Google+

სიახლეები

20.04.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე „როუზ-როსის“ სემინარი გახსნა

მოგესალმებით სემინარის თითოეულ მონაწილეს!

მოხარული ვარ, რომ თბილისში, საქართველოს დედაქალაქში გხედავთ.

გვახარებს ის ფაქტიც, რომ თბილისი ძალიან სწრაფად ხდება საერთაშორისო ფორუმებისა და კონფერენციების მნიშვნელოვანი ცენტრი.

კავკასიასა და ზოგადად რეგიონისთვის თბილისი ტრადიციულად ასრულებდა ამ ცენტრის ფუნქციას. მართალია ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეს ფუქცია დაკარგული გვქონდა, მაგრამ ახლა ვიბრუნებთ მას.

მინდა ყურადღება გავამახვილო იმ პროგრესზე, რომელიც საქართველომ ბოლო წლებში განიცადა.

3-4 წლის წინათ საქართველო არშემდგარი ქვეყანა იყო.

ჩვენ გვქონდა არშემდგარი სახელმწიფო იმ რეგიონში, რომლის შესახებაც მეთვალყურეთა უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ აქ დემოკრატიის დამკვიდრება და დემოკრატიული განვითარება შეუძლებელი იყო.

მსგავსი წარმოდგენა ჰქონდათ არა მარტო ამ რეგიონის ხელმძღვანელებს, არამედ მათაც, ვინც მხარს უჭერდა დემოკრატიას საზღვარგარეთ.

მახსოვს, ხშირად ამბობდნენ, რომ ვარდების რევოლუცია, და ზოგადად "ფერადი" რევოლუციები გარედან თავსმოხვეული იყო და ხალხს მათთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა.

რევოლუციის დადგმა და ასიათასობით ადამიანის ქუჩაში გამოყვანა, ზოგჯერ მათი სიცოცხლის ფასადაც კი, შეუძლებელია.

არასოდეს არ დამავიწყდება, როგორ გაუხსნეს ცეცხლი ზუგდიდის ცენტრში შეუიარაღებელ მოსახლეობას ნიღბიანმა გასამხედროებულმა ადგილობრივმა ბანდიტებმა. რამდენიმე შეუიარაღებელი გოგონა მიეჭრა ყაჩაღებს და ცეცხლგახსნილი ავტომატი ხელიდან გამოსტაცეს.

ამის დადგმა შეუძლებელია და მათ, ვისაც ჰგონია, რომ რევოლუციებს უდგამენ და უწყობენ, უბრალოდ არ ესმით როგორ ფუნქციონირებს საზოგადოებრივი მენტალიტეტი და როგორ ხდება საზოგადოებრივი პროგრესი.

საქართველოს მიმართ დამოკიდებულება თავიდანვე აგებული იყო სტერეოტიპებსა და კლიშეებზე.

გაბატონებული იყო აზრი, რომ ვარდების რევოლუცია ვიღაცამ მოაწყო და ხალხი არაფერ შუაში არ არის; აკეთებდნენ პროგნოზებს, რომ მთავრობაში მოსულ ახალგაზრდა, გამოუცდელ გუნდში მალე მოხდებოდა განხეთქილება და დაიშლებოდა; ასევე ფიქრობდნენ, რომ საქართველო ვერ შედგებოდა როგორც სახელმწიფო და სამოქალაქო ომიც დაიწყებოდა.

საქართველოს მთავრობამ, პარლამენტმა და საერთოდ, მთელმა ქვეყანამ ყველაზე უფრო ნეგატიური და სკეპტიკური პროგნოზები ერთხელ და სამუდამოდ გააქარწყლა, რადგან ძალიან მოკლე პერიოდის განმავლობაში საქართველო არა მარტო შედგა როგორც სახელმწიფო, არამედ იქცა ერთ-ერთ ყველაზე განვითარებად და რეფორმების თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ქვეყნად მსოფლიოში.

ეს მარტო იმით არ გამოიხატება, რომ მსოფლიო ბანკის რეიტინგით საქართველო მსოფლიოს ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყნად არის აღიარებული.

ბიზნესკლიმატის თვალსაზრისით 135-ე ადგილიდან ჩვენ 35-ე ადგილზე გადმოვინაცვლეთ, თუმცა არის ხალხი, რომელსაც მიაჩნია, რომ საქართველოს შეუძლია ამ მხრივ, ბევრად უფრო მაღალ მაჩვენებლებს მიაღწიოს.

ჩვენ ვაგრძელებთ რადიკალურ რეფორმებს და მიხარია, რომ ბევრი ქვეყანა ჩვენი რეფორმების მაგალითს იყენებს.

აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში ჩვენს რიტორიკასა და ლოზუნგებს იმეორებენ, მაგრამ მარტო ლოზუნგების გამეორება საკმარისი არ არის - საჭიროა პოლიტიკური ნება.

ქართველ ხალხს და მის კონსოლიდირებულ ხელმძღვანელობას რეფორმების განხორციელების პოლიტიკური ნება აქვს - ჩვენი ნება ურყევია და მომავალშიც ვაპირებთ, რომ ასე გავაგრძელოთ.

ჩვენს ხალხს საოცარი სიბრძნე და უნარი აღმოაჩნდა იმისა, რომ ინტუიციურად მიხვდეს რა არის სწორი და რა არის დემოკრატიული სისტემა.

დემოკრატიული სისტემა არის საზოგადოების მუდმივი მოლაპარაკება და შეთანხმება საკუთარ თავთან.

საზოგადოება წყვეტს თუ რამდენი უნდა იყოს გადასახადი ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ყველას ურჩევნია ნაკლები გადასახადი გადაიხადოს, მაგრამ ჩვენ შესანახი გვაქვს სკოლები, ასაშენებელი - საავადმყოფოები, შესაკეთებელი - გზები.

სად გადის საზოგადოების გადაწყვეტილების ზღვარი?

საზოგადოება მუდმივ დებატებშია საკუთარ თავთან, არიან პოლიტიკოსები, რომლებიც მიიჩნევენ რომ გადასახადები უნდა იყოს, მაგალითად, 30 პროცენტი, მეორენი, არჩევნებში გამარჯვების სანაცვლოდ, მოსახლეობას მათ დაკლებას ჰპირდებიან.

ასეთ შემთხვევებში ძალიან ბევრი ახალი სახელმწიფო გაება პოპულიზმისა და არარეალური დაპირებების მახეში.

მიკვირს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში არის ჩვენზე ბევრად უფრო წარმატებული სახელმწიფოები, სადაც დროდადრო რომელიმე არასერიოზული პოპულისტი ხმათა 35 პროცენტსაც აგროვებს.

საქართველოში ჩვენი ხალხი რაღაცნაირად, ინტუიციურად ხვდება სად გადის ზღვარი საზოგადოებრივ და პირად ინტერესს შორის, სად მთავრდება პირადი ინტერესი და იწყება საზოგადოებრივი.

ამ მხრივ, მრავალეთნიკურმა ქართულმა საზოგადოებამ გამოავლინა საოცარი სიმწიფე და უნარი ყველაზე უფრო დიდი ტრადიციების მქონე ერებს გაუტოლდეს.

საქართველოში არსებულ პოსტსაბჭოთადროინდელ კონფლიქტებზე ძალიან ბევრს საუბრობენ, მაგრამ ცოტამ თუ შეამჩნია, რომ ბოლო წლებში საქართველოში მოხდა მრავალრიცხოვანი ეთნიკური ჯგუფების ძალიან მნიშვნელოვანი ინტეგრაცია.

ბოლო წლების განმავლობაში ასეულობით ათასმა ეთნიკურად არაქართული წარმომავლობის ადამიანმა ისწავლა ქრთული ენა.

საქართველოში მცხოვრებმა ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა, სომხებმა, უკრაინელებმა, ესტონელებმა შეიგნეს, რომ ამ ერთიანი სახელმწიფოს სრულუფლებიანი წევრები არიან და ამ სახელმწიფოს განვითარების მიშვნელოვანი ფუნქცია ყველას ეკისრება.

ადგილობრივმა ეთნიკურმა ოსმა ლიდერებმა, რომლებიც 1990-იანი წლების დამდეგს იარაღით ხელში იბრძოდნენ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, გააკეთეს შეგნებული არჩევანი მშვიდობის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ შედიოდა არც სეპარატიზმის მხარდამჭერთა გეგმებში და არც ადგილზე წარმოდგენილ დიპლომატთა გეგმებში, რომლებსაც წინასწარ გამზადებული სქემები და სტერეოტიპები აძლევთ ხელს.

მათ განაცხადეს, რომ არ იქნებიან პაიკები გაურკვეველ დიდ თამაშებში.

საერთაშორისო თანამეგობრობა აანალიზებს, რომ საჭიროა ახალი მიდგომები და არა სტატუს-კვო-ს მუდმივი შენარჩუნება.

ეს ძალზე მახარებს, რადგან ამას საქართველო არ დაუშვებს.

მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ გვიხდება ჩამოყალიბებული კლიშეების გადალახვა.

ჩვენს შესახებ უცხოურ პრესაში მუდმივად იბეჭდებოდა - "გაღატაკებული საქართველო" - წელს საქართველო გადავა საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების კატეგორიაში.

ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენთან სიღარიბე აღარ იარსებებს, მაგრამ მის შესამცირებლად ყველაფერს გავაკეთებთ.

საქართველო ნამდვილად აღარ არის გაღატაკებული ქვეყანა, თუმცა ამის დიდი სურვილი აქვთ.

მეორე კლიშე, რომელიც უცხოურ პრესაში ხშირად იბეჭდებოდა საქართველოს შესახებ იყო "პაწაწინა საქართველო".

საქართველო ტერიტორიით ნიდერლანდებზე ორჯერ დიდია, ასევე დიდია სლოვაკეთზე, მაგრამ არასდროს არ წამიკითხავს და არც მსმენია, რომ ვინმეს ეს ქვეყნები "პაწაწინა ნიდერლანდებად" და "პაწაწინა სლოვაკეთად" მოეხსენებინოს.

არც „პაწაწინა ლუქსემბურგის" შესახებ მსმენია რამე, რომელიც დაახლოებით თბილისის ცენტრის ტოლია.

ეს ის კლიშეებია, რომელიც თანდათან ქრება.

ეთნიკურ კონფლიქტებთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ცხინვალის რეგიონში არანაირი ქართულ-ოსური კონფლიქტი არ არსებობს.

ეთნიკური ელემენტები აფხაზეთის ომის დროს იყო მხოლოდ, რასაკვირველია არა ეთნიკური ქართველების მხრიდან, რადგან საბჭოთა სამხედროები აგარაკებისათვის იბრძოდნენ.

აფხაზეთის ტერიტორიიდან 500 ათასი ადამიანი გააძევეს.

ეს მეოცე საკუკუნის დავიწყებული და ყველაზე „წარმატებული" ეთნიკური წმენდაა.

საერთაშორისო თანამეგობრობაშიც ნურავის გაუჩნდება სურვილი, რომ დევნილები უკან არ დაბრუნდნენ.

საქართველოს მთავრობა ასეთ პოლიტიკას არ შექმნის. ამაზე საუბარი შეურაცმყოფელია არა მხოლოდ საქართველოს ხელმძღვანელობისათვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის.

ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ ჩვენ შავი ზღვის სანაპირო ზოლის 235 კილომეტრზე ვსაუბრობთ, რომლიდანაც მინიმუმ 100 კილომეტრზე, პრაქტიკულად, არავინ არ ცხოვრობს.

ნურავინ ნუ მეტყვის, რომ ამას ვინმე უნდა შეეგუოს.

ჩვენ მშვიდობიანი დარეგულირების საკითხთან დაკავშირებით ყველას ხელს ვუწვდით.

ყველამ კარგად ვიცით, რომ სხვადასხვა გადაწყვეტილებების მიღებისას ვართ ძალიან მოქნილები და ამის პოლიტიკური ნებაც გვაქვს.

სტერეოტიპის ჩამოყალიბება იმის თაობაზე, რომ საქართველო არის ფეთქებადი ან არაპროგრესირებადი ქვეყანა, უადგილოა.

მრავალ სიტუაციაში ნათლად ვაჩვენეთ ყველას, რომ შეგვიძლია ვიყოთ თავშეკავებული და მოქნილი.

ჩვენ ვართ ქვეყნის მთავრობა და არა რომელიმე ეთნიკური ბლოკის წარმომადგენლები.

პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის დიალოგი წამოიწყო, რაც მართლაც უმნიშვნელოვანესი პროცესია და ამ დიალოგის წარმატებით წარმართვისათვის ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს მსურს მადლობა მოვახსენო.

საქართველოს პარლამენტში ყველა პოლიტიკურმა ძალამ დაუჭირა მხარი ცხინვალის რეგიონისათვის შემუშავებულ უკიდურესად მოქნილ გეგმას.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სულ ცოტა ხნის წინათ, ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო.

ეს განვითარების და სიმწიფის ახალი ეტაპია საქართველოს პარლამენტარიზმისთვის და ქართული დემოკრატიისათვის, ისევე როგორც ჩვენი ინტერგაცია ნატოში არის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი.

ეს ჩვენი ქვეყნის განვითარების, პრიორიტეტების განსაზღვრის, ბევრი სიახლის აღმოჩენის პროცესია და გვსურს, რომ შედეგიც მივიღოთ.

ჩვენ ორიენტირებული ვართ იმ პარტნიორებზე, რომლებიც პირდაპირ პოლიტიკას ატარებენ და კიხთვებზე ნათელ პასუხებს სცემენ.

გუშინ მქონდა საშუალება გავცნობოდი გაზეთ „ლე მონდის" სტატიას, რომელშიც ჟურნალისტი საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატებს უსვამდა მნიშვნელოვან შეკითხვას: „უჭერენ თუ არა მხარს უკრაინისა და საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირთან და მათ გაწევრიანებას ნატოში?"

რამდენიმე კანდიდატმა არაფრის მთქმელი პასუხი გასცა.

მიხარია, რომ ნიკოლას სარკოზიმ სრულიად ნათლად განაცხადა -„დიახ".

ყველა ეროვნულ პოლიტიკოსს უახლოესი არჩევნების გამოწვევა აქვს, მაგრამ მომავალი მხოლოდ იმ პოლიტიკოსებსა და ქვეყნებს აქვთ, რომელთაც კონკრეტულ შეკითხვებზე ნათელი პასუხის გაცემა და ყალბი გეოპოლიტიკური პრიორიტეტების ნაცვლად, ზნეობრივი არჩევანის გაკეთება შეუძლიათ.

ვფიქრობ, ამ მხრივ, ბევრი რამ უფრო ნათელი ხდება და აშკარად ვხედავთ ევოლუციას უკეთესი მიმართულებით.

საქართველოს დიდი გეგმები აქვს.

ჩვენ გვინდა, რომ საქართველო ამ რეგიონისთვის იყოს ისეთივე, როგორიც ჰონ-კონგი და სინგაპურია აზიისთვის, ხოლო დუბაი - ახლო აღმოსავლეთისათვის.

შემთხვევითი არ არის, რომ ამას წინათ, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტარო ასო სტაბილურობისა და დემოკრატიის წარმატების თაობაზე საუბრობდა.

ჩემთვის იყო ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი, რომ მან ამ მხარის ქვეყნებს შორის და მთელ ამ სივრცეზე საქართველო განვითარების ნიმუშად დაასახელა.

ეს ალბათ ჩვენი მნიშვნელოვანი მისიაა, რადგან, თუ ყალბად გაგებულ პრაგმატულ მოვლენებს აქვს გაერთიანების უნარი, დემოკრატიული პრინციპების დამცველმა ქვეყნებამაც უნდა შეძლონ საერთო გამოწვევების მიღება.

არავის არ უნდა ჰქოდეს ილუზია იმის თაობაზე, რომ საქართველოს ბედი მისი მონაწილეობის გარეშე შეიძლება გადაწყდეს, ან შეიძლება იყოს რაიმე გაცვლის და ვაჭრობის თემა.

მუდმივად არის საუბარი გლობალურ საკითხებზე.

სეპარატისტებმაც კი დაგვიწყეს ამაზე ლაპარაკი - სამი დღის წინათ, საქართველოს ტელევიზიით, სეპარატისტთა ლიდერი გვარიგებდა ჭკუას რომ თურმე არსებობს მსოფლიო გადანაწილება და ამ გადანაწილებისას საქართველოს საკუთარი ტერიტორიები არ ეკუთვნის.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს მას არ მოუფირებია, ამის თქმა, ალბათ, დაავალეს.

მინდა ყველას ესმოდეს, რომ ახალი იალტა და მიუნხენი საქართველოს შემთხვევაში განუხორციელებელია.

არსებობს პოლიტიკოსთა ერთი ჯგუფი, რომელსაც ასეთი ტიპის დათმობებსა და გარიგებებზე წასვლის ინსტიქტი აქვთ.

ეს არის საქართველოს სახელმწიფო და ამას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არასოდეს არ დავუშვებთ.

ამ საკითხთან დაკავშირებით, დიდ იმედს ვამყარებთ საერთაშორისო თანამეგობრობასა და თოთოეულ თქვენგანზე.

დემოკრატიული განვითარება არის სტაბილურობის მთავარი წყარო, მათ შორის კონფლიქტების დარეგულირების საქმეში.

კონფლიქტების მოგვარებისას 21-ე საუკუნეში ევროპული გადაწყვეტილებები გვჭირდება.

აფხაზეთის ომის დროს გამოვცადეთ მე-20 საუკუნის გადაწყვეტილებები, რომლებსაც ადამიანების სიცოცხლე და ქონება ემსხვერპლა.

ჩვენი სურვილია, რომ მეოცე საუკუნის გადაწყვეტილებები ოცდამეერთე საუკუნის გადაწყვეტილებებით გადავფაროთ, იმ გადაწყვეტილებებით, რომლებიც ეფუძნება სამართლიანობის პრინციპების პატივისცემას, ტერიტორიულ მთლიანობას და ყველა ეთნიკური ჯგუფის კანონიერ ინტერესებისა და უფლებების დაცვას.

ამ მხრივ, ჩვენთვის თქვენთან ურთიერთობა, უპირველეს ყოვლისა, არის პოლიტიკური პროცესი.

უწინარესად, ნატო არის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელთან ინტეგრაციაც კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაში, დემოკრატიის განვითარებაში, რეფორმების პროცესის დაჩქარებასა და გაღრმავებაში გვეხმარება.

ჩვენთვის მნივშნელოვანია, რომ ქვეყნაში რეფორმები გაგრძელდეს და კონკრეტული შედეგები მივიღოთ.

თქვენ შეგიძლიათ ნახოთ თბილისი, რომელიც აღარ არის დანგრეული და საქართველოს ბევრი ქალაქი, რომლებიც დღითიდღე ლამაზდება და ვითარდება.

2003 წელს საქართველოში 50 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, შარშან - მილიარდ ორასი მილიონის, წელს კი, ორი მილიარდი ევროს უცხოურ ინვესტიციას ველით, რაც პატარა ქვეყნისათვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების 1990-ანი წლების მაჩვენებლებს, ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ ოთხჯერ-ხუთჯერ აღემატება.

წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ორნიშნა რიცხვი იქნება.

პირველი სამი თვის განმავლობაში, წინასწარი მონაცემებით, 12-13 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. თუ ყველაფერი კარგად იქნება, შესაძლოა ამაზე მაღალ მაჩვენებელსაც მივაღწიოთ.

შარშან, სრული ემბარგოს პირობებში საქართველოს თითქმის 10 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა.

ეს ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ დემოკრატიის პირობებში მთავარი თემების გარშემო ნაციონალური კონსოლიდაციაა შესაძლებელი.

რა არის დემოკრატიის არსი ჩვენი ქვეყნისათვის?

ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, თუმცა ტალახიდან საკუთარი თავის ამოთრევა ჩვენივე ხელით მოვახერხეთ, რაც ერთიანი სულისკვეთებისა და ძალისხმევის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.

ეს მხოლოდ დემოკრატიის პირობებშია შესაძლებელი.

ყველაზე უფრო განათლებული და სწორი ხედვის მქონე ავტორიტარული მმართველებიც კი ვერ შეძლებდნენ საქართველოს მსგავსი ქვეყნის წარმატებულ ქვეყნად ქცევას, რომ არა პოლიტიკური დებატების ინტენსივობა.

ეს პროცესი პოლიტიკური კონსესუსის მიღწევას უწყობს ხელს.

ეს ოპოზიციის დამსახურებაა.

ინტენსიური დებატების შედეგად, კონსესუსს მივაღწიეთ.

გამოჯანმრთელებისათვის პოლიტიკური ტემპერატურის აწევაა კარგი და არა დაწევა.

ტემპარეტურის დაწევისას ადამიანი სუსტდება, ამიტომ თუ პოლიტიკური ტემპერატურა დაბალია, წინსვლაც მცირდება.

ხმაურიანი დებატები პრობლემას არ წარმოადგენს.

ნამდვილ პოლიტიკაში საჭიროა დებატები და ხმაურიანი კამათი.

ამის დასტური საქართველოს უდავო წარმატებაა, რასაც ყველა აღიარებს.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო არასამთავრობო ორგანიზაციების განსაკუთრებული წვილილი საქართველოს წარმატების საკითხში.

ეს არის ის ფენა, რომელიც საზოგადოების წინსვლაში მორალურ უპირატესობას ფლობს.

ეს ყველა სფეროს შეეხება - ნატოში ინტეგრაციასაც და ახალ რეფორმებსაც.

ახალ საქართველოში ასი ახალი საავადმყოფო შენდება და მიხარია, რომ შარშან ჩვენ უფრო მეტი გზა, საავადმყოფო და სკოლა ავაშენეთ, ვიდრე ბოლო 25 წლის განმავლობაში.

ხალხი, რომელიც ამ დარბაზში იმყოფება, მნიშვნელოვანი მოკავშირეა დემოკრატიული საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლების და ჩვენი ქვეყნის მომავლის ერთ-ერთი მთავარი მშენებელია.

რაც შეეხება ჩვენს ინტეგრაციას ნატოში, ინტენსიური დიალოგის პროცესს საქართველო შემოდგომით დაასრულებს.

ნატოს ბოლო მისია საქართველოდან დადებითი დასკვნით წავიდა - მათი შეფასებით, საქართველოს მიერ ტექნიკური მხარე ფრიადზეა შესრულებული.

ახლა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების საკითხი დგას.

იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილებას ის პოლიტიკოსები მიიღებენ, რომლებსაც ყველაზე მწვავე კითხვებზეც კი დადებითი პასუხის გაცემის უნარი აქვთ.

წელს საქართველო საბოლოოდ იქნება მზად ნატოში ინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად.

ჩვენ ველით დადებით გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ საქართველო ნატოს წევრობის ოფიციალური კანდიდატი გახდეს, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში მიიღოს სამოქმედო გეგმა, რაშიც

პარლამენტარების როლი გადამწყვეტი იქნება.

ეს საკითხი არ უნდა გადაწყდეს იმის მიხედვით, თუ როგორია ბუნებრივი გაზის ფასი და ამისათვის ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ.

ჩვენ გადაწყვეტილებებს არ ვცვლით.

დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო მაღალი ფასეულობები არსებობს, ვიდრე პრაგმატული მოსაზრებები.

მე ვხედავ, რომ ჩვენს მიმართ მხარდაჭერა ფართოვდება და თქვენგან ამ პროცესების გაღრმავებას ველით.

საქართველო, რა თქმა უნდა, იქნება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი, რადგან ეს ჩვენი ბუნებრივი ადგილია და არა დღევანდელი პრაგმატული მოსაზრებებით განპირობებული.

ვიყოთ თანამედროვე მსოფლიოში გავლენიანი მოწინავე კლუბების წევრი, არის ჩვენი ხალხის საუკუნოვანი ინსტიქტი და ნება-სურვილი.

მათ ბევრად უფრო ღრმა ფესვები აქვთ, ვიდრე ბოლო წლების ეკონომიკურ მოვლენებს.

სწორედ ამითაა განპირობებული, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას საზოგადოების მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს.

უკვე მივედით იმ ისტორიულ ეტაპამდე, რომ ჩვენი თაობა თქვენი მხარდაჭერითა და ხელშეწყობით საუკუნეების ოცნებას აისრულებს - გახდება მსოფლიოს მოწინავე კლუბების წევრი.

არა მხოლოდ საქართველოს სჭირდება ნატო, არამედ ნატოსაც სჭირდება საქართველო.

არა მხოლოდ ევროპა სჭირდება საქართელოს, არამედ ყველა პრაგმატულმა პოლიტიკოსმა იცის, რომ ევროპასაც სჭირდება თავისი ისტორიული შემადგენელი ნაწილი - საქართველო.

ჩვენ სწრაფად მივდივართ ერთმანეთის აღმოჩენისკენ და დარღვეული ისტორიულ-კულტურული კავშირის სრული აღდგენისაკენ.

დიდი მადლობა!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)