Google+

სიახლეები

30.01.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობას პრემიერ-მინისტრის ახალი კანდიდატურა დაუსახელა

მოგესალმებით.

თქვენ უკვე საქმის კურსში ხართ, რომ საკადრო ცვლილების განხორციელება მოგვიწია, რადგან პრემიერ-მინისტრ გეგა მგალობლიშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, აქტიური მუშაობის გაგრძელების საშუალებას არ აძლევს.

პირადად მქონდა კონსულტაცია მის მკურნალ ექიმთან, რომელსაც ძალზე ვენდობი.

მსგავსი სამწუხარო ფაქტები ხდება-ხოლმე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გეგას ამ მხრივ, რაიმე დრამატული პრობლემა აქვს. იგი ახალგაზრდა კაცია და როგორც მეუბნებიან, თვენახევრის განმავლობაში მწყობრში იქნება.

დღეს ჩვენ იმ ვითარებაში არ ვიმყოფებით და არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ თუნდაც ერთი დღე გავაცდინოთ, ამიტომ გეგა მგალობლიშვილის გადაწყვეტილებას, ამ შემთხვევაში, ვეთანხმები.

დღეს საქართველოს გარშემო დიდი ეკონომიკური ქარიშხალია - მსოფლიო კრიზისიდან და ომის შედეგებიდან გამომდინარე საქართველოში პრობლემები შეექმნა მთელ რიგ საწარმოებს; საფრთხისა და დარტყმის ქვეშ არის სამუშაო ადგილები; მაგალითად, საბანკო სექტორიდან ათასობით კვალიფიციური სპეციალისტია დათხოვნილი.

ჩვენ ახლა უნდა ვმუშაობდეთ სამხედრო შტაბის სამუშაო რეჟიმით.

ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ მოვეშვათ - დღე და ღამე უნდა ვიმუშაოთ, რათა საქართველოში გადარჩეს სამუშაო ადგილები, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და საქართველოს ეკონომიკა არ ჩაიძიროს მსოფლიო ქარიშხალში, რომელიც ჩვენს გარშემო მძვინვარებს.

თქვენ იცით როგორია მსოფლიო ფინანსური ორგანიზაციების პროგნოზები - ჩვენს გარშემო, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანას ეკონომიკის შემცირებას უწინასწარმეტყველებენ, ხოლო ზოგიერთ ჩვენს მეზობელს ეკონომიკის ჩამოშლაც კი უწინასწარმეტყველეს.

ამ პირობებში სავალუტო ფონდის პროგნოზი საქართველოსთან მიმართებაში დადებითია და ვარაუდობს, რომ მაინც გვექნება ეკონომიკური ზრდა. თუმცა ამისათვის საჭიროა სტაბილურობა, მთავრობის, თითოეული სამთავრობო უწყების, ადგილობრივი მმართველობის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მუხლჩაუხრელი, დისციპლინირებული და კოორდინირებული მუშაობა.

ჩვენ კი ყველა ერთად უნდა ვთანამშრომლობდეთ ბიზნესთან და მთლიანად ქართულ საზოგადოებასთან.

ახლა ექსპერიმენტების დრო არ არის, ამიტომ ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ ამ იძულებითი ცვლილების გარდა, არავითარი ცვლილება არ განვახორციელოთ. ეს გადაწყვეტილება მთავრობისა და პარლამენტის, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთობლივი კონსულტაციის შედეგად მივიღე.

საქართველოს მთავრობას სჭირდება სტაბილურობა, სიმშვიდე და მუშაობა.

ჩვენ მექანიკურ გადაადგილებას ვახდენთ - პრემიერ მინისტრი გახდება პირველი ვიცეპრემიერ-მინისტრი, ხოლო ვიცეპრემიერის მოადგილე ფინანსთა მინისტრად დაინიშნება.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის მხოლოდ სიმბოლური, ან თუნდაც ტექნიკური გადაადგილება.

ნიკა გილაური, გიორგი ბარამიძესთან ერთად, საქართველოს მთავრობის ყველაზე ძველი წევრია.

ის, რომ დღეს საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში ხალხი უყურებს ტელევიზორს და აქვს ელექტროენერგია, პირადად ნიკა გილაურის დამსახურებაა.

სწორედ მისი და მისი მეგობრების, ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგად მივაღწიეთ საქართველოში ენერგეტიკულ სტაბილურობას და მდგრადობას.

ასევე მსურს შეგახსენოთ, რომ საბიუჯეტო შემოსავლები რამდენჯერმე გაიზარდა მას შემდეგ, რაც ნიკა გილაური ენერგეტიკის სექტორიდან საფინანსო სექტორში გადავიდა.

ის, რომ დღეს ფინანსური კრიზისის მიუხედავად, შეგვიძლია ხელფასებისა და პენსიების დროულად გაცემა, ის, რომ ეს პროცესი ომის დროსაც არ შეფერხებულა, მისი უწყების დამსახურებაა.

ბევრმა არ იცის, რომ მთავრობის წევრებმა ომის დროს, ტყვიების ზუზუნში, საქართველოში ხელით შემოიტანეს ფული, რათა ხელფასები და პენსიები დროულად გაგვეცა.

მინდა ვთქვა, რომ იმის მიუხედავად, რომ ბევრი სხვას ამბობს, საქართველოს მთავრობა კადრების სტაბილურობით გამოირჩევა.

ამ მაგიდის გარშემო სხედან მინისტრები, რომლებიც ამ მთავრობის შექმნის დღიდან, 2004 წლიდან არ გამოცვლილან - მაგალითად, გია ბარამიძე, ნიკა გილაური, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი და სხვები.

იშვიათია დემოკრატიული ქვეყნის მთავრობა, რომლის შემადგენლობის თითქმის ნახევარი 5 წლის განმავლობაში, პრაქტიკულად, არ შეცვლილა.

ამგვარად, მთავრობის შემადგენლობა საკმაოდ სტაბილურია, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მიზეზთა გამო პრემიერ-მინისტრი რამდენჯერმე შეიცვალა.

ეს არის მთავრობა, რომელიც მუდმივად ფართოვდება და მუდმივად ივსება ახალი კადრებით.

მარტო ამ სამთავრობო გუნდს რამდენიმე ახალი, ძალზე საინტერესო მინისტრი დაემატა. ესენია: ნიკა რურუა, ლაშა ჟვანია, დავით სიხარულიძე... მინდა შეგახსენოთ, რომ კობა სუბელიანი ჩვენთვის დიდი აღმოჩენა იყო. თანაც მთავრობის შემადგენლობაში ყველა ასაკის ადამიანია თავმოყრილი.

კარგია, რომ საქართველოს მთავრობაში დაიწყო ხალხის დაწინაურება დამსახურების მიხედვით.

ის, რომ ფაქტობრივად, გადაუჭრელი პრობლემა და აუღებელი ციხე-სიმაგრე - საშემოსავლო და საბაჟო სამსახურები პრაქტიკულად ნულიდან აეწყო, კახა ბაინდურაშვილის დამსახურებაა.

სწორია, რომ ადამიანი თანამდებობაზე ინიშნებოდეს არა მხოლოდ პარტიული ნიშნით, რაც ნორმალურია დემოკრატიიულ სისტემაში და აქ ბევრია ასეთი, არამედ პროფესიონალიზმის მიხედვით.

გრიგოლ ვაშაძე არასდროს არ ყოფილა არც ერთი პარტიის წევრი, მაგრამ ასეთი კადრიც მოვიდა საქართველოს მთავრობაში.

ამას წინათ, მის გამოსვლას ვუყურებდი ტელევიზიით და სმს-ებს აგზავნიდნენ, მისი მოქალაქეობის თაობაზე. დიდი ამბავი, თუ მას საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად, რუსეთის მოქალაქეობაც აქვს...

ყოველივე ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობას მუდმივად განახლებისა და გაფართოების უნარი აქვს. რა თქმა უნდა, ისიც ბუნებრივია, რომ დემოკრატიის პირობებში, ვიღაც წავა თანამდებობიდან და ახალი კადრების წრე მუდმივად გაფართოვდება.

მინდა ამისკენ მოვუწოდო ყველა მინისტრს - ხალხი დააწინაუროთ მათი დამსახურების მიხედვით და მუდმივად ვეძებოთ ახალი კადრები.

მაგალითად ხვალ, ნიკასთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მომუშავე წარმატებული ქართველი ეკონომისტები და ბიზნესმენები ჩამოგვყავს, რათა, უწინარესად, მოვუსმინოთ მათ პროგნოზებს მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით, ხოლო შემდეგ ვნახოთ, რაში შეიძლება გამოგვადგეს ეს ხალხი აქ, საქართველოში. თავის დროზე ზუსტად ასე შემოგვიერთდა ლადო გურგენიძე...

ამავე დროს, არსებულ კადრებს ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ.

არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ისე, როგორც ეს ადრე ხდებოდა-ხოლმე - ახალი კადრის მოსვლასთან ერთად, ძველი თანამშრომლების მასობრივად გამოცვლა და ნაცნობობისა თუ პარტიული ნიშნით მათი მთლიანად ჩანაცვლება.

ვფიქრობ, ეს ბავშვური ავადმყოფობა საქართველოს მთავრობას უკვე აღარ სჭირს.

კადრების სტაბილურობასა და სისხლის მუდმივად განახლება, ასევე, ჩვენი მნიშვნელოვანი მიღწევა და წინგადადგმული ნაბიჯია.

აქ იმისთვის არ მომიწვევიხართ რომ თავი მოვიწონოთ - თავის მოსაწონებელი ჩვენ ძალიან ცოტა რამ გვაქვს.

საქართველო იმყოფება ძალიან დიდი ფინანსურ-ეკონომიკური რისკების ქვეშ, მსოფლიო სიტუაციიდან გამომდინარე ვითარება ყოველკვირეულად იცვლება. ამიტომ ძალიან ფრთხილად და ფხიზლად უნდა ვიყოთ, რადგან ამ ეტაპზე, ჩვენი მთავარი ამოცანაა ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება, განსაკუთრებით, სოციალური მუხლების ბიუჯეტის დაცვა. ყველაფერი რომ შევამციროთ ეს სფერო უნდა დავიცვათ.

ამავე დროს, ჩვენი ამოცანაა, სამუშაო ადგილების გადარჩენა, შენარჩუნება და მოზიდვა, ქვეყნის ეკონომიკის შენარჩუნება და განვითარება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მოვიზიდოთ ახალი ინვესტიციები და განვახორციელოთ სახელმწიფოს ინფრასტრუქტურის განვითარების ინვესტიციების პროგრამა, რომელიც განსაკუთრებით შეეხება ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის, ასევე სხვა სამინისტროებს. ყველა მინისტრმა ლაშა ჟვანიასთან, დავით ტყეშელაშვილთან და ფინანსტრთა მინისტრთან ერთად უნდა იმუშაოს ამ პროგრამის - ახალი სამუშაო ადგილების შექმნის იმპლემენტაციასა და განხორციელებაზე.

ახლა ჩვენი ამოცანაა ყველა იმ უბედურების თავიდან აცილება, რომელიც რეგიონის ქვეყნებს დაატყდა თავს - ხელფასებისა და პენსიების დავალიანებები, როგორც ეს საქართველოშიც იყო წინა მთავრობების დროს და საბანკო სექტორის ჩამოშლა. ხალხს ბანკებში ფული აღარ შეაქვს და, შესაბამისად, აღარ გამოაქვს უკან.

საქართველოში ეს გამორიცხულია და, პრაქტიკულად, აცილებულია თავიდან.

ამ ქვეყნებში ეროვნული ვალუტა ჩამოიშლა, საქართველოში კი ეროვნული ვალუტა მყარია.

ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ იმისათვის, რომ ყველაფერი სწორედ ასე გაგრძელდეს; ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით, ყველა გაჭირვების მიუხედავად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეკონომიკის განვითარება, განვახორციელოთ ახალი ინფრასტრუქტურული ინვესტიციები და შევქმნათ სამუშაო ადგილები.

იმ პირობებში, როდესაც რომელიღაც კონკრეტულ სექტორში იკარგება სამუშაო ადგილები, ყველანაირად უნდა ვცადოთ მათი გადარჩენა და პარალელურად, ახალი ადგილების შექმნა სხვა სექტორებში, ჩვენს ოჯახებში, ჩვენს განვითარებასა და ეკონომიკაში შემოდიოდეს ფული.

მას შემდეგ, რაც პარლამენტი დაამტკიცებს ამ ცვლილებას, უპირველესი დავალება იქნება, რომ პრემიერმა სამედიცინო დაზღვევის უფრო მოქნილი სისტემა ჩამოაყალიბოს. იმედია ეს ცვლილება დროულად მოხდება და, ვფიქრობ, პრობლემა არ შეიქმნება, რადგან მთავრობაში ყველა დანარჩენი წევრი უცვლელად რჩება.

იცით, რომ ჩვენ დავაზღვიეთ მილიონი ადამიანი, მაგრამ დღევანდელი ვითარებით, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, პრაქტიკულად აღარ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ჩვენი საზოგადოების დიდი ფენა ყოველგვარი სამედიცინო დზღვევისა და დაფინანსების გარეშე, სრულიად დაუცველი აღმოჩნდა. ეს ძალზე დიდ დარტყმას აყენებს მთლიანად სამედიცინო სექტორს.

პირადად მინახავს სოციალურად დაუცველი ადამიანი, რომლებმაც პოლისების საშუალებით შეინარჩუნეს სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მაგრამ იმ ძალიან მცირე რესურსების პირობებშიც კი, რომლებიც ბიუჯეტში გვაქვს, უნდა შევიმუშაოთ სისტემა, რომლის მიხედვით სამადიცინო დახმარების გარეშე საქართველოში პრაქტიკულად არავინ არ დარჩება.

ამას ჩვენ ვერ გავაკეთებთ საზოგადოების თანამონაწილეობის გარეშე, ამის ილუზია არავის არ უნდა ჰქონდეს, რადგან ყველაზე მდიდარ ქვეყანასაც კი არ შეუძლია საყოველთაო უფასო მედიცინის შემოღება. მით უმეტეს, ჩვენ ამის ფუფუნება არ გვაქვს, მაგრამ უნდა შევქმნათ ისეთი სისტემა, რომელიც საზოგადოებას მაქსიმალურად გაუადვილებს საკუთარი თავის დაცვას სახელმწიფოს მეშვეობით.

ეს მნიშვნელოვანია ასევე იმისათვის, რომ შეძლებისდაგვარად შემსუბუქდეს საკმაოდ მძიმე სოციალური ფონდი.

კიდევ ერთი რამ, მართალია, ჩვენი ეკონომიკა ნამდვილად არ არის მეზობელი ქვეყნების, ზოგიერთი რეგიონალური ეკონომიკების მსგავს სტადიაში - რუსეთის შემთხვერვაში ამას პოლიტიკური მიზეზი აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა ჩვენთანაც იკლო. თუმცა ამ პირობებშიც კი ქართველები რუსეთიდან, უკრაინიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ზოგიერთ ევროპულ ქვეყნიდან საქართველოში დაბრუნებას ცდილობენ.

იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრმა გადადგა ნაბიჯები და საქართველოდან წასული ყველა ეთნიკური წარმომავლობის ჩვენი თანამემამულეებისთვის საქართველოში დაბრუნება უკიდურესად გაამარტივა.

ყველასთვის, ვისაც საქართველოში დაბრუნება და ქართული პასპორტის მიღება სურს, ეს პროცედურა უნდა იყოს არა მხოლოდ ყოველგვარი პრობლემისგან თავისუფალი, არამედ სასიამოვნოც.

ძალიან ვამაყობ, რომ ჩვენი მთავრობის პირობებში, ბოლო 5 წლის განმავლობაში უფრო მეტი ადამიანი დაბრუნდა საქართველოში, ვიდრე გავიდა ქვეყნიდან.

ეს ასე უნდა გაგრძელდეს.

დღეს უფრო მეტი შანსი გვაქვს იმისა, რომ უფრო მეტი ჩვენი თანამემამულე დავიბრუნოთ.

ამ ქვეყნებში არის ბევრი ქართველი, რომელმაც ბიზნესში საკმაოდ დააგროვა ფული და საქმიანობის გაგრძელება საქართველოში სურს.

ასევე ვავალებ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიქმნას სპეციალური ორგანო, რომელიც ამ ხალხთან იმუშავებს და გაუადვილებს მათ ორიენტაციას. ამ ხალხის თანხის დაბანდება შეიძლება თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში, ასევე შეიძლება სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურისა და სხვა სფეროებში.

ჩვენთვის ეს არის, უპირველესად, ამ ხალხის საქართველოში დაბრუნების საშუალება და მეორე, ამ ხალხის შრომის შედეგად დაგროვილი კაპიტალით (რიგ შემთხვევებში ეს მილიონი დოლარია, ხოლო მთელ რიგ შემთხვევებში - ასი და ორასი მილიონი დოლარი) შეიძლება საქართველოში ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც გადაარჩენს არსებულ სამუშაო ადგილებს და შექმნის ახალს.

ახლა, როდესაც სხვებს განსაკუთრებულად უჭირთ, მაგრამ არც ჩვენ გვილხინს, შეიძლება ამ ნიშის დაკავება და ჩვენი თანამემამულეების კაპიტალის საქართველოში სწორად დაბანდება.

ესეც იქნება საქართველოს მთავრობის მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტი.

მე არ მინდა ვთქვა, რომ ეს ახალი მთავრობაა, რადგან კონკრეტული მიზეზით განპირობებული ცვლილების გარდა, პრაქტიკულად, არაფერი არ იცვლება. რაიმე ცვლილება დიდი ხნის განმავლობაში არ მოხდება, რადგან საქართველოს ახლა სჭირდება სტაბილურობა და პროგნიზირებადობა.

ამჟამად საქართველოში ყველაფერი ძალიან მყიფეა. მყიფეა უშიშროების მდგომარეობა, მაგრამ ამის მიუხედავად, ქვეყნის განვითარებაზე და არსებული სირთულეების გადალახვაზე, როგორც არასდროს, ისე უნდა ვიმუშავოთ.

მინდა ვთქვა, რომ დღეს მქონდა ვრცელი საუბარი ლადო გურგენიძესთან, რომელიც ოჯახური მიზეზების გამო, რამდენიმე თვით საქართველოდან იყო წასული. ახლა ის აქტიურ მუშაობას უბრუნდება და იმედია გეგას შემთხვევაშიც ასე იქნება, როდესაც მისი ჯანმრთელობის პრობლემა გადაწყდება.

მინდა ვთხოვო ლადოს წარმოადგინოს საქართველოს მთავრობა და პრეზიდენტი საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტებზე, ენერგიულად და აქტიურად იმუშაოს, მაგალითად, გაზსადენის, კონკრეტულად, ნაბუკოს პროექტის შესაძლო პერსპეტივაზე. ეს პროექტი საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ჩვენთან ტრანსპორტირების თემაზე გარკვეული სააგენტოები მუშაობენ, მაგრამ საქართველოსთვის ამ ფუნდამენტური, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის საკითხი უნდა გამოვყოთ ცალკე და კონკრეტულად ვიმუშავოთ მის ორგანიზებაზე, ლობირებასა და ხორცშესხმაზე.

ამასთან დაკავშირებით, პირადად ვაპირებ გააქტიურებას.

იმას გარდა, რომ ამ პროექტს საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, უახლოეს წლებში ის იქნება ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ერთ-ერთი ძირითადი წყარო, რადგან მისი დაწყებისთანავე საქართველოს ინფრასტრუქტურაში, ენერგეტიკულ სექტორში და მთლიანად საქართველოს ეკონომიკაში ასობით მილიონი დოლარის ახალი ინვესტიციები ჩაიდება.

ამიტომ, ნიკა გილაურმა, რომელმაც ზედმიწევნით კარგად იცის ენერგეტიკის სფერო, რომელსაც ნამუშევარი აქვს დასავლეთ ევროპის ენერგეტიკულ კომპანიაში და საერთაშორისო ეკონომიკის განხრით საგანგებო განათლება აქვს მიღებული და მშვენივრად იცის ფინანსური სექტორი, შეუძლია ყოველივე ეს - ენერგეტიკა და ფინანსები დააკავშიროს სამუშაო ადგილებთან და საზოგადოების კონკრეტული წევრების კეთილდღეობასთან.

საქართველოში ეკონომიკური განვითარება ყველამ მასთან ერთად კოორდინაციაში უნდა უზრუნველვყოთ.

დღეს, როგორც არასდროს, საქართველოს მომავალი დამოკიდებულია ჩვენს კოორდინირებულ, ეფექტიან მუშაობაზე, ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობაზე. საქართველოს სახელმწიფოებრიობა რეალურად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდება საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტის მუშაობა ამ უმძიმესი მსოფლიო კრიზისის და ომის შემდგომ პერიოდში, რადგან თქვენთან ერთად, უწინარეს ყოვლისა, საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ მომავალზე მეც მეკისრება პასუხისმგებლობა.

ამიტომ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა იმ რიტმით, როგორც აქამდე მოვედით.

ბევრი რისკი ავიცილეთ თავიდან იმ რეფორმების შედეგად, რომლებიც ყველამ ერთად განვახორციელეთ წინა წლებში, მაგრამ იმდენად დიდი კრიზისია მსოფლიოში, რომ მარტო წარსული დამსახურებებით, წარსული რეფორმებით და მარაგით, ფონს ვერ გავალთ.

მსურს ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, ვიდრე საერთო მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, მთელ რიგ დარგებში შეიქმნება პრობლემები.

ყველა, უწინარესად კი სახელმწიფო აპარატი უნდა მოემზადოს ფსიქოლოგიურად, რომ მსოფლიო კრიზისი აუცილებლად დაგვაზარალებს.

შეიძლება დავზარალდეთ, მაგრამ მთავარია, როგორც ეკონომიკა და როგორც ქვეყანა ამან ვერ მოგვკლას.

ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, ფსონი დადებულია საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე და არა უბრალოდ ეკონომიკის გადარჩენაზე.

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ეგზისტენციალური საგარეო რისკებისა და საფრთხეების პირობებში იმყოფება.

ამ პირობებში ეს მარტო ეკონომიკის გადარჩენისა და შენარჩუნების საკითხი არ არის, საქმე სახელმწიფოებრიობის გადარჩენასა და გაძლიერებას შეეხება.

ამგვარად, ჩვენ არ ვიწონებთ თავს, რომ ჩვენთან ისეთი მძიმე ვითარება არ არის, როგორც მაგალითად უკრაინაში ან ლატვიაშია.

ჩვენ გვექნება რისკებიც და საფრთხეებიც. ყოველივე ეს ჯერ კიდევ წინ გვაქვს, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ თუ მუშაობას ისე გავაგრძელებთ, როგორც აქამდე ვმუშაობდით, თუ შევინარჩუნებთ იმ სტაბილურობას, როგორიც აქამდე გვქონდა, საქართველო გადალახავს კრიზისით შექმნილ ამ საფრთხეებს, მინიმუმამდე დავიყვანთ ზიანს, მივცემთ მას დროებით ხასიათს და ყველა ერთად გავალთ სამშვიდობოს.

მინდა პარლამენტში განხილვების დროს ისაუბროთ შემდგომ ნაბიჯებზე, რომლებსაც ეკონომიკის მხრივ ვდგამთ და მუდმივად ავუხსნათ საზოგადოებას თუ რა კეთდება იმისათვის, რომ სამუშაო ადგილები გადარჩეს, მაქსიმალურად შენარჩუნდეს, ზიანი შეიზღუდოს და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას, თუ რა კეთდება იმისათვის, რომ ქვეყანაში სტაბილურობა იყოს დაცული და გაძლიერებული; ავუხსნათ მათ თუ რა კეთდება საქართველოს გაერთიანებისთვის.

ამისათვის ჩვენ მუდმივ დიალოგში უნდა ვიმყოფებოდეთ საზოგადოებასთან, ჩვენს უცხოელ პატრნიორებთან და ინვესტორებთან, მაგრამ, უწინარესად, ქართულ საზოგადოებასთან.

საბოლოოდ, პრეზიდენტიც, პრემიერ-მინისტრიც, მინისტრებიც, გუბერნატორებიც, გამგებლებიც, მერებიც - ყველანი ვეკუთვნით და ვემორჩილებით ქართულ საზოგადოებას.

ჩვენ დილაოგი უნდა ვაწარმოოთ საზოგადოების ყველაზე პატარა ჯგუფთანაც კი, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს შეუძლია ულტიმატუმის ენით გველაპარაკოს, ასე ფონს ვერავინ ვერ გავა, მაგრამ დიალოგის წარმოებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

ჩვენ, როგორც საზოგადოება, ერთიანად უნდა ამოვძვრეთ კრიზისის საფრთხიდან.

მთავრობის მუშაობა ჩვეული რიტმით უნდა გაგრძელდეს.

სულ ეს არის, რისი თქმაც მსურდა.

დიდი მადლობა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)