Google+

სიახლეები

08.04.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონალური მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

მინდა მოგესალმოთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსულ ჟურნალისტებს და რეგიონალური ტელევიზიების წარმომადგენლებს!

ბოლო შეხვედრა, ამ შემადგენლობით ერთი წლის წინათ გვქონდა.

გახსოვთ, რომ იმ პერიოდში ძალზე გამძაფრებული იყო ენერგეტიკული ვითარება და საქართველოს რეგიონები მთლიანად ჩაბნელებული იყო.

მაშინ პირადად მიხდებოდა ციფრების ზეპირად გადმოცემა იმის შესახებ, სად რამდენი მეგავატი და დეფიციტი იყო, სად რამდენი ფიდერი გვქონდა და სხვა.

ეს არ იყო ჯანსაღი მდგომარეობა, მაგრამ სიტყვა მოგეცით, რომ ასეთი ვითარება ბოლოჯერ იყო და მსგავსი აღარსად განმეორდებოდა.

მახსოვს, მაშინ ზოგიერთს სახის გამომეტველებაზე ეტყობოდა, რომ სკეპტიკურად უყურებდა ჩვენს დაპირებას, რადგან საქართველოს მოსახლეობას მსგავსი დაპირებები ბოლო 15 წლის განმავლობაში ესმოდა.

დღეს, საქართველოს ყველა რეგიონის გასაგონად, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი პირობა შევასრულეთ - საქართველოში აღარ არის არც ერთი ჩაბნელებული რეგიონი, დასახლებული პუნქტი და ელეტროენერგია ქვეყანაში, პრაქტიკულად, ყველა ოჯახს მიეწოდება.

ასე თუ ისე, გადახდის სისტემაც ავაწყეთ და დენი, თითქმის, ყველგან არის, სადაც ელექტროენერგიის საფასურს იხდიან.

ეს ისტორიული გარღვევაა და მიხარია, რომ აღნიშნული პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ წარსულში დარჩა.

ზაფხულში ჩავატარებთ კონკურსს და უკვე წელს ჩვენი ენერგეტიკოსების მრავაწლიანი ოცნებების განხორციელებას დავიწყებთ - ავაშენებთ რამდენიმე ათეულ მცირე და საშუალო ჰოდროელექტროსადგურს.

საქართველო ჰიდროელექტრორესურსების ქვეყანა.

კომუნისტებმა საქართველოში სპეციალურად არ ააშენეს ჰესები, მათ მხოლოდ ენგური და რამდენიმე სხვა ჰესი ააშენეს მაშინ, როდესაც აქ 4-5-ჯერ მეტი ჰესის აშენება იყო შესაძლებელი.

ეს არის ყველაზე იაფი ელექტროენერგიის გამომუშავების გზა.

მათ ააშენეს თბოელექტროსადგურები და ეს იმიტომ გააკეთეს, რომ თუკი ოდესმე საქართველო საბჭოთა კავშირიდან "გაქცევას" გადაწყვეტდა, ისევ სხვა რესპუბლიკებიდან, ამ შემთხვევაში, რუსეთიდან შემოტანილ ელექტროენერგიაზე იქნებოდა დამოკიდებული.

ჩვენი მთელი ენერგოსისტემა ამაზეა მორგებული.

ჩვენ ეხლა მაინც უნდა შევძლოთ (ეს ბევრად ადრე უნდა დაგვეწყო, მაგრამ წინა წლებში ამისათვის განკუთვნილი 500 ათასი ამერიკული დოლარი "შეიჭამა"), რომ საქართველომ საკუთარი ჰიდრორესურსების ხარჯზე უზრუნველყოს ელექტროენერგიის მოთხოვნის მთლიანად დაფარვა.

ვფიქრობ ამისათვის 4-5 წელი დაგვჭირდება.

ამჟამად, იმის გათვალისწინებით, რომ პრივატიზაციის პროცესის მიმართ ძალზე დიდი ინტერესია, ძალზე ბევრი განცხადებაა შემოტანილი მსოფლიოს წამყვანი ენერგეტიკული კომპანიების მხრივ, შემიძლია ვთქვა, რომ ფული იქნება.

სამუშაო ძალა და ინჟინრები კი საკმაოდ გვყავს, რომლებსაც ამ საკითხზე მუშაობა შეუძლიათ და ახალ კადრებსაც გავზრდით.

ამერიკელებთან ერთად ჩვენ ახალ ტექნიკურ სკოლებს ვხსნით, სადაც სხვადასხვა მიმართულების, მათ შორის, ტექნიკურ პერსონალს გავზრდით.

ამ წლის დამლევიდან, ან მომავალი წლის დამგედიდან საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა დიდი მასშტაბებით უნდა გაჩაღდეს.

სხვათა შორის, ამის რესურსები ყველგანაა: აჭარაში, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, თითქმის ყველა რეგიონში.

ეს ეხება მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურებს.

უფრო გრძელვადიანი პროექტია "ხუდონის" ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რომლის გეგმა უკვე გვაქვს და მისი აშენების მსურველებიც არიან.

ვფიქრობ, ეს 6-8 წლიანი პროექტია, თუმცა, "ხუდონის" ამოქმედების შემდეგ, საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა გახდება.

ჩვენ ჩვენი უფასო ენერგია გვექნება.

ფული დაიხარჯება "ხუდონის" აშენებაზე, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ინვესტიცია ამოიღება და დაბრუნდება, წარმოებული ელექტროენერგია უკიდურესად იაფი იქნება.

ეს ერთი მთავარი საკითხი, რაც მიხარია, რომ შეიცვალა.

მეორე, უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ აგრარული ქვეყანა ვართ.

რა თქმა უნდა, ეკონომიკურ ზრდას მარტო აგრარული სექტორი არ ეყოფა, მაგრამ იმისათვის, რომ დასაქმების პრობლემა მოიხსნას, სოფლის მეურნეობის დარგში ვითარების მკვეთრად გაუმჯობესებაა საჭირო.

ჩვენი მეორე სტრატეგიული ამოცანა, რომლის შესახებაც ადრე არ გვითქვამს, მაგრამ უკვე შემიძლია განვაცხადო (რადგან ამაზე ბევრს ვმუშაობთ და ვფიქრობთ), უახლოეს წლებში (დაახლოებით, 4 წლიან ვადაზე ვლაპარაკობ) საქართველოში შექმნილი სოფლის მეურნეობის ერთობლივი ეროვნული პროდუქტის გაორმაგებაა.

სოფლის მეურნეობაში შექმნილი ჩვენი ქვეყნის დოვლათი უნდა გავაორმაგოთ!

როგორ უნდა გავაკეთოთ ეს?

ჯერ ერთი, ჩვენ უნდა აღვადგინოთ სარწყავი არხები და საირიგაციო სისტემები.

წელს კახეთში უზარმაზარ ენერგოსამუშაოებს ვიწყებთ, რომელიც 2-3 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

ამ სამუშაოების შედეგად, კახეთის დიდი სარწყავი სისტემა მთლიანად აღდგება.

დასავლეთ საქართველოში წელს რამდენიმე ლოკალური სამუშაოს შესრულებას ვიწყებთ, მომავალ წელს კი ეს სამუშაოები უფრო ფართო მასშტაბით გაიშლება.

ეს სოფლის მეურნეობის მექანიზაცია ეხება.

თავდაპირველად, ყოველწლიურად 500 ტრაქტორის შემოტანას ვვარაუდობდით და საამისოდ ფული წელს უკვე გამოვყავით, მაგრამ მას შემდეგ, რაც კახეთს ვესტუმრე (მოგესენებათ, კახეთი, ამჟამად, დიდი დარტყმის ქვეშ მყოფი ზონაა), გადაწყვეტილება მივიღე, რომ კახეთს დამატებით 300-მდე ტრაქტორი გამოვუყოთ, შევქმნათ კომერციული სქემა, რომლის მიხედვითაც ტექნიკა განაწილდება.

ეს იქნება სახნავი ტრაქტორები გუთნითა და სხვა საჭირო ტექნიკით.

ასეთი რამ, ერთდროულად, კომუნისტების დროსაც არასდროს გაკეთებულა.

ჩვენ ახალ ბაზრებზე უნდა გავიდეთ.

თუ როგორ უნდა მოვახერხოთ ეს, ხალხმა უნდა ისწავლოს.

ჩვენ დავარიგეთ ბროშურები, რომლებშიც ბევრი ისეთი ელემენტალური რამ წერია, რაც ჩვენმა გლეხობამ ისედაც იცის.

ჩვენი ძალაა ის, რომ სოფლებში ძალზე განათლებული ხალხი ცხოვრობს.

თუმცა ამ ბროშურებში ბევრი რჩევაა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ჯიშის ყურძენზეა მეტი მოთხოვნა მსოფლიო ბაზრებზე და სხვა.

ჩვენ ვაპირებთ, რომ ბევრგან უფასო ნერგები დავარიგოთ, სათესლე მეურნეობები შევქმნათ, საიდანაც უფასოდ დავარიგებთ გაუმჯობესებული ჯიშების ნერგებს.

იმ პირობებში, როდესაც რუსეთის ბაზარი, დარწმუნებული ვარ, დროებით, მაგრამ მაინც დაგვიკეტეს, მოლაპარაკებისა და დიალოგის გზით ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ყველა (მათ შორის რუსეთის ბაზარზეც), მიხვდეს - საქართველოს სხვა ალტერნატივაც აქვს.

თუ ხელს გვკრავენ, საქართველო მაინც არ დაიღუპება, არ დაინგრევა და ამას ყველას დავანახებთ.

ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს ღვინო რუსეთში გავყიდოთ და ამ ბოლო დროს იქაც არის ამაზე მოთხოვნა, მაგრამ თუ ამის უფლებას არ მოგვცემენ, არ დავიღუპებით და ჩვენი ვაზი არ გაიჩეხება - ჩვენს ღვინოს სხვა ქვეყნებშიც გავყიდით.

დარწმუნებული ვარ, ის, რაც ჩვენს ღვინოსთან დაკავშირებით ხდება, საშუალებას მოგვცემს რომ ჩვენი პროდუქცია სხვა ბაზრებზე ბევრად უფრო ფართოდ გავიტანოთ, თუმცა რუსეთის ბაზარიც უნდა შევინარჩუნოთ.

პირადად მე, სულაც არ მახარებსის ფაქტი, რომ ასეთი რამ ხდება, მაგრამ ყოველგვარი გაჭირვება ჩვენ მხოლოდ გაგვაძლიერებს და არსებული მდგომარეობიდან გამოგვიყვანს.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში ჩვენს რეგიონებში ისეთი მასშტაბური პროექტები ხორციელდება, როგორიც არასდროს ყოფილა.

დაახლოებით, მაისის დამლევიდან საქართველოს 300-მდე სკოლაში ფუნდამენტალურ რემონტს ვიწყებთ და ყველაფერს ვცვლით.

უმეტეს ადგილებში გამოვცვლით ყველა მერხს.

1970-იან წლებში, როდესაც მე სწავლა დავიწყე, ახალ მერხებზე დაგვსვეს და ძალზე ვამაყობდით, რადგან მანამდე ყველა იჯდა ხის ძველებურ მერხთან, რომელსაც სამელნეები და ჩანთის გადასაწევი ჩასადები ჰქონდა.

მოგვიანებით, ახალი მერხები დადგეს, მაგრამ მას მერე არაფერი შეცვლილა.

თბილისსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში მერხებს, ინვენტარს და სპორტულ ინფრასტრუქტურას მთლიანად ვცვლით, აღარაფერს ვამბობ სკოლის შენობების, სახურავებისა და წყალგაყვანილობების შესახებ.

წელს ბევრ სოფელში სკოლის ავტობუსების შეყვანას დავიწყებთ.

სკოლები უნდა გავაერთიანოთ და ახალი ავტობუსები დავნიშნოთ, რადგან სკოლამდე მისასვლელად, სოფლებში ბავშვებს, ხშირად, რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ.

ამ სკოლების კონსოლიდაცია უნდა მოხდეს, მაგრამ სკოლის ავტობუსებს დავნიშნავთ, რომლებიც ბავშვებს ატარებენ.

ასევე, წელს რეგიონებშიტექნიკური სასწავლებლების პროგრამას ვიწყებთ.

ამჟამად, გზების, სასტუმროების მშენებლობებზე ათი ათასობით კვალიფიციური პერსონალი გვჭირდება.

გუშინ ყაზახ ინვესტორებთან მქონდა შეხვედრა, რომლებმაც თბილისში სასტუმროების მშენებლობისთვის კიდევ რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი გამოყვეს.

მაგალითად, აჭარაში 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა იხსნება, ისევე, როგორც რამდენიმე ათეული სხვა სასტუმროს მშენებლობა.

ბათუმში იყო ბირჟა, რომელზეც სამუშაოს მაძიებლები იკრობებოდნენ-ხოლმე, ეხლა კი, საკუთარი თვალით ვნახე, რომ იქ აღარავინ დგას, რადგან ბათუმში უკვე სჭირდებათ მუშა-ხელი: შემდუღებლები, მღებავები, მლესავები და სხვა ელემენტალური პროფესიის ადამიანები.

თუმცა ამ პროფესიებს დღესდღეობით ვეღარავინ ეუფლება, რადგან ბევრ ჩვენს პროფესიულ სასწავლებელს კოლეჯი, უნივერსიტეტი, აკადემია დაარქვეს.

აკადემიები და უნივერსიტეტები გაიხსნა ბაკურციხეში, ველისციხეში, წნორში, ჩხოროწყუს ყველაზე შორეულ სოფლებშიც კი...

უდავოა, რომ იქ ძალზე განათლებული ხალხი ცხოვრობს, მაგრამ ეს განათლება სხვადასხვა პროფესიას გულისხმობს.

ეხლა საქართველოს ყველაზე მეტად იმ პროფესიის ადამიანები სჭირდება, რომელთა მიღების უზრუნველმყოფი სასწავლებლები ბოლო 10-12 წლის განმავლობაში ნადგურდებოდა.

ეს ტექნიკური სკოლები ისევ უნდა გავხსნათ და ხალხი მოვიზიდოთ.

რუსთავის "აზოტის" ქარხანამ ფუნქციონირება ისევ დაიწყო.

გუშინ იქ ვიმყოფებოდი და 40 წლის სტაჟის მქონე ოსტატს ვესაუბრე, რომელმაც ასეთ სასწავლებელში წასვლისა და ახალგაზრდებისთვის საკუთარ გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა.

მართალია, რუსთავის "აზოტი" ამუშავდა, მაგრამ იქ მომუშავე პერსონალის მინიმალური ასაკი, ძალზე იშვიათი გამონაკლისის გარდა, 40 წელია.

ამდენი წლის განმავლობაში ახალი კადრები არ მომზადებულა და ეს ხალხი არც არავის სჭირდებოდა.

ეხლა დაგვჭირდა და კიდევ უფრო მეტი დაგვჭირდება.

ახალი კადრები უნდა მომზადდეს!

აქედან გამომდინარე კი, ახალგაზრდებს შესაძლებლობები უნდა გავუხსნათ.

ადრე პროფტექნიკურ სასწავლებელში სწავლა სირცხვილი იყო - ყველამ უნდა გაიგოს, რომ ყველა შრომა, რომელიც შენი ქვეყნის დოვლათს ქმნის და შენს ქვეყანას ფეხზე დააყენებს, საპატიოა!

ძალიან მომწონს გიგი უგულავას იდეა სტუდენტებისთვის შრომითი სემესტრების მოწყობის თაობაზე.

ჯერჯერობით, ეს მხოლოდ თბილისს ეხება, თუმცა მინდა, რომ აღნიშნული პროგრამა გავავრცელოთ ქუთაისში, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში და ყველგან, სადაც უმაღლესი სასწავლებელია, თუმცა არა ისე, როგორც ეს ადრე იყო - უფასო.

როგორც კი არდადეგები გამოცხადდება, სტუდენტი ერთი თვის განმავლობაში, რამდენიმე ასეული ლარის საზღაურად, იმუშავებს ფასადების შეღებვაზე, პარკების გაშენებაზე, საბავშვო ბაღების შეკეთებაზე და თავად მიიღებს მონაწილეობას საკუთარი ქალაქისა თუ რაიონის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში.

თუმცა ყოველივე ამის სანაცვლოდ ფულს მიიღებს, რომელსაც, თუნდაც, ორი სამი კვირის განმავლობაში საკუთარ დასვენებასა და გართობაში დახარჯავს.

ასე რომ, განათლება ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

ჩვენ ასევე დავიწყეთ ფოლკლორული კოლექტივებისთვის ფულის გამოყოფა.

რამდენიმე ასეულ ფოლკლორულ კოლექტივს ფულს ვაძლევთ, რათა განაახლონ ინსტრუმენტები, ჩასაცმელი.

აქამდე ისინი თავად იკერავდნენ ფორმებს, ინსტრუმენტები კი, ხშირ შემთხვევაში, ბებია-ბაბუის დანატოვარი აქვთ და ეს პირადად მინახავს.

მათ უნდა შეიძინონ ახალი ინსტრუმენტები, განაახლონ გარდერობი, თუ საჭირო გახდება პედაგობებსაც დავუქირავებთ, რათა ის საოცარი ფოლკლორი და კულტურა, რომელიც ჩვენი რეგიონებისთვის ასე დამახასიათებელია, არ დაიკარგოს.

კულტურის სფეროში ფული გადანაწილდება არა რუსთაველის პროსპექტსა და თავისუფლების მოედანს შორის, როგორც ეს ბოლო 12 წლის განმავლობაში იყო, არამედ მთელ საქართველოზე.

საქართველოს ბიუჯეტი თბილისის ცენტრის ბიუჯეტი არ არის.

ვიცი, რომ აქ ბევრი ცნობილი მოღვაწეა, რომელიც მოდის და ფულს კონკრეტული პროექტების განსახორციელებლად ითხოვს, მაგრამ ჩვენი რესურსები მთელ საქართველოს უნდა მოხმარდეს.

თბილისის ცენტრი და, თუნდაც, ძალზე ცნობილი სახეები ამის შემდეგ უნდა დავაფინანსოთ.

ეს ჩემი ადმინისტრაციის პრინციპია - ჩვენ მოსახლეობის არა მხოლოდ ერთი ნაწილის, არამედ მთელი საქართველოს მომსახურე მთავრობა ვართ.

ამბულატორიებს ყველა რაიონში ვხსნით და ჩემი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, თითქმის, ყველა დიდ სოფელში გავხსნით.

უფასო სასწრაფო დახმარების სამსახური ყველგან კარგად მუშაობს.

მომავალ წელს დასრულდება პროგრამა, რომლის განხორციელების შემდეგ საქართველოს ყველა რაიონულ ცენტრში კარგი გზით მივალთ.

ზოგან ეს ძალზე ძნელი გასაკეთებელია.

მაგალითად, თიანეთში დანგრეული და რთული გზაა, მესტიის გზა რამდენიმე ადგილას ძალიან დაზიანებულია და მისი შენარჩუნება რთული ინება, მაგრამ უნდა გავაკეთოთ.

ეს აუცილებელია არა მარტო ადამიანების თავისუფლად გადაადგილებითვის, არამედ იმისთვისაც, რომ მოსახლეობამ პროდუქცია გამოიტანოს, ივაჭროს, ფული იშოვოს და ისეთი ცხოვრება ჰქონდეს, როგორიც ნორმალურ ადამიანს ეკადრება.

როდესაც სოფლის მეურნეობაზე და ამ დარგის პროდუქციის გაორმაგებაზე ვლაპარაკობ, აუცილებელია აღვნიშნო, რომ თუ ინდუსტრიალიზაცია არ მოხდა, მხოლოდ სასუქების დარიგება, არხების შეკეთება და თუნდაც, ცოდნის გავრცელება, საკმარიკი არ იქნება.

წელს ბიზნესმენები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რამდენიმე დიდ საწარმოს აკეთებენ, რაშიც ჩვენ ხელს ვუწყობთ.

შარშან აგარაში ვაშლის გადამამუშავებელი კონბინატი გაიხსნა, მართალია გარკვეული პრობლემებით, მაგრამ მუშაობა დაიწყო.

წელს აჭარაში ციტრუსების გადამამუშავებელი რამდენიმე ქარხანა შენდება, რომელიც მანდარინს, ფორთოხალს, კივის, ვაშლსა და სხვა სახის ხილს გადაამუშავებს.

ზუგდიდში თხილის გადამამუშავებელი საწარმო კეთდება.

ძალზე სერიოზული პრსპექტივა აქვს ჩაის.

ვფიქრობ, სოფლის მეურნეობის სხვა სახის პროდუქციასაც დიდი პერსპექტივა ექნება.

დარწმუნებული ვარ, ბევრი გააკეთებს ტომატის პასტას, ყურძნის წვენს და ა.შ.

ცოტა ხნის წინათ იტალიაში ვიმყოფებოდი და რაც მე ვიცი, იტალიიდან 6-7 დიდი ქარხანა მოდის.

ჩვენი სოფლის მოსახლეობა შედეგებს წელსვე, ივლისიდან დაწყებული შემოდგომის დამლევამდე, ნახავს.

ძირითადად, ეს არის ის, რაც ჩვენს პროექტებთან დაკავშირებით მინდოდა მეთქვა.

შესაძლოა, ზოგიერთს ეკონომიკის თაობაზე ასე დეტალუტად საუბარი მოსაწყენიც მოეჩვენოს და ბევრად უფრო "მნიშვნელოვნად" დიდ პოლიტიკურ მატერიებზე ლაპარაკი ერჩიოს, მაგრამ მთავარი პოლიტიკა ისაა, რომ ხალხმა შედეგები ნახოს.

მით უმეტეს, რომ შედეგები უკვე გვაქვს.

პაატა შამუგია - აჭარის ტელევიზია

ბატონო პრეზიდენტო, აჭარაში მომხდარი ვარდების რევოლუციის 2 წლისთავი ახლოვდება და უპირველეს ყოვლისა, საინტერესოა თქვენი შეფასება მიღწეული შედეგების თაობაზე და მეორე, აპირებთ თუ არა შვებულება, ოჯახთან ერთად, ბათუმში გაატაროთ.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი: რა თქმა უნდა, ვაპირებ. მით უმეტეს, ჩემი ოჯახი იმდენად გაიზარდა, რომ მათი სხვადასხვა ადგილებში ტარება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული - აჭარა, ამ შემთხვევაში, ყველაზე მეტადაა ხელმისაწვდომი. მინდა თითოეულ ქართველს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ასევე უცხოელებს ვუთხრა: ისეთი კარგი ადგილი, როგორიცაა აჭარა, ძალზე იშვიათია მთელ მსოფლიოში. ბევრ ცნობილ საზღვაო კურორტზე ვყოფილვარ და უნდა აღვნიშნო, რომ აჭარა ბევრ მათგანს ჯობნის. იქ განსხვავებული კლიმატია - თითქმის არსად არ გრძელდება სეზონი ოქტომბრის ბოლომდე. ამას მხოლოდ იმიტომ არ ვამბობ, რომ ეს კუთხე ძალიან მიყვარს. თანაც ბათუმი და ქობულეთი ისე ლამაზდება, ისეთი თანამედროვე და ლამაზი პარკი შენდება ზუსტად იმ ადგილზე, სადაც ასლან აბაშიძემ ბობბები დაგვიტოვა (უკანასნელი ბომბებისგან ეს ტერიტორია ერთი თვის წინათ გავწმინდეთ), რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მსგავსი არსად იქნება. როდესაც მშენებლობას დავასრულებთ, ყველა, უპირველეს ყოვლისა, თითოეული ტურისტი, სახტად დარჩება.

ბათუმში, თურქებთან ერთად, თანამედროვე აეროპორტი შენდება, რომლის დასრულებას დრო სჭირდება, მაგრამ ამას წლის დამლევამდე მოვახერხებთ. ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, თბილისისა და მეზობელ რეგიონებში არსებულ აეროპორტებთან შედარებით, ბევრად უკეთესი იქნება.

ბათუმში რამდენიმე ათეული ახალი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. ვნახე როგორ დონეზე კეთდება "ინტურისტი" და ის, მართლაც, 5-ვარსკვლავიანი, მაღალი დონის სასტუმროა. მალე აჭარაში ყველაზე მდიდარი თურქი ბინესმენები ჩამოვლენ, რომლებსაც ქართული წარმომავლობა აქვთ და ისინი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების მშენებლობის მთელ სერიას დაიწყებენ. ეს რაც შეეხება ტურიზმს. თუმცა ამ რეგიონში ბევრი სხვა რამ გაკეთდება.

წელს მაღალმთიან აჭარაში დაახლოებით 30 სკოლა აშენდება. მათ შორის, რამდენიმე ძალიან თანამედროვე, რკინა-ბეტონის სკოლა იქნება. ქობულეთელებსაც დავპირდი თანამედროვე სკოლის აშენებას და მინდა იქ შუშის, გამჭვირვალე სკოლა ავაშენოთ, ისეთი, როგორიც ინგლისშია. ეს სიამოვნება 1-2 მილიონი დოლარი დაგვიჯდება, მაგრამ უნდა გავაკეთოთ. ასეთივე კეთდება ხელვაჩაურში. შარშან კი ბათუმში ყველა სკოლა გარემონტდა და ამ სკოლების სრული კომპიუტერიზაცია დასრულდა.

თუკი ეს პროცესი აჭარის მაღალმთიან სოფელში სადმე დაუსრულებელი დარჩა, წელს იქაც დასრულდება.

წლის დამლევამდე, აჭარაში არ დარჩება არც ერთი მსხვილი დასახლებული პუნქტი, სადაც არ იქნება წყალი. ათწლეულების განმავლობაში ესეც გადაუწყვეტავი ამოცანა იყო. როგორც ბათუმელებს დავპირდი, წელს აგვისტოს დამლევს წყალგაყვანილობის სამუშაოების განხორციელებას დავიწყებთ. რა თქმა უნდა, ამას 2-3 წელიწადი დასჭირდება, თუმცა კომუნისტებს ამისათვის 80 წელი არ ეყოთ, რადგან ბათუმს წყალსადენი არ გაუკეთეს. ჩვენ ევროპული დონის წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის სისტემებს ავაშენებთ. ისევე, როგორც ქობულეთში, ფოთში და საქართველოს სხვა ქალაქებში გავაკეთებთ იგივეს.

ხშირად სვამენ კითხვას, თუ რატომ ვაქცევ ესოდენ დიდ ყურადღებას აჭარის რეგიონს. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ყველა კუთხე და მხარე ერთნაირად მიყვარს, მაგრამ აჭარა ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული მხარე იყო. უცხოეთიდან აჭარაზე განსაკუთრებით დიდი სპეკულაცია მოდიოდა: თურმე აჭარას შევუზღუდეთ უფლებები და დემოკრატია, თითქოს დემოკრატია იყო ის, რომ ასლან აბაშიძე ყველას სისხლს უშრობდა, როგორც აჭარას ასევე დანარჩენ საქართველოს. ეხლა კი, თუ ჩვენ დავამყარეთ კონტროლი და რაღაც კეთდება, ეს დემოკრატიის შეზღუდვა ყოფილა. თქვენ უკეთ მოგეხსენებათ, თუ როგორი განწყობაა ხალხში. შედეგები უკვე სახეზეა. ამ შედეგებს კი გავასამმაგებთ და გავაოთხმაგებთ.

ბევრისგან მსმენია, რომ ფრინველის გრიპის ფაქტის აღმოჩენის გამო, აჭარაში წასვლა საშიშია. ჯერ ერთი, ფრინველის გრიპი ერთ ცალკეულ დასახლებულ პუნქტში - ადლიაში გამოვლინდა და მისი ლოკალიზება იმდენად სწრაფად და ორგანიზებულად მოხდა, რომ ევროპის ბევრ ქვეყანასაც კი შეშურდებოდა. ძალზე ორგანიზებული ხალხი აღმოჩნდა ადგილზე. მეორეც, ყველანარი ნორმა იქ იმდენად დაცულია და იმდენად მიმზიდველია დღეს ბათუმი და ქობულეთი, რომ მთელი საქართველო უნდა მოემზადოს კუთვნილი შვებულება აჭარაში გასატარებლად. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. თუმცა, ეს მარტო აჭარას არ ეხება, იგივე შეიძლება ითქვას შავი ზღვისპირეთის სხვა რაიონებზეც, მაგალითად გურიაზე. ზაფხულში, რადენიმე ათეული ათასი სომეხი ტურისტის ჩამოსვლას ველოდებით, ასევე ველოდებით აზერბაიჯანელ ტურისტებს. ძალიან ბევრი თურქიც ჩამოვა, რადგან თურქეთთან სავიზო რეჟიმი გაუქმდა. ბათუმის მსგავსი ლამაზი ქალაქი თურქეთის შავიზღვისპირეთში არ არსებობს. პირადად ვარ ნამყოფი და არც სინოპი, არც ტრაპზონი ასეთი ლამაზი არ არის, თუმცა თითოეულ მათგანს თავის პეწი აქვს. ბათუმი ყოველთვის იყო შავიზღვისპირეთის ცენტრი და ეხლა განსაკუთრებით ლამაზი ცენტრი გახდება. ბათუმი-2006, უდავოდ, ძალიან ლამაზი იქნება, ბათუმი-2007 კიდევ უფრო გალამაზდება, ხოლო 2008-09 წელს კი ჩემი ოცნების ბათუმი გახდება - მაღალი შენობებით, გალამაზებული სკვერებით და განვითარებული ინფრასტრუქტურით. წელს იქ კეთდება ჩემს ბავშვობაში არსებული "პიონერთა პარკი", რომელიც მთლიანად გაანადგურეს. ეს ულამაზესი პარკი იქნება, ზოოპარკითა და ატრაქციონებით (თავად პარკიც და მდინარეც უკვე გაიწმინდა). წელს აღდგება დელფინარიუმიც, რომელიც, მომღერალ შადრევანთან ერთად, ასლან აბაშიძემ რატომღაც გააუქმა.

მინდა ვთქვა, რომ აჭარაში საოცარი სახეცვლილებაა და ეს ძირითადად აჭარის მოსახლეობის დამსახურებაა. ისევე, როგორც დანარჩენ საქართველოში, აქაც ძალიან შრომისმოყვარე, ბევრი გაგებით უპრეტენზიო, ძალზე გონებაგახსნილი ხალხი ცხოვრობს, რომელმაც საკუთარის თავის გათავისუფლება მოახერხა. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვიყავით, მაგრამ ამ ხალხმა, საკმაოდ მძიმე წნეხის პირობებში, თვითონ შეძლო საკუთარი თავის დახსნა. სწორედ მათ მოახერხეს ამ აღმშენებლობითი პროცესების დაწყება. ჯერ სად არის! დარწმუნებული ვარ, აჭარა ყველა ყოფილი პოსტაბჭოთა ქვეყნისათვის, რეგიონალური განვითარების მაგალითი გახდება. კარგად მახსოვს, როდესაც ყაზახეთის პრეზიდენტი ჩამოვიდა, ცოტა არ იყოს, სხვა მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მან და მისმა დელეგაციამ ბათუმი ნახეს, სრულიად შეეცვალათ აზრი. მე და ჩემი მეგობრები ამის მოწმე გავხდით - მათ თქვეს, რომ ასობით მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიციას ჩადებდნენ და ეს პირობა უკვე შეასრულეს. ინვესტიციებს თურქები და უცხოეთიდან დაბრუნებული ქართველები დებენ. თანხა თანდათან ადგილზეც გაჩნდება და ყოველივე ეს, საბოლოოდ, საქართველოს კეთილდღეობას წაადგება.

ფოთის ტელეკომპანია:

ბატონო პრეზიდენტო ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 440 ათასი ლარით, ფოთში ფასადების სარემონტო სამუშაოები შესრულდა. ხელშეკრულებაში ხუთი წლის გარანტია იყო მითითებული, მაგრამ ამ ფასადებმა ერთ ზამთარსაც ვერ გაუძლო. მედიის არა ერთი მინიშნების მიუხედავად, ადგილობრივი ხელისუფლების მხრივ, ამ ფაქტს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. თუ შეიძლება თქვენი კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით. ვინ უნდა აგოს პასუხი ბიუჯეტის არაეფექტურ ხარჯვაზე?

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ გვქონდა პერიოდი, როდესაც ფოთის სამი მერი ციხეში ერთდროულად იჯდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფოთში ცუდი ხალხი ცხოვრობს, უბრალოდ ამ ხალხს ბედმა არ გაუღიმა. ხშირად, ლაპარაკია იმაზე, რომ ეხლა ფასადების შეღებვის დრო არ არის. მართალია, მარტო ფასადების შეღებვა არაფერს ცვლის, მაგრამ ჩვენ განსაკუთრებით ჩვენი ტურისტული ადგილები - უნდა გავალამაზოთ გზებით, შადრევნებით, ფასადებით, განათებებით და რაც მთავარია, ცხოვრების ხარისხით. რისი ფულიც გვაქვს, ის უნდა გავაკეთოთ, რათა მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ და ფულის ჩადების მეტი მსურველი გამოჩნდეს. ეს ცხოვრების პრინციპია.

რაც შეეხება იმას, რომ ხარისხი მაღალი უნდა იყოს, ამის თაობაზე ჩემგან მითითება ყველა გუბერნატორს აქვს. მე ცარიელი ციფრები და მოხსენებები არ მაინტერესებს, ამ ხალხმა ჩემი მუშაობის სტილი უნდა ისწავლოს. საქართველოს ისეთი ხელმძღვანელობა ჰყავს, რომელიც შედეგების კონტროლს არ მოეშვება. გიგი უგულავამ იცის, რომ მე შემიძლია დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში მასთან ერთად ქალაქის გარე რაიონები დავათვალიერო. ერთ-ერთი ასეთი შემოვლისას, გლდანში პარკის ასაშენებლად ადგილი შევარჩიეთ. ამას მოჰყვა ის, რომ ამ ტერიტორიის მფლობელის ვინაობა დავადგინეთ. ადგილი პრივატიზებული ჰქონდა გლდანის გამგებელს, რომელსაც ეს ტერიტორია დილის ათ საათზე გადმოვაფორმებინეთ. დილის ეთერშივე გააცხადეს, რომ ქონების კონფისკაცია მიმდინარეობს, რასაც მე არ ვუარყოფ. უგემოვნებო რესტორნის ნაცვლად, ეხლა იქ თანამედროვე პარკი აშენდება. ჩვენ ყველაფრით ვინტერესდებით და, მათ შორის, ფოთის ისტორიითაც დავინტერესდებით. ვინც არ მუშაობს, ის შეცდომებს არ უშვებს. ზოგიერთი შეცდომა გულწრფელია, ზოგი კი - შეგნებული.

ჩვენ არ გვყავს ვირტუალური მთავრობა. მთავრობის მიერ წაყენებული სტარნდარტები სხვა არის, იგი პარტიების სტანდარტებისაგან განსხვავდება. ვინც ბევრს ლაპარაკობს, ბევრ შეცდომებს უშვებს. მთავრობას დაპირებებზე პასუხს სთხოვენ. დროა ხარისხიანი ინფორმაციის მიღება ვისწავლოთ. მადლობელი დაგრჩებით, თუ მსგავს ინფორმაციებს მომაწვდით და მეც შესაბამის რეაგირებას მოვახდენ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)