საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა
მოგესალმებით ყველას!
უწინარეს ყოვლისა, ძალზე კმაყოფილი ვარ იმით, რომ ინტერფრაქციული ჯგუფი შეიქმნა.
რა თქმა უნდა, ბევრი რამ არის ისეთი რაც ჩვენ პოლიტიკურად განგვასხვავებს, არის მთელი რიგი საკითხები, რომელთა შესახებაც სერიოზულად განსხვავებული პოზიცია გვაქვს, მაგრამ არის მთავარი საკითხები, რომლებიც საქართველოს მომავალს შეეხება და, ამ შემთხვევაში, ყველა პოლიტიკური სპექტრის მეტნაკლებად ანგარიშგასაწევი ძალები აბსოლუტურად ერთიანია.
მინდა მივესალმო პარლამენტის რეზოლუციას ნატო-სთან დაკავშირებით.
ამ რეზოლუციამ ძალიან ბევრს დაწყვიტა გული, რადგან ეს იყო დემონსტრაცია იმისა, რომ რამდენად მძაფრადაც არ უნდა უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს სხვადასხვა ქართული პოლიტიკური ძალები, უპირველესად ისინი არიან ქართული პოლიტიკური ძალები და არა ვიღაცის მუსიკაზე მოცეკვავე პოლიტიკური ჯგუფები.
ამ მხრივ ეს იყო ძალზე მნიშვნელოვანი სიგნალი მთელი მსოფლიოსთვის.
შეხვედრა დღეს იმისათვის გთხოვეთ, რომ თქვენი აზრი ვიკითხო კანონპროექტის - დროებითი ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესაძლებლობის შესახებ.
ჩვენ აქ არ ვართ იმისათვის, ფორმალური გადაწყვეტილებები მივიღოთ.
თქვენი აზრი ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, თუნდაც ის ჩვენს პოზიციას ყველა დეტალში არ ემთხვეოდეს.
მიმაჩნია, რომ საქართველოს დაუწერეს სცენარი, რომელშიც უნდა გახვეულიყო, მაგრამ ჩვენ ამ გზას არ მივყვებით - ჩვენ პროაქტიულები ვართ და თამაშის წესებს ყველას თავად ვთავაზობთ.
არ დაგიმალავთ, რომ კონკრეტულად ეს კანონპროექტი ჩვენ გვჭირდება ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში ცხინვალის რეგიონის საკითხს განვიხილავთ.
მიმაჩნია, რომ თავის დროზე ამ კონფლიქტთან დაკაშირებით შეცდომებიყველა მხარემ დაუშვა, მათ შორის საკანონმდებლო შეცდომები ჩვენც დავუშვით, მაგრამ ყოველთვის შეიძლება ამ შეცდომების გამოსწორება.
არის კარგი საფუძველი იმისათვის, რომ სამშვიდობო მიმართულებით დაიწყოს მოძრაობა ეთნიკურ ქართველებსა და ეთნიკურ ოსებს, სხვადასხვა ჯგუფსა და სხვადასხვა დასახლებულ პუნქტს შორის.
ეხლა ამის შესაძლებლობა მართლაც კარგად გამოიკვეთა.
ჩვენ გვიწყობენ პროვოკაციებს, შეიარაღებულ თავდასხმებს, ამკვიდრებენ უკანონობას, რასაც ჩვენ კანონით ვუპასუხებთ, ძალადობას ვუპასუხებთ სამშვიდობო ინიციატივებით, საქართველოს დაქუცმაცების ლოგიკის თავზე მოხვევის მცდელობას კი - ენერგიული ქმედებებით, რათა სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის ინტეგრაცია მოხდეს ისე, რომ თითოეული მათგანის ინტერესები უმაღლეს დონეზე იყოს დაცული და ისინი საქართველოში თავს დაცულად გრძნობდნენ პატივისცემისა და მათი ინტერესების სრული გათვალისწინების პირობებში.
ამისთვის საჭიროა ეს პროცესი, რომელშიც ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა.
ეს არის ჩვენს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის არსი.
ვიცი ისიც, რომ [ამ კანონპროექტს] დიდი გამოხმაურება აქვს როგორც საქართველოს შიგნით ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ, რაც ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენ სწორ გზას ვადგავართ და წორი მიმართულება გვაქვს არჩეული.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური