Google+

სიახლეები

22.02.2007
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა სენაკის სამხედრო ბაზაზე

მინდა მოგესალმოთ!

როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გითხრათ, დღეს ჩვენ საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერთა განსაკუთრებული პრივილეგიებისა და შეღავათების აქტს ვაწერთ ხელს.

ეს დოკუმენტი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის და ძალიან ბევრი ქვეყნისთვის უპრეცენდენტოა.

ჩვენ მართლაც გვსურს, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ.

როგორც თავიდანვე ვთქვით, შეიარაღებული ძალების ოფიცერი საქართველოში ელიტური და განსაკუთრებული პროფესიაა.

ჩვენი ოფიცრებით ამაყობს მთელი საზოგადოება და უნდა იამაყოს თქვენი ოჯახების ყველა შემდგომმა თაობამ, რადგან მათი ძმა, მამა, ბაბუა, ან დიდი ბაბუა მსახურობს, ან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.

ასევე მსურს, რომ ეს ოჯახური პროფესია გახდეს.

ბავშვებმა, რომლებიც სამხედრო მოსამსახურეთა ბინებში გაიზრდებიან და რომლებსაც უახლოეს პერიოდში გადმოგცემთ, უნდა იფიქრონ იმაზე, რომ საკუთრი მამებისა და დედების (სამხედრო სამსახურში ჩვენ ქალი ოფიცრებიც გვყავს) დაწყებული საქმე გააგრძელონ.

ჩვენ ტრადიციულად, მართლაც ძალიან ძლიერი ოფიცრები გვყავდა - დაწყებული იმ დროიდან, როდესაც ჯვაროსნების დროს სამხედრო წარმატებებით ქართველი ოფიცრები, ქართველ ჯარისკაცები და მებრძოლები არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ მთელ მსოფლიოს აოცებდნენ.

მათ ძალიან ბევრი ბრძოლა აქვთ მოგებული.

სამწუხაროდ, ამ ომების უმეტესობა უცხო ქვეყნებისა და მათი თვისუფლებისთვის ბრძოლა იყო.

მინდა გავიხსენო ის, რომ რუსეთის იმპერიის საუკეთესო ოფიცრები ქართველები იყვნენ; მე-19 საუკუნის დასაწყისში საფრანგეთის ომებში და საფრანგეთ-ეგვიპტის ომებში ერთ-ერთ მხარეს ოფიცერთა მთავარი კორპუსი და ყველაზე ცნობილი მხედართმთავრები სწორედ ქართველები იყვნენ - ისინი მამლუქები იყვნენ, იყო გენერალი ბაგრატიონი...

მინდა მე-19 საუკუნის ჩრდილოკავკასიური ომი გავიხსენო - მოიგეს თუ არა ის ქართველმა გენერლებმა, ორბელიანებმა, ჭავჭავაძეებმა?

მინდა გავიხსენო ის, რომ როდესაც პოლონეთს ბოლშევიკური არმია დაესხა თავს, პოლონური ჯარის ბირთვს ქართველები წარმოადგენდნენ.

ეს იმ წელს მოხდა, როდესაც საქართველომ საკუთარი დამოუკიდებლობის დაცვა ვერ შეძლო, მაგრამ პოლონეთის დამოუკიდებლობა პოლონელებთან ერთად ქართველებმა დაიცვეს, რომლებიც პოლონეთის არმიის გენერლები, პოლკოვნიკები და კაპიტნები იყვნენ - ქართველები პოლონეთის გენერალური შტაბის შემადგენლობაში იყვნენ.

გენერალ შალიკაშვილის მამა იყო ერთ-ერთი წარჩინებული პოლონელი ოფიცერი; ისევე, როგორც ერთ დროს, სულ ცოტა ხნის წინათ, ჩვენი თანამემამულე გენერალი შალიკაშვილი ამერიკის, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ჯარის მეთაური იყო.

ამ მაგალითების ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ დადგა დრო, რომ ყველა ამ ნიჭიერმა ადამიანმა საკუთარი სამხედრო ნიჭი, რომელიც ქართველებს სისხლში და გენში აქვს, საკუთარი ქვეყნის დაცვას, გაძლიერებას, განვითრებას და მისი მთლიანობის შენარჩუნებასა და დაცვას მოახმაროს.

აქედან გამომდინარე, სკეპტიკოსების მოსაზრება იმის თაობაზე გვჭირდება თუ არა ჯარი, დავანგრიეთ.

რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება ჯარი, რომელიც ეფექტიანი იქნება, რადგან ჩვენ რთულ რეგიონში ვცხოვრეობთ და უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ვითარება მთელ მსოფლიოში სულ უფრო რთულდება.

ჩვენ მოგვიხდება მისიების განხორციელება არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

ვიცი, თუ რა გამოხმაურება ჰპოვა თქვენმა წარმატებებმა ერაყში.

ყველა ამბობს, რომ ეს საუკეთესო კონტიგენტია, საუკეთესო ჯარისკაცებითა და ოფიცრებით დაკომპლექტებული.

ამიტომ, ჩვენ ძალიან დიდი პროგრამების გაკეთებას ვაპირებთ, როგორც ჩვენი შეიარაღებული ძალების აღჭურვის, ისე თითოეული თქვენგანისთვის განსაკუთრებული პირობებისა და განსაკუთრებული სამსახურეობრივი გარემოებების შესაქმნელად.

თქვენ ნახეთ როგორი ნაწილი აშენდა, რომელიც ბოლომდე ჯერ კიდევ არ დამთვრებულა.

მინდა ყველას მადლობა მოვახსენო ვინც ამ ნაწილის შენებლობაში სხვადასხვა დროს იღებდა მონაწილეობას - ირაკლი ოქრუაშვილს, ლევან ნიკოლეიშვილს, ამ ნაწილის მეთაურს ალეკო ოსეფაშვილს, ზაზა გოგავას.

მინდა მადლობა გადავუხადო სამშენებლო კომპანიას, რომელიც თითოეული ოფიცრისთვის ბინებისა და სამსახურეობრივი, ახალი კორპუსების მშენებლობას უზრუნველყოფს და რომლებიც ძალიან მალე შევა მწყობრში.

თუმცა ის, რასაც ჩვენ ვიწყებთ, ძალზე დიდი პროექტია.

წელს, 26 მაისისთვის გორში კიდევ უფრო დიდი ნაწილის მშენებლობას ვასრულებთ, ასევე ყველა სხვა სამხედრო ნაწილის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას ფუნდამენტურად გადავახალისებთ.

თქვენ იცით, რომ ჩვენ ვიწყებთ რეზერვისტთა აუცილებელ, სავალდებულო სამხედრო სამსახურს და ამავე დროს, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა ბრიგადა პროფესიული დაკომპლექტების პრინციპზე გადადის.

ჩვენ გვეყოლება პროფესიული ბრიგადები, რომლებსაც თქვენ უხელმძღვანელებთ და გვეყოლება რამდენიმე ათეული ათასი მუდმივად მომზადებული რეზერვისტი, რომელიც საქართველოს პროფესიული შეიარაღებული ძალების მრავალრიცხოვან დამხმარე ძალას შექმნის.

ყველა ოფიცერი, რომელიც დღევანდელი დღიდან კონტრაქტით დადგენილ ვადაში იმსახურებს, თბილისსა და ბათუმში - იქ, სადაც ყველაზე ძნელადაა ხელმისაწვდომი ბინა ჩვენი მოქალაქეებისთვის, საცხოვრებელ ფართს, ბინას უფასოდ მიიღებს.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჩვენი პარტნიორობა ქართული საბანკო სექტორის ფლაგმანთან - საქართველოს ბანკთან.

თითოეული ოფიცერი ყველა აუცილებელი პირობის შესაქმნელად შეღავათიან კრედიტს მიიღებს, რათა ხელი მოუმართოს საკუთარ ოჯახს.

დღეს ამ პროექტსაც ვაწერთ ხელს.

ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეკონომიკის სწრაფი ტემპით განვითრება.

ძლიერი ჯარი ძლიერი ეკონომიკის გარეშე წარმოუდგენელია.

შეიარაღებული ძალების მთავარი ინტერესს წარმოადგენს ის, რომ საქართველოში სტაბილურობა და სიმშვიდე სუფევდეს, რადგან ეს უწინარეს ყოვლისა ეკონომიკის განვითრების საწინდარია, ე.ი. თითოეული თქვენგანის მატერიალური პირობების გაუმჯობესების საწინდარი.

ჩვენ ყველა ადამიანს იმის საშუალებას მივცემთ, რომ მისი შვილების მომავალზე არ იდარდოს; აშენდება მიკრორაიონები სკოლებით, პოლიკლინიკებით, სხვა აუცილებელი დაწესებულებებით, რომლებიც საჭიროა იმისათვის, რომ ყველა ოჯახი დაცული და წარმატებული იყოს.

ამას გარდა, ვაშენებთ სპორტულ კომპლექსებს.

დღეს აქ სპორტული კომპლექსი ვნახეთ და ჩემი დავალებით, ძალიან დიდი კომპლექსი გორშიც შენდება.

მინდა აღვნიშნო, რომ ეხლა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებიდან ძალზე ბევრი ახალგაზრდის მოზიდვა გვჭირდება.

მინდა ყველა ადამიანმა, რომელიც უმაღლეს სასწავლებელსეხლა ამთავრებს, იფიქროს იმაზე, თუ რამდენად საინტერესოა ოფიცრის კარიერა დღეს საქართველოში.

ეს კარიერა საშუალებას მოგცემს, ჩვენმა შვილებმა იამაყონ იმით, რომ ამ ყველაზე საინტერესო დროში მათი ოჯახის წევრები საქართველოს ჯარში მსახურობდნენ და საქართველოს წინაშე მდგარი ისტორიული ამოცანების გადაწყვეტის საქმეში მონაწილეობდნენ.

ეს არის საშუალება მივიღოთ ნამდვილი პროფესია, რადგან ჩვენი შეიარაღებული ძლები ტექნიკურად ძალზე სწრაფად იხვეწება.

ჩვენ მაღალტექნოლოგიური ძალიან ბევრი სფეროს წარმომადგენელი გვჭირდება.

უკვე დღეს საქართველოს სხვადასხვა სამხედრო ნაწილების მაღალტექნოლოგიურ ბაზასთან საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების რამდენიმე ასეულ კურსდამთვრებულს უწევს მუშაობა.

ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ უცხო ენის მცოდნე ახალგაზრდები მოვიზიდოთ, რადგან საქართველოში მათი ნაკლებობაა, ხოლო უცხო ენის გარეშე დღეს მუშაობა ძალზე ჭირს და გვინდა, რომ უცხო ენები ჯარში მყოფ თითოეულ ახალგაზრდას ვასწავლოთ.

იმას გარდა, რომ დაინტერესებული ვართ მაღალი კლასის ოფიცრები მივიღოთ, მაღალი კლასის მოქალაქეების, საქართველოს პატრიოტების მიღება გვსურს და ამას მივაღწევთ კიდეც.

ჩვენ დაინტერესებული ვართ იმაში, რომ ხალხი შევინარჩუნოთ, ამიტომ მომავალი წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის ახალი დებულება, რომლის თანახმადაც გარკვეული ვადის სამსახურისშემდეგ, სტაჟის მიხედვით ხელფასი 100, 200, 300 ლარით მოემატება.

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მკვეთრად გაიზარდოს საქართველოს შეიარაღებული ძალების მფრინავთა ხელფასები და დამსახურების მიხედვით, გარკვეულ ეტაპზე, მათი ხელფასი საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეთა ხელფასებს უნდა გაუტოლდეს.

თითოეულმა კვალიფიციურმა მფრინავმა უნდა მიიღოს იმდენივე რამდენსაც საქართველოს პრეზიდენტი იღებს.

ამავე დროს, ჩვენ ვხვეწთ ტექნიკას, რომლითაც მათ ფრენა მოუწევთ.

ამას გარდა, მინდა ყველას გვესმოდეს, რომ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობისთვის ბევრად მეტი და უკეთესი მომზადება გვჭირდება.

განსაკუთრებით მსურს აღვნიშნო გენერალური შტაბის უფროსის ნაყოფიერი საქმიანობა ამ ოთხი თვის განმავლობაში; კმაყოფილი ვარ იმითც, რომ თავდაცის მინისტრმა ამ მიმართულებას სწრაფად აუღო ალღო.

ჩვენი მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და, უწინარესად, საბრძოლო მომზადების გასაუმჯობესებლად, იგი დღე და ღამე მუშაობს.

ყველაფერს მაინც ადამიანის მომზადება, მოტივაცია და ურთიერთმოქმედების უნარი წყვეტს.

ეს არის მთავარი, რასაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი სახით მშიშარა ბრბოსთან კი არა, არამედ კარგად მომზადებულ, კარგად აღჭურვილ და რაც მთვარია, უკიდურესად მაღალმოტივირებულ, გამბედავ, საკუთარი ქვეყნის და მისი მომავლის გულანთებულ დამცველებთან აქვთ საქმე.

ჩვენ ამ საქმეს თქვენთან ერთად მივიყვანთ ბოლომდე.

ჩემთვის დიდი პრივილეგია და პატივია მოვაწერო ხელი დოკუმენტს, რომელზეც რამდენიმე წელი ვმუშაობდით და რისთვისაც რამდენიმე წლის განმავლობაში ვემზადებოდით.

ეხლა საქართველოს ამის საშუალება აქვს.

ყველაფერი საუკეთესო თქვენს გაძლიერებას მოხმარდება, თქვენ კი, თქვენი მხრივ, ყველაფერს გააკეთებთ იმისათვის, რომ საქართველო იყოს ძლიერი.

საამისოდ, საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი, ყველაფერს გავაკეთებთ - იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა ვეღარავინ დააჩოქოს.

გატეხილს ვერასდროს ვეღარავინ გვნახავს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)