარგლებში უნდა გადაწყდეს.

ეს რეფორმა თვეებს მოითხოვს და იმის ილუზია არ უნდა შეგვექმნას, რომ ამ სამსახურებს ჯერ გავაერთიანებთ, შემდეგ კი დავშლით - ეს ასე აღარ მოხდება.

ეს არ იქნება ჩემი წინამორბედის დროინდელი რეფორმა, რომლის დროსაც რამდენიმე უწყება მექანიკურად გააერთიანეს.

ამის განხორციელება მრავალთვიანი პროცესია და მას სწორი და მეცნიერული მიდგომა სჭირდება.

ის უნდა წარიმართოს სრული კომპიუტერიზაციის პირობებში და უნდა გაერთიანდეს საინფორმაციო ბაზა.

საგულისხმოა ისიც, რომ არც ერთი პროფესიონალი არ იქნება შემცირებული და სამსახურიდან დათხოვნილი, პირიქით, მათი ცოდნა და გამოცდილება ბევრად უფრო ეფექტიანად უნდა გამოვიყენოთ.

თუმცა, ამავე დროს ბიზნესმენმა უნდა იცოდეს, რომ ურთიერთობა მას ცივილიზებულ სახელმწიფოსთან მოუწევს.

იგი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ სახელმწიფო დასჯის ინსტრუმენტი არ არის ან, უკიდურეს შემთხვევაში, მხოლოდ დასჯის ინსტრუმენტი არ არის, რადგან სახელმწიფოს საკუთარ არსენალში დასჯის მექანიზმიც უნდა ჰქონდეს.

თუმცა, ეს არის ბოლო რამ, რაც სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს.

მანამდე კი სახელმწიფოსა და ბიზნეს სუბიექტს შორის ურთიერთობი მხოლოდ საგადასახადო დონეზე უნდა ჰქონდეთ, როგორც ეს ნორმალურ, განვითარებულ, საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებშია.

ამავე დროს, ჩვენ გვჭირდება ბევრად უკეთესი სასამართლო სისტემა და მე ეს ძალზე კარგად ვიცი.

ჩვენ არბიტრაჟის ჩამოყალიბება გვჭირდება, მაგრამ არა ისეთის, როგორიც ერთი წლის წინათ ჩამოვაყალიბეთ.

ეს მთავრობის შეცდომა იყო, რადგან ერთი და იგივე ხალხი იყო ბიზნესშიც და არბიტრაჟშიც და სახელმწიფოს მოგების შანსი, პრაქტიკულად, არ ჰქონდა.

ჩვენ მზად ვართ წამყვანი ევროპული ქვეყნებიდან მოვიწვიოთ არბიტრები, მაღალი ხელფასები გადავუხადოთ და სამეწარმეო დავები, ქართველ არბიტრებთან ერთად, ნამდვილი არბიტრაჟის პირობებში, დადგენილი საერთაშორისო ნორმებით გადავაწყვეტინოთ .

ვფიქრობ, რომ ეს საკითხი, ყველაზე გვიან, მომავალი წლის დამდეგისთვის უნდა დავარეგულიროთ და საქართველოში სწორედ ასეთი ტიპის არბიტრაჟი შევქმნათ.

ამავე დროს ჩვენ მიკროკრედიტების სისტემა უნდა ავამოქმედოთ.

რა არის მიკროკრედიტი?

ეს არის მაგალითად, სოფლის მეურნეობის მუშაკი,, რომელსაც სახელმწიფოს დახმარებით საკუთარი ბიზნესის აწყობის საშუალება ეძლევა.

სხვათა შორის, სოფლის მეურნეობაში ძალიან ბევრ ფულს ვდებთ - რამდენიმე ასეული ტრაქტორი უკვე შემოვიტანეთ და კიდევ რამდენიმე ათასის შემოტანას ვგეგმავთ, ვაკეთებთ სარწყავ არხებს და სხვა.

თითოეულ ადამიანს საბანკო კრედიტის აღების საშუალება უნდა ჰქონდეს და ჩვენ ამ სისტემის ამოქმედებასაც ხელს ვუწყობთ,

მეორეს მხრივ, სახელმწიფომაც გარკვეულ პირობებში დახმარება უნდა აღმოვუჩინოს, მაგრამ ხალხი, ძირითადად, სამეწარმეო საქმიანობისთვის უნდა მოვამზადოთ.

მთავრობას ვავალებ, რომ ჩვენი მოქალაქეების ხელახალი მომზადება დაიწყოს, ასეთი გზით პირველ ეტაპზე მომზადებულ იმ ხალხს კი, ვინც კარგ თეორიულ ცოდნას აჩვენებს, საკუთარი საქმის დასაწყებად ხელი შეუწყოს.

სახელმწიფო რესურსები ამაზეც უნდა დავხარჯოთ, მოსამზადებლად რამდენიმე თვე დაგვჭირდება, მაგრამ 2007 წლის 1 იანვლიდან ეს პროგრამა უნდა დაიწყოს და მთელი ძალით ამოქმედდეს.

დღეს, ჩვენი მთავარი პრობლემა სამუშაო კადრების მომზადებაა.

ერთის მხრივ, ჩვენთან დიდი უმუშევრობაა, ხოლო მეორეს მხრივ, მთელ რიგ სფეროებში კვალიფიციური სამუშაო ძალის დიდი დეფიციტია.

მაგალითისათვის სამშენებლო სფერო განვიხილოთ.

საქართველოში ეხლა სამშენებლო ბუმი იწყება, ჩვენ კი, სრულიად მოუმზადებელი ვხვდებით მას.

სამშენებლო ბუმი იწყება იმის გამო, რომ კორუფცია და წნეხი აღარ არის, გადასახადები შემცირდა, საქართველო უფრო სტაბილური ქვეყანა გახდა, ბევრად მეტი უცხოური კაპირალი შემოდის, მაგრამ პრობლემები გვაქვს იმის გამო, რომ არც სამშენებლო მასალების ინდუსტრია გვაქვს სათანადოდ განვითარებული და სათანადო რაოდენობით არც კვალიფიციური მუშა ხელი გვყავს სამშენებლო ბიზნესისთვის.

იგივე ეხება ფარმაცევტულ ბიზნესს, კომპიუტერულ და საპროგრამო კომპანიებს, სერვისის სფეროს - უამრავი ახალი კაფე, რესტორანი, სასტუმრო იხსნება, თუმცა მომზადებული კადრი, პრაქტიკულად, არავის ჰყავს.

ასე სერიოზულ განვითარებაზე ვერ ვიფიქრებთ.

ამას წინათ, სასტუმრო "ინტურისტი" უნდა მოემზადებინათ, რათა სეზონისთვის მოესწროთ გახსნა და ბოლო ორი თვის განმავლობაში მომუშავეთა 80 პროცენტი უცხოელი იყო.

ამჯერად ლაპარაკია ერთ სასტუმროზე, მაგრამ მომავალ წელს ბათუმსა და ქობულეთში 40-დან 60 ასეთ ობიექტზე იქნება სამუშაო გაჩაღებული.

საიდან უნდა მოვიდეს მუშა-ხელი, მღებავი, მლესავი, შემდუღებელი? - ისინი ჩვენ უნდა მოვამზადოთ.

უცხოელებმა ეს სამუშაო ადგილები არ უნდა წაიღონ და ვერც წაიღებენ, სამუშაოდ ამდენი უცხოელი არ უნდა შემოვუშვათ და არც უნდა შემოვიდნენ, რადგან დასასაქმებელი თავადაც ბევრი გვყავს.

თუმცა ამისათვის საჭიროა, რომ კვალიფიციური პერსონალის მოსამზადებლად ძალიან სწრაფად ვიმუშავოთ.

ეს ძალზე სერიოზული საკითხია.

განათლების სისტემა სრულიად მოშლილი გვქონდა.

ალბათ გახსოვთ, თუ როგორი უმაღლესი სასწავლებლები გაიხსნა 1990-იან წლებში - ლამის ყველა სოფელში უნივერსიტეტი და აკადემია გაჩნდა.

ყოველი პროფტექნიკური სასწავლებელი აკადემიად გადაიქცა - ეს მე კარგად მახსოვს და ზოგიერთ თქვენგანსაც შესაძლოა დამთავრებული აქვს კიდეც.

წარმოიშვა უამრავი სპეციალისტი საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, სამედიცინო განხრით.

ათიათასობით სტუდენტმა მიიღო ექიმის დიპლომი, რომლებსაც ცოცხალი პაციენტი არასოდეს უნახავს.

მახსოვს, ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის რეკლამა ვნახე, რომელსაც სტომატოლოგიისა და საერთაშორის სამართლის ფაკულტეტი ჰქონდა და სანამ ეს ინსტიტუტი არ გავაუქმეთ, იურისტებსაც უშვებდა და სტომატოლოგებსაც.

ამ მხრივ, ჩვენ სერიოზული რეფორმა განვახორციელეთ და ბევრი ასეთი სასწავლებელი აკრედიტებული არ არის, მაგრამ ამასობაში პროფტექნიკური სისტემა, რომელიც ისედაც დანგრეული იყო და საბჭოთა დროს სკოლიდან იქ ბავშვის გაშვება დასჯად მიიჩნეოდა, მთლიანად მოიშალა.

ამიტომ, ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი პროფესიული გადამზადების სისტემა.

ამაზე მუშაობს განათლების სამინისტრო და პირველი 7 სასწავლებელი სექტემბერში გაიხსნება.

ასეთი სასწავლებელი ბევრად მეტია საჭირო - შესაძლოა ოცდაათი, ან ორმოცდაათიც კი, მაგრამ ამისათვის აუცილებელია დრო.

მაგალითად ქობულეთში, ტურისტული ბიზნესისთვის კადრების მოსამზადებლად, სერვისის სკოლა იხსნება; რუსთავში სპეციალურ სასწავლებელს ვხსნით, რომელიც აზოტისა და მეტალურგიული ქარხნებისთვის მოამზადებს კადრებს; თბილისში სამშენებლო კადრების მოსამზადებელ სასწავლებელს ვხსნით, მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება.

ამას გარდა, ჩვენ გვინდა, რომ ბიზნესს 3 თვით, პრაქტიკულად, განუსაზღვრელი რაოდენობით, ხალხის მიღების შანსი მივცეთ, რათა მათ შესაბამის ხელობა ასწავლონ.

მზად ვართ, რომ სექტემბრიდან საქართველოს, მინიმუმ, 50 ათასი მოქალაქის ბიზნესთან სამთვიანი სტაჟირება დავაფინანსოთ.

რას ნიშნავს ეს?

ალბათ ხშირად გაგიგიათ, რომ სამსახურის შოვნა შეუძლებელია და ვიცი, რომ საქართველოში არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც არა მარტო ვერ შოულობს სამსახურს, არამედ უკვე დიდი ხანია აღარ ეძებს მას, სახლში ზის და ყველაფერზე ხელი აქვს ჩაქნეული.

მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო დამსაქმებლის როლს უკვე ვეღარ შეასრულებს.

განვიხილოთ რით ვცხოვრობთ, საიდან იღებს ხელფასს პრეზიდენტი, მინისტრი, პოლიციელი და ჯარისკაცი - ეს ჩვენი ბიზნესის მიერ შემოტანილი გადასახადებია.

ჩვენ ხომ არც ნავთობი გვაქვს და სხვა ბუნებრივი რესურსებით ვართ მდიდარი.

ჩვენ ბიზნესის მიერ შემოტანილი გადასახადების წყალობით ვცხოვრობთ, ე.ი. რაც უფრო პატარა იქნება სახელმწიფო აპარატი, მით უფრო ნაკლები ექნება ბიზნესს გადასახდელი და კერძო სექტორი მით უფრო მეტად შეძლებს ჩვენი მოქალაქეების დასაქმებას.

უდავოა, რომ დამსაქმებელი და სამუშაოს მაძიებელი ერთმანეთს უნდა შეხვდნენ - ეს ორმხრივი ინიციატივაა და სახელმწიფო მოუმზადებელ და ჯერ კიდევ გასახსნელ ადამიანს ძალით ვერავის შეუგზავნის ბიზნესში.

ესეც ერთ-ერთი ფსიქოლოგიური ბარიერია.

ბიზნესმა უნდა გამოიჩინოს ინიციატივა, მაგრამ ჩვენ მზად ვართ სამთვიანი შრომითი სტაჟირება საქართველოს ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს დავუფინანსოთ, რომელსაც ბიზნესის წარმომადგენელი მოსამზადებლად აიყვანს.

თუმცა, ვიმეორებ, რომ ამ შემთხვევაში ინიციატივა და სურვილი ბიზნესმა უნდა გამოიჩინოს - აიყვანოს სტაჟორი სამი თვით, რომელსაც ამ პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო 450 ლარს გადაუხდის.

ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ხალხი სახლებიდან გამოვიყვანოთ.

ბიზნესი ამით ძალიან მოიგებს, რადგან კერძო სექტორის წარმომადგენლებს პოტენციურად წარმატებული, შრომისუნარიანი და შრომისმოყვარე ადამიანების გაცნობის საშუალება მიეცემათ.

ადრე შესაძლოა ეს ბიზნესისთვის სარფიანი არც ყოფილიყო, მაგრამ ეხლა ის დაზღვეულია - მას ამ ადამიანის დასაქმების არავითარი ვალდებულება არა აქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ხალხის დიდი ნაწილი სამსახურს თუ იქვე არა, სხვა ბიზნესში მაინც იპოვის.

ადამიანებს საკუთარ ძალებში რწმენა და მუშაობის სურვილი უნდა გავუჩინოთ და მივცეთ საშუალება, რომ თანამედროვე ეკონომიკის ფასი უფრო მეტად გაიგონ.

ამ შემთხვევაში, სახელმწიფო მზადაა, რომ ფინანსურ გარანტად გამოვიდეს.

ამავე დროს, ჩვენ ხელახალ მომზადებასაც მივყობთ ხელს.

ვიცი, რომ ბევრს ორი და სამი დიპლომი აქვთ, მაგრამ სამსახურს მხოლოდ იმიტომ ვერ პოულობს, რომ თანამედროვე ეკონომიკის პირობებს ვერ მოერგო.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად განათლების სამინისტროსთვის ცალკე პროგრამა გვაქვს შემუშავებული.

მთელი ამ სისტემის შექმნა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევალება, მაგრამ ამაზე შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვისა და განათლების სამინისტროები ერთობლივად მუშაობენ.

იმ ხალხისთვის, ვისაც აქვს განათლება, მაგრამ საკუთარი კვალიფიკაციის მიხედვით სამსახურს ვერ პოულობს, ცალკე პროგრამა გვაქვს შემუშავებული.

ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ამ ტვირთის ზიდვა.

მინდა ქართველ ბიზნესმენებს მივმართო - თქვენ არაფერს კარგავთ, ყველაზე ცოტა რაც აქედან გექნებათ არის ის, რომ სამი თვის განმავლობაში უფასო თანამშრომელი გეყოლებათ და მისი შემდგომი დასაქმების არავითარი ვალდებულება არ გეკისრებათ.

თუმცა, ჯერ ერთი, ბევრ ნიჭიერ ადამიანს გაიცნობთ, რის შემდეგაც გაფართოებისა და მათი სამსახურში აყვანის სურვილი თავად გაგიჩნდებათ და მეორე თქვენ ძალიან დიდ პატრიოტულ საქმეს გააკეთებთ - ასიათასობით ჩვენს მოქალაქეს საკუთარი ძალების, შესაძლებლობების, მომავლისა და ქვეყნის რწმენას დაუბრუნებთ.

თუკი ბიზნესი გამოიჩენს ინიციატივას, ჩვენ მზად ვართ, 50 ათასი ადამიანი წელსვე დავაფინასოთ, ხოლო უფრო მეტი მოთხოვნის შემთხვევაში მომავალ წელს კიდევ 100 ათასი და მეტი ადამიანი დავაფინანსოთ და მოვამზადოთ.

ჩვენ, ასევე, ყველა პირობას შევქმნით იმისათვის, რომ ამ პროექტით ბიზნესი დავაინტერესოთ - გავმართავთ საინფორმაციო კამპანიებს და ყველა ბიზნესმენს ცალ-ცალკე დაველაპარაკებით, ჩვენს მოსაზრებებს თითოეულ მათგანს სათითაოდ გავაცნობთ.

მას შემდეგ, რაც 150 ათასი ადამიანი ამ სწავლებებს, შრომით სტაჟირებებს გაივლის, მზად ვართ, ქართული ბიზნესისთვის გადასახადების შემდგომი დაწევის საკითხი განვიხილოთ.

მინდა ყველა ქართველ ბიზნესმენს შევახსენო, რომ საქართველოში 1 სექტემბრიდან საბაჟო ტარიფები პროდუქციის 90 პროცენტზე, პრაქტიკულად, უქმდება.

ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ხარჯები ბევრად უფრო მცირდება.

ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადები, ხოლო მთელ რიგ პროდუქციაზე - ყველაზე დაბალი გადასახადები მსოფლიოშიც კი.

მსურს, რომ ეს შესაძლებლობები ყველამ ერთად გამოვიყენოთ.

ეს არის ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად ახალი ეკონომიკური ინიციატივა, რომლის გაცნობაც თქვენთვის მსურდა.

მინდა გითხრათ, რომ ეს ძალზე მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რადგან თითოეულ ჩვენგანს ახალი დასაწყისის შესაძლებლობასა და შანსს გვაძლევს - როგორც დაუსაქმებელ მოქალაქეებს, ისე ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს.

მინდა ყველას გთხოვოთ, რომ აქტიურად ჩაერთოთ ამ პროგრამაში.

1 სექტემბრიდან ჩვენ მივიღებთ განაცხადებებს, როგორც შრომითი სტაჟირების მსურველთაგან, ისე ბიზნესის წარმომადგენელთაგან და 18 სექტემბრიდან ასეთი სახის მომზადება მსურველთა პირველმა ნაკადმა უნდა დაიწყოს.

ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ ადამიანთა რაოდენობა მაქსიმალურად დიდი იყოს.

ამ პროგრამის განსახორციელებლად რამდენიმე ათეული მოლიონი ლარია გათვალისწინებული და როგორც უკვე ვთქვი ამ სამი თვის განმავლობაში თითოეული ადამიანი გასამრჯელოს, თუ სტიპენდიის სახით, 450 ლარს მიიღებს.

ეს ძალზე სერიოზული ფინანსური დახმარებაა სახელმწიფოს მხრიდან.

დაბოლოს, მინდა ისევ ჩოლოქის ხიდს დავუბრუნდე.

საქართველო დიდი გარდაქმნებისა და სიმბოლური პარალელების ეპოქაში იმყოფება.

თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი სიმბოლოა ჩოლოქის ხიდი, საიდანაც ემოციები ჯერ კიდევ გამოყოლილი მაქვს.

სულ ცოტა ხნის წინათ, ის საქართველოს დანაწევრების, დამცირების, ყოველგვარი უბედურების, უპერსპექტივობისა და სიბნელის სამარცხვინო სიმბოლო იყო.

დღეს ის ახალი საქართველოს სიმბოლოა - ერთიანი, მტკიცე, გაბრწყინებული და გალამაზებული საქართველოსი.

ის იმ საქართველოს სიმბოლოა, რომელსაც ჯერ კიდევ უთვალავი პრობლემა აქვს, რომელთა გადაწყვეტა ერთ დღეში ვერ მოხერხდება და დიდხანს გაგვყვება, მაგრამ მთავარ რამეს - უიმედობასა და საკუთარ ძალებში სრულ ურწმუნობას ვეღარავინ მოგვახვევს თავს.

მიხარია, რომ დღეს ქუჩებში სიარულისას ჩვენი შვილების გაცისკროვნებულ სახეებს ვხედავდი.

ჩვენ ისეთი საქართველო გვექნება, რომელიც არა მარტო ჩვენი მომავალი თაობებისთვის იქნება მაგალითი და სიამაყის საგანი, არამედ ჩვენი სამეზობლოს, რეგიონისა და მსოფლიოს ნებისმიერი სხვა ერისთვის იქნება მისაბაძი.

ბევრი ერისათვის ჩვენი ქვეყანა უკვე არის კიდეც მისაბაძი.

ჩვენ ძალიან ლამაზი საქართველოს პატრონები ვართ, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს სურს, რომ ის კიდევ უფრო ლამაზი იყოს.

დიდი მადლობა!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)