Google+

სიახლეები

20.07.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დავით ბაქრაძე წარადგინა

მინდა მოგესალმოთ!

გუშინ გავავრცელეთ ინფორმაცია კონფლიქტების მოწესრიგების დარგში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, დღეს კი მსურს ოფიციალურად განვაცხადო, რომ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე მერაბ ანთაძე დავით ბაქრაძემ შეცვალა.

უნდა ვთქვა, რომ ეს ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რადგან დავით ბაქრაძე საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანი შენაძენია.

დარწმუნებული ვარ, რომ იგი თავს დაიმკვიდრებს და ჩვენი ქვეყნისათვის ბევრ სასარგებლო შედეგს მიაღწევს.

ეს გადაწყვეტილება მივიღე, რადგან მიმაჩნია, რომ მას ევროკავშირის სტრუქტურებთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვს.

მისი გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობებსა და პოლიტიკაში ძალზე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენი მოქმედება კონფლიქტების მოგვარების მხრივ ბევრად უფრო ინტენსიური გავხადოთ მთელ ფრონტზე.

მიმაჩნია, რომ დავითმა შესანიშნავად იმუშავა პარლამენტში და ამ მხრივაც, კარგი პოტენციალი აქვს.

ამავე დროს, მსურს განსაკუთრებულად აღვნიშნო მერაბ ანთაძის დამსახურება მთავრობაში და, ზოგადად, ქართული სახელმწიფოს წინაშე.

მერაბ ანთაძე ერთ-ერთი პირველი დიპლომატიური კადრია საქართველოსთვის.

მაშინ, როდესაც ქართული სახელმწიფო არ არსებობდა, მერაბი იყო ის კაცი, რომელმაც ჩვენს დიპლომატიაში პროფესიული ტალღის შექმნა და, პრაქტიკულად, თავისი სკოლის ჩამოყალიბება შეძლო.

იგი ყველა მოლაპარაკების მონაწილე იყო და მისი რჩევები რომ ყოველთვის გაეთვალისწინებინათ, ალბათ ბევრად უკეთესად ვიქნებოდით, მაგრამ სამწუხაროდ არ გაითვალისწინეს.

მიხარია, რომ საქართველოში გამოჩნდა ხალხის მთელი ჯგუფი, რომელიც მთელი გულით, გულწრფელი რწმენით ემსახურებიან საკუთარ ქვეყანას - მერაბ ანთაძე მათი ბრწყინვალე წარმომადგენელია.

მათ აქვთ პროფესიონალიზმი, პატრიოტიზმი და ენთუზიაზმი, ემსახურონ საკუთარ სამშობლოს.

ეს მართლაც სასიხარულოა და ამისათვის მსურს მერაბ ანთაძეს მადლობა ვუთხრა.

იგი კვლავაც გააგრძელებს მუშაობას მნიშვნელოვან დიპლომატიურ პოსტებზე.

მთავრობაში დღეს პროგნოზირებადი სიტუაციაა.

მსურს მერაბ ანთაძეს ქართული სახელმწიფოს წინაშე შეტანილი წვლილისთვის არა მარტო მადლობა მოვახსენო, არამედ ღირსების ორდენიც გადავცე, როგორც მისი ღვაწლის განსაკუთრებული აღნიშვნა.

გმადლობთ!

ასეთი კადრები სათანადოდ უნდა დავაფასოთ და ხელი შევუწყოთ, რაც ძალზე მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება კონფლიქტების დარეგულირებას მინდა ვთქვა, რომ საქართველომ ამ მხრივ ძალიან ზუსტი კრიტერიუმი გამოიმუშავა.

ეს ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.

დღეს ბევრად უფრო უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ბევრად მეტი რესურსი გვაქვს ეკონომიკური განვითარებისა და პოლიტიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით, ჩვენი საზოგადოების დისციპლინის, ორგანიზებულობისა და განსაკუთრებული მზადყოფნის მხრივ, ამ კონფლიქტების მოსაგვარებლად.

ეს კონფლიქტები ყველა მოქალაქის ჯგუფის, თემის, სოფლისა და ქალაქის ინტერესთა გათვალისწინებით; ყველა ჯგუფის კულტურისა და იდენტურობის შენარჩუნებისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნით; საერთაშორისო თანამეგობრობისა და, განსაკუთრებით, ევროპის კავშირის ჩართვით უნდა მოვაგვაროთ.

ჩვენ ძალიან გვინდა, რომ დავით ბაქრაძის ამ თანამდებობაზე დანიშვნა აღქმული იყოს ჩვენს მზადყოფნად, ბევრად უფრო აქტიურად ჩავრთოთ ამ პროცესში ევროკავშირი და ამ საკითხებზე ბევრად უფრო ინტენსიური დიალოგი განვაგრძოთ რუსეთის ფედერაციასთან.

საქართველო თავისი განვითარების ძალზე მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის და ამ პროცესის გასაგრძელებლად ძალზე დიდი ძალისხმევა გვჭირდება.

დიდი ძალისხმევა გვჭირდება არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფისა და ყველა მოქალაქის უფლებების განუხრელად დაცვით, ასევე გასულ წლებში ამ ტერიტორიებიდან უსამართლოდ გამოყრილი იმ ხალხის დასაბრუნებლად, რომელთაც ერთ-ერთ უმთავრეს უფლებაზე - საკუთარ სახლებში, დაცულ გარემოში ცხოვრებასა და არსებობაზე უთხრეს უარი.

დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და ყველაფერს გამოვასწორებთ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)