Google+

სიახლეები

22.05.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სიმშვიდისა და აქტიურობისთვის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა

გუშინ საქართველოში ჩატარდა საპარალმენტო არჩევნები.

უპირველეს ყოვლისა, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას ამ არჩევნებში აქტიურობისთვის, გამოჩენილი მობილიზაციისთვის, სამოქალაქო სიმწიფისთვის, დისციპლინისთვის და იმისათვის, რომ ყველა ობიექტური შეფასებით, არჩევნები ჩატარდა მოწესრიგებულად, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში და დაფიქსირდა ობიექტური შედეგები.

თქვენ გახსოვთ, რომ მე გაზაფხულზე არჩევნების ჩატარების წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ეს იყო ქართველი ხალხის ნება, რომელიც 5 იანვრის რეფერენდუმზე გამოხატა.

ჩვენ ეს ნება უკლებლივ ყველამ შევაფასეთ.

გუშინ იყო ქართველი ხალხის ნების კიდევ ერთი ტრიუმფი და გამოვლინება.

გუშინ ქართველმა ხალხმა თქვა თავისი სიტყვა.

საქართველოს მრავალეთნიკურმა მოსახლეობამ, რომელიც ჩვენს ქართველ ხალხს შეადგენს, გამოხატა თავისი პოზიცია იმის თაობაზე, თუ როგორი პარლამენტი უნდა ჰყავდეს საქართველოს შემდგომი წლების განმავლობაში.

მართალი გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი სწორი განსჯის ყოველთვის მჯეროდა, მეც კი განცვიფრებული დავრჩი იმ დიდი მხარდაჭერით, რომელიც ჩვენ გამოგვიცხადეთ ამ საპარლამენტო არჩევნებზე.

ეს არის ქართველი ხალხის განსაკუთრებულობის ნიშანი ოთხწლიანი, ძალიან მტკივნეული, ეკონომიკური, პოლიტიკური, სამართლებრივი რეფორმების შემდეგ.

იმ რეფორმებისა, რომლებმაც საქართველო წინ წაიყვანა, მაგრამ რომელიც, რა თქმა უნდა, რთული იყო ბევრი ქართული ოჯახისთვის.

ქართველმა ხალხმა თავის თავში იპოვა ძალა და მხარი დუჭირა ამ კურსს, მხარი დაუჭირა საქართველოს შემდგომ რეფორმებს, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაცია, საქართველოს მთავრობის კურსს, რომელიც მიმართულია ქვეყნის გაერთიანებისკენ.

მადლობას ვეუბნები ყველა ამომრჩეველს მიუხედავად იმისა თუ რომელ პარტიას დაუჭირა მხარი.

საქართველოს ახალი პარლამენტი იქნება ბევრად უფრო პლურალისტური და ბევრად უფრო მრავალპარტიული ვიდრე წინა პარლამენტი.

როგორც ჩანს, ნაციონალური მოძრაობის გარდა კიდევ რამდენიმე პარტია მოხვდება ამ პარლამენტში და მე დიდი სიხარულით ველი თანამშრომლობასა და დიალოგს, თუნდაც ყველაზე პატარა ფრაქციასთან, ყველაზე პატარა ოპოზიციურ ჯგუფთან და საერთოდ, ყველა ოპოზიციურ ჯგუფთან.

საბოლოო მონაცემები ჯერ არ არის, მაგრამ მას შემდეგ რაც შედეგები გამოქვეყნდება, როგორც ჩანს, არის დიდი ალბათობა იმისა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობასთან მიახლოებული რაოდენობის ადგილები მოიპოვოს.

მინდა ყველას ვუთხრა, რომ მიუხედავად იმისა ექნება თუ არა საკონსტიტუციო უმრავლესობა ნაციონალურ მოძრაობას, ჩვენ არ ვაპირებთ საქართველოს კონსტიტუციაში რაიმე ცვლილების შეტანას.

მით უმეტეს, არანაირ ცვლილებას არ შევიტანთ მთელ პოლიტიკურ სპექტრთან კონსულტაციისა და ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე.

მინდა ყველა იყოს მშვიდად - ჩვენ არ შევეხებით ჩვენი ქვეყნის ფუძემდებელ პრინციპებს, მიუხედავად იმისა რა რაოდენობაც არ უნდა ჰქონდეს ჩვენ მოძრაობას.

მე მინდა ყველამ იცოდეს, როგორი წარმომადგენლობაც არ უნდა ჰქონდეს ოპოზიციას ამ პარლამენტში, ჩემს მეგობრებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ამ ოპოზიციურ ჯგუფებს მთავრობის კონტროლის ბევრად მეტი ბერკეტები მიეცეს.

პარლამენტის და მთავრობის საქმიანობა იქნება ბევრად გამჭვირვალე, ხოლო ქართული საზოგადოების ყველაზე მცირე ინტერესიც კი - გათვალისწინებული.

ყველა ეს პოლიტიკური ჯგუფები წარმოადგენენ ქართული საზოგადოების ფართო სპექტრს და ყველას ექნება საშუალება მონაწილეობა მიიღოს საქართველოს შემდგომ მართვაში და საქართველოს ბედთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაში.

მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, რომ პატივი ვცეთ ქართველი ხალხის ნებას.

მე მინდა დავპირდე ჩვენ ხალხს, რომ ჩვენ განუხრელად დავიცავთ, ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებას და ვერავინ ვერ აღმართავს მასზე ხელს.

ამის ილუზია არავის არ უნდა ჰქონდეს.

ამავე დროს, ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ ყველას, ვიმუშაოთ თანამშრომლობის რეჟიმში.

მინდა, რომ პარლამენტის შეკრების შემდეგ მასთან კოლეგიალური ურთიერთობა მქონდეს, გაძლიერდეს მისი როლი ქართულ საზოგადოებრიობაში.

გავაძლიეროთ პარლამენტის კონტროლი მთავრობაზე, ხოლო საზოგადოების კონტროლი ხელისუფლების ყველა შტოზე გავრცელდეს, ამით კიდევ უფრო მეტად დავაახლოვოთ ხელისუფლების ყველა დონე იმ ხალხთან, რომელსაც ყველა ერთად ემსახურება.

საბოლოოდ, ჩვენ ყველანი - პრეზიდენტი, პარლამენტი, ხელისუფლების სხვა შტოები ხალხის მსახურები ვართ, ძალაუფლებას ვიღებთ ხალხისგან და ვიღებთ მხოლოდ იმისათვის, რომ ვემსახუროთ მხოლოდ ხალხს და საქართველოს ინტერესებს.

დიდი მადლობა დიდი სამოქალაქო მოქმედებისათვის, ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ნაბიჯისათვის, რომელიც თქვენ ყველამ გადადგით, ვინც გუშინ არჩევნებში მიიღეთ მონაწილეობა.

მინდა აღგითქვათ, რომ საქართველოს ეყოლება ის ხელისუფლება რომელიც გამოხატავს თითოეული ჩვენი მოქალაქის ნებას, ჩვენი ყველა მოქალაქის ინტერესს და იბრძოლებს საქართველოს უკეთესი მომავლისათვის.

დიდი მადლობა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)