Google+

სიახლეები

17.03.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრიფინგი გამართა

მოგესალმებით.

მთავრობას პრესასთან და ჩვენს საზოგადოებასთან მეტი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს.

მინდა რამდენიმე საკითხზე გესაუბროთ.

გუშინ ბედნიერი დღე მქონდა, რადგან დიდი ხნის ოცნება ავისრულე - თბილისი-ცხინვალი-სოხუმის ავტობანის მშენებლობა გავხსენით.

ჩემს მეგობრებთან ერთად ხშირად ვფიქრობ იმის შესახებ, თუ რას ვტოვებთ ჩვენ ჩვენი მმართველობის შემდეგ?

ზოგიერთი ტოვებს ვალებს, დანგრეულ შენობებს, დაკარგულ ტერიტორიებს, ზოგიერთი ადამიანი არაფერს ტოვებს, ჩვენ კი კარგად გამართული თანამედროვე ქვეყნის ინფრასტუქტურა უნდა დავტოვოთ. თავად მე გორიდან თბილისის მიმართულებით ბევრი მივლია და კარგად ვიცი, როგორი რთულია ამ გზაზე სიარული.

ბოლო წლებში ამ გზაზე ათასობით ადამიანი დასახიჩრდა, იქ ვიწრო გზაა, სადაც შემხვედრს, ფაქტობრივად, ვერ ხედავ.

საქართველოში რევოლუციის შემდეგ მანქანების ნაკადი გაიზარდა - თითქმის გაორმაგდა, ამას ტექდათვალიერების გაუქმებაც დაემატა. ჩვენი გადაწყვეტილებით, ეს გზა ბეტონის იქნება.

ეს ევროპაში მოწინავე ტექნოლოგიაა.

რატომ არის სასურველი საქართველოში ამის გაკეთება?

ევროპაში ბევრგან ბეტონის გზას ვერ აკეთებენ, ვინაიდან ბეტონის მასალა ასფალტის მასალაზე ორჯერ უფრო ძვირია.

საქართველოშიც ძვირია, თუმცა მხოლოდ 30-40 პროცენტით, რადგან მასალები - ცემენტი და ღორღი ადგილზეა, სანაცვლოდ კი ეს გზა ორმოცი წელი გაძლებს.

აღარ იქნება პრეზიდენტი სააკაშვილი, შესაძლოა ვინმემ ვეღარც გაიხსენოს ეს როდის იყო, მაგრამ ამ გზით 2008 წელს ცხინვალის გადასასვლელთნ, შესაძლოა, ცხინვალშიც ჩავიდეთ, 2009 წელს ხაშურამდე, ხოლო 2011 წელს ბათუმსა და სოხუმშიც ჩავალთ.

მთლიანობაში ავტობანი 500 მილიონი ამერიკული დოლარი ჯდება.

თბილისი-გორის მონაკვეთის მშენებლობა 150 მილიონ დოლარს აღწევს.

ჩვენ მოპარვის საშუალებას არავის ვაძლევთ, შესაბამისად ეს თანხაც აქედან გაჩნდა.

ბიუჯეტი ყოველთვიურად სრულდება - პირველი ორი თვის განმავლობაში გადაჭარბებითაც შესრულდა, რითაც ძალიან ვამაყობ.

მეორე საკითხი, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ბათუმის ახალი აეროპორტის პროექტის დამტკიცებაა.

ბათუმში ახალი აეროპორტი აშენდება, ხელახლა შენდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და ტერმინალი.

თავდაპირველად ჩვენ მის გარემონტებას ვაპირებდით, თუმცა აეროპორტის თავიდან აშენება ვამჯობინეთ და წლის ბოლომდე დავასრულებთ კიდეც.

დღეს, ჩემთვის მოულოდნელად, ვიღაცამ განაცხადა, რომ, თურმე, ეს აეროპორტი თურქებს მივეცით, რაც სინამდვილეს არ შეეფერება.

ეს ქართული აეროპორტია, რომელიც თურქული კაპიტალით შენდება. საქართველოში ებრაული, თურქული, ყაზახური, ფრანგული და რუსული ინვესტიციებით ბევრი შენობები აშენდება, მაგრამ ეს ყველაფერი ქართველების იქნება.

ყაზახების მიერ აშენებულ სასტუმროებში დაისვენებენ ქარველები, ამავე დროს საქართველოში ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოვა, შემოვა უამრავი ინვესტიცია და სწორედ ეს არის ჩვენი კონცეფცია.

რუსეთიდან წამოსული კაპიტალის უკან ის ქართველები არიან, რომლებმაც ფული რუსეთში იშოვნეს.

დღეს ისინი საქართველოში ბევრ რამეს აშენებენ, ამ მშენებლობებზე კი, ქართველები მუშაობენ.

საქართველოში სამშენებლო ბუმი იწყება.

ბათუმის აეროპორტს თურქული ფირმა გურამ ქოქოლაძის თაოსნობით აკეთებს.

ეს არის ჩვენი თანამემამულე, რომელიც ქართულად ჩემი ქართველი ნაცნობების 80 პროცენტზე უკეთესად საუბრობს.

ასეთი ხალხი თურქეთში, ირანში და სხვაგანაც არსებობს.

ეს ნიშნავს იმას, რომ ბათუმიდან თბილისში ჩვენ ყოველდღიური რეისები გვექნება, რეისებს ასევე მოსკოვში, პეტერბურგში და უკრაინის ქალაქებშიც აღვადგენთ.

დღეს თბილისიდან სტამბულში ჩაფრენა-ჩამოფრენა 400-600 დოლადამდე ჯდება.

იმის გამო, რომ მათ შიდა რეისების კოდი მიანიჭეს, ბათუმიდან სტაბმულში ჩაფრენა-ჩამოფრენა 120 დოლარამდე ეღირება.

ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველები ადვილად გადაადგილებას, ბიზნესის გააქტიურებას შეძლებენ და ეს ყველას ინტერესს წარმოადგენს.

პირადად მე ამ პროექტით ძალიან ვამაყობ.

საქართველო ძალიან მიმზიდველი ქვეყანა ხდება.

საქართველოში აზიიდან, ევროპიდან, ისრაელიდან ასობით მილიონი კაპიტალი შემოვა, რაც ძალზე მახარებს.

თანადათან აქ ამერიკული კაპიტალიც დაბანდდება.

ბოლო კონფენციიდან პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ძალიან საინტერესო პროგრამები წამოიღო.

ფული ნიშნავს ეკონომიკას, თავისუფალ დასაქმებას, გადასახადებს იმისათვის რომ ავაშენოთ სკოლები, საავადმყოფოები, გზები და სხვა.

ფული ეკონომიკურ წარმატებას ნიშნავს და ვისაც ეს არ სურს, იმას შუა საუკუნეებში ყოფნა, დამონებულ, დაჩოქებულ საქართველოში ყოფნა უნდა, რომელიც ერთი ქვეყნის შემხედვარე იქნება.

ამას ვეღარ ეღირსებიან!

წელს თბილისისა და ბათუმის აეროპორტები გვექნება.

მომავალ წელს კოპიტნარის აეროპორტთან დაკავშირებით მოვიზიდავთ თანხებს.

მომავალ წელს ტრასის მონაკვეთსაც დავასრულებთ კასპამდე, 2007 წელს გორის მონაკვეთს, ხოლო 2008 წლის გაზაფხულზე ცხინვალამდეც ჩავალთ.

თუ თანხა გვექნება, შესაძლოა მეტიც გავაკეთოთ.

ეს იმის მინიმუმია, რის მიღწევასაც ვაპირებთ.

ტელეკომპანია „იმედი"

შეკითხვა: ბატონო პრეზიდენტო საკმაოდ დიდია საზოგადოების ინტერესი სანდრო გირგვილიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით. ოპოზიციამ აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს საკმაოდ ბევრი დაკონსერვებული საქმე გაიხსნა როგორიცაა კალაძის, გორის ტერაქტი, ბუშის ვიზიტის ტერაქტი. თუმცა გირგვლიანის საქმის შემდეგ აშკარა გახდა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილები შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები არიან. თქვენ კორუფციული ფაქტების გამოაშკარავების დროს თანამდებობიდან გადააყენეთ ფინანსთა მინისტრი ვალერი ჩეჩელაშვილი, ხომ არ შეიძლება, რომ ამ კონკრეტული ფაქტის გამო შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი პასუხიმგებლობის საკითხიც დააყენოთ?

მიხეილ სააკაშვილი: ჩემთვის ყველა ასეთი შემთხვევა პირადი ტრაგედიაა, მე კარგად მესმის ოჯახის უბედურება. ამ ოჯახს პირადად არ შევხვედრივარ. მე მამა ვარ და არავის ვუსურვებ მიახლოებითაც კი მსგავს რამეს. კარგად მახსოვს საკრებულოს საარჩევნო კამპანიის დროს შევხვდი ინტელიგენტ, სიმპათიურ მასწავლებელ ქალბატონს - ნიკა ლომინაძის დედას, სკოლის პედაგოგებმა ამ მკვლელობის დეტალებით დაინტერესება მთხოვეს, თუმცა მაშინ მე არავინ არ მეკითხებოდა საქმის გახსნას. მას შემდეგ ლომინაძის საქმით სულ ვინტერესდებოდი. ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც განათლება მიიღო ამერიკაში, საკუთარ ქვეყანაში ჩამოვიდა და წააწყდა მაფიას, რომელმაც მას გადაუარა და თავიდან მოიშორა. მისი დამცველი არავინ გამოჩნდა და ეს საქმეც ჩაფარცხეს. მე ეს დაპირება შევასრულე. დღეს ხელშეუხებელი აღარავინ არის და ყველა ვინც დანაშაულს ჩაიდენს, დაისჯება.

მეორეს მხრივ, როდესაც მკვლელობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არიან ჩარეული, ვითარება ორმაგად მძიმეა. მსგავსი რამ შესაძლოა საფრანგეთშიც მოხდეს, შესაძლოა ამერიკაშიც ხდება, მაგრამ ცოტა ქვეყანა თუა, სადაც ამას პასუხობენ. საქართელომ დანაშაულს ამ ქვეყნების მსგავსად უპასუხა. ვინც დასაჭერი იყო, დაჭერილია, თუ ვინმე კიდევ არის დანაშაულში ეჭვმიტანილი, ისიც აგებს პასუხს. ყველაფერი ბოლომდე იქნება გამოძიებული.

ამავე დროს, საქართველოს არ ჰყოლია ასეთი ეფექტური პოლიცია, ურთულესი ტერაქტები იხსნება და მაღალი თანამდებობის პირები ისჯებიან. რამდენიმე დღის წინათ ჩვენ ვნახეთ თუ როგორ დააკავა კარგად ჩაცმულმა პოლიციამ, კანონის ფარგლებში, ერთ-ერთი თანამდებობის პირი საკუთარ კაბინეტში. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო ცივილიზებული ქვეყანა გახდა. წარმოიდგენდით ოდესმე, რომ საქართველოში მსგავსი რამ მოხდებოდა? წარმოიდგენდით, რომ პატრულს ასეთი რეპუტაცია ექნებოდა? წარმოიდგენდით, რომ საქართველოში ქრთამის აღების ფაქტზე თხუთმეტ მოსამართლეს დააკავებდნენ? წარმოიდგენდით, რომ უმრავლესობის წარმომადგენელ დეპუტატს დააკავებდნენ? ეს ნიშნავს, რომ ეს საქართველოში ჯანსაღი მთავრობა არის. ეს ნიშნავს, რომ მთავრობა საზოგადოების ნაწილია. ის ისევე ექცევა თავისიანებს და უფრო მკაცრადაც, ვიდრე დანარჩენებს.

ეს ყველაფერი ციდან არ ჩამოვარდნილა. ეს ყველაფერი ჩვენ ყველამ ერთად, ოქრუაშვილთან, მერაბიშვილთან, ბარამიძესთან და სხვებთან ერთად გავაკეთეთ. პოლიციელებმა დღე და ღამე გაასწორეს იმისათვის, რომ ქვეყანაში წესრიგი ყოფილიყო. ამიტომ ამ ადამიანებს ჩვენ ბოლომდე დავუჭერთ მხარს. შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენების თემა ძალიან სასაცილო და უბადრუკია. მაშინ, ხომ არ დავსვა ჩემს გვერდით შალვა ნათელაშვილი, ჯონდი ბაღათურია, გიორგაძე თავისი გოგიტიძით და მათთან ერთად გადავწყვიტო პრობლემები?

ერთი და იგივე ხალხი, ერთი და იგივე დროს, ერთი და იგივე მოთხოვნით გამოდიან, ხან ოქრუაშვილი არ მოსწონთ, ხან მერაბიშვილი და საბაბი არ ელევათ. მე ვიცი ამის რეალური მიზეზი. ჩვენ შევეხეთ ძალიან კარგად ორგანიზებულ, რუსულ ოლიგარქიულ კაპიტალს და ადგილობრივ მაფიოზურ ინტერესებს. საქართველო კანონიერი ქურდების ქვეყანა იყო, მას რამდენიმე კანონიერი ქურდი მართავდა. ეს ის ხალხია, ვისაც არ მოსწონს, რომ კანონიერი ქურდების ქონების კონფისკაცია დაიწყო. ჩვენ მივიღეთ კანონი რის თანახმადაც, მცირე დანაშაულისათვის ნულოვანი ტოლერანტობა განხორციელდება. ჯიბგირი, რომელიც ჯიბიდან საფულეს ამოგაცლის, უნდა დაისაჯოს. ნარკომანს უნდა ვუმკურნალოოთ, ნარკოტიკების რეალიზატორი კი უნდა დავიჭიროთ. ეს არის ცივილიზებული საზოგადოების პრინციპი. უკან არავითარ შემთხვევაში არ დავიხევთ. ვიცი, რომ ასეთი ძალიან ბევრია, მათ სერიოზული დაფინანსება აქვთ, მაგრამ ჩვენ ამის არ გვეშინია. პოლიციამ ადამიანის უფლებები უნდა დაიცვას. შარშან საქართველოში ბევრი პოლიციელი დაიღუპა, თუმცა პოლიციამ საკუთარი თავის დაცვაც უნდა შეძლოს. ჩვენ ვაპირებთ ამ საკითხთან დაკავშირებით მათ ინსტრუქციები დავურიგოთ. პოლიციას საკუთარი თავის დაცვის არ უნდა ეშინოდეს, სხვაგვარად საქართველოში წესრიგი ვერ დამყარდება. კორუფციასთან ბრძოლა გაგრძელდება, ეს მთავარი პრობლემაა. საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა განპირობებულია იმით, რომ კორუმპირებულ ადამიანებს საარსებო წყარო გადავუკეტეთ. შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ძლიერი მინისტრია და ვაპირებ ბოლომდე შევუწყო ხელი.

ტელეკომპანია „რუსთავი-2"

შეკითხვა: ბატონო პრეზიდენტო ბელორუსიაში ქართული დელეგაცია გააჩერეს და მათ გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ, უკანასკნელ დღებში კეთდება კომენტარები, თითქოს, იქ მყოფი დეპუტატები ტერორისტები არიან. როგორია თქვენი შეფასება ამ საკითხთან დაკავშირებით?

მიხეილ სააკაშვილი: საქართველო ძალიან დიდი ბრძოლის შუაგულშია. ერთის მხრივ არის იმპერიული სივრცე - ეს აბსტრაქტული ცნება არ არის, ეს კონკრეტული რამაა. ეს არის ხალხი, ვინც აფხაზეთში არ გვიშვებს, ვინც ცხინვალსა და ჯავაში ვითარებას ძაბავს. იმპერია ჯერ კიდევ არის საქართველოს ტერიტორიაზე. იმპერია ბელორუსიაშიცაა და ზოგიერთ პოსტ საბჭოთა ქვეყანაში. იმპერიული აზროვნება პოზიციების შესანარჩუნებლად ბოლომდე იბრძვის. ბრძოლა თავისუფლებისათვის ბელორუსიაში, მთელ პოსტ-საბჭოთა სივრცეში თავისუფლებისათვის ბრძოლაა. ეს იყო ბრძოლა აფხაზეთში, თბილისში, ბათუმსა და ყველგან, სადაც თავისუფლებას თავზეხელაღებული ხალხი ემუქრება.

ბელორუსიის თემასთან დაკავშირებით ყველაზე დიდ ევროპულ გაზეთში სტატიის გამოქვეყნებას ვგეგმავ. გაჩუმებას არ ვაპირებ. ის ხალხი, ვინც დღე და ღამე ისტერიულად ცდილობს საქართველოში სიტუაციის დაძაბვას, არაფერი გამოუვათ. იგივე ხალხი დაბეჯითებით ცდილობს, რომ მინსკში დიქტატორული რეჟიმი შეინარჩუნოს. მინსკში მიმდინარე მოვლენები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უკრაინელებისათვის ჩვენ შთაგონების წყარო ვიყავით. ქართული დროშა თავისუფლების სიმბოლოდ მოიაზრება. ის ხალხი, ვინც მინსკში დემონსტრანტებს ცემს, ზუსტად იგივე ხალხი ცხინვალში ძველი საბჭოთა აპარატურით ტელევიზიებს ახშობს, გალში იმ სკოლის მოსწავლებს დევნის, რომლებიც ყვირიან - „გაუმარჯოს საქართველოს". ეს აბსოლუტურად ერთი და იგივე ხალხია, უბრალოდ განსხვავებული გვარებით. ადამიანი, რომელიც ცხინვალში ე.წ. სამხრეთ-ოსეთის უშიშროების სამინისტროს მართავს, ადამიანი, ვინც ოჩამჩირეში ქართველ მღვდელს აპატიმრებს, ის, ვინც მინსკში დემონტრანტებს ცემს, ერთი და იგივე რჯულისაა. ეს ის ხალხია, ვინც თავისუფლებასა და დემოკრატიას დასანახად ვერ იტანს, ვინც საქართველოსთვის და მთელი მსოფლიოსთვის პრობლემას წარმოადგენს. ჩვენ რუსეთთან კარგი ურთიერთობები გვინდა, სამწუხაროდ ბევრს იქ სხვა აზრი აქვს, თუმცა ფასეულობებზე უარს ვერ ვიტყვით, ეს ჩვენთვის საქართველოს საბოლოო გათავისუფლებას და გამთლიანებას ნიშნავს. ჩვენ ჩვენს ლიტველ მეგობრებთან კონტაქტები გვაქვს, ჩართული არიან პოლონელებიც. რამდენიმე ხნის წინათ, გლებ პავლოვსკიმ განცხადება გააკეთა და თქვა: „სააკაშვილი უნდა მოვკლათ" - ახალი არუთინიანი გამოჩნდა. ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა. ეს არის უმწეობის განცდა, ეს არის იმის დემონსტრაცია, რომ მათ აღარაფერი შეუძლიათ. ამ თემაზე ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული კომენტარი, ჩვენი საზღვრის გადმოკვეთასთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული პირველი კომენტარი, ჩვენი ურთიერთობის შედეგს ნიშნავს. ასეთი რამ ერთი წლის წინათ წარმოუდგენელი იყო. ის, რომ ჩვენ შეგვიძლია ნატოს წევრობის ოფიციალური კანდიდატი გავხდეთ, ეს საბოლოო აღიარებაა იმისა, რომ ჩვენ ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი ვართ. საქართველოს სუვერენიტეტი ისეთივე ძვირფასია ევროატლანტიკური სივრცის ქვეყნებისათვის, როგორც მათი საკუთარი სუვერენიტეტი, მათი საზღვრები და დამოუკიდებლობა. ბულორუსია ჩვენი ახირება არ არის, ეს ფუნდამენტური საკითხია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხი ხალხის საბოლოო გათავისუფლებით და ევროპის გაგაგამთლიანებით დამთარდება. ბევრგან არის ციტირებული, რომ ევროპის გათავისუფლების ტალღა, რომელიც ვარდების რევოლუციამ დაიწყო, გაგრძელდება. ეს ისტორიული პროცესია და გავრცელდება ყველგან, სადაც ადამიანებს მათი შეხედულებების გამო ჩაგრავენ.

ტელეკომპანია „მზე"

შეკითხვა: ბატონო პრეზიდენტო ეს ისტორიული პროცესი გავრცელდება თუ არა რუსეთში?

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ რუსეთთან კარგი ურთიერთობა გვსურს, რუსეთში არის ძალები, რომლებსაც საქართველოს წარმატებები ძალიან აშინებთ. მუდმივად ლაპარაკობენ იმაზე, რომ საქართველოს მთავრობა შემოდგომით, ან გაზაფხულზე დაემხობა. რუსული არხებით გამუდმებით გადის სიუჟეტები, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ მიმდინარეობს საქართველოში სამასკაციანი მიტინგები. თუმცა მსგავსი საპროტესტო აქციები შესაძლოა საფრანგებთის არხებითაც ვნახოთ. ტელეკომპანიების „ნტვ" და „ორტ" ჩვენი ადგილობრივი წარმომადგენლები საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს მუდმივად აჩვენებენ. მათი გამოთქმები „ხომ ვამბობოდით" შემდეგი რვა წელიწადი გაგრძელდება. იმის მიუხედავად სიამოვნებთ თუ არა მათ საქართველოს წარმატება, საქართველო განვითარების გზაზე უნდა წავიდეს. საქართველოში რუსული კაპიტალის შემოსვლას ყველა სექტორში მივესალმები. სამწუხაროდ, ინვესტიციების ჩადებაზე მათ უარი თქვეს, ეგონათ დავინგრეოდით. აღმოჩნდა, რომ საქართველოში კეთდება ის, რაც 25 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა. აჭარაში 25 სასტუმრო შენდება, ბორჯომში სასტუმროების მასობრივი მშენებლობა იწყება. აჭარაში გასართობი ცენტრები შენდება. წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 10 პროცენტზე მეტი იქნება. მსოფლიოში ნავთობის არამწარმოებელ ქვეყნებს შორის საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპის მიხედვით მესამე ადგილზე იქნება. ხალხს რეალურად უჭირს, მაგრამ საუბრები იმის თაობაზე, რომ ეს ხალხი ცოდოა, მათ მიერ არის წამოწყებული, ვინც გაზი და საექსპორტო გზა გადაკეტა, ვინც აფხაზეთში პრობლებმებს ქმნის. ჩვენ ასეთი შეცოდება არ გვჭირდება, ყველამ თავის თავს მიხედოს. ჩვენ დიდი სიღარიბიდან მოვდივართ. მომავალი წლის ბოლოს საქართველოს ყველა სკოლაში იქნება ინტერნეტი, რუსეთში კი - სკოლების მხოლოდ 10 პროცენტში. 2008 წელს სკოლები გარემონტებული გვექნება, რუსეთში ეს არ ხდება. ჩვენ გავარემონტებთ ყველა საავადმყოფოს - გორის, ზუგდიდის, რესუპლიკურ საავადმყოფოს, მოხდება ექიმების გადამზადება. საქართველოში ყველა დასახლებულ პუნქტში ინება ამბულატორიული, პოლიკნიკის ტიპის დაწესებულება. წელს თბილისში ქალაქის მერის ინიციატივით, 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს ფორმები უფასოდ დავურიგებთ. გიგი უგულავა შრომობს და ამას შემჩნევა უნდა. მომავალ წელს მერხებს მთელ საქართველოში გამოვცვლით. ნამდვილი ცვლილებები სწორედ ესაა. სკოლებში ისეთივე ტიპის თანამედროვე გათბობის სისტემები იქნება, როგორიც ამერიკაში და ინგლისშია. მე არ მინდა შევედარო ჩამორჩენილ ქვეყნებს. ორ-სამ წელიწადში ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ ისე, როგორც სასასაფრანგეთში ცხოვრობენ, მაგრამ სკოლები, უნივერსიტეტი, საავადმყოფოები უნდა მოვაწესრიგოთ. ავტობანი ამ ქვეყნებზე უკეთესი უნდა გვქონდეს, იმიტომ რომ ბეტონის ტექნოლოგიით ვაშენებთ, ეს ჩემი სიამაყეა. ეს ყველაფერი 2009 წელს გვექნება. ჩემი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვისას საქართველოს თანამედროვე ავტობანი, თვითმყოფადი ენერგოსისტემა ექნება. მიუხედავად ხელის შემშლელი პირობებისა, საქართველოს 24 საათიანი ელექტრომომარაგება შევძელით. 2008 წელს საქართველოს საკუთარი ჰიდროელექტროსადგური და იმდენი ენერგია ექნება, რომ დენს გავყიდით კიდეც. ჯანდაცვის, განათლების, სატრანსპორტო, ენერგეტიკის თანამედროვე სისტემები გვექნება და ნატოს წევრი ქვეყანა გავხდებით. მინდა ყველამ ერთად გავიხაროთ. ჩვენმა მოწინააღმდეგე არაკეთილმოსურნეებმა ყოველივე ეს კარგად იციან და ისინი ვერაფერს გაგვიფუჭებენ.

ტელეკომპანაი „საზოგადოებრივი მაუწყებელი"

შეკითხვა: ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პარლამენტის შენობის წინ, სალარო-აპარატების გაუქმების მოთხოვნით, ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მათი განცხადებით, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მათი აქციები პოლიტკურ ხასიათს მიიღებს.

მიხეილ სააკაშვილი: ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ეწყობა მსგავსი აქციები, ეს შეგიძლია უცხოურ არხებზე ნახოთ. ის ვისაც ჰგონია, რომ ეს მხოლოდ საქართველოში ხდება, ინფორმაციას არ ფლობს და თავის წარმოჩენას პროვინციალიზმით ცდილობს. ყველა დემოკრატიულ საზოგადოებაში პროტესტი საჭიროა. ღმერთმა არ ქნას, რომ ჩვენს ქვეყანაში პროტესტი არ იყოს, მაშინ ჩვენ გავხდებით ჩრდილოეთ კორეა, ან ბელორუსი. მაშინ რაღა გვინდა ბელორუსიისაგან? ჩვენ გვაქვს ქვეყანა, სადაც ნებისმიერს ყველაზე მიუღებული აზრის გამოთქმაც კი შეუძლია, როგორც ნამდვილ დემოკრატიულ ქვეყნებშია. გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღება.

მესმის ამ ადამიანების, ვისაც კონკრეტული მოთხოვნები აქვს, ადამიანი რომელიც ბაზარში ვაჭრობს, სახემწიფოს მხრიდან დასაფასებელია. თუმცა სახელმწიფოსაც აქვს საკუთარი ინტერესები და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქვეყნის განვითარებისათვის. ჩვენ გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრს ვფიქრობთ, შემდეგ კი ბოლომდე ვასრულებთ. გავიხსენოთ სამედიცინო კოლეჯში მიმდინარე აქციები, ბათუმის ბაზრის აქციები, ჩვენ მართალი ვიყავით და დღეს ყველაფერი უკეთ არის. ბათუმის ბაზრის ტერიტორიაზე საცურაო კომპლექსი შენდება, სადაც ადამიანებს გაჯანსაღების საშუალება ექნებათ. ასე იქნება მომავალშიც. დღეს სხვადასხვა ჯგუფებს, ადგილობრივი არჩევნების წინ ოპოზიციურ ძალებად თავიანთი თავის დაფიქსირება სურთ. მე არ ვარ ლუკაშენკო, რომ ვინმე ოპოზიციად დავნიშნო. ასეთი რამ არჩევნებში ბრძოლით მოიპოვება. ჩვენ ბრძოლით მოვიგეთ. არ მინდა სხვადასხა პოლიტკურ პარტიებს ეწყინოთ, ადგილობრივ არჩევნებს ალბათ ყველგან ვერა, მაგრამ მთლიანობაში მოვიგებთ, რადგან საქართველოში არცერთ დროს ასეთ მოკლე პერიოდში ამდენი საქმე არ გაკეთებულა. საბჭოთა დრომ დაგვიტოვა დანგრეული საკანალიზაციო, წყალსადენისა და განათების სისტემები ბათუმში, ფოთში, ბორჯომში. ჩვენ ამ ყველაფრის გაკეთებას ვიწყებთ. საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, თბილისის მსგავსად, სატრანსპორტო სფერო მოგვარდება. ავაშენებთ თანამედროვე აეროპორტს. დაგვიტოვეს ქვეყანა, სადაც, ფაქტობრივად, არ იყო გზები. დღეს საქართველოში სამშენებლო ბუმია. თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რაიონში სახურავების პროგარმა ამოქმედდება. ზოგიერთი ადამიანის ფუნქცია კრიტიკაა, ზოგიერთის საქმის კეთება. მე საქმის კეთება მიყვარს და ბოლომდე ამ გზით ვივლი. ჩვენს მიერ დაგეგმილი ყველა საკითხი შესრულდა. საქართველოს მაშტაბით ჩვენ დავარიგეთ კალენდრები, სადაც კარგად არის აღნიშნული რომელ თვეში რა ობიექტი შევა მწყობრში. ყველაფერი ისე მიდის, როგორც დავგეგმეთ.

წინასაარჩევნოდ ხუთკაციან ჯგუფებს თუ ჰგონიათ, რომ ყვირილით არჩევნებში ხმას მიიღებენ, ცდებიან. არჩევნებზე ხმას ის მიიღებს, ვინც ხალხს დაარწმუნებს, რომ საქმის გამკეთებელია. ჩვენ საქმეს არჩევნებში ხმების მისაღებად არ ვაკეთებთ - ეს ყველაფერი ჩვენი და ჩვენი შვილებისათვის კეთდება და ასე უნდა გავაგრძელოთ. ჩვენ ამ გზით წინ ვივლით. საზოგადოებასთან სერიოზულ, დემოკრატიულ დიალოგს მუდმივად ვაწარმოებთ. ვისაც მარტო საუბარი სურს, ილაპარაკოს, ჩვენ კი გავაგრძელებთ გზების, საავადმყოფოების, სკოლების შენებას.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)