Google+

სიახლეები

26.09.2006
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა მასმედიის წარმომადგენლებთან

მოგესალმებით!

ხვალ სოხუმის ოკუპაციის ცამეტი წლისთავია.

ცამეტი წლის წინ, დიდმა ბანდამ, რომელშიც ადგილობრივი და ჩეჩნეთიდან შემოგზავნილი სეპარატისტები, რუსეთის სპეციალური დანიშნულების რაზმები შედიოდნენ, საქართველოს ტერიტორიიდან საქართველოს ხელისუფლების და ქართული მოსახლეობის განდევნა მოახდინა.

მაშინდელი საქართველოს ხელისუფლების ღალატის ტოლფასი პოლიტიკის და სრულიად უუნარო ხელშეკრულებების მიღების გარეშე, ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა.

მოსკოვის ხელშეკრულება, რომელსაც გაგრიდან ქართველების გამოდევნა მოჰყვა, შემდეგ სოჭის ხელშეკრულება, რომელსაც მძიმე ტექნიკის გამოყვანა და ჩვენი მოსახლეობის მიტოვება მოჰყვა, შემდეგ ბავშვების ჩაყვანა 1 სექტემბერს სოხუმში და შემდეგ გამოქცევა.

ასევე იყო ღალატი, რაც ხელს უწყობდა საკუთარ ტერიტორიაზე კონტროლის დაკარგვას.

უცხოურ პრესაში დახოცილი ქართველი ხალხის საფლავების სურათები მასიურად ქვეყნდებოდა.

ჩვენ გვახსოვს ანგარიშსწორება ჟიული შარტავასთან, მამია ალასანიასთან, ასევე მასობრივი ძარცვები, გაგრის სტადიონზე ადგილობრივი, მშვიდობიანი ხალხის მოჭრილი თავებით ფეხბურთის მოთამაშე ბანდიტური ელემენტები.

ჩვენ არაფერი არ გვავიწყდება. ცამეტი წელი ოკუპანტებისთვის თარსი თარიღია.

წელს, მათ საქმე კარგად არ წაუვიდათ. ჯერ იყო კოდორის წარმატებული ოპერაცია, ამ ოპერაციის დროს, ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ერთი ნაწილი ზუსტად ისე იქცეოდა, როგორც აფხაზეთის ომის დროს, ხალხის ის ნაწილი, რომლებიც პარლამენტში ისხდნენ. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ საქართველოს არ გაემარჯვა. მათ უნდა იცოდნენ, რომ დღეს საქართველოში სხვა საზოგადოებაა. მათ უაზრო საუბრებს მე არ ვუსმენდი და კოდორში ჩვენი საქმე ბოლომდე მივიყვანეთ.

ჩვენი პასუხისმგებლობა არის ჩვენი ხალხის და მომავლის წინაშე. რამდენიმე დღის წინ, გაეროში სამშვიდობო ძალების ჩანაცვლების პროცესი დავიწყეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ მანქანა უკვე დაძრულია.

გვაქვს მხარდაჭერა და გაგება ჩვენს სამშვიდობო ინიციატივებში.

ჩვენი პარტნიორები ჩვენს გვერდით დგანან.

საქართველომ დაიწყო ინტენსიური დიალოგი, რაც ჩვენს მოწინააღმდეგეებს წარმოუდგენელი ეგონათ. ეს მთავარი და მნიშვნელოვანია.

ჩვენ სწორ გზაზე მივდივართ.

არ ვიქნებოდი მართალი, არ ვუთხრა ჩვენს ხალხს - რა საფრთხის წინაშე ვდგავართ.

დღეს საქართველო სერიოზული საფრთხის წინაშე დგას.

მიმდინარეობს კოსოვოს ცალკე სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესი, ამ პროცესის პარალელურად, რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მხრიდან პირდაპირი მუქარა გაისმა, რომ ისინი მზად არიან, კოსოვოს ცნობის პალალელურად საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებლობაც ცნონ - წაგლიჯონ ჩვენ ქვეყანას საკუთარი ტერიტორიები.

თავისთავად კოსოვოს პროცესზე ჩვენ საკუთარი მოსაზრებები გაგვაჩნია, ამის თაობაზე მე დასავლეთის წამყვანი ქვეყნების ლიდერებს მივწერე, აფხაზეთის სიტუაცია კოსოვოსგან განსხვავდება, აფხაზეთის ომის დროს მსხვერპლი იყო ძირითადი მოსახლეობა, ჩვენ ჩვენს სახლებში აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ.

ყოველგვარი მცდელობა, რომ საქართველოს წაგლიჯონ რაიმე ტერიტორია, საქართველოს ხარჯზე რაიმე დიდი თამაში აწარმოონ, გაცვალონ და გადაანაწილონ საქართველოს ტერიტორიები, დასრულდება იმით, რომ ისინი ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგობას წააწყდებიან, ხოლო ქართველი ხალხი ამას არასდროს, არცერთ გარემოებაში არ მიიღებს.

დღეს საქართველოში სხვა განწყობა და სულისკვეთებაა.

საფრთხე კი, უახლოეს პერიოდშია, მაგრამ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც დავიწყეთ - ჩვენი რეფორმები, რაც ჩვენი წარმატებაა.

საქართველო დღეს, რევოლუციის სამი წლისთავზე უკიდურესად პოპულარულია, ამის თქმა თამამად შემიძლია.

მთავრი პრობლემა რაც მიღწეულია და რაც მთავრია არის ის, რომ უმთავრესი თემების გარშემო ქართველების ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ. ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს აღარ არის დაქუცმაცებული, ერთმანეთს გადაკიდებული მასა, მღვრიე წყალი, რომელშიც თევზის დაჭერა ადვილად შესაძლებელია.

მე არ მსურს, ვინმეს რაიმე სახის პესიმისტური განწყობა ჰქონდეს.

ჩვენ განსაკუთრებული მხარდაჭერა გვაქვს.

ბოლო თვეების ისტორიები აჩვენებს, რომ ჩვენ უმწეო მსხვერპლის მდგომარეობაში არ ჩავდგებით და ვინც რა არ უნდა გადაწყვიტოს ჩვენს ხარჯზე, საქართველოს ტერიტორიაზე ვერავინ გამოისეირნებს და ვერ ჩამოგვაჭრის ჩვენი ტერიტორიის ბუნებრივ, სისხლხორცეულ ნაწილს, ამას ვერავინ ეღირსება.

ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან დიალოგის გაგრძელება გვსურს, სამწუხაროდ, დღეს დიალოგი რუსეთთან და აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებასთან შეწვყვეტილია, მაგრამ ყველაფერი დალაგდება. მთავარია ვიყოთ ძლიერები.

დღეს ჩვენი ქვეყნისთვის უნიკალური და მნიშვნელოვანი მომენტია. ჩვენს ქვეყანას ბევრი პრობლემა აქვს, მინდა ყველამ გაიაზროს რას ნიშნავს პოლიტიკური დებატები, კამათი და მთავარი გამოწვევები, არ შეიძლება გაგზავნა იმ სიგნალის, რომ ჩვენ ერთიანები არ ვართ. საქართველოს მტრებს ამ სიგნალის მიღებისას ჩვენი შეჭმის სურვილი უნჩდებათ, კარგი იქნება, თუ მთელი ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ამ საკითხებთან დაკავშირებით ერთიანი იქნება.

დავით ნიკურაძე - ტელეკომპანია „რუსთავი-2"

საქართველო თვითმმართველობის ადგილობრივი არჩევნებისათვის ემზადება. როგორ აფასებთ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას? რამდენად ჰქონდა ყველა პარტიას კამპანიის გატარების თანაბარი შანსი?

მიხეილ სააკაშვილი:

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ამ პარტიებს არალეგალური შემოსავლებისათვის არ მიემართათ. მოხდა უპრეცენდენტო რამ, პარტიებისათვის რეკლამა დამოუკიდებელი ტელეკომპანიების ხარჯზე უფასოა. ჩვენ დაგავალდებულეთ ყველა პარტიის უფასო რეკლამის გაშვება, რაც მსოფლიოს ცოტა ქვეყანაში თუ ხდება, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს არის მრავალი წუთი მტკნარი სიცრუის გაშვების უფლება, მაგრამ ეს არის დემოკრატია. ჩვენი ძალა იმაშია, რომ ხალხი ბრძენია, ყველაფერს მოისმენს, მერე გადაწყვეტილებას გამოიტანას და სწორ არჩევანს გააკეთებს.

ხანდახან მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს ეს არ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმიტომ, რომ ჩვენი კანდიდატების გარდა, ძირითადი კანდიდატები პირდაპირ ამბობენ, რომ კენჭს პრეზიდენტებად იყრიან. სამწუხაროდ, ამ ხალხისთვის მინდა განვაცხადო, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჯერ ადრეა. თეორიულად დავუშვათ, რომ ხალხი არ მივიდა არჩევნებზე, მივიდა ასი კაცი და, მერების და პრეზიდენტების პოსტზე მათ დაუჭირა მხარი. მთავარია, რომ ამ ხალხს ქუჩების დალაგება უღირს საქმედ მიანიათ, სტუდენტებს მეეზოვეებს ეძახიან, მე როცა ამერიკაში ერთ-ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ასეთ სამუშაოებს მილიონრების შვილებთან ერთად მეც ვასრულებდი. მათ კი ეს ისე შეიცხადეს, თითქოს ეს იყოს დასაღუპი მოვლენა. დღეს საქართველო თავისუფალი ქვეყანაა, სადაც ახალგაზრდები თვითონ შოულობენ შემოსავალს, მშობლების დაუხმარებლად აბარებენ ინსტიტუტებში. ამ ახალგაზრდების დაცინვა უბადრუკობის გამოვლენაა. სტუდენტების დასაქმების პროგრამა არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება.

რამდენიმე ხნის უკან, პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი იყო სინგაპურში, სადაც საქართველო მსოფლიოში ნომერ პირველ რეფორმატორად გამოაცხადეს. სინგაპური არის ყველაზე სუფთა ადგილი, ეს კი, ხელისუფლებამ და ხალხმა ერთად მოიპოვა. არჩევნების შემდეგ, ჩვენც ვაპირებთ დანაგვიანების ჯარიმით დასჯას.

როცა ვსაუბრობთ ადგილობრივ არჩევნებზე, შეიძლება სააკაშვილი ან უგულავა არ მოგწონდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ქვეყანაში ერთი პერიოდიც კი არ მახსოვს, რომ თბილისი, ბათუმი, ქუთაისი ასე სწრაფად შეცვლილიყო.. ბათუმი იქნება ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ევროპული ქალაქი, მინდა კარგად გავაკეთოთ სიღნაღიც, იქ წარმოუდგენელი სილამაზეა.. ხალხი ისევე მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, როგორც ეს სასკოლო საბჭოების არჩევნების დროს მოხდა. ეს ხალხის გადასაწყვეტია. ფაქტია. ქვეყანა, მიუხედავად დიდი გაჭირვებისა, წინ მიდის.

გავიხსენოთ რესპუბლიკური საავადმყოფოს ისტორია, იქ იყო ძალიან მძიმე სიტუაცია, ჩვენ დევნილები იქიდან გავუშვით, მივეცით საცხოვრებელი სახლისთვის თანხა, ნიუ-იორკიდან ერთ-ერთი წარმატებული ქართველი ექიმი ჩამოვიყვანეთ და დღეს თბილისის ცენტრში თანამედროვე ტიპის საავადმყოფო იქნება. გავიხსენოთ გორის, ქუთაისის საავადმყოფო, მრავალი ამბულატორია, ასობით სკოლა, ათასობით კილომეტრი ახალი გზა, გაზრდილი პენსიები, დასაქმების პროგრამა, მავანი მხოლოდ შადრევნებსა და შეღებილ ფასადებს რომ იხსენებს. დასაქმების პროგრამაში ბევრი შეცდომა იყო დაშვებული, მაგრამ, ჩვენ ან მხართეძოზე უნდა წამოვწოლილიყავით, ან შეცდომების და წარმატების გზით ხალხი უნდა დაგვესაქმებინა და ეკონომიკისათვის სტიმული მიგვეცა. გვინდა რომ წარმატებები გაგრძელდეს? მაშინ სწორი არჩევანი უნდა გვაკეთოთ. თუ გვინდა რომ შეჩერდეს შეგვიძლია ხმა მივცეთ შალვა ნათელაშვილს, ან ჯონდი ბაღათურიას.

ეკა ქარდავა - „საზოგადოებრივი მაუწყებელი"

ბატონო პრეზიდენტო! თქვენ საუბრობდით საფრთხეებზე. რა პროვოკაციებს ელის საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტურ ზონებში რუსეთის მხრიდან? თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დღის ბოლოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება და ლავროვის უწებამ მოუწოდა დიპლომატიურ კორპუსს არ ჩავიდნენ კოდორის ხეობაში. ასეთივე შინაარსის განცხადება ჰქონდა დეფაქტო ხელისუფლებასაც - საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა კოდორის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტი ჩავიდეს, რაც მათთვის ყველაზე დიდი პროვოკაცია იქნება.

მიხეილ სააკაშვილი:

სახელი კოდორი მათ შეუძლიათ სამუდამოდ დაივიწყონ. სოხუმის დაცემის 13 წლისთავზე, მათთვის თარსს წლისთავზე, ამ ტერიტორიას ოფიციალურად ზემო აფხაზეთი დაერქმევა. ხვალიდან, საქართველო ზემო აფხაზეთის ტერიტორიას, რომელიც აფხაზეთის მესამედ ნაწილის შეადგენს, ოფიციალურად გააკონტროლებს.

ყველა უცხოელ ელჩს ჩვენ ნათლად ვუთხარით, რომ აფხაზეთი და თბილისი ცალკე სუბიექტები არ არიან. ზემო აფხაზეთში ჩატარებული სპეც-ოპერციის შემდეგ, ყველა დიპლომატის პროტოკოლში იქნება ჩასვლა სოხუმში, შემდეგ იქვე აუყვებიან აფხაზეთის ადმინისტრაციულ ცენტრისკენ მიმავალ გზას ჩხალთაში, სადაც მთავრობის ხელმძღვანელი არის კახა აქიშბაია, რომელიც წარმოშობით აფხაზია და მას სახლში არ უშვებენ. იგი უაღრესად განათლებული ადამიანია, საუბრობს ყველა ენაზე. დიპლომატები გაესაუბრებიან მას და შემდეგ ჩამოვლენ თბილისში. ვინაიდან არ არსებობს ცალკე აფხაზეთის არალეგიტიმური მთავრობა. არსებობს აფხაზეთის ტერიტორიაზე ორი მთავრობა და ცერნტრალური მთავრობა თბილისში. არსებობს ლეგიტიმური მთავრობა და დეფაქტო ხელისუფლება, რომელიც ჯერ-ჯერობით ქვემო აფხაზეთს აკონტროლებს. ამიერიდან მარშრუტი იქნება სოხუმი- ჩხალთა- თბილისი.

რაც შეეხება პროვოკაციებს, მათ ყველაზე დიდი პროვოკაციების განხორციელება უკვე შეძლეს. იანვარში გაითიშა გაზი, ცუდად მენიშნა ასევე კვიციანის განცხადება. ყველამ კარგად ვიცით, კვიციანი მოსკოვში იმყოფება, ჩვენ ამის დამადასტურებელი საბუთები გვაქვს. მოსკოვში ძალიან მაღალი დონის სტუდიაში ჩაწერეს კვიციანი, რომელმაც განაცხადა, რომ იგი კოდორში პარტიზანულ მოძრაობას იწყებდა. ამ სტუდიის მისამართი ჩვენი ვიცით, კვიციანისნაირი მხდალი ადამიანი არაფრის დამწყები არ არის. ხვალ რომ რუსების მხრიდან რაიმე სახის პროვოკაცია განხორციელდეს, კვიციანს და არღვლიანს დააბრალებენ. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ყველანაირი პროვოკაციების გასანეიტრალებლად, ძალიან მაღალი დონის კონტრდაზვერვით სამუშაოებს ვანხორციელებთ, ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ.

ჩვენ არ ვაპირებთ საქართველო სხვადასვა ტიპის სპეცსამსახურებისათვის საჯეჯილოდ და სათარეშოდ ვაქციოთ.

ჩვენი საზოგადოება შეეჩვია იმას, რომ ჰაერზე არაფერს არ ვსაუბრობთ. რაც მათკახეთში გააკეთეს, ეს იყო უდიდესი სახის პროვოკაცია. მე კახელი გლეხებით აღტაცებული ვარ. ეს არის განათლებული და მშრომელი ხალხი. საცოდაობაა, რომ ეს ხალხი პატარა გასამრჯელოს ფასად ბევრს მუშაობს. მათ ერთი არ დაუწუწუნიათ. პროვოკაციების ავტორები ამას არ ელოდნენ. ეს არის გმირობა, რომელიც ამ ხალხს ცხოვრებამ ასწავლა. მათ იციან, რომ თავისუფლება ყველაფერზე მაღლა დგას. მათ ყველანაირი ბერკეტი გამოეცალათ, გიორგაძის პარტიის აქტივისტები საფუძვლიანად დააკავეს. ლიტვაში ე.წ ოპოზიციის შემოგზავნილი ლიდერი დააკავეს, გააძევეს ქვეყნიდან და მან პოლიტიკური თავშესაფარი მოსკოვში მოითხოვა. ერთდროულად მოსდით შემოტევა თავისუფლებასა და დემოკრატიაზე, ჩვენი ქვეყნები ეროთობლივად იცავენ თავს. ჩვენ გვაქვს სოლიდარობა, ერთმანეთის თავისუფლებას და დემოკრატიულ წესრიგს ვუფრთხილდებით. მიმაჩნია, რომ პროვოკაციები შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ ჩვენ წელში გამართულები ვართ. გამიხარდება, თუ საქართველოში ბევრად უფრო მეტი რუსი ჩამოვა. ჩვენ ორ აეროპორტს ვხსნით საქართველოში, მსურს საქართველოში ბევრი ტურისტი ჩამოვიდეს. რუსეთის პრესაში უკვე ჟონავს ინფორმაცია, რომ საქართველო დაქცეული არ არის.

წინ ბევრი სამუშაო გვაქვს, თუმცა ცამეტი წლის ნგრევის შემდეგ პროგრესი სახეზეა.

მინდა დავუბრუნდე არჩევნებს, მე ხალხის აქტიურობის მედი მაქვს, ყველაფერი ხალხის ხელშია, მათ უნდა იცოდნენ, რომ მთავრობამ მშვენივრად იცის პროლემების შესახებ.

პრობლემების შემქმნელების გათვლები იმაზე, რომ საქართველო შიგნიდან მოირყეოდა, როგორც ეს უკრაინის მაგალითზე მოხდა, იყო გეგმა უკრაინისთვის იუშენკოს ბაზის გამოსაცლელად, ზუსტად ასეთი გეგმაა საქართველოშიც.

5 ოქტომბერს კი, საქართველოში უკრაინისაგან სრულიად განსხვავებული შედეგი უნდა მივიღოთ.

ასეთი ქარტეხილების დროს, ჩვენი ქვეყანა ბევრად უფრო გამოცდილია. ძველ შეცდომებს აღარ გავიმეორებთ.

მთავარია, რომ მთავარი საკითხები იყოს კარგად და დანარჩენს ვუშველით. წინ საინტერესო დღეები გველის, მნიშნვნელოვან პრობლემებს არ ველით, ყველაფერი კარგად იქნება.

დიდი მადლობა!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)