Google+

სიახლეები

26.10.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საგურამოში ფეხბურთისა და რაგბის ნაკრებების ახალ საწვრთნელ ბაზას ესტუმრა

უწინარეს ყოვლისა მივესალმები ბავშვებს, მივესალმები ჩვენი სპორტის ბრწყინვალე წარმომადგენლებს, ჩვენს მიერ ნაციონალიზებულ კლაუს ტოპმიულერს, ასევე რაგბის ნაკრების მწვრთნელებსა და მოთამაშეებს, ასანიძეს, ზვიადაურს და ქართული სპორტის სხვა ლეგენდებს.

უპირველესად, აღვნიშნავ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ბოლო წარმატებას.

როდესაც საქართველო-შოტლანდიის საფეხბურთო მატჩს ვესწრებოდი, პარალელი გავავლე თბილისის "დინამო"-სა და ლივერპულის მატჩს შორის.

მაშინ ყველა დარწმუნებული იყო "დინამო"-ს გამარჯვებაში და ასეც მოხდა - თბილისში "დინამო"-მ ძალზე დამაჯერებლად მოუგო ლივერპულს.

ეს იყო აბსოლუტური სენსაცია.

ამ მატჩით დაიწყო ქართული ფეხბურთის აღორძინება, ხოლო ქართულ ფეხბურთში - ახალი ეპოქა.

ასეთივე განცდა მქონდა შოტლანდიასთან გამართული მატჩის დროსაც -

ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ მართლაც, ქართულ რეალობაში ახალი ფეხბურთი დაიბადა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია წმინდა ადამიანური თვალსაზრისით; ასევე იყო ვინდიკაციის განცდა, რადგან როდესაც კლაუს ტოპმიულერმა ნაკრებში წესრიგის დამყარება დაიწყო, მას აუჯანყდნენ და ათასგვარი პრობლემა შეუქმნეს.

დიდი მადლობა მსურს გადავუხადო გიორგი ნემსაძეს იმისათვის, რომ მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ამ სპორტის შემდგომი განვითარება, მათ შორის, მისი მონაწილეობით გაგრძელებულიყო.

მე ვხედავ რას აკეთებს კლაუს ტოპმიულერი - იგი გუნდიდან გუნდში დადის და ხან რომელიღაც პატარა გუნდის მატჩს ესწრება, ხან კი ახალგაზრდული ნაკრებებისა და პატარების თამაშებს ადევნებს თვალს.

საფეხბურთო ნაკრებისთვის იგი ასეთი მეთოდით მთელი საქართველოს მასშტაბით აგროვებს ტალანტებსა და ახალ ძალას.

ეს სწორედ ისაა, რასაც მუდმივად უნდა ვაკეთებდეთ ჩვენი ქვეყნისათვის.

მთავარი ის კი არ არის ვის როგორი სახელი აქვს და ვინ როგორი ვარსკვლავია, არამედ ის, თუ ვის როგორ უძგერს გული და ვის როგორ შეუძლია იბრძოლოს გამარჯვებისათვის შიშის გარეშე.

მე ვნახე ის 17 წლის ბიჭები, რომლებსაც შიშის გრძნობა ყველაზე ავტორიტეტულ მოწინააღმდეგესთანაც კი არა აქვთ.

შოტლანდიის ნაკრები მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რომელმაც საფრანგეთის ნაკრებს ორჯერ მოუგო - საფრანგეთსა და სახლში.

მე ვნახე შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელის გამოსვლა ბიბისი-ს ეთერით - მან აღნიშნა, რომ ვერც კი მიხვდა რა მოხდა და რა გაუკეთეს მის ნაკრებს თბილისში.

მოხდა ის, რომ მათ საქმე ჰქონდა ახალი ქართული ფეხბურთის გუნდთან, რომელიც ძველი ტრადიციების, არველაძეების, კალაძის და სხვა ცნობილი ფეხბურთელების ტრადიციების გამგრძელებელია.

ყველაზე მეტად იმის შიში მქონდა, რომ ეს ტრადიციები შეწყდებოდა და სამუდამოდ მიეცემოდა დავიწყებას.

როგორც ჩანს, ახლა ეს აღარ მოხდება.

უპირველესად, არ მოხდება იმიტომ, რომ საქართველოში ათასი ახალი სტადიონი შენდება, არ მოხდება იმის გამო, რომ ამ ბიჭებმა აჩვენეს, თუ როგორ უნდა მიაღწიო წარმატებას საკუთარი შრომით.

არასოდეს არ დამავიწყდება ის დღე, როდესაც პირველად შოთასთან და აჩისთან (არველაძეებთან) ჩავედი ამსტერდამში და ვნახე როგორ უყვარდათ ისინი ჰოლანდიელებს.

1998 წელს ერთ-ერთ შეხვედრაზე ერთმა ჰოლანდიელმა მკითხა: თქვენი პრეზიდენტი ვინ არის, მგონი შარველაძე არა?

ეს იმის მანიშნებელია, თუ რა სახის ლეგენდებთან გვქონდა საქმე.

სხვა ე.წ. ვარსკვლავებისგან განსხვავებით, ვნახე როგორ მუშაობდნენ ისინი იქ და, იმავე დროს, როგორი მოკრძალებულები იყვნენ, როგორ შრომობდნენ დღე და ღამე წარმატების მისაღწევად.

ჩვენს ფეხბურთსა და ზოგადად სპორტში სწორედ ასეთი, ახალი პროცესი მიმდინარეობს.

მახსოვს 1970-იანი და 1980-იანი წლების ჩვენი "დინამო".

კარგად მახსოვს ისიც, თუ როგორ დაამყარა წესრიგი მაშინ ნოდარ ახალკაცმა (უფროსმა), როგორ გაუჭირდა მასაც და როგორ აუჯანყდნენ თავიდან.

ნოდარ ახალკაცს (უფროსს) ნამდვილი რევოლუციური გარდაქმნების განხორციელემა მოუწია და შეეხო ისეთ ადამიანებს, რომლებზეც შეხება აბსოლუტურად მიღებლად მიიჩნეოდა.

თუმცა მან მოახერხა გარღვევა და აქ გვესწრებიან ჩვენი ლეგენდები ოთარ გაბელიას, გრიგოლ ცაავასა და სხვათა სახით, რომლებსაც ეს ჩემზე უკეთ ახსოვთ.

ის პერიოდი სხვა მხრივ - ტრიბუნიდან გვახსოვს და ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო.

ამჟამად განახლების პროცესი ხელახლა იწყება.

ის, რომ ჩვენ 1990-იან წლებში გვყავდა ვარსკვლავები, ახალკაცის მიერ დაწყებული გარდაქმნების პირდაპირი შედეგი და მემკვიდრეობა იყო.

ახლა ამ საქმეს ახალი უშიშარი ბიჭები აგრძელებენ.

მათ შიშის განცდა გადააქვთ და მზად არიან, რომ ბოლომდე ეკვეთონ მოწინააღმდეგეს.

ეს მართლაც ახალი, უმნიშვენლოვანესი პროცესის დასაწყისია.

ასევე მსურს ჩვენს რაგბისტებს ვუთხრა, საფრანგეთის ნაკრებთან თამაშისას საფრანგეთის პრეზიდენტთან ნიკოლა სარკოზისთან ერთად ვიჯექი და მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი ყველაზე წარმატებული მატჩი არ იყო და ბოლოსთვის განწყობა წამიხდა კიდეც, მთლიანობაში ძალიან ვამაყობდი ჩვენი ნაკრებით.

დღემდე მთელი სპორტული სამყარო ლაპარაკობს საქართველოს რაგბის ნაკრების ფენომენზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი რეკლამაა.

საფრანგეთის გაზეთებში პოლიტიკური განხრით 500 დადებითი სტატია რომ დაწერილიყო იმდენს ვერ გააკეთებდა, რამდენიც თქვენმა რამდენიმე თამაშმა გააკეთა საფრანგეთისთვის, ინგლისისთვის, ავსტრალიისთვის და მთლიანად მთელი მსოფლიოსთვის.

ამ სპორტის ფენომენი კი განსაკუთრებული იმიტომაა, რომ საქართველოში რეალურად რაგბის მხოლოდ ერთი სრულფასოვანი მოედანია და ისიც ისეთი არ არის, როგორიც უნდა იყოს.

ჩვენი რაგბის ფენომენი, მართლაც, პატრიოტთა დიდი ჯგუფის შიშველ ენთუზიაზმს ეფუძნება.

ჩვენ ვიცით, რომ ერთმანეთს ვეხმარებით.

ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლისას ვთქვი, რომ ჩვენი მორაგბეები ფეხბურთელებისგან განსხვავებით კარგად ასრულებენ ჰიმნს-თქო, შოტლანდიასთან თამაშის შემდეგ კი, როდესაც ფეხბურთელთა გასახდელში შევედი, პირველი, რაც ნაკრების ერთ-ერთმა თავკაცმა მითხრა იყო ის, რომ არც ფეხბურთელები უდებენ ტოლს ჰიმნის შესრულებაში.

მართლაც ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული.

რამდენიმე წლის წინათ ბავშვებმა საქართველოს დროშის ფერებიც კი არ იცოდნენ კარგად, რადგან ბორდოსფერ-შავ ფერებში გადაწყვეტილ დროშას სულ სხვადასხვა ფერებად აღვიქვამდით-ხოლმე; აღარაფერს ვამბობ ჰიმნის ტექსტთან დაკავშირებით - მისი სიტყვები თავიდან ბოლომდე არც საქართველოს პრეზიდენტმა იცოდა და არც ზოგიერთმა მინისტრმა.

ახლა სულ სხვა ვითარებაა - ქვეყანაში ერთობის განცდა გაჩნდა.

დღეს დიდი, ახალი პროგრამის პრეზენტაციას ვაწყობთ.

თქვენ იცით, რა ამბავი ატყდა სპორტის აკადემიისა და სპორტის დეპარტამენტის ფართობების პრივატიზაციასთან დაკავშირებით.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ასანიძეს, ზვიადაურს, ასევე სხვა სპორტსმენებს იმისათვის, რომ ძლიერი სპორტსმენები არიან და ჭეშმარიტი მოქალაქეები აღმოჩნდნენ.

საბოლოო შედეგი არის ის, რასაც მივიღებთ.

ჩვენს განზრახვებთან დაკავშირებით ყველა საკუთარი გაფუჭებულობის მიხედვით მსჯელობს - ვერ მიხვდნენ, რომ ჩვენ სახლში არაფერი არ მიგვაქვს, რადგან ჩვენი სახლი ეს ქვეყანაა და ყველაფერი სწორედ ამ სახლისთვის გვინდა.

მოედნები, რომლებიც აშენდება იქნება ჩვენი, მშენებარე სასტუმროებიც ჩვენი იქნება, იგივე შეეხება გზებს, სკოლებს და უნივერსიტეტებს, აეროპორტებსა და სადგურებს.

ეს ქვეყანა ჩვენია და დიდი ხნის წინ უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ მთავარი არა რამდენიმესართულიანი ვილების მშენებლობაა, არამედ ის, რომ ჩვენს მიერ აშენებული და შექმნილი ობიექტებით ვიამაყოთ.

ჩვენი ქვეყანა ცნობილი იქნება არა მხოლოდ იმით, რომ "შარველაძეები" გვყავს, არამედ იმით, რომ ძლიერი ქვეყანა ვართ.

მინდა წარვადგინო ახალი პროგრამა.

სახელმწიფო ბიუჯეტში პრივატიზაციით შესული ფულის მეშვეობით, უმაღლესი სპორტული განათლების მისაღებად, ახალი სტანდარტებით აღიჭურვება ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის სპორტის აკადემიასთან არსებული კომპლექსები "სკა", "ქარიშხალა"; დაიწყება უეფა-სა და რაგბის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 8 სტადიონის მშენებლობა - ბათუმსა და ქუთაისში აშენდება რაგბისა და ფეხბურთის თანამედროვე ბაზები; თბილისში, რუსთავსა და ფოთში - რაგბის 5 მრავალმინდვრიანი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კომპლექსი; საქართველოს 13 რაიონში აშენდება რაგბის სკოლები; 10 რაიონში არსებულ სპორტულ სკოლებში გაიხსნება რაგბის სექციები. 8 საფეხბურთო კლუბი გადავა კერძო ინვესტორების ხელში გარანტირებული 10-წლიანი ბიუჯეტით.

გუშინ ზუგდიდისა და თელავის გუნდების თამაშს დავესწარი - ზუგდიდში ფეხბურთი პრაქტიკულად ჩამკვდარი იყო. უნდა ნახოთ როგორ გამოაცოცხლა იქაურობა ამ გუნდმა და ახალი სტადიონის მშენებლობამ, რომლის მხოლოდ პატარა ნაწილია დასრულებული და გადახურული.

არადა, ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელები სწორედ დასავლეთ საქართველოდან იყვნენ, ორი წლის წინათ ფეხბურთი არ არსებობდა.

დარწმუნებული ვარ, ის, რომ იქ ეს სპორტი აღორძინდა, ხოლო შემდეგ აფხაზეთშიც აღორძინდება, აუცილებლად მოგვცემს ახალ ტალანტებს და შესაძლებლობებს.

რაგბის ათი გუნდიც გადავა კერძო ინვესტორების ხელში, ასევე გარანტირებული ბიუჯეტით, რასაც თავად გავაკონტროლებთ.

სამი წლის განმავლობაში დაფინანსდება ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 11 მილიონი ამერიკული დოლარია.

იგივე პროგრამა განხორციელდება რაგბის მიმართულებითაც.

ასევე ინტენსიურად განვითარდება ბავშვთა სპორტი.

სპორტულ კომპლექსებს მთელი საქართველოს მასშტაბით ვაშენებთ - გუშინ ზუგდიდში ვნახე მშენებარე კომპლექსი, ქუთაისში შენდება ძალიან კარგი სპირტის სასახლე, შენდება სენაკში, ოზურგეთში, აშენდა ახალქალაქსა და ნინოწმინდაში...

ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლისას საქართველოში 2-3 საცურაო აუზი თუ იყო, ისიც მხოლოდ თბილისში, ახლა კი უმაღლესი მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი რამდენიმე ათეული აუზია ბორჯომშია, ბათუმში, თელავში...

მთელ საქართველოში კეთდება ჩოგბურთის კორტები.

ეს სპორტი ავაღორძინეთ თელავში და ახლა კორტებს ვაშენებთ გორში - იქ არასოდეს არ ყოფილა თანამედროვე კორტი.

ვქმნით ბაზებს კალათბურთისთვის.

იგივე შეეხება სპორტის ყველა სახეობას, მაგრამ ფეხბურთი და რაგბი ოლიმპიურ სახეობებთან ერთად აბსოლუტური პრიორიტეტია.

სხვათა შორის, ძალიან მესიამოვნა, როდესაც ბოლო ჩემპიონატიდან ბერძნულ-რომაულ ჭიდაობასა და ძიუდოში სერიოზული ჯილდოებით დავბრუნდით.

თუმცა სულ არ დამწყდა გული ჯარჯი ზვიადაურმა რომ წააგო, რადგან მამლუქების დრო საქართველოში დასრულდა - თუ შენს საქმეში ძლიერი ხარ, ძალიან ლამაზი ხუთჯვრიანი დროშის ქვეშ უნდა იასპარეზო.

დასრულდა ის პერიოდიც, როდესაც სხვა ქვეყნის სახელით მოასპარეზე ჩვენი თანამემამულეების წარმატებები გვიხაროდა, თუ ვინმე ჩვენი თანამემამულეა, ეს სპორტშიც უნდა დაამტკიცოს და საქართველოში უნდა იყოს.

ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში ეს იქნება წესი, და არა გამონაკლისი.

ძალზე ბედნიერი ვარ, რომ უკვე აშენდა ასობით ახალი სტადიონი და გეგმაში გვაქვს ათასობით მოედნის აშენება.

ძალიან მახარებს ის, რომ ამ სტადიონებზე ღამის სამ საათამდე თამაშობენ და ვარჯიშობენ ბავშვები და მოზარდები.

იცით, რატომ მეშინოდა, რომ არველაძეების ტრადიცია დაიკარგებოდა?

- 1990-იან წლებში დაანგრიეს მოედნები და მათ ნაცვლად ფარეხები ააშენეს, მათ შორის იმ ეზოშიც, სადაც მე გავიზარდე.

ფარეხების უკან კი ფეხბურთს ვერ ითამაშებ, იქ მხოლოდ ნარკოტიკების კეთებაა შესაძლებელი.

ეს ტრადიცია ჩვენ უკან შემოვაბრუნეთ და თანაც - ძალზე რადიკალური მოქმედებებით.

ამისათვის დიდ მადლობას მოგახსენებთ.

ჩვენ სპორტს უკიდურესად სერიოზულად ვეკიდებით, ეროვნული და ჯანსაღი სულისთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ხოლო ადამიანური თვალსაზრისით დიდი სიამოვნებისა და იმედების წყაროა.

მინდა კიდევ ერთხელ მოგესალმოთ.

ჩავთვალოთ, რომ ამ პროგრამის განხორციელება დღევანდელი დღიდან დაიწყო და დასახულ ვადებში, ე.ი. ძალიან მალე დასრულდება.

ყველა ეს სტადიონი, მოედანი და ახალი სპორტული სკოლა უნდა გაიხსნას.

ამისათვის, ვეტერანი და მოქმედი თითოეული სპორტსმენის ენერგია, ნიჭი და ენთუზიაზმი გვჭირდება, ხოლო სახელმწიფოსგან ასპროცენტიან მხარდაჭერას გპირდებით.

დიდი მადლობა!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)