Google+

სიახლეები

14.02.2010
საქართველოს პრეზიდენტი: ”სპორტსმენის შეცდომა ფატალური შედეგით არ უნდა მთავრდებოდეს”

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვანკუვერში, მთავარ ოლიმპიურ პრესცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეცდომა სიცოცხლის ფასად არც ერთ სპორტსმენს არ უნდა დაუჯდეს. მიხეილ სააკაშვილი იმ ექსპერტების განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ტრაგედიის მიზეზი სპორტსმენის შეცდომა გახდა. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ქართველი სპორტსმენების გადაწყვეტილებას - გააგრძელონ ასპარეზობა დიდი ტრაგედიის მიუხედავად - სრულად უჭერს მხარს.

"სპორტში შეცდომები ნამდვილად ხდება, მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ სპორტის იმ სახეობაზე, რომელიც საფრთხეს ისედაც შეიცავს. ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მსგავსი შედეგები თავიდან ავიცილოთ. დარწმუნებული ვარ, ნოდარმა საკუთარ მშობლებს უთხრა, რომ მისით იამაყებდნენ და ეს ასეც არის. ჩვენ ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ახალ საციგურაო ტრასას ავაგებთ, ასეთი ტიპის ტრასა დღემდე საქართველოში არ არსებობდა. დაღუპული სპორტსმენის პატივსაცემად, სპორტის ამ სახეობის კიდევ უფრო განვითარება შევთავაზე მთავრობას. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რათა ახალგაზრდა თაობამ მიბაძოს ნოდარს და მიაღწიოს ისეთ წარმატებას, როგორზეც ნოდარი ოცნებობდა. მომავალი თაობა ამ ტრაგედიამ არ უნდა შეაშინოს. საერთაშორისო ფედერაციამ გუშინ განაცხადა, რომ ტრაგედია ადამიანურმა შეცდომამ გამოიწვია, მაგრამ მე ერთს ვიტყვი, სპორტსმენის შეცდომა ფატალური შედეგით არ უნდა მთავრდებოდეს - შეცდომა ყველას მოსდის. არსებობს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ტრასის კედელი უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო. დღეიდან კედელი უფრო მაღალი იქნება, მაგრამ ჯობდა სპორტსმენების თხოვნა უფრო ადრე გაეთვალისწინებინათ ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა ვანკუვერის ოლიმპიადის ორგანიზატორებს, კანადის ხელისუფლებასა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობას თანაგრძნობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მიხეილ სააკაშვილი სამძიმრის წერილებს სახელმწიფოთა მეთაურებისგან მთელი დღის განმავლობაში იღებდა. მან არაოფიციალური პოლიტიკური შეხვედრები გამართა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტებთან და ჩეხეთის და ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრებთან.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)