Google+

სიახლეები

31.08.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი საზეიმო ვითარებაში გახსნა

მინდა მოგესალმოთ ყველას განახლებული ეროვნული სტადიონიდან.

დღეს უკვე ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონი გვაქვს, რომელიც ყველამ ერთად ავაშენეთ, გავალამაზეთ და კიდევ უფრო გავალამაზებთ.

დღეს აქ, ჩვენი ფეხბურთის ლეგენდებთან ერთად ვიმყოფები და ძალიან დაბნეული, თუმცა, ამავდროულად, ძალზე ამაყი ვარ.

ეს ის ხალხია, რომელმაც ამ სტადიონზე დაუმარცხებელ გუნდს - ინგლისის "ლივერპულს" მოუგო და მაშინ, კარგად მახსოვს, აღმოსავლეთის ტრიბუნის მეორე იარუსის ზემო ნაწილში ვიჯექი.

3 სექტემბერს 30 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც თბილისის "დინამომ" ერევნის "არარატი" დაამარცხა და საბჭოთა კავშირის თასი მოიპოვა.

ეს მაშინ დიდი გამარჯვება იყო.

მახოვს ჰამბურგთან თამაშის 4-5 წუთზე გატანილი გოლი, რომელიც ვოვა გუცაევმა გაიტანა...

ამ სტადიონზე ბევრი სასიამოვნო წუთი განგვიცდია და ბევრჯერ ვყოფილვართ ამაყნი.

ეს ის სტადიონია, სადაც ქართველთა ნიჭის, ნებისყოფის, გამძლეობის, ბრძოლისუნარიანობის წინაშე, ბევრ ძალზე სახელოვან გუნდსა და თავმომწონე ქვეყანას ფარ-ხმალი დაუყრია და დამარცხებულა.

მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ, მაგრამ წინ კიდევ უფრო დიდი ბრძოლები გველოდება.

ჩვენ ბევრი გამარჯვება მოვიპოვეთ, მაგრამ წინ ბევრად მეტი გველოდება.

ჩვენ ყველაზე დიდ გამარჯვება გვაქვს წინ - ჩვენი ქვეყნის გაერთიანება.

ამ გამარჯვებისთვის უნდა მოვემზადოთ, გავერთიანდეთ და შევინარჩუნოთ ის ბრძოლისუნარიანი ქართული სული, რომელიც მაშინ, ამ ბიჭებს [ვეტერან ფეხბურთელებს] აერთიანებდა და მომავალშიც გააერთიანებს მთელ საქართველოს.

ჩემი, გიგი უგულავასა და ჩემი სხვა თანამებრძოლების მთავარი ლოზუნგი და თითოეული მოქმედების დევიზია - ბრძოლა საქართველოს საბოლოო გამარჯვებამდე, საქართველოს საბოლოო გაერთიანებამდე, საქართველოს აღორძინებისა და თანამედროვე მსოფლიოში დამკვიდრებამდე.

ჩვენ ამისათვის უნდა ვიბრძოლოთ და არა რომელიმე არჩევნებში ან კონკრეტულ ვითარებაში გამარჯვებისთვის.

ჩემო ძვირფასებო, მეგობრებო, აქ მყოფ თითოეულ ადამიანს მოგმართავთ: მინდა, რომ თქვენთან ერთად, ჩვენს ლეგენდარულ ფეხბურთელებთან, ჩვენს საამაყო მოქალაქეებთან ერთად, საქართველოს საკადრისი, განახლებული ეროვნული სტადიონი გახსნილად გამოვაცხადო.

მრავალი გამარჯვება დაგვბედებოდეს, აღარავისთვის შეგვექციოს ზურგი და აღარ დაგვეხიოს უკან!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)