Google+

სიახლეები

16.09.2008
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის 58-ე სესიის მონაწილეებს მიხეილ სააკაშვილი მიესალმა

ქალბატონო გენერალურო-დირექტორო,

ბატონო დანზონ,

ქალბატონებო და ბატონებო!

მსურს გულითადად მივესალმო ყველა თქვენგანს.

მოხარული ვარ, რომ ჩემი ქვეყანა მასპინძლობს ასეთ მნიშვნელოვან ფორუმს, რომელიც ევროპის 53 ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრებსა და ჯანდაცვის პროფესიონალებს აერთიანებს.

ქვეყნის წარმატება არ იზომება მხოლოდ ენერგეტიკის სფეროში მიღწეული წარმატებით, არც ავტობანების მშენებლობით, არც არმიის შექმნით, არამედ ქვეყნის წარმატება იზომება ჯან-დაცვის სფეროს განვითარებით.

ჩემთვის განვითარების კრიტერიუმი ჯან-დაცვის ხელმისაწვდომობა და ხარისხია.

ჯან-დაცვა ის სფეროა, რომელიც ჩვენ ყველაზე მეტად გვაკავშირებს ერთმანეთთან.

ქვეყნებმა შესაძლოა არ ითანამშრომლონ სხვადასხვა სტრატეგიულ საკითხებში, მაგრამ ჯან-დაცვის სფეროში ართანამშორომლობა თანაბრად შეეხება ყველა ქვეყანას.

ჯან-დაცვა ეს ის სფეროა, სადაც მსოფლიო თანამშრომლობისათვის განწირულია.

ვამაყობთ იმით, რომ საქართველო პირველი ქვეყანა პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკებიდან, სადაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონის კომიტეტის სესია ტარდება. ჩვენთვის ეს დიდი პატივია.

საქრთველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებული პრობლემები არ განსხვავდება ძირეულად ევროპის სხვა ქვეყნების ჯანდაცვის პრობლემებისგან, თუმცა ჩვენი საწყისი პოზიცია შედარებით მძიმე იყო - ჩვენ საბჭოთა სისტემის შედეგებმა ბევრად მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაყენა.

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, სახელმწიფოს დანახარჯი ჯანდაცვაში ერთ სულ მოსახლეზე სწრაფად დაეცა და 1994 წელს მიაღწია რეკორდულად დაბალ ნიშნულს - დაახლოებით 40 ცენტი ერთ მოსახლეზე (მთლიანი ჯანდაცვის ბიუჯეტი შიდა პროდუქტის 0.3% შეადგინე)

მე გავიზარდე ექიმების ოჯახში. ჩვენ ყოველთვის გვეგონა, რომ ქართული ჯანდაცვის სკოლა ძალიან კარგი იყო.

ბაბუაჩაემი, რომლის სახელსა და გვარს ვატარებ, იყო სამედიცინო ინსტიტუტის დამფუძნებელი.

ჩვენ გვეგონა, რომ ის ხალხი, ვინც ამ ინსტიტუტმა გაზარდა, გვეყოფოდა ათწლეულების განმავლობაში.

აღმოჩნდა, რომ ჯანდაცვის სფერო ისეთივე დელიკატური სფეროა, როგორც უცხო ენების ცოდნა. თუ ენას არ იმეორებ, წინ ვერ მიდიხარ. ჩვენ ეს სისტემა ჩამოგვეშალა, ჩვენ დავკარგეთ კვალიფიციური კადრები არა მხოლოდ რაოდენობის თვალსაზრისით, არამედ კვალიფიკაციის თვალსაზრისითაც.

ჩვენი ექიმების უმეტესობა აღარ დადიოდა კონფერენციებზე, ხელი არ მიუწვდებოდათ სამედიცინო ლიტერატურაზე, აღარ ჰქონდათ პრაქტიკა. საქართველო დღეს უკვე ინსტიტუციურად ახალი ქვეყანაა არა მხოლოდ ჯან-დაცვის სფეროში, არამედ სხვა დანარჩენ სფეროებშიც.

საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარებით განხორციელებული მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის ღონისძიებეთან ერთად დაეწყო ჯანდაცვის სისტემის ძირეული რეფორმირება.

თუმცა მიუხედავად სახელმწიფოს კეთილი ნებისა, რეფორმის წარმატებით განხორციელებას ბევრი ფაქტორი აფერხებდა.

მწირი დაფინანსება, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურისა და კადრების ოპტიმიზაციის პროცესის არათანმიმდევრული რეფორმირება სერიოზულ უარყოფით გავლენას ახდენდა ზოგადად რეფორმის პროცესზე.

ჭარბი სამედიცინო ინფრასტრუქტურისა და ჭარბი ადამიანური რესურსების სიმძლავრის ფონზე მკვეთრად დაეცა მოთხოვნა სტაციონარულ მომსახურეობაზე, რამაც გამოიწვია მრავალი საავადმყოფოს ფინანსური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება.

ასე, რომ 90-იან წლებში რეფორმები ვერ განხორციელდა ისე, როგორც ეს დაგეგმილი იყო და შესაბამისად, სასურველ შედეგს ვერ მიღწია.

2006 წელს დაიწყო ხელახალი რეფორმის პროცესი, რომელიც შემდგომ პრიორიტეტებს დაეფუძნა:

1.ჰოსპიტალური სექტორის სრული რესტრუქტურიზაცია;

2.ჯანდაცვის დაფინანსების რეფორმა

3.პირველადი ჯანდაცვის რეფორმა

4.ადამიანური რესურსების განვითარება

ჰოსპიტალური სექტორის რეფორმის ძირითადი მიზანი იყო კერძო კაპიტალის მოდინება ჯანდაცვის სისტემაში - ინფრასტრუქტურის პრივატიზაციისა და საავადმყოფოების კერძო მფლობელობაში გადასვლის გზით.

საქართველოს მთავრობას სჯერა, რომ კერძო დაზღვევის განვითარება და კერძო სადაზღვევო კომპანიების მონაწილეობა სამედიცინო ბაზარზე არა მარტო გააუმჯობესებს მომსახურეობის მიწოდების ორგანიზებას და ხარისხს, არამედ შეამცირებს სახელმწიფო ადმინისტრირების ფინანსურ ტვირთს.

90- იან წლებში მე ვცხოვრობდი ამერიკაში. მე ამ ქვეყნის ძალიან ბევრი რამ მომწონს და ვაფასებ, მაგრამ ძალიან ცუდად მახსოვს მისი ჯანდაცვის სისტემა, რომელიც მთლიანად ბაზარზე იყო დაფუძნებული.

დღესდღეობით, სახელმწიფო სრულად ფარავს დაახლოებით 700,000 უმწეო ადამიანის სამედიცინო მომსახურეობის ხარჯებს. დაგეგმილია, რომ ეს ციფრი 2009 წელს ერთ მილიონამდე გაიზრდება.

გარდა ამისა, არსებობს ვერტიკალური სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამები ქრონიკული ავადმყოფობებით შეპყრობილი პაციენტებისათვის. ტუბერკულოზის, აივ-ინფექცია შიდსი, ფსიქიატრია, ინსულინ დამოკიდებულება და სხვა დაავადებების მკურნალობის ხარჯები იფარება სახელმწიფოს მიერ.

მოსახლეობის უღარიბესი ნაწილის იდენტიფიცირება ხორციელდება სპეციალური შეფასების მეთოდოლოგიით, რომელიც საზღვრავს სიღარიბის ზღვარს.

საერთაშორისო და სახელმწიფო დაფინანსებით ხორციელდება სამედიცინო პერსონალის გადამზადების პროგრამები. მიმდინარე წელს გადამზადდა დაახლოებით 400 ექიმი და ექთანი. ზემოაღნიშნული ღონისძიებები მომავალ წლებში პრიორიტეტულად გაგრძელდება.

ჩვენმა ოჯახმა გადაწყვიტა წვლილი შეეტანა ამ საქმეში და ჩემი ოჯახის წევრი - ჩემი მეუღლე გადამზადდა ექთნად და კვირაში ერთხელ მორიგეობს საავადყოფოში. კარგია როცა იცი, რომ კვირაში ერთხელ შენი მეუღლე მორიგეობს და შენ ბავშვებთან ერთად შეგიძლია მარტო დარჩე სახლში.

მე ვხედავ, რომ ახალგაზრდები ნაკლებად ეწევიან, ალკოგოლის მოხმარებაც ნაკლებია. (თუმცა მინდა დავადასტურო, რომ ქართული ღვინო არ ჩამოუვარდება არცერთ ფრანგულ ღვინოს. ქართულ ღვინოში იმდენი ოქსიდანტია, რამდენიც საუკეთესო ფრანგულ ღვინოებშია, ამიტომ საქართვლოში ყოფნისას, ამ მხრივ, თავს ნუ შეიზღუდავთ).

როდესაც ჩემი მეუღლე იყო ფეხმძიმედ, ჩვენ შეგვექმნა პრობლემა, აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოში არ იყო პრინატალური დიაგნოსტიკა, ამისათვის ჩემი მეუღლე წავიდა ჰოლანდიაში.

ამის შემდეგ, ჩსვენ ეს აპარატი დაუყონებლივ შევიძინეთ ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოსთვის.

90- იან წლებში ჩვენთვის ყველაზე დიდი ტრაგედია იყო არა მხოლოდ უშუქობა, შიმშილი, არამედ ის, რომ ნებისმიერი ადამიანი იყო დაუცველი. ჩემს გარშემო ბევრი ადამიანი დაიღუპა იმის გამო, რომ მათ მკურნალობისათვის საჭირო თანხა არ ჰქონდათ.

ეს ჩემს ცხოვრებაში მწარე გამოცდილებაა.

მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ საქართველოში არ იყოს არცერთი ადამიანი, ვინც მკურნალობას ვერ შეძლებს.

ქვეყანა არ შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად, როდესაც ჰყავს ისეთი ადამიანები, რომელთაც მკურნალობა არ შეუძლიათ.

ჩემი პრეზიდენტობის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი რესპუბლიკური საავადმყოფო - თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკაა.

დაახლოებით სამი წლის შემდეგ, ჩვენ გვებნება მსოფლოში ერთ-ერთი საუკეთესო საავადმყოფო. ჩვენ გვაქვს რამდენმიმე სხვა საავადმყოფოც, მათ შორის გორში, ზუგდიდში, ქუთაისში, ვაშენებთ ბათუმშიც.

მთავარია ის, რომ ამ საავადმყოფოებში ადამიანებს მკურნალობა შეეძლოთ.

ჩვენი ამოცანაა საქართველო ვაქციოთ თანამედროვე ქვეყნად.

ჩვენი ქვეყნის საბოლოო წარმატების კრიტერიუმი ავადმყოფობის წინაშე ხელმისაწვდომობა და თანასწორობაა.

ჩვენი რეფორმა იქნება თანმიმდევრული. კადრების შეცვლა პოლიტიკურ გადანაცვლებაზე არ იქნება დამოკიდებული.

ჩვენი ამოცანაა საქართველომ თავისი წვლილი შეიტანოს მსოფლიოს ჯანდაცვის სფეროში.

ჯანდაცვის რეფორმირების ჩვენი გეგმა შესაძლოა ამბიციური იყოს, თუმცა ჩვენ წარმატებაში ეჭვი არ გვეპარება. ჩვენ ბევრი ამბიციური და ერთი შეხედვით შეუძლებელი რეფორმა გვაქვს ჩატარებული ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.

ჩვენ გვჯერა წარმატების, რადგან ვიცით, რომ გვაქვს დიდი მხარდაჭერა მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების, ევროპის ქვეყნებისა და ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან. მათ შორის არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

მსურს კიდევ ერთხელ გულითადად მოგესალმოთ და გისურვოთ წარმატება თქვენ საქმიანობაში.

ჩვენთვის ყველასთვის, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყველაზე პრიორიტეტულია და მე დარწმუნებული ვარ რომ წარმატებული ვიქნებით.

მჯერა, რომ მსგავსი შეკრებები, კონფერენციები, ფორუმები ეხმარება მრავალი ქვეყნის ძალისხმევის გაერთიანებას კაცობრიობის სასიკთეთოდ.

დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ჩვენ ყველა პრობლემას მოვაგვარებთ

გმადლობთ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)