Google+

სიახლეები

27.09.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კოდორის ხეობას ესტუმრა

ძვირფასო მეგობრებო, მინდა მოგესალმოთ ყველას აფხაზეთის წმიდათაწმიდა მიწაზე!

ჩვენ ჩამოვედით აქ, რათა აფხაზეთის მთავრობის ახალი დროებითი შტაბბინა, მისი დროებითი სამყოფელი გავხსნათ.

ჩვენ ჩამოვედით აქ იმისათვის, რომ აფხაზეთის მიწაზე 13 წლის განმავლობაში აღმშენებლობის პირველი რეალური მაგალითი ვნახოთ, რადგან ამ ორი თვის განმავლობაში აქ, ჩხალთის და კოდორის ხეობებში, ზემო აფხაზეთში გაკეთდა იმაზე მეტი, რაც 13 წლის განმავლობაში დანგრეულ სოხუმში, გაგრაში, ბიჭვინთაში, ოჩამჩირეში, გალში გულრიფშშიგაკეთდა.

გაკეთდა იმის გამო, რომ ეს ქართულმა სახელმწიფომ გააკეთა.

ეს შენობები, ეს მიწა და სოფლები აღადგინა იმ ხალხმა, რომლებიც ამ მიწის ბატონ-პატრონია.

შეხედეთ როგორი შენობა გაკეთდა, როგორი სოფლები აშენდა, როგორი ხიდები შენდება; გზის მშენებლობაც დაიწყო და მომავალი წლის ივნისში ჩვენ გვექნება გზა, რომლითაც ზუგდიდიდან აქ ჩამოსვლა 2 საათში გახდება შესაძლებელი.

ეს ყველაფერი ორ თვეში გაკეთდა, რადგან ამ საქმეში მთელი საქართველო იყო ჩაბმული.

მინდა მადლობა მოვახსენო თბილისისა და ბათუმის მერებს, რომლებიც აქ, ჩემთან ერთად იმყოფებიან.

ნახეთ, როგორ მოეწყო აქ ყველაფერი, როგორ იმუშავეს მშენებლებმა, თუ რა გზის გამოვლა მოუხდათ იმისათვის, რომ საჭირო ტექნიკა და მასალა შემოეტანათ.

თქვენ იცით, რომ აფხაზეთი დიდი საერთაშორისო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია.

ბოლო თვეების განმავლობაში მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მაღალ დონეზე ზოგიერთი მონაწილისგან ისმის მოწოდებები იმის თაობაზე, რომ საქართველომ სამუდამოდ დაკარგა აფხაზეთი; რომ ევროპის ეს ულამაზესი მხარე საქართველოს უნდა გამოეყოს; პრაქტიკულად, ანექსირებული უნდა იქნას მეზობელი რუსეთის მიერ - ფორმალურად, დამოუკიდებლობის მიცემის ან სხვა მეთოდის გამოყენებით, თუნდაც რეფერენდუმის სახით; რომ აფხაზეთი საქართველოში ვერასდროს ვერ დაბრუნდება.

ამას ეუბნებიან ამერიკას, ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოს.

დღეს მე, საქართველოს პრეზიდენტი, ვეუბნები მთელ მსოფლიოს - ჩვენ ვართ აფხაზეთში, აქედან არსად არ წავსულვართ და ვერავინ ვერასდროს ვეღარ გაგვაგდებს.

ჩვენ ვართ აფხაზეთში და აფხაზეთი საქართველოა!

ჩვენ აქედან დავყურებთ ჩვენს წმიდათაწმიდა სოხუმის მიწას, დავყურებთ ქართველების მიერ აშენებულ ბედიას მონასტერს, ოჩამჩირის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარს, ახალ ათონს, დავყურებთ ჩვენი წინაპრების მრავალი საუკუნეების განმავლობაში შემონახულ საფლავებს და მათ მიერ აშენებულ ქალაქებსა და სოფლებს დავყურებთ და ჩვენ აქედან ვერასდროს ვეღარავინ გაგვყრის.

ასევე მინდა ყველას ვუთხრა - ჩვენ გვინდა დავბრუნდეთ მშვიდობით.

ეს არის ზემო აფხაზეთი და დღეიდან ჩხალთის, კოდორის ხეობებს, მარუხის უღელტეხილს, ყველა იმ ტერიტორიას აფხაზეთში, რომელიც გათავისუფლებულია და კონტროლდება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ, რაც აფხაზეთის ტერიტორიის მესამედ ნაწილზე მეტია, რომელზეც ვრცელდება საქართველოს სუვერენიტეტი, სადაც მოქმედებს საქართველოს სასაზღვრო ძალები საქართველოს პოლიცია, სადაც მოქმედებს საქართველოს ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები, ტარდება არჩევნები და მრავალეროვანი ქართული სახელმწიფოს დემოკრატია ხორციელდება.

აქ გვინდა ვთქვათ, რომ ჩვენ მშვიდობიანი განზრახვა გვაქვს, ჩვენ არავისთან არ გვინდა ომი, ვითარების გართულება და სისხლის ღვრა, მაგრამ ჩვენი სახლები ჩვენ უნდა დაგვიბრუნოთ, რადგან ისინი ჩვენ გვეკუთვნის, იმ ხალხს ეკუთვნის, ვინც იქიდან 13 წლის წინათ გამოაძევეს, ვისაც ბავშვები მიტოვებულ სასტუმროებსა და საერთოსაცხოვრებლებში, დანგრეულ ყაზარმებში გაზარდა, ვინც 13 წლის განმავლობაში მშობლიურ ენასთან ერთად, აფხაზეთის სიყვარულს ასწავლის და მათი სახლების სურათებს აჩვენებს.

ეს მათი სახლებია, ვისაც მხოლოდ იმიტომ არ უშვებენ უკან, რომ ამ ხალხის ეთნიკური წარმომავლობა არ შეესაბამება იმ ხალხის გემოვნებას, რომლებიც დაპარონებული არიან მათ სახლებსა და აფხაზეთის ტეროტორიის უმეტეს ნაწილს.

მე მინდა ვუთხრა მსოფლიოს, რუსებს და ჩვენს ძმებს აფხაზებს - ჩვენ დავბრუნდებით ჩვენს სახლებში და თანაც - ძალიან მალე!

ჩვენ დავბრუნდებით ქვემო აფხაზეთში, ჩვენი მშობლიური კერების მისახედად, ჩვენი ცხოვრების ასაღორძინებლად; ჩვენ დავბრუნდებით ყველა მხრიდან, ჩვენ დავბრუნდებით მთიდან და ზღვიდან.

ყველა დაბრკოლებას გადავლახავთ და აუცილებლად დავბრუნდებით, დავბრუნდებით სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო გზებით და ჩვენი სახლებისკენ და უკეთესი მომავლისკენ ლტოლვას, ვერანაირი ძალა, მსოფლიოში ვერც ერთი ყველაზე მძლავრი არმიაც კი, ვეღარ შეაჩერებს.

მინდა ზემო აფხაზეთიდან გაკეთებული ეს მოწოდებამ გაიგონ მთელმა მსოფლიომ და მათ, ვისაც ეს ეხება.

ჩვენ დავბრუნდებით და ამაში ხელს ნუ შეგვიშლით.

ჩვენ დავბრუნდებით მშვიდობისთვის, მეგობრობისთვის, ერთიანი მრავალეროვანი სახელმწიფოს შესაქმნელად, მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, ჩვენ დავბრუნდებით იმისათვის, რომ ჩვენ შვილებს ჰქონდეთ მომავალი და ჩვენს შვილებს ექნებათ მომავალი.

ჩვენ ყველა ერთად ავაშენებთ აფხაზეთს, ჩვენ ავაშენებთ ისე, როგორც ზემო აფხაზეთიშენდება, ჩვენ აღვადგენთ ყველა შენობას ისე, როგორც აღდგა ჩხალთის ეს შენობა, როგორც აღდგა აქ სკოლები, მოედნები, როგორც კეთდება გზები.

აღმშენებლობის ძლას, სახლში დაბრუნებული ადამიანის ენერგიასა და ენთუზიაზმს, ვერა ძალა ვერ შეაჩერებს ამ ქვეყანაზე.

დიდი მადლობა ყველას, მინდა კიდევ ერთხელ მოგესალმოთ და აქ, ზემო აფხაზეთში, აფხაზეთის მთავრობის ახალი შენობის თავზე საზეიმოდ ავწიოთ საქართველოს დროშა!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)