საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა თავისუფლების მონუმენტის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე
მოგესალმებით ყველას!
უწინარეს ყოვლისა, მინდა უმნიშვნელოვანესი ეროვნული დღესასწაული, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული, მოგილოცოთ.
დღეს თბილისში თავისუფლების მონუმენტს ვხსნით.
თუ ვინმე ეჭვობდა, რომ ღმერთი საქართველოს მფარველობდა, ცას ახედოს და დარწმუნდეს - ნახოს როგორი ამინდი გამოვიდა მრავალდღიანი ქარისა და ყინვების შემდეგ.
ასე იქნება ყოველთვის - ქარიშხალს ყოველთვის სიცივე მოსდევს, წვიმას - მშრალი ამინდი, მწუხარებას - დიდი სიხარული, ღრუბლებს კი - მზე, რომელიც მთელ საქართველოს გაანათებს.
მინდა ეს დიდი დღესასწაული მოგილოცოთ.
სამი წლის წინათ, ყველამ ერთად ჩვენი ქვეყანა დანარჩენ მსოფლიოს სრულიად ახალი კუთხით გავაცანით.
ჩვენ, ყველამ ერთად, ქართველმა ხალხმა ახალი ისტორია შევქმენით.
ადრე ხელისუფლებაში იყო ხალხი, რომელთათვისაც თანამდებობის გარეშე სიცოცხლე არაფერს წარმოადგენდა.
ხელისუფლებაში ჩვენ მოვიყვანეთ ხალხი, რომელთაც საქართველოს ერთიანობის, საქართველოს თავისუფლების, საქართველოს ბედნიერების გარეშე, არც თანამდებობა უღირს რამედ და არც სიცოცხლე.
ჩვენ გვყავდა მთავრობა, რომელსაც ხალხთან გასვლის და მასთან ურთიერთობა ეშინოდა, რომელიც ხალხს ზემოდან დაჰყურებდა.
ხელისუფლებაში ჩვენ ხალხმა მოგვიყვანა და გვითხრა: "ხელისუფლებაში თქვენ არც მაფიამ და კლანებმა, არც კრიმინალებმა მოგიყვანეს, თქვენ ჩვენ მოგიყვანეთ და ჩვენ უნდა გვემსახუროთ".
ამიტომაცაა, რომ ამ სამ წელიწადში საქართველოში უფრო მეტი გზა, საავადმყოფო, სკოლა აშენდა, ვიდრე ბოლო 25 წლის განმავლობაში.
ამ სამ წელიწადში საქართველომ მსოფლიოში უფრო მეტად გაითქვა სახელი, ვიდრე მრავალი საუკუნის განმავლობაში.
ამ სამ წელიწადში ჩვენ უფრო მეტი მეგობარი შევიძინეთ, ვიდრე ოდესმე გვყავდა.
ამ სამ წელიწადში დაიწყო უცხო ჯარებისგან საქართველოს საბოლოო გათავისუფლების შეუქცევადი პროცესი.
ამ სამ წელიწადში, პირველად ჩვენს ისტორიაში, შევქმენით პირველი, ნამდვილად თანამედროვე შეიარაღებული ძალები, პირველი ნამდვილად თანამედროვე პოლიციური ძალები, პირველი ნამდვილად თანამედროვე სახელმწიფო აპარატი.
თუმცა ჩვენი ამოცანა არის იმ გაჭირვების, სიღარიბისა და უბედურების საბოლოო გადალახვაა, რომელიც დღეს სახეზეა.
დღეს ჩვენი დიდი გზის მხოლოდ შუაში ვიმყოფებით.
ჯერ კიდევ უზარმაზარი გზა გვაქვს გასავლელი და ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ გვაქვს შესაცვლელი.
საქართველო ჯერ კიდევ ძალზე დიდი წნეხის ქვეშ იმყოფება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ, საბოლოოდ, ეს წნეხი მხოლოდ უკეთესია ჩვენთვის.
ის, ვისაც დღეს საქართველოს დაჩოქება სურს, მიხვდება, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო გაიმართება წელში და მსოფლიოს წინაშე კიდევ უფრო დიდი ბრწყინვალებით წარსდგება.
ჩვენთვის დღეს ასე უკეთესიცაა, რადგან ჩვენ უკეთესად მუშაობას ვისწავლით; ბაზრებზე უფრო წარმატებით გავალთ; უკეთეს, უფრო მოქნილ ეკონომიკას და უფრო ძლიერ სახელმწიფოს შევქმნით.
რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გზის მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით და დღეს, როგორც არასდროს გამბედავობა, ერთიანობა, შორსმჭვრეტელობა და ასევე, მოთმინება გვჭირდება.
დღეს აქ ჩვენი მეგობრები იმყოფებიან.
ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ 1921 წელს პოლონეთის დამოუკიდებლობისთვის 200 საუკეთესო ქართველი ოფიცერი იბრძოდა.
1921 წელს პოლონეთი გადარჩა და დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა.
1921 წელს დანარჩენი ქართველები აქ, კოჯრის გზაზე იბრძოდნენ, მაგრამ მათ საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს.
თავისუფლების დაკარგვისთვის ჩვენ 70 წლიანი მონობის, ასობით ათასი დაღუპული ადამიანის, შერყვნილი ეროვნული ფასეულობების, სულიერებაზე შეტევის, ჩვენი ინტელიგენციისა და საუკეთესო, ნიჭიერი ხალხის განადგურების ძალიან მძიმე ფასი გადავიხადეთ.
დღეს საქართველომ იცის თავისუფლების ფასიც და ისიც, რომ მისი დაკარგვა ან ვინმესთვის ჩაბარება დაუშვებელია.
ამიტომ, ჩვენ, როგორც არასდროს, მაგრად დავდგებით.
მონუმენტს, რომელსაც დღეს ვხსნით, თავისუფლების სახელი აქვს.
მასზე წმიდა გიორგი არის აღმართული, რომელიც გველეშაპს ამარცხებს.
წმიდა გიორგის ბრძოლა არის სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე.
პირადად ჩემი და ყველა ნორმალური ადამიანის ცხოვრება, სიკეთის მუდმივი გამარჯვებაა და იმის დადასტურება, რომ თუნდაც ყველაზე მცირე და სუსტი სიკეთე, ყოველთვის უფრო ძლიერია, ვიდრე ყველაზე მძლავრი ბოროტება.
სიკეთე ყოველთვის იქნება უფრო ძლიერი და გამარჯვებული.
გამარჯვება თითოეული სიკეთის საბოლოო გზაა.
თავისუფლება, ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების უმაღლესი გამოვლინებაა.
მინდა ვთქვა, რომ დღეს საქართველო თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოს ქმნის.
ჩვენ გვინდა გვქონდეს არა მარტო ისეთი სკოლები, საავადმყოფოები და გზები, როგორიცაა ევროპაში, რასაც უკვე ვაკეთებთ კიდეც, არამედ ისიც გვსურს, რომ ევროპული სტანდარტების შესაბამისად ვიცხოვროთ; ვიყოთ ამაყი ერი, როგორც ყოველთვის ჩვენს ისტორიაში და საქართველო, როგორც უძველესი ქვეყანა, ერთიანი ევროპული ოჯახის წევრი იყოს.
ეს ჩვენი გათავისუფლებისთვის საბოლოო ბრძოლაა.
მინდა გვესმოდეს, რომ საქართველო დღეს ახალ დიდგორშია.
საქართველოს საბოლოო გათავისუფლებისთვის, მის ფეხზე დასაყენებლად და ჩვენი შვილების მომავლისთვის, ჩვენ დიდგორის ბრძოლა დავიწყეთ და უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს, რადგან ჩვენს უკან ჩვენი ქვეყანა და ჩვენი შვილების მომავალია.
ჩვენ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ, რათა ეს მომავალი დაცული იყოს, ხოლო ჩვენი ქვეყანა - გამარჯვებული.
ჩვენ უკან დასახევი გზა მოჭრილი გვაქვს.
მინდა გითხრათ, რომ ამ ბრძოლაში - დიდგორის დიდ ველზე საქართველოს წინ წმიდა გიორგი მიუძღოდა.
მინდა წაგიკითხოთ ის, რასაც ჩვენი დიდი მეფის დავით აღმაშენებლის მემატიანე მოგვითხრობს:
"რამეთუ ხელი მაღლისაი შეეწეოდა და ძალი ზეგარდმო ჰფარვიდა მას, წმიდა დიდმოწამე გიორგი გაცხადებულად და ყოველთა სახელოვანთ წინა უძღოდა მათ და მკლავითა თავისითა მოსვრიდა გზებზე და მოწევნილთა უთვალავთა უსჯულოთა წარმართთა..." და ამარჯვებინებდა ქართველებს.
ჩვენ გავიმარჯვებთ და გაერთიანებულ, ერთიან, ძლიერ, მიზანმიმართულ, წელშიგამართულ და ღირსების გრძნობით კვლავ აღვსილ საქართველოს წინ წმიდა გიორგი წარუძღვება.
ჩვენ თავისუფლებისადმი ჩვენი უზარმაზარი ლტოლვა გაგვამარჯვებინებს და ჩვენ საბოლოოდ გავიმარჯვებთ - საქართველო იქნება თავისუფალი და მთლიანი!
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!
მსურს დიდი მადლობა მოვახსენო ჩვენს სტუმრებს.
დიდი მადლობა ჩვენს დიდ მეგობარს უკრაინიდან, რომელიც ჩვენი შთაგონების წყაროს ასევე დიდი მეგობარია.
დიდი მადლობა ჩვენს ესტონელ კოლეგას.
როგორც ესტონეთი ვერ დააჩოქეს, ისე ვერავინ დააჩოქებს საქართველოს!
ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ.
დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მთლიანად საქართველოს!
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი და წინ წმიდა გიორგი მიგვიძღოდეს!
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური