Google+

სიახლეები

26.05.2005
25 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წლის შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა

შევაჯამოთ გასული წლის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე მოვლენები.

ბოლო წლები ჩვენთვის ნამდვილად დინამიური და ისტორიულად საინტერესო იყო.

ჩვენ არ ვიყავით სახელმწიფო, საქართველო განადგურებული, გაუბედურებული ქვეყანა იყო, რომლის მომავლისაც, საკუთარი ხალხის ჩათვლით, არავის სჯეროდა.

საზღვარგარეთ ჩემი სწავლის პერიოდში, საბჭოთა კავშირის დროსაც კი, ქართველობით ვამაყობდით.

ეს ქართული სტერეოტიპი იყო.

90-იანმა წლებმა ეს სტერეოტიპი მიწასთან გაასწორა, ქართველებს რცხვენოდათ, რომ ქართველები იყვნენ.

დღეს ყველა ქართველს, სადაც არ უნდა იყოს ის, შეუძლია საკუთარი ქვეყნით იამაყოს.

დღეს "ვარ ქართველი" განსაკუთრებულად ჟღერს.

საქართველომ თავისი ღირსება და თავმოყვარეობა აღიდგინა, რაც ჩვენთვის მთავარი წარმატებაა.

დღეს საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე ზენიტში იმყოფება.

თანამედროვე ისტორიის მანძილზე პირველი შემთხვევაა, რომ ამდენმა ადამიანმა გაიგო, თუ სად არის საქართველო და შენატრის მას.

თავისუფალი სამყაროს ლიდერმა ჯორჯ ბუშმა თბილისში გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო მთელი მსოფლიოს მანათობელი შუქურა და მისაბაძი მაგალითია.

საქართველო არასოდეს ყოფილა ასეთ ზენიტში, ეს ჩვენი ხალხის დამსახურებაა.

მე კარგად ვიცი რა გაჭირვება და სიდუხჭირეა ქვეყანაში.

ამის შესახებ დღეში ასობით ისტორიას ვისმენ, თავადაც დავდივარ და ყველაფერს საკუთარი თვალით ვხედავ.

მე არ მაქვს უფლება, არ დავინახო ქვეყნის პერსპექტივა.

ამ წელს ყველაზე ახლო თანამებრძოლი, მეგობარი და მრჩეველი ზურაბ ჟვანია დავკარგე. ეს ჩემთვის დიდი დარტყმა იყო და გონს მოსასვლელად რამდენიმე თვე დამჭირდა, თუმცა გარეგნულად ამის შემჩნევის უფლება არ მქონდა.

პრეზიდენტ ბუშის ვიზიტის დროს კი, ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი, გუბერნატორი ჟანი კალანდაძე დავკარგე.

ცხინვალში ჩვენი 14 ჯარისკაცის დაღუპვა უდიდესი ტრაგედია იყო.

ამის მიუხედავად, მძიმე დარტყმების გადატანა შევძელით.

ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და ჩემს თავსაც და სხვებსაც მოვუწოდებ - ნუ გამოვიჩენთ სულსწრაფობას, რადგან უკან დახევისა და წინდაუხედავი მოქმედებების უფლება არ გვაქვს.

ჩვენი ვალია, რომ საქმე ბოლომდე მივიყვანოთ.

ჩვენ ვალდებულება მთელი მსოფლიოს წინაშე გვაქვს აღებული.

საქართველო მთელი მსოფლიოს მისაბაძი მაგალითია, რასაც მარტო პრეზიდენტი ბუში არ ამბობს.

დარწმუნებული ვიყავი, რომ დღევანდელი მსოფლიოს ისტორიაში საქართველო, მისი სიმცირის მიუხედავად, სულიერ მისიას აიღებდა და ახლა ამ ისტორიული მისიის შესრულების დრო დადგა.

საკუთარი ხალხისა, მთელი მსოფლიოსა და კაცობრიობის წინაშე უფლება არ გვაქვს, რომ დავმარცხდეთ.

დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ.

დავით კიკალიშვილი - ტელეკომპანია "რუსთავი 2"

- სიმბოლური იქნება, თუ შეკითხვას 26 მაისის წინ რუსეთის სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით დაგისვამთ. ამას წინათ პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა: "კარგი იქნება, რომ რუსული ბაზების გაყვანის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის სამხედრო ბაზები არ განლაგდეს". როგორია თქვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით?

- მთავარი, რაც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მოხდა არის ის, რომ საქართველო სახელმწიფო გახდა და მასთან სხვანაირი საუბარია საჭირო. ეს თითოეული ჩვენგანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კოზირია - ჩვენ ამ რეგიონში ანგარიშგასაწევი ფაქტორი გავხდით. ჩვენ არ გვაქვს იმის სურვილი, რომ საქართველო მხოლოდ დერეფანი იყოს. აღსანიშნავია, რომ დღეს დეკლარაციას მოვაწერეთ ხელი და ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტია. ჩვენ არ უნდა ვიყოთ არც პლაცდარმი და არც პლატფორმა უცხო ქვეყნის ჯარებისთვის. ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი ჯარი გვყავდეს, ჩვენი ეკონომიკა გვქონდეს და თვითონ ვვითარდებოდეთ.

გადაწყვეტილებას რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანის შესახებ იმედია მიიღებენ, რადგან ჩვენ ამ საკითხს პრინციპულად ვუდგებით. ჩვენ არ გვსურს, რომ რუსეთი გავიუცხოვოთ და არ ვართ იმდენად ცუდად მოაზროვნენი, რომ არ გვესმოდეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს რუსეთთან კარგ ურთიერთობას, მაგრამ ყველა უნდა მიხვდეს, რომ საქართველოსთან ხელის წაკვრით ლაპარაკი აღარ შეიძლება. სხვათა შორის, მგონია, რომ რუსეთის პრეზიდენტს ეს ძალიან კარგად ესმის. ხანდახან რუსეთის ტელევიზიით პოლიტიკოსს რომ მოუსმენ თმა ყალყზე დაგიდგება, ჩემზე მგონი "სერიალებიც" კი შექმნეს; მაგრამ ეს პროპაგანდა და აჟოიტაჟი გაივლის. შეუძლებელია, რომ იმ ხალხმა, ვისაც საქართველოსთან დაკავშირებით ასეთი ოცნება და გეგმები ჰქონდა, ჩვენს გაძლიერებას ასე ადვილად შეეგუოს. ამას უნდა შევურიგდეთ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არც ერთმა მეზობელმა ქვეყანამ თავი საფრთხეში არ იგრძნოს, ყველაფერს ვიღონებთ, რომ რუსეთს ჩვენის მხრივ პრობლემები არ შეექმნას - ჩვენ ეს არ გვჭირდება, რადგან პრობლემები საკმარისზე მეტი გვაქვს, მაგრამ ბაზების საკითხს აუცილებლად მოვაგვარებთ. ჩვენ მივაღწევთ მათ საბოლოოდ გაყვანას და ბევრად უფრო მნიშვნელოვან საკითხებსაც გადავწყვეტთ. თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის გახსნა ჩვენი ენერგეტიკული დამოკიდებულობის დასასრულის დასაწყისია. დასასრული მაშინ დადგება, როდესაც მომავალ წელს შახდენიზის გაზსადენი ამოქმედდება და გაზის მოწოდების ალტერნატიული წყარო გაგვიჩნდება, თუმცა არსებულ წყაროსთანაც ჯანსაღი, კომერციული ურთიერთობა გვექნება. მომავალ წელს უსაფრთხოების რეფორმასაც დავასრულებთ და დაცვის ყველა ის გარანტია გვექნება, რომელიც სუვერენულ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს იმისათვის, რომ ვინმეს მისი დაშანტაჟების სურვილი არ გაუჩნდეს. თუმცა ვიმეორებ, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რუსეთთან მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობა დავამყაროთ. ისტერია უნდა დამთავრდეს და ყველა უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ ეს ქვეყანა დამოუკიდებელი და თავისუფალია. ორ თავისუფალ ქვეყანას კი, ღირსეული, თბილი, მეგობრული, კეთილმეზობლური ურთიერთობა უნდა ჰქონდეს.

გიორგი ახვლედიანი - ტელეკომპანია "იმედი"

- ბატონი პრეზიდენტო, თქვენ გარკვეულწილად შარშანდელი წელი მიმოიხილეთ, მაგრამ საინტერესოა, მოესწრო თუ არა ყველა დაპირებისა და სურვილის განხორციელება? რაზე გწყდებათ ყველაზე მეტად გული, რა ვერ გაკეთდა ამ ერთ წელიწადში? თქვენ ხომ მეორედ იღებთ აღლუმს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 26 მაისს.

- აღლუმით დავიწყებ. ქართულ არმიაში მართლაც სასწაული მოხდა და მიმაჩნია, რომ თავდაცვის ყველა მინისტრმა ძალიან კარგად იმუშავა. განსაკუთრებით კი, ირაკლი ოქრუაშვილი ბოლო თვეების მუშაობას გამოვყოფ. არ გვინდა, რომ ხვალინდელ აღლუმზე პროვოკაციული გამოსვლა გვქონდეს. წელს, მოდერნიზაციის თვალსაზრისით, განუზომლად უფრო კარგი, ხარისხიანი და ზოგ სფეროში ბევრად მეტი ტექნიკა გვაქვს, ვიდრე შარშან. გასულ წელს, რაც გვქონდა, ყველაფერი გამოვიყვანეთ, მაგრამ ხვალ იარაღის ჟღარუნს არ ვაპირებთ. წელს ქართულ არმიაში შარშანდელთან შედარებით, ჯარისკაცთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ამის მიუხედავად, ჩვენი არმია რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე პატარაა, მაგრამ მალე ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვედ აღჭურვილი, კარგად მომზადებული და მოტივირებული გახდება. განსაკუთრებით ჩვენი რეზერვისტებით ვამაყობ. ეს სფერო სახელმწიფოს ატრიბუტია. სახელმწიფოს თავმოყვარეობა და ღირსების განცდა არ ექნება, თუ მას შეიარაღებული ძალები არ ეყოლება და თუ მშობელს შვილის ჯარში გაშვება არ მოუნდება. ახლა კი, მართლაც ჯარში წამსვლელთა რიგი დგას. ეს ფსიქოლოგიური გადატრიალებაა, რადგან ტრადიციულად საბჭოთა ჯარში ქართველები არ მსახურობდნენ. მე ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი ვიყავი, ორი წელი ვიმსახურე და იმის მიუხედავად, რომ ის სხვა ქვეყნის ჯარი იყო, ძალიან სასარგებლო სკოლა გავიარე. ახლა სულ სხვა ვითარებაა - ეს უკვე ჩვენი ჯარი და ჩვენი არმიაა. ჩვენი ბიჭებით, ოფიცრებით ყველა ვამაყობთ. ისინი ჩვენი საზოგადოების ელიტას უნდა წარმოადგენდნენ.

რა შეიცვალა საქართველოში ბოლო წლის განმავლობაში? ქვეყანამ თავისი ფუნქციების შესრულება დაიწყო. გასული წლის დამლევამდე, თუ თქვენ ყაჩაღი თავს დაგესხმებოდათ, ვერც პოლიციაში დარეკავდით და თუ ცუდად გახდებოდით, ვერც სასწრაფოს გამოიძახებდით. დღეს კი, საქართველოში არის ფუნქციონირებადი, ეფექტიანი პოლიცია, რომელიც ყველას უყვარს, რომელიც ხალხს არ სცემს, მაგრამ დანაშაულს ხსნის, რომელიც გამოძახებისას დროულად მიდის, კარგად არის აღჭურვილი და ხელფასიც მაღალი აქვს. ამიტომ საზოგადოებამ მუდმივად უნდა აგრძნობინოს მას, რომ აფასებს და მისი შენარჩუნება სურს. ხვალიდან კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასო სასწრაფო დახმარება გვექნება. ამაზე დიდი ხანია ვოცნებობ, მაგრამ რესურსების მობილიზება მხოლოდ ახლა შევძელით. ამჟამად მთელ საქართველოში გზების მშენებლობა მიმდინარეობს. შარშანდელი წელი სახელმწიფო აპარატის კორუფციისგან გაწმენდისა და სახელმწიფო სტრუქტურების კონსოლიდაციის წელი იყო. წლევანდელი მშენებლობის დაწყების წელიწადია, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ყველაფერს ვერ მოვასწრებთ. შემოყვანილია ტექნიკა მთელ თბილისში, რეგიონებში - ქუთაისში, გურიაში, ზუგდიდში, აჭარაში, კახეთში გზების მშენებლობა მიმდინარეობს. ფასადები განახლდა როგორც თბილისში, ისე სიღნაღში, ბათუმს ვერც კი იცნობთ. ვიცი, რომ საქართველოს თითქმის ყველა ოჯახი აჭარაში წასასვლელად ემზადება და ყველას ვთხოვ, რომ წავიდეს, რადგან ერთმანეთის დასახმარებლად ეს საუკეთესო საშუალებაა. ტრანსპორტის რეფორმა მთელ საქართველოში ხორციელდება და იმისათვის, რომ რომელიმე აზიურ ან აფრიკულ მეტროპოლისს არ დავემსგავსოთ და ქალაქებში ცივილიზებულმა ტრანსპორტმა იაროს, კიდევ ასეულობით ავტობუსის შემოყვანას ვაპირებთ.

საქართველოს ქალაქებსა და სოფლებს ევროპული იერსახე უნდა ჰქონდეს. წელს ჩვენი სიმძლავრეების შექმნას შევძლებთ და ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას მოვიპოვებთ. ჩვენ საკუთარი სიმძლავრეები უნდა გვქონდეს, რათა ზამთარში დენის გათიშვის აღარ შეგვეშინდეს. ამ ობიექტების დასრულებას შემოდგომისთვის ვგეგმავთ. მსურს, რომ პირველი რეაბილიტირებული ახალი ელექტროსადგური 23 ნოემბერს გავხსნათ. მიმაჩნია, რომ ენერგეტიკის თვალსაზრისით წელს ვითარება სერიოზულად გაუმჯობესდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით გამრიცხველიანება უსწრაფესი ტემპით მიმდინარეობს. რაც 4 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა, წელს გაკეთდა, რადგან უმკაცრესი კონტროლი დავაწესეთ, რამაც შედეგი გამოიღო. ამჟამად გამრიცხველიანების პროცესი 20-ჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე 3-4 თვის წინათ. ამ საქმეს ძალიან სერიოზულად მოვკიდეთ ხელი. ასე რომ, ქვეყანა წინ მიიწევს. სახელმწიფო ბიუჯეტი თითქმის 5-ჯერ გაიზარდა, ცენტრალური ხელისუფლების ყველა მოსამსახურეს, მინისტრებს კარგი ცხოვრებისთვის საკმარისი ხელფასი აქვთ, თუმცა არც ერთი მათგანი ისეთი მდიდარი არ არის, როგორც ძველი მთავრობის 40-ლარიანი მინისტრები იყვნენ. არც შეიძლება, რომ ასეთ ქვეყანაში მთავრობა მდიდარი იყოს. ბევრი საკითხია, მაგალითად, განათლების რეფორმასთან დაკავშირებული. წელს ზაფხულში პირველად რამდენიმე ათასმა ადამიანმა უმაღლეს სასწავლებელში ქრთამისა და `ჩაწყობის~ გარეშე უნდა ჩააბაროს. ეს ხომ რევოლუციაა? ეს ხომ ძნელი წარმოსადგენია? ეს ტენდენცია კომუნისტების დროიდან მოდის, ბოლო წლებში კი, ყველა პროფესიის დიპლომის ყიდვა შეიძლებოდა. ამის ნათელი მაგალითი პარლამენტის წინ გამართული აქციები იყო. თქვენ დაინახავთ, რომ ხალხს სამართლიანობის განცდა დაუბრუნდება - ჩაბარება და სწავლა პატრონის, ფულისა და "ჩაწყობის" გარეშეც არის შესაძლებელი.

საქართველო სახელმწიფო არ იყო. ჩვენ, პრაქტიკულად, ახალ სახელმწიფოს ვქმნით. თანამედროვე სახელმწიფოებრიობა ჩვენ არასოდეს გვქონია. წინა მთავრობის პერიოდში საქართველო გაურკვეველი წარმონაქმნი იყო, რომელსაც ფორმალურად სახელმწიფოს ატრიბუტები ჰქონდა. ახლა ჩვენს მიმართ სულ სხვა დამოკიდებულებაა. სხვათა შორის, ბრწყინვალედ მუშაობს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი, მასთან ერთად ხშირად დავდივარ და ვხედავ როგორი დამოკიდებულებაა აქვთ პირადად მის და ჩვენს მიმართ ადამიანებს. ჩვენ ობიექტს კი არა, საერთაშორისო ურთიერთობების სუბიექტს წარმოვადგენთ. 31 დეკემბერს უკრაინაში საქართველოს სახელით ვიდექი და მთელი უკრაინა საქართველოს დროშას აფრიალებდა და ტაშს გვიკრავდა. ეს საქართველოს ისტორიაში განუმეორებელი რამაა. უკრაინელებს და ქართველებს ეს ათი საუკუნის შემდეგაც ემახსოვრებათ, ისევე როგორც ამერიკელებსა და ქართველებს პრეზიდენტ ბუშის ვიზიტი ათი საუკუნის შემდეგაც ემახსოვრებათ.

ირაკლი მაისურაძე - ტელეკომპანია "მზე"

- ბატონო პრეზიდენტო, თქვენ საგარეო საქმეთა მინისტრის ბრწყინვალე მუშაობა ახსენეთ. როგორ შეაფასებდით ამ პერიოდში მთლიანად მინისტრთა კაბინეტის მუშაობას და როგორი იქნება მომავალში თქვენი საკადრო პოლიტიკა - მინისტრები შეიცვლებიან, ადგილებს გაცვლიან, თუ დაკავებულ თანამდებობებს შეინარჩუნებენ?

- გასული წელი ექსპერიმენტების წელი იყო. თუ დააკვირდით, საკადრო პოლიტიკა სტაბილური გახდა, რადგან საჯარო მოსამსახურეს ხელფასისა და დაფასების გარდა, სტაბილურობის განცდაც უნდა ჰქონდეს. მინისტრის შეცვლასთან ერთად, საჯარო მოხელეს სამსახურიდან წასვლა არ მოუწევს. ჩვენ ლიცენზირებისა და ნებართვების გაცემის წესი უნდა გავამარტივოთ და ბიზნესს გზა უნდა გავუხსნათ, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. ახალი ბიზნესის წამოწყება ძნელი იქნება, თუ სტაბილურობის განცდის მქონე სამოქალაქო მოსამსახურე არ გვეყოლება. ამავე დროს, არც ერთ ჩვენს მიერ დანიშნულ თანამდებობის პირს დაუსჯელობის განცდა არ უნდა დაეუფლოს. ყველაზე რთული სწორედ მათი დასჯა აღმოჩნდა. ძველ კადრებს დამცველები არ ჰყავდათ. ამათ კი დამცველები მყისვე გამოუჩნდათ. საკმარისია საშუალო დონის თანამდებობის პირსაც კი ხელი მოკიდო (მაშინაც კი, როდესაც ქრთამის გადაცემის მომენტი ვიდეოკამერითაა დაფიქსირებული), რომ მომენტალურად მას უამრავი დამცველი გამოუჩნდება. ჩვენს დანიშნულ ხალხს კიდევ უფრო მკაცრად ვაკონტროლებთ, მაგრამ წესიერ ადამიანს დაფასება სჭირდება. სულ უფრო მეტი ახალი ხალხის მოსვლაა აუცილებელი და ასეთი ადამიანების მოძიებისთვის კარგი სისტემის შემუშავებაა საჭირო. დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთ სხვა პოლიტიკურ ძალას საქართველოში მსგავსი არაფერი ჰქონია. ჩვენ ყველაზე მეტი გამოცდილება გვაქვს, რადგან თავის დროზე მთავრობაშიც ვიყავით და სხვადასხვა თანამდებობაზეც ვიმუშავეთ. ჩვენ კადრების შერჩევის ისეთი სისტემა უნდა შევიმუშავოთ, რომ ადამიანი თავისი ერთგულების, პატიოსნების, კომპეტენტურობისა და პატრიოტიზმის შესაბამისად დაწინაურდეს. ამ სისტემას მე ვქმნი, მართალია ის ჯერ კიდევ სრულყოფილი არ არის. რა თქმა უნდა, ბევრად მეტი და სრულიად სხვადასხვა ასაკის ხალხი უნდა მოვიდეს, მაგრამ მმართველობითი აპარატი ბევრად უფრო მცირე უნდა გვქონდეს და ამას ყველა უნდა შეეგუოს, რადგან მმართველობით აპარატში თითოეული ადგილი კერძო სექტორში 3-4 ადგილს გვაკარგვინებს. ჩვენ კორუფცია შევამცირეთ, მაგრამ სანაცვლოდ შეშინებული ბიუროკრატია მივიღეთ. ნახეთ რამდენი დაუმთავრებული შენობაა თბილისში! ადრე გარკვეული თანხის საფასურად ნებისმიერ ადგილზე რასაც გსურდა იმას ააშენებდი. ეხლა კი, შეშინებული ბიუროკრატი მილიონის საფასურადაც არაფერს მოგცემს. ჩვენი განწყობა ისე უნდა შეიცვალოს, რომ ეს ბიუროკრატია გამბედავი და პატიოსანი გახდეს. ჩვენ თავად უნდა შევთავაზოთ ხალხს, რომ მოვიდნენ, ააშენონ და ფული ეკონომიკაში ჩადონ. მაგალითად, ჩემი ნაცნობები უნივერმაღის ასაშენებლად 15 მილიონიან ინინინვესტიციას დებენ, მაგრამ ერთი წელია ნებართვას ვერ იღებენ. თავად მე მომიხდა 4-ჯერ დარეკვა, რადგან ცალკეა ძეგლთა დაცვა, სერთიფიცირებისა და მერიის 10 სხვადასხვა სამსახური. ყოველივე ეს მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ. ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი, რადგან ამით ბევრი იკვებება და დამცველიც ბევრი გამოუჩნდება. ბიზნესს გზა უნდა გავუხსნათ, რადგან ეკონომიკა არ განვითარდება, თუ ბიზნესმენებს ასეთ ინსტიტუტებს გზიდან არ ჩამოვაშორებთ. რისი გაკეთება შეუძლია სახელმწიფოს? - ისინი არ დააყაჩაღოს, გზები აუშენოს, დენი მიაწოდოს და თავი დაანებოს. კეთილი უნდა ვინებოთ და საშუალება მივცეთ, რომ ეკონომიკა განავითარონ, რადგან მათ ეს საქმე ჩვენზე უკეთესად იციან. სახელმწიფო სამუშაო ადგილებს თავისთავად ვერ შექმნის. მართალია კიდევ გვჭირდება პოლიციელები, მაგრამ ბევრად უფრო ნაკლები, ვიდრე მანამადე იყო, დანარჩენი ხალხი კი, კერძო სექტორში უნდა დასაქმდეს; ამიტომ გზა უნდა გავუთავისუფლოთ მათ, ვინც სამუშაო ადგილებს რეალურად ქმნის. უახლოეს მომავალში ეს ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება.

ლაშა ხარაზაშვილი - საზოგადოებრივი ტელევიზია

- ბატონო პრეზიდენტო, როგორც უკვე აღნიშნეთ, გასული წლის განმავლობაში, სახელმწიფოს შენების პერიოდში ოპოზიციური ძალების მხრივ, ხელისუფლების მისამართით გარკვეული კრიტიკა ისმოდა. თქვენ, როგორც უმაღლესი ხელისუფალი როგორ ხვდებით კრიტიკას და როგორი დამოკიდებულება გაქვთ ოპიზიციური ძალების მიმართ?

- მინდა ვთქვა, რომ ამ წელიწადში მთავარი გარღვევა და ფსიქოლოგიური ცვლილება მოხდა - მთავრობის წევრები ერთმანეთს აღარ უპირისპირდებიან. ეს მართლაც უდიდესი მიღწევაა. თქვენ არ გახსოვთ როგორი მთავრობა გვყავდა? - ერთ მაგიდასთან მე, კახა თარგამაძე და ათი სხვა ადამიანი ვისხედით, ანუ ერთმანეთთან სრულიად შეუთავსებელი ხალხი იყო თავმოყრილი და ითვლებოდა, რომ ეს საქართველოს მთავრობა იყო, სადაც მუდმივად გაუთავებელი გარჩევა, ინტრიგები მიმდინარეობდა და ყველა ერთმანეთს ებრძოდა. ჩვენ პირველად ვაჩვენეთ ხალხს, რომ მთავრობაში არსებული დავებისა და აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მიღებული გადაწყვეტილების განხორციელებას წინ ვეღარაფერი აღუდგება. ამ შემთხვევაში არავითარი ზემოქმედებისა და შანტაჟის არ გვეშინია. ზოგჯერ შესაძლოა შეცდომაც დავუშვათ, მაგრამ ეს შეიძლება პატიოსანი შეცდომა იყოს და არა სუბიექტური ფაქტორით განპირობებული. ყველაფრის მიუხედავად ჩვენ დასახულ მიზანს ყოველთვის ბოლომდე მივიყვანთ.

რაც შეეხება კრიტიკას. კრიტიკაც არის და კრიტიკაც. ვერც ერთი ნორმალური ხელისუფლება ჯანსაღი, აქტიური ოპოზიციის გარეშე ბოლომდე ეფექტიანი ვერ იქნება. ეს მუდმივი შეჯიბრია. ნამდვილი მასმედიის გარეშეც შეუძლებელია ეფექტიანად იმუშავო, რადგან საჭიროა მუდმივი კონტროლი. ბოლოს და ბოლოს ეს არის სარკე, ზოგჯერ მრუდეც კი, მაგრამ ის ქვეყანაში არსებულ რეალობას ასახავს. თუმცა უნდა აღვნიშნო ზოგიერთი ფაქტი. მაგალითად, პრეზიდენტ ბუშის ვიზიტი ზოგიერთმა პოლიტიკოსმა არაფრად ჩააგდო და სხვადასხვა ტელეარხით გამოსვლისას ცინიკურად განაცხადა, რომ პრეზიდენტი ბუში სხვადასხვა ქვეყანაში ასე ხშირად დადის და თურმე განსაკუთრებული არაფერი მომხდარა; თუმცა ამერიკის პრეზიდენტი ზომის, ბიუჯეტისა და სხვა მაჩვენებლების მიხედვით, არც ერთ მსგავს ქვეყანაში არ ჩასულა. საქართველოს ისტორიაშიც მსგავსი ვიზიტი არასოდეს განხორციელებულა. თანაც მან აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა მთელი მსოფლიოსთვის მისაბაძი მაგალითი და შთაგონების წყაროა, რომ ქართველმა ხალხმა განაპირობა რევოლუციები უკრაინაში, მოლდოვაში, ლიბანში, ასევე, მოვლენები ერაყში. ძალიან ბევრი ტალახი იქნება ნასროლი, ძალიან ბევრ სიცრუესა და ტყუილს იტყვიან, მაგრამ მე ჩვენი ხალხის იმედი მაქვს. მაგალითად აეროპორტის ტენდერსაც მოვიყვან. ალბათ გახსოვთ, რა ამბავი ატყდა ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც კი საქმე კეთდება, ნებისმიერ წამოწყებაზე თანამდებობის პირთა წრეებში, ე.წ. პოლიტიკურ სპექტრში აუცილებლად გამოჩნდება რამდენიმე ათეული მლანძღველი, დამგმობი, რადგან მათი ფსიქოლოგიით, თუ საქმეს ხელისუფლება აკეთებს და არა ისინი, ეს წამოეყება კარგი არაფრით არ შეიძლება იყოს. თუმცა ყოველივე ამის უკან ჩვენი ხალხი დგას, ის ხალხი, რომელმაც ამდენი გაჭირვება გადაიტანა, საბჭოთა კავშირი დაანგრია და ქართული ეროვნული მოძრაობა წამოიწყო. ეს ამერიკის პრეზიდენტმაც აღნიშნა. ამ ხალხმა ვარდების რევოლუცია თავად მოახდინა და 10 მაისს თავისუფლების მოედანზეც ბოლო ზეიმიც სწორედ ამ ხალხმა მოაწყო, რომელსაც მთელი მსოფლიო თვალ-ყურს აღტაცებით ადევნებდა. ეს ის ხალხია, რომელმაც აჭარაში შარშან სასწაული მოახდინა. ჩვენი ხალხი ბრძენი და ძალიან ჭკვიანია. იგი ამავდროულად საუკუნეებისა და ათწლეულების განმავლობაში საკმაოდ იჩაგრებოდა, თუმცა ყოველივე ამან მას საღი აზრი კიდევ უფრო შემატა. კრიტიკის შეზღუდვა ჩვენი ამოცანა არ არის, პირიქით, ყველა უნდა გამოვიდეს და თავის სისულელე ბოლომდე აჩვენოს. ჩვენი ხალხი იმდენად ჭკვიანია, რომ პოლიტიკური სპექტრის ამ "მოფუსფუსე", მოჩხუბარ ნაწილს (მე უფრო მეტ თავდასხმებსაც მოველი, ეს მამამათი მუშაობის ჩვეული სტილია) რეალურ შეფასებას მისცემს და სიმართლეს გაარჩევს. სიმართლე კი ისაა, რომ ჩვენ არავის მივცემთ უფლებას საქართველო ცინიზმით ხელახლა დააავადოს, არავის მივცემთ უფლებას ჩვენს ხალხს უთხრას, რომ არაფერი გვეშველება, მაინც გაჭირვებაში ვიქნებით, ქართველები ყველაზე უარესები ვართ და ტერიტორიულ მთლიანობას ვერ აღვადგენთ. უნდა გვესმოდეს, რომ არსებული კონფლიქტების მოგვარება ქვეყნის ეკონომიკის გაორმაგებას ნიშნავს. ამას ჩემი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ვგეგმავ და ამას ისევ ჩვენს ხალხთან ერთად გავაკეთებ. ბევრი ამბობს, რომ სააკაშვილი აფხაზეთს ვერ დაიბრუნებს და ეს მართალია - სააკაშვილი აფხაზეთს ვერ დაიბრუნებს, მაგრამ ჩვენ, ყველა ერთად აფხაზეთს დავიბრუნებთ! თუ ამ ხალხს დაარწმუნებენ, რომ მას არაფერი შეუძლია, მაშინ ვერაფერს მივაღწევთ, თუ დაარწმუნებენ, რომ ვერ შევქმნით ეკონომიკას, მართლაც ვერაფერს გავხდებით. თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ქვეყნის ეკონომიკის გასაუმჯობესებლად, ყველა ბარიერს ვხსნით, ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის წესებს ვამარტივებთ, მაგრამ ეკონომიკა ხალხმა უნდა შექმნას. თითოეული ადამიანმა უპირველესად საკუთარი ოჯახის კეთილდღეობაზე და შემდეგ ქვეყნის გაძლიერებაზე უნდა იზრუნოს. ჩვენ ყველა პირობა უნდა შევქმნათ იმისათვის, რომ ხალხი ჯარში, პოლიციაში წავიდეს და სახელმწიფო აპარატში მეტი წესიერი ხალხი დასაქმდეს. მე არც კრიტიკის მეშინია და არც შეურაცხყოფის, რადგან თუ ადამიანი შეურაცხყოფას გაყენებს, ამით ის საკუთარ თავს შეურაცხყოფს. ერთადერთი რისიც მეშინია, ეს ცინიზმის აღორძინება და ხელახლა დამკვიდრებაა. 30 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში შევარდნაძემ იმდენად დიდი ცინიზმი დანერგა, რომ ყველას ეგონა არაფერი გამოსწორდებოდა და ყველაფერი ლაყბობა იქნებოდა. ყოველივე ეს იდეოლოგიის დონეზე იყო აყვანილი. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენ სასწაული მოვახდინეთ და ხალხს იმედი დავუბრუნეთ. სულ უფრო ხშირად მესმის ფრაზა - "შეუძლებელია არ დაინახო, რომ რაღაც დაიწყო", ეს მართლაც ასეა, მაგრამ მომავალში კიდევ უფრო მეტი გაკეთდება. საბოლოოდ ეს ქვეყანა თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ააშენოს, საზოგადოებას მაყურებლის პოზიცია არ უნდა ჰქონდეს. საქართველოს ხელისუფლება არ არის ფეხბურთის ნაკრები, რომ კონკრეტული პიროვნების დანიშვნამ გადაგვარჩინოს. საამისოდ თითოეული ჩვენგანის, მოხუცისა და ბავშვის მონაწილეობაა საჭირო. ბავშვებზე უფრო შეგნებული პატრიოტები მართლა არ არსებობენ, მათ სხვა მენტალიტეტი აქვთ, მათ იციან, რომ გამზადებული არავის არაფერი დაუხვედრებია, ქვეყანა მამამათთან ერთად იქმნება და იზრდება. უფროსი ასაკის ხალხს კი, უნდა გვესმოდეს, რომ შექმნილი პრობლემები ამ ბავშვებს არ უნდა დავუტოვოთ, ჩვენი დაწყებული საქმე ჩვენვე უნდა დავასრულოთ. პირადად მე ვამაყობ იმით, რაც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მოხდა. მე ვამაყობ ჩემი ხალხით, თითოეული იმ ადამიანით, რომელიც ახლა გვიყურებს და გვისმენს. მინდა გითხრათ, რომ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ.

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ამინდის მიუხედავად, ყველას გეპატიჟებით ამ დღესასწაულზე, რათა ჩვენს ჯართან, რეზერვისტებთან და სტუმრებთან ერთად აღვნიშნოთ, რომ ჩვენ თავისუფალი, ამაყი და წარმატებული ერი ვართ.

დიდი მადლობა!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)