საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა
მოგესალმებით!
2008 წელი უმძიმესი გამოდგა როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი მსოფლიოსათვის.
ამ წლის განმავლობაში არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა, არამედ მთელი მსოფლიო გაეხვა დრამატული პროცესების ქარ-ცეცხლში, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.
ერთი მხრივ, მსოფლიო აღმოჩნდა სრულიად ახალ პოლიტიკურ რეალობაში, როდესაც ზომით ყველაზე დიდმა სახელმწიფომ ყველაზე აგრესიული ფორმებით დაარღვია მსოფლიო პოლიტიკური წესრიგი, ფეხქვეშ გათელა საერთაშორისო სამართალი და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, საკუთარი სურვილისამებრ, ძალის გამოყენებით ევროპის პოლიტიკური საზღვრების გადახედვას და კორექტირებას შეეცადა.
დაიწყო პროცესი, რომელიც საფრთხეს უქმნის დემოკრატიული სამყაროს ბევრი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ზოგიერთი მათგანის ფიზიკურ არსებობასაც კი.
მეორე მხრივ, პლანეტას თავს დაატყდა აქამდე არნახული სისასტიკის ეკონომიკური სტიქია.
ეკონომიკური ვარდნა მსოფლიო მასშტაბით არასოდეს არ ყოფილა ამდენად დიდი და ყოვლისმომცველი.
ამ დროისათვის აღარ არსებობს მსოფლიოს არც ერთი სახელმწიფო, რომელიც არ განიცდის მძიმე ეკონომიკურ რეცესიას. ბევრი მათგანი სრული ეკონომიკური კოლაფსის პირობებშია. კოტრდება მსოფლიო ეკონომიკის ფლაგმანი კომპანიები და საფინანსო ინსტიტუტები; ასობით მილიონი ადამიანი კარგავს სამუშაოს; ეროვნული ვალუტები უფასურდება.
ბევრი ქვეყნის საბიუჯეტო რესურსი თითქმის მთლიანად არის ამოწურული, სახელმწიფო საკუთარ მოხელეებს ვეღარ უხდის ხელფასს; ბიზნესები კარგავს რენტაბელურობას.
თითქმის არ არსებობს რეალისტური პროგნოზები იმის შესახებ, თუ როდის დასრულდება ეს უბედურება - მსოფლიო ეკონომიკური დაღმასვლა და როდის დაიწყებს მსოფლიოს ეკონომიკა აღმასვლას.
ამას გარდა, 2008 წელი იქცა წლად, როდესაც პირველად, ცივი ომის დასრულების შემდეგ, განახლდა დაპირისპირება არა მარტო ცალკეულ სახელმწიფოებს, არამედ მსოფლიო იდეოლოგიებს შორის.
მაშინ, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყაროსათვის წარმმართველი ფასეულობებია ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატია, თანასწორუფლებიანობა ხალხსა და სახელმწიფოებს შორის, ეკონომიკური თანამშრომლობა და ერთობლივი განვითარება, სახელმწიფო საზღვრების გახსნილობა და თანამედროვე ადამიანისათვის შეუზღუდავი ინდივიდუალური განვითარების საშუალებების შექმნა, ჩვენი მეზობლის, ყოფილი ზესახელმწიფოს სათავეში იმყოფება ძალა, რომელმაც ღიად დაიწყო ცივილიზებული კაცობრიობის მიერ შექმნილი ამ ფასეულობების წინააღმდეგ გალაშქრება.
მან განაცხადა, რომ მსოფლიო უნდა იყოფოდეს იმპერიებად და მათ გავლენის სფეროებად; რომ ხალხის მართვა უნდა ხდებოდეს ერთპიროვნული დიქტატურის და ძალადობრივი კონტროლის პირობებში; რომ პატარა სახელმწიფოებს არ უნდა ჰქონდეთ დამოუკიდებელი არჩევანის უფლება; რომ პოლიტიკის წარმმართველი ძალა უნდა იყოს შიში და ტყუილი; რომ არ უნდა არსებობდეს თავისუფალი სიტყვა და გადამწყვეტი იყოს მხოლოდ ძალა; რომ ჩვენ ყველამ უნდა შევწყვიტოთ ფიქრი მომავალზე და დავბრუნდეთ წარსულში, სადაც არ გვექნება დამოუკიდებლობა, არ გვექნება არჩევანის გაკეთების უფლება, არ გვექნება განვითარების პერსპექტივა.
იდეოლოგიათა ბრძოლა მსოფლიოსათვის ახალი არ არის. ამ ბრძოლის ღერძი სხვადასხვა დროსა და ეპოქაში სხვადასხვა სახელმწიფოზე გადიოდა. სამწუხაროდ, 2008 წელს ამ დაპირისპირების ეპიცენტრში საქართველო აღმოჩნდა.
ჩვენი ნებისა და სურვილის საწინააღმდეგოდ, საქართველო იქცა იმპერიალიზმისა და წარსულის იდეოლოგიის ძალადობრივი თავდასხმის პირველ ობიექტად.
ეს იმიტომ მოხდა, რომ ჩვენი ქვეყანა თავისუფალი არჩევანის სიმბოლო, დემოკრატიული რეფორმებისა და ცივილიზებული მსოფლმხედველობის, მოკლე დროში მიღწეული არნახული წარმატების მაგალითია.
ეს იმიტომ მოხდა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ავირჩიოთ ტირანია, ჩვენ არ შეგვიძლია თავისუფლებაზე უარის თქმა.
2008 წელს, ჩვენმა ქვეყანამ გადაიტანა უმძიმესი აგრესია. ათობით ათასი ჩვენი მოქალაქე არაადამიანური ეთნიკური წმენდის შედეგად საკუთარი სახლკარიდან გამოდევნილი აღმოჩნდა. ჩვენ მოგვიკლეს 166 პატრიოტი ჟარისკაცი, 16 სამაგალითო პოლიციელი და 220 მშვიდობიანი, სრულიად უდანაშაულო მოქალაქე.
ეთნიკური ნიშნით მიწასთან გაასწორეს ის სოფლები, რომლებსაც აგრესიის დაწყებამდე საქართველოს მთავრობა აკონტროლებდა, სადაც უამრავი სკოლა და საავადმყოფო ავაშენეთ, გზები გავიყვანეთ და ბოლო წლებში ბევრი სასარგებლო საქმე გავაკეთეთ.
საქართველოს თავს დაესხნენ 7 სხვადასხვა მიმართულებიდან, 80 ათასიანი არმიით და ათასობით საბრძოლო ტექნიკის ერთეულით, ჩვენ გვბომბავდა 200-ზე მეტი თვითმფრინავი. განხორციელდა წინასწარ კარგად დაგეგმილი, ტოტალური აგრესია მთელი ქვეყნის მასშტაბით, დედაქალაქის აღებითა და მარიონეტული ხელისუფლების დასმის საბოლოო მიზნით.
ამის მიუხედავად, 2008 წელმა ჩვენ, მთელ მსოფლიოს და, უწინარესად, ჩვენს მტერს აჩვენა, რომ ქართველი ერი ამაყი და გაუტეხელი ერია, რომ ჩვენი დაჩოქება შეუძლებელია, რომ ჩვენ გვყავს არმია, რომელსაც არ ეშინია ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგისაც კი; თუნდაც ყველაზე უთანასწორო ბრძოლაში, ჩვენი მებრძოლები მზად არიან თავგანწირვისთვის და სანამ ბრძოლის ველზე დაეცემიან, ასმაგად ანანებენ მტერს სამშობლოს ხელყოფას.
მინდა ქედი მოვიხარო ჩვენი პატრიოტი მებრძოლების წინაშე. მათი თავგანწირვის გარეშე დღეს თბილისის თავზე დამოუკიდებელი საქართველოს დროშა არ იფრიალებდა.
გასულმა წელმა დაგვანახა, რომ ჩვენ გვყავს შეუპოვარი და გამბედავი ხალხი. მთელი მსოფლიო უყურებდა, როგორი შემართებით გამოდიოდა ჩვენი საზოგადოება აგრესიის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე მაშინ, როდესაც თბილისი იბომბებოდა. მსოფლიოს ბევრი ხალხი, ამ შემთხვევაში, გაიქცეოდა და მათ არავინ გაამტყუნებდა.
გასულმა წელმა დაგვანახა, რომ ყველაზე კრიტიკულ მომენტში ქართველებს შეგვიძლია ერთმანეთს ხელი მაგრად ჩავკიდოთ და ერთობის ჯაჭვით ვაჩვენოთ ყველას ჩვენი ძალა.
გასულმა წელმა მთელს მსოფლიოს დაანახა სიმართლე საქართველოში არსებული კონფლიქტების შესახებ. ფარდა ახადა ამ კონფლიქტების რეალურ საფუძვლებს; მშვიდობისმყოფელის ნიღაბი ჩამოხსნა აგრესორს.
2008 წელმა ისიც დაგვანახა, რომ საქართველო მარტო აღარ არის; რომ მთელი დემოკრატიული სამყარო საქართველოს გვერდით დგას; რომ ჩვენ გვყავს ძლიერი და ერთგული მეგობრები, რომ საერთაშორისო იზოლაციისათვის განწირულია ის, ვინც მოინდომებს საქართველოს დანაწევრებას.
ყველაფერი ამის შედეგად, ჩვენ გავუძელით იმპერიის აგრესიას, ჩვენი ქვეყანა ისევ ცივილიზებული კაცობრიობის მიერ შექმნილი ფასეულობების ერთგულია. ჩვენი ქვეყანა ისევ დამოუკიდებლად განსაზღვრავს თავის მომავალსა და განვითარების გზას.
ჩვენ ვაგრძელებთ ინტეგრაციას დემოკრატიულ სამყაროსთან, ვაგრძელებთ დაახლოებას ევროპასა და ნატოსთან. მიუხედავად მოწინააღმდეგის დიდი მცდელობისა, დღეს საქართველო უფრო ახლოსაა ნატოს წევრობასთან, ვიდრე იყო ინტერვენციის დაწყებამდე. მთელი ევროატლანტიკური ალიანსი დღეს ხმამაღლა აცხადებს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ადრე ამაზე ოცნებაც კი შეუძლებელი იყო.
რამდენიმე დღეში ჩვენ გავაფორმებთ ორმხრივ ხელშეკრულებას საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული მოკავშირეობის შესახებ. ამ ქარტიის ხელმოწერით სრულიად ახალი ეპოქა იწყება საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობაში. საქართველო აქამდე არასოდეს ყოფილა მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოს თანასწორუფლებიანი სტრატეგიული მოკავშირე. ეს ხელშეკრულება, რა თქმა უნდა, ვერ გაანეიტრალებს მოკლევადიანი გათვლით არსებულ ყველა საფრთხეს, მაგრამ გრძელვადიანი თვალსაზრისით, სრულიად სხვა ხარისხის ქვეყნად აქცევს საქართველოს. ამ ქარტიით გეორგიევსკის ტრაქტატის ეპოქიდან საბოლოოდ გამოვდივართ, უმცროსი ძმისა და ვასალის ეპოქას საბოლოოდ ვემშვიდობებით.
ომი, რომელიც ჩვენ გადავიტანეთ, არ იყო ჩვენი არჩევანი.
ჩვენი ზოგიერთი მეგობარი მიიჩნევს, რომ საქართველოს უნდა მოეთმინა იმპერიის ინტერვენცია და ხელი არ გაენძრია საკუთარი დამოუკიდებლობის დასაცავად. არ მინდა ვინმესთან პოლემიკაში შევიდე, მაგრამ გეტყვით, რომ მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, ამის უფლება, უბრალოდ, არ მქონდა.
საქართველოს მთელი ისტორია არის ბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის. ეს ბრძოლა ყოველთვის უთანასწორო იყო, თავგანწირული და ძალიან ხშირად - უიმედო. ჩვენ არასდროს არ დაგვითმია თავისუფლება და ღირსება და სწორედ იმიტომ, რომ არ დაგვითმია, სწორედ იმიტომ, რომ არასდროს არ დავნებდით, დღემდე შევინარჩუნეთ სახელმწიფოებრიობა და ეროვნული თვითმყოფადობა.
თუკი რაიმე გვეამაყება ჩვენი წარსულიდან, თუკი რაიმეს ვეტრფით ჩვენი დიდი წინაპრების ნამოღვაწარიდან, ეს არის არა დათმობა, არამედ თავგანწირული ბრძოლა სამშობლოს და თავისუფლების დასაცავად.
ჩვენ არც ამ ჯერზე არ დავთმეთ და არ დავთმობთ არასდროს. ყველა დამპყრობელმა, ყველა იმპერიამ ყოველთვის იცოდა, რომ საქართველო გაუტეხელი ხალხის ქვეყანა იყო. ეს იციან დღესაც და ეცოდინებათ მომავალშიც. ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება, ვიდრე ოკუპირებული ტერიტორია არ გათავისუფლდება, ვიდრე ბოლო ოკუპანტი არ დატოვებს საქართველოს წმიდათაწმიდა მიწას.
2008 წელი უდიდესი ეკონომიკური კატაკლიზმების წელი გამოდგა. აქამდე უპრეცენდენტო მასშტაბის მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა მძიმე დარტყმა მიაყენა ქართულ ეკონომიკას. შეაჩერა ეკონომიკური ზრდის ის ტემპი, რომელსაც მთელი მსოფლიო შენატროდა და რომელიც საქართველოს ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში.
მნიშვნელოვნად შეფერხდა ინვესტიციები, თითქმის ყველა დიდი საწარმო განიცდის პრობლემებს, რადგან მსოფლიო ბაზარზე კატასტროფულად დაეცა ფასები მათ პროდუქციაზე. დროებით, მაგრამ მაინც იკარგება სამუშაო ადგილები. ხალხი მძიმე მდომარეობაშია, უამრავი ოჯახი ებრძვის უმუშევრობასა და სიღარიბეს.
ისევე როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, საქართველოშიც სახეზეა მკვეთრი ეკონომიკურ რეცესია, შენელება, მაგრამ ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, ჩვენ ვახერხებთ საქართველოს დაცვას ეკონომიკური კრიზისისაგან. ქართული ეკონომიკა არ შესულა იმ მდგომარეობაში, რომელსაც ეკონომიკური კრიზისი ჰქვია.
წლის მიწურულს არსებული მდგომარეობით, უდიდესი პრობლემების მიუხედავად, ჩვენ ვახერხებთ მყარი საბანკო და სტაბილური ფისკალური სისტემების შენარჩუნებას, ფასების ზრდა კონტროლდება და საბოლოოდ, არ აღემატება წლიურად 6 პროცენტს, ლარის კურსი სტაბილურია, საბიუჯეტო სისტემა ჩავარდნის გარეშე მუშაობს.
ჩვენ არათუ არ ვაგვიანებთ ხელფასების გაცემას, არამედ ვზრდით კიდეც ხელფასებს (მაგალითად მასწავლებლების შემთხვევაში). პენსიები გაიცემა დროულად და ეს ასე იყო ომის პერიოდშიც. ვზრდით სოციალური დაცვის პროგრამებს. მომატების ნაცვლად, პირიქით, ვამცირებთ გადასახადებს. გვაქვს რეკორდულად მაღალი სახელმწიფო რეზერვები.
გამართულად მუშაობს ენერგეტიკის სისტემა, გვაქვს უზრუნველყოფილი გრძელვადიანი კონტრაქტი გაზის მიღებაზე.
ომის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა უკვე მთლიანად აღდგა და მწყობრში შევიდა. ერთი წუთითაც არ ფერხდება ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების სამუშაოები.
ყველა დაზარალებული დაბინავებულია. მათთვის 5000 მეტი ახალი სახლი აშენდა და ჩაბარდა კიდეც თითოეულ მათგანს. ჩვენ ვაგრძელებთ ძველი კონფლიქტების შედეგად დარჩენილი დევნილების ახალი საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამას.
იმისათვის, რომ კრიზისისაგან დავიცვათ ჩვენი ეკონომიკა, ჩვენ შევიმუშავეთ ორი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური პაკეტი.
პირველია - ეკონომიკური სტიმულირების პაკეტი, რომელიც 2 მილიარდ ორასი მილიონი ლარისაგან შედგება და ითვალისწინებს ინფრასტრუქტურული პროექტებისა და მშენებლობის ინვესტირებას ისე, რომ ქართულმა ეკონომიკამ შეინარუნოს პოზიტიური დინამიკა, შევძლოთ ძველის გადარჩენა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.
მეორეა - სოციალური დაცვის პაკეტი, პარლამენტმა მიიღო ბიუჯეტი და ეს პაკეტი შედგება მილიარდ ექვსასი მილიონი ლარისაგან. ის ითვალისწინებს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა დახმარების გაორმაგებას და გარკვეული მიმართულებებით (მაგალითად მასწავლებლებისათვის) ხელფასების ზრდას.
ახალი მთავრობა 24 საათიან რეჟიმით მუშაობს, ბოლო თვეების განმავლობაში სწორი ნაბიჯები გადავდგით, რათა ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური რეცესია არ გადაიზარდოს სრულმასშტაბიან ეკონომიკურ კრიზისში.
ჩვენ გვაქვს მწყობრი გეგმა იმისა, თუ როგორ შევინარჩუნოთ და დავიცვათ ჩვენი ეკონომიკა.
ვიდრე მსოფლიო კრიზისი მძვინვარებს, არც მე და არც რომელიმე მთავრობის წევრს, არ გააჩნია სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმე, ამოცანა და პასუხისმგებლობა, ვიდრე ის, რომ ქართულმა ეკონომიკამ გაუძლოს ამ დიდ ეკონომიკურ შტორმს.
მინდა გითრათ, მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პასუხისმგებელი ვარ თქვენს წინაშე, რომ ჩვენ შევძლებთ საქართველოს დაცვას მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისაგან; ჩვენ შევძლებთ საქართველოს ეკონომიკის შენარჩუნებას და გადარჩენას.
მთელი მთავრობის და საკუთარი სახელით გპირდებით, რომ საქართველო გადალახავს ამ რთულ ეკონომიკურ პერიოდს და აუცილებლად დავუბრუნდებით ეკონომიკური ზრდის, კეთილდღეობის ზრდის ძველ მაჩვენებლებს.
2008 წელი იყო დიდი გამოცდა ქართული ახალგაზრდა დემოკრატიისათვისაც. ჩვენ გადავიტანეთ ორი რიგგარეშე არჩევნები; ამას გარდა, გაიმართა რამდენიმე რეგიონალური და ადგილობრივი არჩევნები. ჩვენი ძალისხმევით, დღეს საქართველოში უფრო ძლიერია დემოკრატია, ვიდრე იყო ერთი წლის წინათ. დღეს ოპოზიცია და ხელისუფლება უფრო მეტად თანამშრომლობს ერთმანეთთან, რადგან ეს თანამშრომლობა სჭირდება ჩვენი ხალხის უკეთეს ხვალინდელ დღეს. უფრო მეტია პლურალიზმი.
ჩვენ გავაგრძელებთ დემოკრატიის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას, გავაგრძელებთ უფრო მეტად მუშაობას საზოგადოების ყველა, თუნდაც ყველაზე პატარა ჯგუფთანაც კი.
სამწუხაროდ, რუსულმა აგრესიამ და მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა ბევრი ჩვენი გეგმა შეცვალა, ბევრი ამოცანა გადაავადა და ახალი გამოწვევები გაგვიჩინა. თუმცა ჩვენ არ გადავუხვევთ განვითარების არჩეულ კურსს, არ დავივიწყებთ თქნებთვის მოცემულ არც ერთ პირობას, ყველა დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და ერთად დავაყენებთ ფეხზე ჩვენს ქვეყანას.
მე ახლა ქუთაისიდან მოგმართავთ, აქედან მოგილოცავთ ახალი წლის დადგომას. ქუთაისი დღეს არის სიმბოლო იმისა, რომ რაც არ უნდა დიდი სირთულეები გვქონდეს გადასალახი, ჩვენ მაინც არ შევაჩერებთ შენებას, არ ვიტყვით უარს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის განვითარებაზე.
ამდენი წლის ნგრევის შემდეგ, როგორც ქუთაისის ამ ულამაზესი ცენტრის მთლიანად აღდგენა და განახლების დაწყება შევძელით, ისე შევძლებთ ერთიანი ძალისხმევითა და შემართებით, მთელი საქართველოს აღდგენასა და განახლებას.
მინდა გისურვოთ მშვიდობა და ერთიანობა, გამძლეობა და წარმატება.
მინდა გისურვოთ სიხარული ჩვენს ოჯახებში, შენება და განვითარება ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში.
დაე, 2008 წელს გაჰყვეს ყველა უბედობა.
2009 წელი კი იყოს სირთულეების დაძლევისა და წინსვლის წელი ჩვენი ქვეყნისა და ოჯახებისთვის.
გილოცავთ დამდეგ ახალ წელსა და შობას.
ღმერთი იყოს ჩვენი და ჩვენი სამშობლოს მფარველი.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური