საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე
პრეზიდენტო დე პუიგ, ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო მეგობრებო,
პატივი მაქვს შემოგიერთდეთ ამ ასამბლეაზე, რათა ერთობლივად კიდევ უფრო წინ წავწიოთ ჩვენი შრომა საქართველოში დემოკრატიის, პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის გაძლიერების გზაზე.
თქვენი გულითადი მოწვევა ნებას მომცემს გაგიზიაროთ ის, რაც, დარწმუნებული ვარ, მართლაც მნიშვნელოვანია ჩვენი კითხვა-პასუხის სესიაზე.
ნება მიბოძეთ გამოვხატო განსაკუთრებული მადლიერება ჩემი თანამომხსენებლების - ბატონი კასტრიოტ ისლამის და ბატონი მათიას იორშის მიმართ მათ მიერ გაწეული მძიმე შრომისა და დროული რჩევებისათვის, ორივე მათგანმა არსებითი როლი შეასრულა; ასევე თითოეული თქვენგანის მიმართ, ვინც მონაწილეობა მიიღო სადამკვირვებლო მისიაში და დღეს აქ ბრძანდებით.
განსაკუთრებით მადლიერი ვარ იმის, რომ ასამბლეის კარი ჩვენთვის ყოველთვის ღიაა, ტრიუმფის დროსაც და მღელვარე პერიოდშიც.
დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ის სიბრძნე, რომელიც ბოლოხანს გამოავლინა ასამბლეამ, ყველაზე ძვირფასი რამ არის ისეთი ახალგაზრდა დემოკრატიისათვის, როგორსაც ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს.
საქართველოს მოსახლეობა და ჩემი მთავრობა მიისწრაფვის სტაბილური და ჯანსაღი სახელმწიფოს შენებისაკენ, ისეთი სახელმწიფოსი, რომელიც დაფუძნებული იქნება არა ცალკეულ პიროვნებებზე, არამედ ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე.
ყველა დემოკრატიის მსგავსად, ჩვენი ქვეყანაც დინამიურ სამუშაო პროგრესში იმყოფება.
რამდენიმე კვირის წინათ, ამ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით იმით, რომ პირველად ჩვენს ისტორიაში, ჭეშმარიტად კონკურენტული არჩევნები ჩავატარეთ.
ნებისმიერმა პიროვნებამ, ვინც საქართველოში ბოლო ორი თვის განმავლობაში იმყოფებოდა, იცის რამდენად მთრთოლვარეა ჩვენი დემოკრატია - შვიდი კანდიდატი ხმამაღლა და გარკვევით გამოხატავდა ჩვენი მომავლის სხვადასხვა ხედვას.
მე ამაყი ვარ, რომ ჩვენი ისტორიის მნიშვნელოვანი გარდატეხის ფაზაში, სწორედ საქართველოს მოქალაქეებმა შენაირჩუნეს ძალაუფლება გადაეწყვიტათ ჩვენი ქვეყნის კურსი და ეს არჩევნების გზით მოხდა, რომელმაც სრულად მოიცვა ხალხის ნება.
დღეს საქართველოში დემოკრატია ბევრ სხვადასხვა ხმაზე საუბრობს.
მე ვაფასებ და მივესალმები ამ ბევრ სხვადასხვა ხმას - ეს დემოკრატიული გუნდის ხმაა, ხმა, რომელზეც ჩვენი მომავალი უნდა აშენდეს.
მაშინ როდესაც, ჩვენი პროგრესი დემოკრატიული და ელექტორული ინსიტუტების მშენებლობისა ასე რეალურია, ამ ბოლო რამდენიმე თვემ კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, თუ რამდენად დიდი გზა გვაქვს გასავლელი.
ჩემი მთავრობის სახელით მინდა გამოვხატო ის მადლიერება, რომელიც ჩვენი მეგობრების და პარტნიორების მიმართ გვაქვს - ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ - თქვენი რჩევებისა და მხარდაჭერისათვის, იმ დროს, როდესაც ჩვენ დემოკრატიის რთულ და გამოწვევებით სავსე გზაზე ვმოგზაურობთ.
და გთხოვთ ნება დამრთოთ, პირადად დაგარწმუნოთ იმაში, რომ მიუხედავად იმისა, თუ რამდენად რთული იქნება ეს გზა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი მსხვერპლის გაღება მოგვიხდება, ჩვენ არ დავმარცხდებით.
იმით, რომ პრეზიდენტის არჩევნები ჩავატარეთ, ფართოდ გავუღეთ კარი დემოკრატიულ სამყაროს და საქართველო ნებაყოფლობით გახდა დემოკრატიის ლაბორატორია.
თუკი ამ ლაბორატორიაში მიკროსკოპის ქვეშ მოათავსებთ ნებისმიერ საგანს ნებისმიერ დროს, გარკვეულ ლაქებს აუცილებლად აღმოვაჩენთ.
დღესვე, მოგვიანებით, თქვენ ორშაბათს დაწყებულ დისკუსიას გააგრძელებთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გავაუმჯობესოთ საარჩევნო პროცესი და ეჭვგარეშეა ის, რომ ასეთი ლაქა ბევრია, რადგან ჩვენი სახელმწიფო ჯერ კიდევ ახალგაზრდაა.
ჯერ არც ერთ პასუხისმგებელ დამკვირვებელს, საშინაოს თუ საერთაშორისოს, არ განუცხადებია, რომ ჩვენს საარჩევნო პროცესში აღმოჩენილი დარღვევები გავლენას მოახდენდა ქართველი ამომრჩევლის სურვილზე.
ჩვენი გადაწყვეტილება - მოგვეპატიჯა 1000 საერთაშორისო დამკვირვებელი და გავცნობოდით 34 ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების კვლევებს, ასახავს ჩვენს სწრაფვას ტრანსფარანტულობის უზრუნველყოფისა და დაცვისაკენ.
ეს ასამბლეა ბევრი ხმისა და სხვადასხვა აზრის გამოძახილია, მე ვგრძნობ, რომ ჩემს მეგობრებს შორის ვარ: ჩვენ გვაერთიანებს საერთო სწრაფვა - ვაშენოთ უფრო მიუკერძოებელი, უფრო დემოკრატიული და უფრო სამართლიანი საზოგადოება.
ყველაზე კარგი მეგობრები არა მხოლოდ უნდა გვაქებდნენ, არამედ კონსტრუქციულ რჩევებსაც უნდა გვთავაზობდნენ.
ერთი ხელით ისინი მიგვითითებენ ჩვენს სისუსტეებზე, ხოლო მეორე ხელით გვიჩვენებენ წინ წასასვლელ გზას.
ამ ბილიკზე ისინი ჩვენთან ერთად მოგზაურობენ, რადგანაც ჩვენ საერთო ბედი გვაქვს.
ყურდღებით მოვისმენ ნებისმიერ იდეას, რომელიც დაგვეხმარება დავრწმუნდეთ, რომ საქართველოსთვის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების გზაზე საპარლამენტო არჩევნები კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
მე ამ იდეების შესაბამისად ვიმოქმედებ.
მსურს გაგიზიაროთ ზოგიერთი ის ინიციატივა, რაც ახლა საქართველოში დამუშავების პროცესშია.
საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მინისტრთა კაბინეტშიც და სხვა მაღალ თანამდებობებზე თანამშრომლობა შევთავაზეთ.
მნიშვნელოვან ნაბიჯებთან დაკავშირებით შეთანხმება უკვე შედგა.
ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს, რადგან დებატები და განსხვავებული აზრი დემოკრატიისათვის არსებითია.
ჩვენს მთავრობაში დღეს ახალ მინისტრთა კაბინეტს გამოვაცხადებთ, რომელიც დაკომლექტებული იქნება ახალი სახეებით. ისინი ახალ ენერგიას, ახალ იდეებს და ახალ ჯგუფურ ინტერესებს მოიტანენ.
ეს ხალხი ჩვენი საზოგადოებრიობისა და ბიზნესსამყაროს წამყვან სახეებს წარმოადგენს.
ახალი კაბინეტი, რომელსაც ეფექტური პრემიერ მინისტრი ხელმძღვანელობს, ინტენსიურ დიალოგში ჩაერთვება საზოგადოების ყველა წევრთან - მან უნდა გაიზიაროს ყველა აქციონერის ინტერესები.
განვლილ არჩევნებზე ფიქრისას, ვრწმუნდები, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო არა ის, თუ ვის მისცა ხმა ქართველმა ხალხმა, არამედ ის, თუ როგორ და რას მისცეს მათ ხმა.
მათ ხმა მისცეს სიღარიბის შემცირებას საქართველოში, რაც დღეს ჩვენი საზოგადოების უმაღლესი და უმთავრესი პრიორიტეტია.
მათ ხმა მისცეს დაბალანსებულ, მაგრამ გადამწყვეტ რეფორმებს, რაც ჩვენი საზოგადოების დახვეწისათვისაა საჭირო.
საკუთარი ხმებით, ჩვენმა მოქალაქეებმა დაადასტურეს საქართველოს დიდი სურვილი გაერთიანდეს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში - პლებისციტის შედეგების მიხედვით, საქართველოს მიზანს - გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა, 77 პროცენტმა დაუჭირა მხარი.
დაბოლოს, ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ პროგრესი გვაქვს იმ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის თვალსაზრისით, რომლებიც დროს ბევრად მეტად გაუძლებს, ვიდრე ნებისმიერი ინდივიდუალური პირი.
ეს ის მისიაა, რომლის შესრულებაც მე და ჩემს ხელისუფლებას შეგვიძლია და უნდა განვახორციელოთ კიდეც.
სულ რაღაც ოთხი წლის წინათ, საქართველოს მოსახლეობა გაერთიანდა, რათა უიმედობისა და უძრაობის ჯაჭვი გაგვერღვია.
ჩვენ მიერ განხორციელებულმა მასშტაბურმა რეფორმებმა, გახსნა ჩვენი საზოგადოება, გაათავისუფლა ჩვენი ეკონომიკა, გაანადგურა ბანდიტიზმი, გააძლიერა ქვეყანა და საშუალება მისცა ჩვენს ხალხს გამოეყენებინა საკუთარი ნიჭი ახალი ინვესტიციების მოსაზიდად და სამუშაო ადგილების შესაქმნელად.
მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს ვენეციის კომისიაში, ევროპის კომიტეტს წამების პრევენციაში და GRECO-ს, რომლებიც ამ ტრანსფორმაციის პერიოდში ჩვენთან ერთად მუშაობდნენ.
თუმცა, ძალიან გთხოვთ არც ის დაგვავიწყდეს, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩვენ გვერგო დანგრეული სახელმწიფო, რომელშიც კორუფცია იყო კანონიმ მაშინ, როდესაც დღეს კორუფცია მხოლოდ გამონაკლისია.
ელექტროენერგია იყო ზეიმის საბაბი, ხოლო სიბნელე - ცხოვრების სტილი.
დღეს საქართველოს ყველა მოქალაქეს 24 საათის განმავლობაში აქვს ელექტროენერგია, ამასთანავე, ელექტროენერგიის ექსპორტს მეზობელ ქვეყნებშიც ვახორციელებთ.
ჩვენს უნივერსიტეტებში მოხვედრა მხოლოდ ქრთამის და პირადი კავშირების საშუალებით იყო შესაძლებელი.
ის, რომ ამ კარის გაღება უკვე ყველასათვის არის ხელმისაწვდომი, ერთიანი ეროვნული გამოცდების დამსახურებაა.
ჩვენი ეკონომიკა უძრაობას განიცდიდა და უმეტესწილად ჩრდილში ოპერირებდა - იყო მხოლოდ მცირე საგარეო პირდაპირი ინვესტიციები, ან ასეთი რამ საერთოდ არ არსებობდა.
რუსეთის მხრიდან დაწესებული სრული ემბარგოს მიუხედავად, ბოლო სამი წელია, რაც ჩვენი ეკონომიკა ორნიშნა ციფრებით იზრდება.
მსოფლიო ბანკმა ჩვენი ქვეყანა 2006 წლის მთავარ რეფორმატორ ქვეყნად დაასახელა, და საქართველო, როგორც ყველაზე მეგობრული საინვესტიციო და ბიზნესის კლიმატის მქონე ქვეყანა, მე-18 ადგილზე აღმოჩნდა,.
სამართლის დაცვა ვირტუალურად არარსებული იყო და პოლიცია, რომლის წარმომადგენლები ჩვენების მიცემასა და ქრთამის აღებას ყოველდღიურად ხალხის წამების საშუალებით აღწევდნენ, ორგანიზებული დანაშაულის ნაწილს წარმოადგენდა.
ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ ინსტიტუტმა საზოგადოებრივი ნდობის ყველაზე მაღალი დონე - 70 პროცენტზე მეტი დაიმსახურა და ეს პრაქტიკა უმეტესწილად საერთოდ აღმოფხვრილია.
ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ ლიბერალურ და მყარ დემოკრატიას.
ჩემი მეორე მანდატის ვადის ამოწურვამდე, ამ ცვლილებებს კიდევ უფრო გავამყარებთ.
სულ ახლახანს ჩავლილი არჩევნების შემდეგ, მეც და ჩემმა ხელისუფლებამაც ჭეშმარიტად გავიაზრეთ და მივიღეთ გაკვეთილი - წარმატებების მიუხედავად, საკმარისისათვის ჯერ არ მიგვიღწევია.
ჩემი საარჩევნო კამპანიისას დიდი შრომა დამჭირდა იმისათვის, რომ გამეგო თუ რა იმედები აქვს ხალხს და რა სჭირდება მათ, ჩემი ქვეყნის მოქალაქეებს მთელი საქართველოს მ,ასშტაბით.
მე ვიმოგზაურე უამრავ ქალაქსა და სოფელში.
მე ვნახე თანამედროვე გზები, რომლებმაც ჭუჭყიანი ბილიკები შეცვალა; ვიხილე სკოლები და საავადმყოფოები, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში გაკეთდა; ვნახე ის ტერიტორიები, რომლებიც ოდესღაც განადგურებული იყო, ახლა კი აყვავების პროცესშია.
მაგრამ მე შეცდომაში შეგიყვანთ, თუკი ჩემ მიერ ნანახ, საქართველოს მეორე მხარესაც არ დაგანახებთ.
მე ვნახე ძალიან ბევრი ოჯახი, რომლებიც დაბალი შემოსავლების გამო გადარჩენისთვის და არსებობისთვის იბრძვიან.
მე ვნახე ძალიან ბევრი ადამიანი, რომელმაც უარი თქვა განათლებაზე, ჯანდაცვაზე, და საკუთარი და მათი ბავშვების ყოფის გაუმჯობესების შესაძლებლობაზე.
ამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენი პრიორიტეტი იყო თავისუფლება მიცემა ჩვენი მოსამსახურეებისა და მეწარმეებისათვის, ჩვენი ფერმერებისა და ბიზნესმენებისათვის, რათა მათ მოდერნიზირების დაწყების საშუალება ჰქონოდათ და გლობალურ ეკონომიკაში კონკურენციის გაწევა შეძლებოდათ.
შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში, პრიორიტეტად მივიჩნევთ იმას, რომ ამ თავისუფლებიდან მიღებული შეღავათები საქართველოს ყველა ოჯახს დაეტყოს.
ერთ დროს ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო აგვეშენებინა საქართველო კორუფციის გარეშე და ჩვენს ქვეყანას პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ხელმძღვანელობა ჰყოლოდა.
ახლა ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევაა ავაშენოთ საქართველო სიღარიბის გარეშე - უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი რეფორმების შედეგად მიღებულ შეღავათს ჩვენს მიწაზე ყველა ფერმა და სოფელი, ყველა სახლი და პიროვნება იგრძნობს.
ეს ის ამოცანებია, რომლებსაც ჩვენი ახალი მთავრობა განახლებული ხედვითა და დიდი ძალისხმევით, ენერგიულად უნდა შეეჭიდოს.
ამ გამოწვევების შესრულება მოითხოვს მყარ პოლიტიკურ ნებას, მაგრამ მხოლოდ პოლიტიკური ნება საკმარისი არ არის.
თანასწორობისათვის ბრძოლა არა პოლიტიკური გადათამაშებების პრინციპებს, არამედ ადამიანთა უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის საფუძვლებს უნდა ემყარებოდეს.
ასე რომ, სიღარიბე ხელიხელჩაკიდებულებმა უნდა დავძლიოთ.
ჩემი მთავრობა მიუძღვნის თავს იმას, რომ სასამართლოები უფრო ეფექტიანად და სამართლიანად ემსახურებოდეს ჩვენს მოქალაქეებს; რომ მართლმსაჯულებამ იზეიმოს და რომ სამოქალაქო და ადამიანის უფლებები შეუქცევადი გახდეს.
არსად ეს ასე საჭირო არ არის, როგორც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, იქ, სადაც ადამიანის უფლებების დარღვევა დღემდე სისტემატურად გრძელდება.
იმ ადამიანთა უფლებები, რომლებიც მსხვერპლად შეეწირა აფხაზეთში ეთნიკური წმენდის პროცესს, დღემდე დაუცველია. მათ არა აქვთ ელემენტარული უფლება დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში, ასევე დარღვეული და იგნორირებულია მათი საკუთრების უფლება.
ისინი, ვინც ჯერ კიდევ შემორჩნენ ამ ტერიტორიებს, მუდმივი შიშისა და ტერორის ქვეშ ცხოვრობენ.
ამ რეგიონებში ადამიანთა უფლებების დარღვევის შეწყვეტა და მშვიდობის დამყარება არა მხოლოდ ჩემი ქვეყნის გამოწვევაა, არამედ მთლიანად, მთელი საერთაშორისო საზოგადოებრიობისაც.
ყოველი დღე პროგრესის გარეშე, ადამიანური ტანჯვის კიდევ ერთი დღეა.
ეს არ არის გაყინული კონფლიქტები, როგორც ამას ხშირად ვისმენთ ხოლმე - ეს არის რეალური ადგილები, რომლებიც რეალური ხალხით არის დასახლებული.
რას იტყვით იმ ბავშვებზე, რომლებსაც საკუთარი ენის შესწავლა ეკრძალებათ? ან იმათზე, ვისაც მხოლოდ იმის გამო აშინებენ და ატერორებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა სურთ?
ჩვენი წინსვლა პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე უნდა იყოს დაფუძნებული, რაც უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რის შედეგადაც დაცული იქნება ადამიანთა, მათ შორის, უმცირესობათა უფლებები.
თითქმის სამი წლის წინათ, ამ დარბაზში მე სამხრეთ ოსეთის სამშვიდობო გეგმა წარმოგიდგინეთ.
ნება მომეცით გავიმეორო, რომ საქართველო ამ ორივე კონფლიქტის თანამედროვე ევროპულ გადაწყვეტას გთავაზობთ.
ეს გადაწყვეტილებები ერთდროულად იძლევა სახელმწიფოს ერთიანობისა და რეგიონების პოლიტიკური უფლებების დაცვის გარანტიას, რაც მყარ თვითმმართველობასა და ადამიანების თავისუფლებების დაცვას გულისხმობს საქართველოს ყველა მოქალაქისათვის ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად.
ეს შედეგის მიღწევა შესაძლებელია, მით უმეტეს, თუ უფრო მეტად შევეცდებით.
მომავალი ხუთი წლის განმავლობაში საკუთარ მიღწევებს არა მხოლოდ ქვეყნის შიდა წარმატებებით შევაფასებთ, არამედ იმ კავშირების მიხედვითაც, რომელსაც ჩვენს მეზობლებთან და მოკავშირეებთან დავამყარებთ.
დაცული საზღვრები ხიდების ფუნქციას უნდა ასრულებდეს და არა ბარიერების - ხიდების ჩრდილოეთისკენ, სამხრეთისკენ, აღმოსავლეთისკენ და დასავლეთისკენ.
საქართველო ევროპასთან სამუდამოდაა მიერთებული.
ჩვენ გვაერთიანებს საერთო და უწყვეტი კავშირი, რომელიც დაფუძნებულია კულტურაზე, ჩვენს საერთო ისტორიაზე და იდენტურობაზე; ასევე გვაკავშირებს ის საერთო ღირებულებები, რომელთა მთავარი შემადგენელი ნაწილია მშვიდობის ზეიმი და თავისუფალი, წარმატებული საზოგადოებრიობის მშენებლობა.
ევროკავშირში ჩვენს პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ ამ ისტორიული კავშირების გაძლიერებას.
მე გავიგე ქართველი ხალხის ხმა, როდესაც მათ ნატოში შესვლის თავიანთი ყოვლისმომცველი სურვილი გამოხატეს - ეს კი იმას მიანიშნებს, რომ ჩვენ იმ საერთო ღირებულებების მატარებელი საზოგადოება გვყავს, რომელიც ამ უდიდესი ორგანიზაციის ღირებულებებს იზიარებს.
თქვენთან და ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებს იმისათვის რომ ეს პროცესი დავასრულოთ.
მაგრან ნება მომეცით განგიმარტოთ: საქართველოს ხალხის ოცნებების და სურვილების ასრულება არ ნიშნავს ჩვენი მეზობლების პრობლემების და ინტერესების იგნორირებას.
ოთხი წლის წინათ, როდესაც ჩემი პირველი ინაუგურაცია შედგა, მე დავდექი ჩემი ხალხის წინაშე და მეზობელ რუსეთსა და რუს კოლეგებს მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელი გავუწოდე.
გასულ კვირას, ჩემი მეორე ინაუგურაციის დღესაც იგივე გავაკეთე.
ტრანსფორმირების გზა არასოდეს ყოფილა ადვილი - ეს ნიშნავს იპოვო ძალა, რომ შეიცვალო არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
იმედი მაქვს, რომ ჩვენს მეგობრებთან ერთად რუსეთში, შევძლებთ ამ გზის ერთად გავლას ურთიერთპატივისცემით, მეგობრული სულისკვეთებითა და საერთო წარმატებებზე დაყრდნობით.
დღეს, ჩვენს რეგიონში, ახალ, შესანიშნავ პროექტებს ვახორციელებთ, რომლებშიც ხალხი და ეკონომიკა ერთ კონტექსტში განიხილება - ადრე ამაზე ფიქრიც კი შეუძლებელი იყო.
ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად, როგორიცაა უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჟანი და შორეული აღმოსავლეთი ცენტრალურ აზიაში, ვაშენებთ ღია, ახალ ეკონომიკას, რომლიდანაც ყველას შეეძლება სარგებლის ნახვა და საკუთარი ნიჭის, უნარის, ენერგიისა და იდეების გამოყენება.
ერთობლივი ძალისხმევით გასაკეთებელი ჯერ კიდევ ძალიან ბევრია და დასაკარგი დრო ჩვენ აღარ გვაქვს.
ამ გეგმის განსახორციელებლად, ჩემი მეორე და ბოლო საპრეზიდენტო მანდატის ფარგლებში, მე კვლავაც გავეცნობი ოპოზიციის იდეებს, კვლავაც მივმართავ მათ თანამშრომლობისა და დახმარებისათვის და თუკი წარმატებული ვიქნებით, ეს მათი წარმატებაც იქნება.
ნოემბრის მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ საქართველოში პოლიტიკური სისტემა ჯერ კიდევ მყიფე და შედარებით სუსტია.
მაშინ, როდესაც ჩვენს ინსტიტუტებს საფრთხე დაემუქრა, ვადამდელი არჩევნები დავნიშვნე და ძალაუფლება ხალხს დავუბრუნე - ეს საუკეთესო გზა იყო დემოკრატიის დასაცავად.
გასულ არჩევნებში საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ეს გამოცდილება გამოგვეყენებინა და ინსტიტუტები გაგვეძლიერებინა, რისი შემადგენელი ნაწილიცაა გაძლიერებული ოპოზიცია.
დემოკრატია პლურალურია.
და დღეს, ოპოზიციური ძალის პერსპექტივიდან გამომდინარე, მხოლოდ ცოტათი თუ უნდა ეეჭვებოდეს ვინმეს, რომ პლურალიზმი ნამდვილად ცოცხლობს.
გაზაფხულზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
ვერ დაგპირდებით, რომ ხარვეზები არ იქნება, მაგრამ გარწმუნებთ, ჩვენი მთავრობა წუთსაც არ დაკარგავს, რათა საარჩევნო პროცესი შეძლებისდაგვარად ეფექტიანი და სამართლიანი იყოს.
დასკვნებს მეთვალყურეთა ანგარიშის მიხედვით გამოვიტანთ, ყველაფერს გავითვალისწინებთ და ამ მიმართულებით ვიმუშავებთ. განსაკუთრებით მინდა გამოვყო - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა.
ოპოზიციასთან დიალოგის ფარგლებში უკვე ინტენსიურად ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით და ვიმედოვნებ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება.
მაგალითად, შესაძლებელია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფუნქციონირების გაუმჯობესება - ჩვენ კომისიის შესაძლებლობების გაძლიერება გვჭირდება, რათა ხმის მიცემის პროცესი უფრო ორგანიზებული და დაცული იყოს.
ამჯამად, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებაზე ვმუშაობთ, რათა მომავალში მისი სარედაქციო დამოუკიდებლობა იყოს დაცული.
ჩვენ კვლავაც ვიღწვით იმისათვის, რომ გარდავქმნათ საარჩევნო პროცესის მეტად რთული ასპექტები, ისინი, რომლებიც ყველა დემოკრატიული, მათ შორის, ხანდაზმული დემოკრატიის ქვეყნების გამოწვევაა - დავარწმუნოთ ყველა, რომ ხელისუფლებაში მყოფი ძალა არ იყენებს უადგილო ზემოქმედებას ამომრჩეველთა სურვილების ფორმირებისათვის.
უახლოეს მომავალში, ჩვენ კვლავ უნდა გთხოვოთ თქვენ და თქვენს მთავრობებს გაგვიწიოთ დახმარება ამ საკითხების გადაწყვეტაში.
ნება მომეცით ჩემი გამოსვლა ამ სიტყვებით დავასრულო - საქართველო, კვლავ მიმართავს ასამბლეას რჩევისა და მხარდაჭერისათვის ბევრ ძალზე კრიტიკულ საკითხთან დაკავშირებით.
ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს, რადგანაც სხვა გამოწვევები იკვეთება. ამის ხაზგასასმელად, მე მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჯერ მოუშუშებელ ჭრილობებზე მიგითითებთ.
ამ ასამბლეაზე შეკრებილ თითოეულ ადამიანს, ასევე ყველას ერთობლივად, დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს სუვერენიტეტის საკითხის საბოლოო მოგვარების საქმეში და იძულებით გადაადგილებული ასი ათასობით ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებაში.
ჩვენ, რაც შეიძლება მალე უნდა დავუბრუნდეთ ამ მცდელობას.
ერთ რამეში შემიძლია დაგარწმუნოთ: დემოკრატიის კვალდაკვალ, ჩვენ ანტიკური ხანის ხალხისა და ახალგაზრდა სახელმწიფოს ენერგიას ვაერთიანებთ.
თუ ამას დემოკრატიის შენებისა და ადამიანთა უფლებების დაცვის თქვენ გამოცდილებასთან გავაერთიანებთ, ჩვენთვის დაუძლეველი გამოწვევა, თუნდაც ძალიან დიდი, აღარ იარსებებს.
გმადლობთ!
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური