მოგესალმებით!
ახლა ოპერის თეატრიდან მოვდივარ.
ვნახე ჩვენი საბალეტო დასის დადგმული დონ კიხოტი, რომელშიც მთავარ პარტიას ნინო ანანიაშვილი ასრულებს.
ეს ის დასია, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ამერიკაში გასტროლების დროს მსოფლიოს ყველაზე ცნობილ მეტროპოლიტენის თეატრში აბსოლუტური ტრიუმფით გამართა სპექტაკლი, რომლის დასრულების შემდეგ 45 წუთის განმავლობაში უკრავდნენ ტაშს.
ასეთი რამ პრაქტიკულად არ ხდება-ხოლმე, პრესაც კი აღფრთოვანით აღნიშნავდა ამ ფაქტს.
ყოველივე ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ რეცენზიები იწერებოდა არა რუს ბალერინაზე ნინო ანანიაშვილზე, არამედ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასსა და მის ხელმძღვანელზე, ქართველ ვარსკვლავზე ნინო ანანიაშვილზე.
ნინო ანანიაშვილი საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩამოვიდა.
მან ჩაიბარა აბსოლუტურად დაშლილი დასი, რომლისგანაც ჩვენთვის საამაყო მსოფლიო კლასის კოლექტივი შექმნა.
ჩვენ ჭაბუკიანის, სხვა უდიდესი ბალეტმეისტერებისა და, ბოლოს და ბოლოს, ბალანჩინის ქვეყანა ვართ.
მინდა გაგახსენოთ ის პერიოდი, რა ამბავი ატყდა თბილისში, როდესაც 2004 წელს ნინო მუშაობას იწყებდა.
დაიწყო დევნისა და შევიწროების კამპანია - ტელევიზიით ლანძღვის მეტს ვერაფერს მოისმენდით, ამბობდნენ, რომ ბავშვებს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს ართმევდა და ა.შ.
ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ზოგიერთებისგან განსხვავებით ნინო ნიჭიერი ადამიანი და ჭეშმარიტი პატრიოტია.
იმის მიუხედავად მსოფლი მასშტაბით ჰქონდა წარმატების შანსი, შემოსავლის თვალსაზრისით კი - უფრო მიმზიდველი წინადადებები, იგი საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა.
მან წინააღმდეგობები გადალახა და საბალეტო დასი, პრაქტიკულად, ხელახლა შექმნა.
სწორედ ასეთი პატრიოტები აშენებენ დღეს ახალ საქართველოს.
მომავალ წელს ოპერისა და ბალეტის თეატრის მასშტაბურ რემონტს დავიწყებთ და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დარბაზი გვექნება.
წელს დასრულდება ფილარმონიის რეკონსტრუქცია და ასევე მსოფლიო დონის დარბაზი გვექნება.
ამას გარდა, თეატრის შენობებს რეგიონებშიც ვარემონტებთ.
მართალია დღეს ამ თემაზე არ ვაპირებდი საუბარს, მაგრამ არ შემეძლო თქვენთვის ჩემი შთაბეჭდილება არ გამეზიარებინა.
მინდა გერმანიაში ვიზიტის მნიშვნელობასა და ჩვენს მთავარ საკითხებზე გესაუბროთ.
უბინძურესი და ძალიან სახიფათო პროვოკაციების მიუხედავად, რომელიც დიდი ხნის წინათ დაგვიგეგმეს, რომელსაც ახორციელებდნენ მარტში, აპრილში, მაისში და ახლაც ახორციელებენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად მთელი ევროპისა და დიპლომატიური სამყაროს ფეხზე დაყენება მოვახერხეთ.
გერმანიაში ძალიან კარგი შეხვედრა მქოდა ფედერალურ კანცლერთან, ბევრად უკეთესი, ვიდრე მოველოდი.
უდიდესი შთაბეჭდილების ქვეშ მოვექეცი იქედან გამომდინარე თუ რამდენად კარგად იცნობს ის ჩვენს პრობლემატიკას და რამდენად არის ჩართული ამ პროცესებში.
გერმანია დღეს ევროპის ლიდერი სახელმწიფოა.
თქვენ იცით, რომ ნატო-სთან დაკავშირებით გერმანიასთან უთანხმოება გვქონდა, მაგრამ რაც შეეხევა ჩვენს მთავარ საკითხს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, გერმანიას უკიდურესად მყარი პოზიცია აქვს და სრულ მხარდაჭერას გვიცხადებს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე დღეში საქართველოში საგანგებოდ ჩამოდის ამერიკის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი.
ერთი სიტყვით, ჩვენ ეს ეტაპი კარგად განვლეთ.
უზარმაზარი პროვოკაციებისა და, მართლაც, არაადამიანური მცდელობების მიუხედავად, ყოველივე ამას არ ავყვეთ, არ გამოვიდეთ მწყობრიდან, შევინარჩუნოთ წონასწორობა და ვაღწევთ კიდეც წარმატებებს.
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რუსეთთან ურთიერთობაში გავალღვოთ ყინული.
გარკვეული იმედისმომცემი ტონი რუსეთის ახალ პრეზიდენტთან კონტაქტებში შეიმჩნევა, თუმცა, რა თქმა უნდა ჩვენ ველით სიტუაციის შეცვლას უშუალოდ ჩვენ კონფლიქტებთან და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემასთან დაკავშირებით.
მთლიანობაში, ჩვენი დიპლომატიური წარმატებები წარმოუდგენელი მონაპოვარია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემას მხოლოდ გერმანიის ამ ამერიკის დახმარებით მოვაგვარებთ.
მინდა ყველას კარგად ესმოდეს, რომ ჩვენს ტერიტორიებს ლანგარზე არავინ არ მოგვართმევს.
ჩვენს გასაკეთებელს დანარჩენი მსოფლიო არ გააკეთებს, ეს მრავალეთნიკური ქართული საზოგადოებრიობის, ქართველი ერის გასაკეთებელია.
მინდა ყველას ესმოდეს თუ რას ნიშნავს აფხაზეთი საქართველოსთვის.
აფხაზეთი არის ჩვენი ტურისტული პოტენციალის უმეტესი ნაწილი, ჩვენი ელექტროენერგიის უმეტეს ნაწილი; აფხაზეთი არის შავი ზღვისპირეთის სანაპიროს ორ მესამედზე მეტი; აფხაზეთში არის ყველაზე დიდი რაოდენობით ნავთობი საქართველოს მასშტაბით; აფხაზეთში არის ორი პორტი, მათ შორის, ყველაზე პერსპექტიული ქართული პორტი ოჩამჩირეში.
აფხაზეთის საკითხის მშვიდობიანად და ყველას ინტერესის გათვალისწინებით გადაწყვეტა ნიშნავს ყველა მოქალაქის საკეთილდღეოდ საქართველოს ეკონომიკის გასამმაგებას წელიწადნახევარში.
აფხაზეთი რაღაც აბსტრაქტული სახელწოდება არ არის - აფხაზეთის გარეშე ქართული სახელმწიფო სრულფასოვნად ვერასდროს ვერ შედგება.
აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების 80 პროცენტი საკუთარი ტერიტორიიდან გამოაძევეს.
ჩვენი მთავრობის ზოგიერთი წევრი, რატომღაც, ამბობს, რომ 240-280 ათასი ადამიანია დევნილი, ისინი ითვლიან იმ ხალხს, ვისაც პასპორტში ეწერა ეთნიკურად ქართველი.
ეს დიდი სიბრიყვეა.
მე ვნახე ათობით ათასი ადამიანი ისრაელში, ათობით ათასი -საბერძნეთში, ვნახე ესტონელები, უკრაინელები, რომლებიც ამ მიწის ბატონ-პატრონია და საქართველომ თითოეული მათგანი უნდა დაიბრუნოს.
იმ ხალხსაც, რომელიც აფხაზეთში დარჩა, უნდა ესმოდეს და ჩვენ მათ მივაწვდით ხმას, რომლებიც შიშით უყურებენ პატარა ჯგუფის ლიდერებს, საქართველოს მრავალეთნიკური სახელმწიფოს ფარგლებში კეთილდღეობა ელით.
საქარტველო არ არის ეთნიკური ქართველების ექსკლუზიური საკუთრება - საქართველო არის ამ ქვეყანაში მცხოვრები აზერბაიჯანელების, სომხების, ოსების, აფხაზების, ებრაელებისა და სხვათა საკუთრება.
ეს პატარა ჯგუფი უბიძგებს აფხაზებს სრული, სწრაფი და უკვალო ასიმილაციისკენ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში.
ეს არის დიდი, ტრაგიკული, ისტორიული შეცდომა, რომლის თავიდან ასაცილებლად, ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ და ამისათვის ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ.
ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად.
ჩვენ მათ შევთავაზეთ თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნა; ასევე შევთავაზეთ ვიცეპრეზიდენტის კონსტიტუციური პოსტი; ამას გარდა, ვთავაზობთ ყველა ევროპული ორგანიზაციის ჩართვას ამ პროცესში, რათა ყველა ევროპული სტანდარტი იყოს გათვალისწინებული და ისეთი გარანტიები მიიღონ, რომელსაც საქართველოს ვერც ერთი მთავრობა ვერ უგულვებელყოფს და ვერ შეცვლის; აფხაზეთის ეთიკურმა აფხაზებმა თავი უნდა იგრძნონ მრავალეთნიკური, მომავალი ფედერაციული მოწყობის ქვეყნის, საქართველოს და მათ შორის აფხაზეთის სრულფასოვან ბატონ-პარტონად, მონაწილედ და აბსოლუტურად დაცულ ნაწილად.
ეს არის ის, რაც გერმანიაში ჩვენს ვიზიტს შეეხება.
"რუსთავი2", ნათია გოგსაძე:
ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ბევრი ისაუბრეთ აფხაზეთზე და იმ პრობლემებზე, რომლებიც ამ საკითხს უკავშირდება. სულ მალე თქვენ გეგმავთ შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტთან, რომელთანაც მთავარი სასაუბრო თემა სწორედ ეს იქნება. რა კომენტარს გააკეთებდით იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტმა მედვედევმა მიიღო სერგეი ბაღაფში და ეს იყო გასაიდუმლოებული შეხვედრა?
მიხეილ სააკაშვილი: რუსეთის წინა პრეზიდენტი ადრეც შეხვედრია სეპარატისტების ლიდერებს. თუ ამ შეხვედრაზე პრეზიდენტმა მედვედევმა განიხილა მოლაპარაკების გზით, ყველას ინტერესების გათვალისწინებით პრობლემის მშვიდობიანი მოგვარების საკითხი, ამას ჩვენ მხოლოდ მივესალმებით. თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ ამით იმის ლეგიტიმაციას ახდენენ, რომ საქართველო ხელს აიღებს ამ ტერიტორიაზე, სანამ სული მიდგას, პირადად მე, არ დავუშვებ. არ დავუშვებთ, რომ რომელიმე სახელმწიფომ ანექსიისა და ოკუპაციის გზით საქართველოს ტერიტორიას ერთი მისხალი მიწაც კი ჩამოაშოროს. ვიდრე ცოცხლები ვართ ანექსიისა და ოკუპაციის რეჟიმი საქართველოს ტერიტორიის არც ერთ კვადრატულ მეტრზე არ განხორციელდება. ამ საკითხს საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად აუცილებლად მოგვარებთ.
ჩვენ პრობლემები არ გვჭირდება, დღეს საქართველო არის ერთიანი როგორც არასდროს.
ჩვენ გვაქვს ორი მთავარი კომპონენტი, რომლისკენაც მივისწრაფოდით - საერთაშორისო მხარდაჭერა და საქართველოს საზოგადოებრიობის ერთიანობა.
ასეთი საქართველო არის დაუმარცხებელი ყველა თავის დიპლომატიურ წამოწყებაში.
შარშან ნოემბერში ძალიან დიდი დარტყმა მოგვაყენეს, ჩვენ სერიოზულად შეგვერყა საერთაშორისო იმიჯი და ბნელმა ძალებმა ქართველი ერის დაყოფის ილუზია შექმნეს.
ორი არჩევნების შედეგად, ქართულმა საზოგადოებრიობამ და ქართულმა სახელმწიფომ დაიბრუნა სრული მხარდაჭერა, მოიპოვა სრული სიმპატია და გააქრო მოსაზრება ქართველი ერის ერთიანობის შესაძლო გაყოფის თაობაზე მთავარ საკითხებში (ჩვეულებრივ თემებზე კამათი ღმერთმა ნუ მოგვიშალოს).
ჩვენ ბევრ საკითხთან დაკავშირებით უნდა ვილაპარაკოთ - რუსეთსა და საქართველოს ძალიან ბევრი საერთო ინტერესი აქვს.
რუსეთი ძლიერია მაშინ, როდესაც საქართველო არის მის მხარეს, მაგრამ საქართველო იმის მხარეს იქნება, ვინც ჩვენს გვერდით დადგება.
ჩვენ გვაქვს ერთობლივი პროექტები.
ჩვენ ვუჭერთ მხარს სოჭის ოლიმპიადას, მაგრამ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს.
ის თავზეხელაღებული, ხულიგნური მოქმედებები, რომლებიც რუსეთის ოფიციალურმა პირებმა იქ მარტში, აპრილში და მაისში განახორციელეს, წარსულს უნდა ჩაბარდეს.
ხულიგნური და ქუჩის მეთოდებით საქართველოსთან და საქართველოს ხელისუფლებასთან ვერავინ ვერ ილაპარაკებს ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ.
ახლა რუსეთს ჰყავს პრეზიდენტი, რომელსაც აქვს ძალიან ცივილიზებული სტილი, მანერა და დარწმუნებული ვარ შეხედულებებიც და ვფიქრობ, ყველაფერი შემობრუნდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ.
როცა საქართველოს სცემენ პატივს, ქართველებიც და მათი ქვეყანა ამას სამმაგი და ოთხმაგი მეგობრობითა და პატივისცემით უპასუხებს.
როგორც რუსეთი ამაყობს იმით, რომ ის აღარ არის 90-იანი წლების არეული რუსეთი, ისე საქართველო აღარ არის მაშინდელი აბსოლუტურად პარალიზებული, გახლეჩილი და დაყოფილი ქვეყანა, რომლის ხელისუფლება თბილისის ცენტრის გარდა ვერაფერს ვერ აკონტროლებდა; ნამდვილად ვერ აკონტროლებდა სამეგრელოს, აღარაფერს ვამბობ აჭარაზე, სამხრეთ საქართველოზე, ჯავახეთზე; საქართველოს ხელისუფლება ვეღარ აკონტროლებდა საკუთარ თავს და საკუთარ წარმომადგენლებსაც კი.
ახლა ჩვენ ვართ ძალიან კარგ ფორმაში და ბევრ საკითხთან დაკავშირებით შეგვიძლია მოლაპარაკების გზით წასვლა.
ჩვენი ბედი წყდება არა ბრიუსელში, ვაშინგტონში ან მოსკოვში, არამედ - თბილისში. თბილისი კი გადაწყვეტს საქართველოს მრავალეთნილური ინტერესების შესაბამისად.
"აჭარა", ნოდარ ჩაჩუა:
ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ახლახან დაბრუნდით ევროპიდან, სადაც შეხვედრები გამართეთ ამერიკის სახელმწიფო მდივანთან, გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან. რას ისახავს მიზნად საქართველოს მსგავსი საერთაშორისო გააქტიურება, რომელ საკითხთან დაკავშირებით გვაქვს ყველაზე მეტად საერთაშორისო მხარდაჭერა; ყველაზე მთავარი, მივუახლოვდით თუ არა და რამდენად მივუახლოვდით ნატო-ს წევრობას?
მიხეილ სააკაშვილი:
ნატო-სთან მისაახლოებლად საჭირო იყო ორი კრიტერიუმის დაკმაყოფილება: არჩევნების კარგად ჩატარება და კონფლიქტების საკითხი. ზოგიერთი რუსული პოლიტიკური ფიგურის გარდა ყველამ აღიარა, რომ საქართველოში არჩევნები მთლიანობაში კარგად ჩატარდა.
მეორე საკითხი კონფლიქტებს შეეხება. ჩვენ აღარავინ გვეუბნება, რომ ეს საკითხი თავად გადაწყვიტეთ და შემდეგ მოგვაკითხეთო. ამ საქმეში ყველა ჩართულია. ევროპის ყველა მთავარი სახელმწიფო მიხვდა, რომ ეს მათი პრობლემაცაა. როდესაც ყველა მონაწილეობს პროცესში, შედეგიც ყველამ უნდა მიიღოს.
თქვენ აჭარის ტელევიზიის წარმომადგენელი ბრძანდებით და მინდა გითხრათ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ ამ კუთხის პოპულარიზაციისათვის. მაგალითად, გუამ-ის სამიტს ვმასპინძლობთ ბათუმში, ყველა უცხოელ სტუმარს ვპატიჟებთ ბათუმში. მინდა ვიამაყო იმით, რაც აჭარაში ხდება. ყველამ უნდა დაინახოს კონტრასტი რაც ხდება აფხაზეთში, რაც ხდებოდა აჭარაში.
ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველო არ არის მარტო თბილისი. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.
"კავკასია", გიორგი კობერიძე:
ბატონო პრეზიდენტო, როგორ შეაფასებთ იმ ფაქტს, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ შევიდა და როგორ მიგაჩნიათ, რამდენადაა ქართული მედია დამოუკიდებელი, განსაკუთრებით ტელევიზიები? მოგეხსენებათ რა პრობლემები შეექმნა ტელევიზიებს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, მათ შორის, ნოემბერში. მაგალითად, სანდო წყაროს ცნობით, ბიზნესმენებს იბარებენ პოლიციაში და მათ "კავკასიის" ეთერიდან რეკლამების მოხსნას სთხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ანგარიშსწორებით ემუქრებიან. მართალია, ეს ბიზნესმენები დასახელებისგან თავს იკავებენ, მაგრამ ამბობენ, რომ არის ხუთგვერდიანი სია, რომელშიც ზოგი გახაზულია, ზოგი კი სხვა სახით არის აღნიშნული.
მიხეილ სააკაშვილი:
ნოემბერში იყო საგანგებო მდგომარეობა და საქართველოში რამდენიმე დღით ყველა ტელევიზია დაიხურა. ამ პერიოდის შემდეგ, მიმაჩნია, რომ თქვენი ტელევიზია გაიფურჩქნა და დიდ წარმატებებსაც აღწევს.
რაც შეეხება სიას, არ ვიცი ვინ არის გახაზული, ეს შემდგომი განხილვის თემაა. თუმცა ერთი რამ სრულიად ცხადია - თუკი რაიმე რაიმე ილუზია იყო იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე აზრი საქართველოში არ გამოითქმებოდა, ან რაიმე თემა დახურული იყო, ყველაფერი გაქარწყლდა. პიროვნულ შეურაცხყოფას არ ერიდებიან, ყველა თემა გახსნილია, უკადრებელიც ნაკადრია და ზოგიერთმა ყველა ხიდი დაწვა. ამის მიუხედავად, ალბათ, ეს ასე იყო საჭირო. ჩვენ არ გვაქვს დემოკრატიული კულტურის გამოცდილება და ამაზე ბევრი უნდა ვიმუშაოთ. დაგეთანხმებით, გასაკეთებელი კერ კიდევ ძალიან ბევრია.
ამ არჩევნების პერიოდში ყველა აზრი გამოითქვა. ეს ერთი.
მეორე, ამბობენ, რომ არჩევნები სამართლიანად არ ჩატარდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ზოგადად ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ვერავინ ვერაფერს ვერ აკონკრეტებს. ისმის ფრაზები: კლიმატი იყო ასეთი; ვიღაც დაიბარეს; ვიღაცას რაღაც უთხრეს და ა.შ.
მეც დავდივარ საქართველოში და არავის არ აქვს პრობლემა პირადად მითხრას რას ფიქრობს ჩემზე. თუკი ჩემთან არავინ იკავებს თავს არ მგონია, რომელიმე მინისტრთან ან სხვა ადამიანთან დაკავშირებით გაუჩნდეს პრობლემა.
ვერავინ ვერ ამბობს, რომ ხმები არასწორად დაითვალეს. ყველა პარტიამ მიიღო ის, რაც გაცხადდა. საკუთარი შეცდომების სხვაზე გადაბრალება ყველაზე ადვილი გასაკეთებელია.
მინდა მივესალმო იმას, რომ ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა, ორ მესამედზე მეტი პარლამენტში შევიდა. მინდა მწუხარება გამოვხატო იმის გამო, რომ ოპოზიციის რამდენიმე ფიგურა, რომელიც დიდი ხანია ჩანს ტელევიზიით და აქვს საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხარდაჭერა, ყოველ შემთხვევისთვის, ჰქონდა წინა არჩევნებზე, პარლამენტში არ შევიდა.
ამ ხალხის ერთმა ყველაზე რადიკალურმა ნაწილმა განაცხადა, რომ იქნება ჩასაფრებული და დაელოდება როდის დაუშვებს მთავრობა და პრეზიდენტი უხეშ შეცდომებს და შემდეგ ისევ გამოვლენ ქუჩაში. ჩასაფრებულ მდგომარეობაში ყოფნა არა მგონია სწორი პოზიცია იყოს მაშინ, როდესაც საქართველოს სჭირდება კონსოლიდაცია, განვითარება, დიალოგი და ყველას ჩართვა მიმდინარე პროცესებში. თუ მთავრობის კისრის წატეხვას ელოდები, შეიძლება მთავრობასთან ერთად კისერი ქვეყანამაც წაიტეხოს. ბევრად უფრო სწორი პოზიცია იქნებოდა ყოფილიყვნენ იქ, სადაც მთავრობა ოპერირებს და გადაწყვეტილებებს იღებს, რათა დროულად უთხრა ამ ხალხს, რომ შეიძლება გადაიჩეხოს და თან მთელი ქვეყანა თან წაიყოლოს.
მეც ვყოფილვარ ოპოზიციაში: ვიყავი ადგილობრივი მმართველობის ოპოზიციაში, ვიყავი საპარლამენტო ოპოზიციაში. 2003 წლამდე პარლამენტში ყველაზე პატარა, 10-კაციან ფრაქციას ვხელმძღვანელობდი, მაგრამ ეს ფრაქცია ძალზე მნიშვნელოვან საქმეებს აკეთებდა. ყოველთვის მნიშვნელოვანია იყო იქ, საიდანაც გადაწყვეტილებების მიღებისას შენი ხმის მიწვდენა შეგიძლია. სწორია თუ ეს ხმა ისმის პარლამენტის ტრიბუნიდან და არა ქუჩიდან, რადგან საქართველოში საკითხები ქუჩიდან აღარასდროს აღარ გადაწყდება. ქუჩის სიტუაცია სამოქალაქო დაპირისპირებისა და, ღმერთმა დაგვიფაროს, 90-იან წლებში ვნახეთ, სამოქალაქო ომის წინაპირობაა. ამას ჩვენ არასდროს აღარ დავუშვებთ.
რაც შეეხება ოპოზიციას, ჩემი ინიციატივით, პარლამენტში ოპოზიციას ეყოლება სამი ვიცესპიკერი, რაც არასდროს არ ყოფილა. სხვათა შორის, თუ არ ჩავთვლით დამოუკიდებლობის შემდეგ არჩეულ პირველ პარლმენტს, საკანონმდებლო ორგანოში სამი ოპოზიციური ფრაქცია არასდროს არ ყოფილა. ყველა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იქნება ოპოზიციის წარმომადგენელი. კონტროლის პალატაში ბევრად მეტი კონროლის საშუალებას ვაძლევთ მათ და მთელი ინფორმაცია იქნება მათთვის ხელმისაწვდომი. თუ მათ აქვთ სურვილი მთავრობის მუშაობაში მიიღონ მონაწილეობა, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, მზად ვარ ამ თემას დავუბრუნდე. ჩვენ ველოდებით ამ ფრაქციების დაკომპლექტებას, პარლამენტის, როგორც სტრუქტურის, სრულფასოვნად ამუშავებას და მაშინვე შევიტანთ მთავრობის დამტკიცების საკითხს. მთავრობა დასამტკიცებლად უნდა შევიდეს მაშინ, როდესაც ოპოზიციური ფრაქციები ჩამოყალიბდება. მინდა მოხდეს დეტალური განხილვა, ყველა საკითხი გაიარონ, ყველა საკითხზე იკამათონ და ყველა საკითხთან დაკავშირებით გამოთქვან საკუთარი აზრი. გარწმუნებთ, რომ ჩვენ აუცილებლად მოვუსმენთ ოპოზიციის აზრს.
ამავე დროს ჩემის სურვილია და არა თვითმიზანი, რომ ოპოზიცია იყოს ძლიერი. სიძლიერე ნიშნავს მეტ პასუხისმგებლობას, ხოლო სისუსტე არის უპასუხისმგებლობის გამომხატველი, რაც ქვეყნისთვის ძალიან ცუდია. მით უმეტეს, იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ეგზისტენციალური საკითხები აქვს გადასაწყვეტი.
ჩემი ამოცანაა ინსტიტუტების განვითარება. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ინსტიტუტების განვითარება კი შეუძლებელია ოპოზიციასთან დიალოგის და ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით სერიოზული კამათის გარეშე. მთავარ საკითხებზე ჩვენ უნდა შევთანხმდეთ. მთავარი საკითხებია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ქვეყანაში არის უამრავი სოციალური თუ სხვა პრობლემა, გაჭირვება და უსამართლობა, მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ უკვე ბევრი რამ გაკეთდა. თუმცა ყოველთვის უფრო მეტია გასაკეთებელი. ეს ასეა.
ერთხელ ვთქვი, რომ ოპოზიციამ წინასაარჩევნო პერიოში დაუშვა შეცდომა. თუ დააკვირდით მე არ დამიწყია სპეკულირება აფხაზეთის თემით, რასაც გააკეთებდა პრეზიდენტების 95 პროცენტი. ძირითადად შიდა თემებზე ვამახვილებდი ყურადღებას, რადგან სამუშაო ადგილები, სიღარიბის დაძლევა, 50-დღიანი და ახლა უკვე 50-თვიანი პროგრამის შესრულება, ხალხისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ათჯერ და ოცჯერ მეტი გზა გვაქვს დასაგები, უფრო მეტი სკოლა უნდა უზრუნველვყოთ, პენსიები და ხელფასები უნდა გავზარდოთ. ბევრად მეტად იზრდება ფასები და რეალური შემოსავალი არა მხოლოდ ამ ზრდის შესაბამისი უნდა გახდეს, არამედ უნდა გადაუსწროს კიდეც. რაც არ უნდა წარმატებული ვიყოთ, ყოველთვის იქნება საშუალება იმისათვის, რომ ოპოზიციამ საკუთარი თავის რეალიზება მოახდინოს. ამიტომ, ვფიქრობ, ყველა საკითხთან დაკავშირებით უნდა ვილაპარაკოთ და ვითანამშრომლოთ. ამის ალტერნატივა ქვეყანას არ აქვს.
ისიც მესმის, რომ საზოგადოებრიობის გარკვეული ნაწილი აჰყვა სიძულვილის პროპაგანდას. რადიოსა და ტელევიზიით სწორედ სიძულვილის პროპაგანდა მიმდინარეობდა. ნაწილობრივ ესეც მესმის, მესმის ამ ხალხის ფლუსტრაციის. საქართველოს ეკონომიკა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა, ქვეყნის რეალური ბიუჯეტი კი - თითქმის 12-ჯერ. დანარჩენი ფული, რომლითაც ვქმნით არმიას, ვაშენებთ სკოლებს, შევქმენით პოლიცია, კონკრეტული ადამიანებისგან შემოვიდა, რომლებიც არც დაგვიჭერია და არც გადაგვისახლებია. თუმცა რამდენიმე კორუმპირებული ადამიანი პასუხისგებაში მივეცით. საგადასახადოს ინსპექტორი, რომელიც თვეში იღებდა 10 ათას დოლარს, 2-3 ათასლარიანი ხელფასით მაინც უკმაყოფილო იყო. ასეთ ადამიანს არაფერი არ ეშველებოდა, მას ასეთი ფსიქოლოგია ჩამოუყალიბდა. ახლა ყველა ხვდება, რომ სხვა გამოსავალი არ არის. ეს საზოგადოება გვეკუთვნის ყველას, ცალკე ვერავინ ვერ გადაირჩენს თავს. მხოლოდ იმიტომ, რომ შენი შვილი ვერ მოეწყო უნივერსიტეტში, რომელიც შენს ქუჩაზე მდებარეობს და მოეწყო ის, ვინც ჩამოვიდა ონიდან ან საქართველოს სხვა რომელიმე რაიონიდან, არ უნდა გაბრაზდე.
მომავალი ეკუთვნის ყველას. თუ საქართველოს იქნება წარმატებული, ყველა ადამიანს, შემოსავლისა და წარმომავლობის მიუხედავად, ექნება წარმატების შანსი. ეს არის ჩვენი სოციალური პოლიტიკა. არ უნდა მოვახდინოთ არც ართი ჯგუფის მარგინალიზაცია, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს აღარ უხარია ქვეყნის წარმატება, პირიქით, უნდა რომ ყველამ ცხვირი წაიმტვრიოს. ეს ერთხელ 90-იან წლებში უკვე გამოვცადეთ. ან ყველა წავალთ წინ, ან ქვეყანას მომავალი არ ექნება. ჩვენს ქვეყანას კი ძალიან დიდი მომავალი აქვს. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ.
საზოგადოებრივი მაუწყებელი, ქეთევან ქარდავა:
ბატონო პრეზიდენტო, ისევ აფხაზეთის თემას დავუბრუნდები. გაზეთ კომერსანტში დღეს გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ეწერა, რომ თითქოს ლაპარაკია გეგმაზე, რომლის მიხედვით აფხაზეთი ორად უნდა გაიყოს და ქართულ სახელმწიფოს დარჩეს გალი და ოჩამჩირე. ეს ფაქტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა უარყვეს, მაგრამ საინტერესოა თქვენი აზრი...
მიხეილ სააკაშვილი:
არავის არაფერს არ მივცემთ და არავის არაფერს არ დავუთმობთ. ამის ილუზიას ნურავინ ნუ შეიქმნის. ჩვენ გვაქვს სამშვიდობო გეგმა, რომლის მიხედვით გალსა და ოჩამჩირეში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა შევთავაზეთ. ამას ვადასტურებ ყოველგვარი კულუარების გარეშე. ეს ასეა. გალი და ოჩამჩირე ეკონომიკური პოტენციალის მატარებელი რაიონებია, რომლებიც დღეს ცარიელია. თავისუფალი ეკონომიკური ზონა სწორედ იმას ემსახურება, რომ საქართველოს ყველა მცხოვრებმა, მათ შორის, ვინც აფხაზეთში ცხოვრობს, ნახოს ეკონომიკური განვითარების, ინტეგრაციის, ამ სახელმწიფოში ცხოვრების სარგებელი. საქართველო იმდენად პატარა ქვეყანაა და ჩვენი ოქროს მიწა, იმდენი საუკუნის განმავლობაში შეგვინახეს წინაპრებმა, რომ ეს ათასწლეულებით შენარჩუნებული ტერიტორია, ვინმეს ვაჩუქოთ. თუკი ვინმეს სადმე მსგავსი აზრები ან გეგმები აქვს, დღეს საქართველოს ამ ხალხისთვის არასწორი პრეზიდენტი და მთავრობა ჰყავს და კონსტიტუციის მიხედვით, მინიმუმ ხუთი წელი კიდევ ეყოლება. ასე რომ, ამ თემასთან დაკავშირებით ნურავინ ღელავს.
რადიო "იმედი", ირმა ებრალიძე:
წინასაარჩევნო პერიოდში თქვენი მთავარი დაპირება და სლოგანი იყო საქართველო სიღარიბის გარეშე. საინტერესოა, იქნება თუ არა ეს საკითხი მთავარი პრიორიტეტი მთავრობისათვის, რომელსაც თქვენ პარლამენტში წარადგენთ? ამას გეკითხებით იმიტომ, რომ ბიუჯეტში უნდა განხორციელდეს ცვლილებები. გაზრდილი ბიუჯეტიდან კი მთავარი დაფინანსება თავდაცვაზე მოდის. თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ეს სლოგანი და ეს საკითხი აქტუალური აღარ იქნება. კიდევ ერთი, როდის წარადგენთ მთავრობას და იგეგმება თუ არა საკადრო ცვლილებები სამთავრობო, თუნდაც, ეკონომიკურ გუნდში?
მიხეილ სააკაშვილი:
უკვე გითხარით, რომ როგორც კი ჩამოყალიბდება საპარლამენტო ფრაქციები, ჩვენ წარვადგენთ ახალ მთავრობას დასამტკიცებლად. ამ ეტაპზე რაიმე სერიოზულ ცვლილებებს არ ვგეგმავთ და ამ თემასთან დაკავშირებით მინდა წინასწარ გამოვრიცხო სპეკულაცია.
რაც შეეხება შეკითხვის პირველ ნაწილს, იცით, რომ მთავარი ჩვენი პროგრამა საქართველოში სიღარიბის დაძლევის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით, არის 50-თვიანი პროგრამა. ჩვენ გვჭირდება ბევრად მეტი მუშაობა სოფლად. წელს მიწის დიდი ფართობი მოიხნა, მაგრამ სამჯერ მეტი ტრაქტორები უნდა შემოვიყვანოთ და იმ პირობებში, როდესაც საწვავის ფასი კატასტროფულად მატულობს, სოფლის მეურნეობის წასახალისებლად სხვა მეთოდებიც უნდა შევიმუშავოთ. ამ საკითხთან დაკავშირებით ხვალ სოფლის მეურნეობის წარმომადგენლებთან მაქვს შეხვედრა.
მთელ მსოფლიოში ძვირდება საკვები. საოცრად იმატა საკვების ფასმა საქართველოშიც, მაგრამ საქართველოს უპირატესობა არის ის, რომ არა მარტო ვიკვებებით ამ პროდუქტებით, არამედ ვაწარმოებთ კიდეც. ბევრად ძვირდება გადამუშავებული პროდუქცია, ვიდრე გადაუმუშავებელი. ამიტომ, აქვე, ადგილზე უნდა ვაწარმოოთ ყველაფერი. ეს პროგრამა მოიცავს სოფლის გადარჩენას, მათ შორისაა სოფლის მეურნეობის განვითარება, სტიმულირება, მექანიზაცია, ამბულატორიები, სკოლები, განათლების სისტემის განვითარება სოფლად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ყველა ქალაქში, მცირე და საშუალო ბიზნესის სერიოზულად წახალისება, გადასახადების შემდგომი შემცირება და სხვა. საქართველოს მთავრობა სწორედ ამ პროგრამით წარსდგება პარლამენტში და სერიოზული განხილვა იქნება ყველასთან, მათ შორის ოპოზიციურ ფრაქციებთან.
რაც შეეხება თავდაცვის ხარჯებს, ძალიან ვისურვებდი, რომ ვცხოვრობდეთ მონტე-კარლოშო, რომელსაც ანექსიითა და ოკუპაციით არავინ არ ემუქრება. ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში და ჩვენ შევქმენით რეგიონში ყველაზე პატარა, მაგრამ მაქვს პრეტენზია, ყველაზე პროფესიული არმია, რომელიც გადადის ნატო-ს სტანდარტებზე. ყოველივე ეს ღირს ძვირი. ყველაფერი, რაც გვაქვს, არის უმაღლესი, მსოფლიო ხარისხის. ჩვენ არ გვაქვს ტრანსკონტინენტალური ბალისტიკური რაკეტები და არც არასდროს გვექნება, მაგრამ გვაქვს ყველაფერი, რაც სჭირდება პატარა ქვეყანას რთულ გეოპოლიტიკურ რეგიონში, რომელსაც აქვს მშვიდობიანი განზრახვები, მაგრამ დავრწმუნდით, რომ რეგიონში მყოფ ყველა ძალას, შესაძლოა, მსგავსი მიდგომა არ ჰქონდეს. გარწმუნებთ, ყველაზე კარგად ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია ფულის ხარჯვა სკოლებზე, ჯანდაცვაზე, ქვეყნის ინფრასტრუქტურის შემდგომ განვითარებაზე, პენსიების ზრდასა და სოციალურ პროგრამებზე. ჩვენ ხელახლა აღვრიცხავთ სოციალურ მუშაკებს და ხელახლა უნდა გავუშვათ ხალხი იმისათვის, რომ ამ 50-თვიანი პროგრამის ფარგლებში უკეთესად დავიცვათ ჩვენი საზოგადოების დაუცველი კატეგორია. ამას ყველა ერთად გავაკეთებთ.
რადიო "ფორტუნა" - ნანა მამაგულიშვილი
მსურს დავუბრუნდე გერმანიაში თქვენს ვიზიტს. პრესკონფერენციაზე ქალბატონმა მერკელმა აღნიშნა, რომ აუცილებელია მნიშვნელოვანი პროგრესი კონფლიქტების დარეგულირების საკითხში. არის თუ არა მოსალოდნელი სერიოზული წინსვლა დეკემბრამდე ახალი სამეტაპიანი გეგმის განხორციელების მხრივ და რა ეტაპზეა ამჟამად ეს პროგრამა?
მიხეილ სააკაშვილი:
კარგია ის, რომ თუ ადრე გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენი პრობლემა თავად უნდა გადაგვეწყვიტა, ახლა ამბობენ, რომ ეს საერთო პრობლემაა და ყველამ ერთად უნდა გადავწყვიტოთ. ეს უკვე მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. ის, რაც აფხაეთში ხდება ევროპული უსაფრთხოების პრობლემაა და შესაბამისად, ყველა მთავარი ევროპული ქვეყანაა ამაში ჩართული.
"ალანია", ეკატერინე კოტრიკაძე:
ბატონო პრეზიდენტო, ბოლო პერიოდში სამხრეთ ოსეთში ძალიან გახშირდა პროვოკაცის, სროლისა და აფეთქების ფაქტები. ორი დღის წინ კოკოითი იმყოფებოდა მოსკოვში, სადაც აკრიტიკებს შუამავლებს - ეუთოსა და სხვა ორგანიზაციებს და უარს აცხადებს მათ მონაწილეობაზე კონფლიქტის დარეგულირების საქმეში. თქვენი მოსაზრება... შეიცვლება თუ არა რაიმე ამ მხრივ სამხრეთ ოსეთში.
მიხეილ სააკაშვილი:
ვფიქრობ, იმ ნაწილში, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, ცხინვალში კოკოითი უკვე დიდი ხანია არაფერს არ წყვეტს. ეს ნაწილი იმყოფება რუსეთის პირდაპირი ადმინისტრაციის ქვეშ, რაც ყველა საერთაშორისო ნორმის უხეში დარღვევა და ფეხქვეშ გათელვაა. ეს უპრეცენდენტო რამ არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და იმედია, რომ რუსეთის ფედერაცია ამ არანორმალურ ვითარებას დროულად მოუღებს ბოლოს. ვიმედოვნებ, რომ ამ გადაწყვეტილებებს რუსეთში მიიღებენ არა ფსბ-ს გენერლები, როგორც აქამდე ხდებოდა, არამედ რუსეთის პრეზიდენტი. ვფიქრობ, რუსეთის სახელმწიფო ამ საკითხს სრული პასუხისმგებლობით მიუდგება. სიბნელეში ეს საკითხები აღარ გადაწყდება. ამაში ყველა გარკვეულია. ჩვენ შუამავლები არ გვჭირდება - ეს ჩვენ საზოგადოებაა. რუსი გენერლები, რომლებიც სხედან ცხინვალში, აწყობენ პროვოკაციებს და მონაწილეობენ ათასგვარ სიბინძურეში, უნდა დაუბრუნდნენ საკუთარი დისლოკაციის ადგილებს რუსეთის ფედერაციაში, რადგან საქართველოში მათ არაფერი არ ესაქმებათ. მომავალში ეს ხალხი უნდა ჩამოვიდეს ჯავაში, უნდა მოაწყოს ტურისტული მარშრუტები მამისონზე, მოინახულოს შაორი და შემოიაროს თვალწარმტაცი საქართველოს ბევრი სხვა ლამაზი ადგილი. ის, რომ ეს ვითარება ხელოვნურად არის შექმნილი და დიდხანს ვერ შენარჩუნდება, ჩვენმა რუსმა კოლეგებმა ჩვენზე უკეთ იციან, მაგრამ ვიღაც-ვიღაცეებს გადაწყვეტილების მიღება უჭირთ. თუ ქვედა დონის ჩინოვნიკები ამას ვერ აკეთებენ, იმედი მაქვს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
არ შეიძლება 21-ე საუკუნეში იმოქმედო და იხელმძღვანელო მე-19 საუკუნის ყველაზე უარესი მაგალითებით. 21-ე საუკუნის რუსეთის ხელმძღვანელობა სწორედ ახალი ევროპული პრინციპებით იმას, რაც სრულიად არანორმალურია.
რაც შეეხება პროვოკაციებს, თუ შეამჩნიეთ, მართალია პროვოკაციები არის, მაგრამ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ, სრული წესრიგია. ეს ასეც იქნება და ვერავინ ვეღარაფერს ვერ მოგვიწყობს. ჩვენ ვისწავლეთ და მათაც ვასწავლეთ, რომ მშვიდობიან მოქალაქეებს პრობლემები ვერ შეექმნებათ. ეს ხალხი იმყოფება ქართული სახელმწიფოს დაცვის ქვეშ. იქაურ პოლიციაში ძალიან გამოცდილი მუშაკები გვყავს, რომლებიც წესრიგს იცავენ. ძალიან სამწუხაროა, რომ მსგავსი ვითრება არ არის ცხინვალსა და იმ ადგილებში, რომლებსაც ჯერ კიდევ რუსეთიდან შემოსული ფსბ-ს მუშაკები და სეპარატისტების დარჩენილი ნაწილი აკონტროლებს, რადგან ყოფილი სეპარატისტების უმეტესობა დიდი ხანია ჩვენს, ანუ მშვიდობის მხარეს გადმოვიდნენ. ვფიქრობ, ამ საკითხს ბევრად უფრო ადრე მოვაგვარებთ, ვიდრე თქვენ, ან თუნდაც თქვენ მიერ დასახელებულ პირს წარმოუდგენია.
დიდ მადლობას მოგახსენებთ ყველას.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური