Google+

სიახლეები

02.07.2008
სუამ-ის სამიტის მონაწილეებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

მინდა მივესალმო პირველი ასეთი მასშტაბის სამიტის ყველა მონაწილეს აქ, ბათუმში.

სამიტის ჩატარების ადგილად, ბათუმი საგანგებოდ შევარჩიეთ და მადლობელი ვარ პრეზიდენტების, რომ აქ ჩამოვიდნენ.

ეს ქალაქი არის საქართველოს სიმბოლო, რომელიც რამდენიმე წლის წინათ იყო დანგრეული, განადგურებული, სეპატრატიზმის ტალღით მოცული და დაშლის პირას მისული.

ეს არის ქალაქი, სადაც მშვიდობიანმა გარდაქმნებმა, ხალხის ენერგიამ სასწაული მოახდინა.

ბოლო წლებში ბათუმის აღორძინება დავიწყეთ და მიმაჩნია, რომ შავ ზღვაზე ის იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალაქი; ასვე ეკონომიკური განვითარებისა და, რაც მთავარია, აქ მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიმბოლო.

ამას დრო, ენერგია და მოთმინება სჭირდება, მაგრამ წარმატებას ყველანი ერთად მივაღწევთ.

ქვეყნებს, რომელთა ლიდერები დღეს აქ შეიკრება, ერთმანეთთან ბევრი რამ აკავშირებთ.

დილა დავიწყეთ იმით, რომ მე და ვიქტორ იუშჩენკომ სარფი-გონიოს მონაკვეთზე, ძალიან ლამაზ ჩანჩქერთან ანდრია პირველწოდებულის მონუმენტი გავხსენით.

ეს არის ადგილი, სადაც წმინდა ანდრია პირველწოდებულმა პირველი ლაზი ბავშვები მონათლა.

მან პირველად იქადაგა ტაპზონში, რომელიც მაშინ მეგრელთა სოფლად მოიხსენიებოდა, შემდეგ ამ ადგილას, დღევანდელ საქართველოში შემოვიდა და პირველი ადგილობრივი მცხოვრები სწორედ აქ მონათლა.

რჩება შთაბეჭდილება, თითქოს, ეს ქანდაკება ყოველთვის ამ ადგილზე იდგა.

ეს მართლაც სიმბოლურია, რადგან უკრაინას და საქართველოს, მთელ რეგიონს აკავშირებს უამრავი სულიერი, ფიზიკური, ადამიანური, ეკონომიკური თუ სხვა სახის კავშირები.

დღეს კიდევ ერთი კავშირის აღორძინების მოწმე გავხდით.

ბათუმი, როგორც ქალაქი, ძველ დიდებას უმადლის ბაქოს ნავთობის განვითარებასა და ბუმს მე-19 საუკუნის დამლევს.

ახლა აზერბაიჯანში ახალი ბუმი დაიწყო.

აზერბაიჯანი ხელახლა გახდა ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო, ჯერ ჰეიდარ ალიევის, ხოლო შემდეგ მისი შვილის თაოსნობით.

დღეს მე და ილჰამ ალიევმა ბათუმში, სიორიძეების ოჯახში პირველი გაზქურა ავანთეთ.

შემოდგომამდე ბათუმში, ხელვაჩაურში და ქობულეთში ბუნებრივი გაზი ყველა ოჯახში შევა, უახლოეს მომავალში ეს მთელი აჭარის მასშტაბით მოხდება, ხოლო 50-თვიანი სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, მთელი საქართველო მომარაგდება, ძირითადად, აზერბაიჯანული გაზით.

არ შეგვიძლია არ ვთქვათ, რამდენად ვემადლიერებით ჩვენს მეგობრებს, რომლებიც ხელს უწყობენ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და თითოეული ოჯახისთვის ქმნიან დოვლათს.

აქ წარმოდგენილი არიან პოლონეთისა და ლიტვის პრეზიდენტები.

საკუთარი ინტერესების დასაცავად ბრძოლა ჩვენ ახლა ვისწავლეთ.

ახლა ბევრი რამ, მათ შორის, საგარეო პოლიტიკაში უკეთესად გამოგვდის, მაგრამ მთელი ამ წლების განმავლობაში, მაშინ, როდესაც არ გვქონდა საკმარისი გამოცდილება, ლიტველი დიპლომატები, ფაქტობრივად, ქართველებზე მეტად იცავდნენ ჩვენს ინტერესებს.

ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის, ლიტვა იმ ლოზუნგის ერთგული დარჩა, რომელიც ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პერიოდში გვქონდა.

ამ ბრძოლაში ლიტვის პრეზიდენტი ჩვენი სოლიდარობის ყველაზე დიდი განასხიერებაა.

აქ იმყოფება პოლონეთის პრეზიდენტი, რომელიც პირადად ჩემთვის ძველი ტრადიციებისა და თანამედროვეობის ყველაზე თვალსაჩინო სინთეზს წარმოადგენს.

პოლონეთი, რომელთანაც საქართველოს უამრავი ისტორიული, სულიერი, ადამიანური კავშირი აქვს; პოლონეთი, რომლის თავისუფლებისთვის, ამ ქვეყნის შვილებთან ერთად იბრძოდნენ ქართველები, დღეს ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძვის.

არ შეიძლება ამ კავშირების სათანადოდ არ შეფასება და სათანადოდ არ დაფასება.

აქ იმყოფება ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთ-ერთი აქტიური წევრია და ძალიან ბევრს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველომ ევროპაში ინტეგრაცია შეძლოს.

ყველა ის ქვეყანა, რომელიც დღეს აქ არის წარმოდგენილი, უამრავ ადამიანს წარმოადგენს, მაგრამ ეს ის ქვეყნებია, რომლებსაც აერთიანებს არა ხალხის რაოდენობა, არამედ ჩვენი დიდი სურვილი ვიყოთ თავისუფალი, დემოკრატიული, ცივილიზებულ სამყაროსთან ინტეგრირებული, რათა საბოლოოდ გავაკეთოთ ევროპული არჩევანი.

მიმაჩნია, რომ ბათუმი, დღევანდელი სამიტის გადასახედიდან ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია.

ახლა საქართველო რთულ სიტუაციაში იმყოფება - საქართველოში ცდილობენ გაიმეორონ ის სცენარი, რომელიც ევროპას თავს მოახვიეს და განახორციელეს ჩეხოსლოვაკიის მიმართ მიუნხენის შემდეგ, ხოლო პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების მიმართ "რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის" შემდეგ.

გამოვთქვამთ იმედს, რომ დღევანდელ მსოფლიოში ახალი "მიუნხენი" და "რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი", ევროპის სფეროებად დაყოფა, ტერიტორიების დანაწევრება და საზღვრების გადახედვა არ განხორციელდება.

ამის მსურველი ყველა პოლიტიკოსისთვის ნებისმიერი მცდელობა კრახით დამთავრდება.

ჩვენ შვძლებთ ჩვენი მთლიანობის, ერთიანობისა და მშვიდობის შენარჩუნებას.

ძირითადად, ეს იყო, რისი თქმაც თქვენთვის მსურდა.

მომავალი წლის განმავლობაში საქართველო იქნება სუამ-ის თავმჯდომარე ქვეყანა.

კიდევ ერთხელ მივესალმებით ჩვენს მეგობრებს და მადლობას მოვახსენებთ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო დღევანდელი სამიტის მუშაობაში.

დიდი მადლობა.

უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო

მინდა საქართველოს მხარეს მადლობა გადავუხადო სტუმართმოყვარეობისათვის და იმ ყველაფრისთვის, რაც აქ გაკეთდა.

დღეს აქ საერთაშორისო საზოგადოებრიობაა წარმოდგენილი.

თითოეული ასეთი სამიტი ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ამ შეხვედრებში სულ უფრო მეტი პარტნიორი იღებს მონაწილეობას.

ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვაქვს საერთო.

საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, დღეს ანდრია პირველწოდებული მონუმენტი გავხსენით.

ანდრია პირველწოდებული იყო ადამიანი, რომელმაც არა მარტო აქ მცხოვრები ხალხი მონათლა, არამედ ჩავიდა უკრაინაშიც და მას შემდეგ, რაც დნეპრის მდინარე გადმოლახა, თქვა: დალოცვილი ხალხი იცხოვრებს აქ!

დღეს იმის მომსწრე ვართ, რომ ამ ორი დღის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი მოლაპარაკება გაიმართა, რომელიც უდიდეს პოზიტიურ შედეგებს მოგვცემს.

ყოველივე ეს ბაქოში დაიწყო.

სუამ-ის ორგანიზაციის ფარგლებში ჩვენ ვანვითარებთ თანამშრომლობას, ოპტიმიზმით ვუყურებთ მომავალს და დარწმუნებული ვართ ამ პროექტის წარმატებაში.

დღეს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვიხილეთ.

ეს პროექტები მნიშვნელოვანია არა მარტო სუამი-ს წევრი სახელმწიფოებისა და ამ რეგიონისათვის, არამედ მთელი კონტინენტისათვის, მთელი მსოფლიოსთვის.

ეს ინიციატივები უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, რადგან ძალიან ბევრი, ენერგეტიკული თუ სხვა პროექტები უნდა განვახორციელოთ.

ჩვენ გამოვთქვით ნება, რომ მოხდეს ამ პროექტების იმპლემენტაცია.

ამ პროექტების განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებს აზერბაიჯანი, მოლდოვა, საქართველო, უკრაინა და სწორედ ამ პროექტების მეშვეობით მოხდება ენერგორესურსების ტრანსპორტირება ევროპისაკენ.

დიალოგს კვლავაც გავაგრძელებთ, რათა დამყარდეს სატრანსპორტო კავშირები პორტების შორის, მაგალითად ქერჩის პორტსა და ბათუმის პორტს შორის.

ეს მნიშვნელოვანი შეთანხმება იქნება.

ამ სამიტის ფარგლებში მონაწილე ყველა ადამიანმა მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმა.

ძალიან კარგად გვესმის, თუ რა არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნებისათვის და მთელი მსოფლიო საზოგადოებრიობისათვის.

მართალია, ჩვენ გვაერთიანებს წარსული, მაგრამ, რაც მთავარია, ჩვენ გვაერთიანებს მომავალი.

დაინტერესებული ვართ, რომ მოხდეს ჩვენი ინტეგრირება ევროკავშირში და დავუახლოვდეთ ევროპული უსაფრთხოების მოდელს.

დარწმუნებული ვარ, რომ იმ პოზიციით, რომელიც დღეს გვაქვს, დასახულ მიზნებს აუცილებლად მივაღწევთ.

ჩემთვის დიდი პატივი იყო, მიმეღო მონაწილეობა ამ სამიტში უკრაინის სახელით და თქვენთან ერთად განმეხილა ყველა წამოჭრილი საჭირბოროტო საკითხი.

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს სტუმართმოყვარეობისა და მასპინძლობისთვის.

მადლობას ვუხდი ჩემს მეგობრებს და კოლეგებს.

მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ესწრებოდა სამიტს და აქტიური მონაწილეობა მიიღო ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების განხილვისას.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი

ვულოცავ ჩემს მეგობარს, პრეზიდენტ სააკაშვილს დღევანდელი სამიტის ბრწყინვალედ ორგანიზებას.

დიდ მადლობას მოგახსენებთ სტუმართმოყვარეობისათვის.

ეს სამიტი ძალიან მნიშვნელოვანი, წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ორგანიზაციის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით.

გასულ წელს ბაქოში სუამ-ის თავმჯდომარეობა აზერბაიჯანმა მიიღო.

დღეს გავიხილეთ ამ წლის მიღწევები, მაგრამ განსახილველი ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს, რადგან ამ წლის განმავლობაში ეს ორგანიზაცია კიდევ უფრო ეფექტიანი გახდა.

ჩვენს სახელმწიფოებს შორის და ასევე იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ამ შეხვედრებში მონაწილეობენ, ურთიერთობა საკმაოდ განმტკიცდა.

დღეს სუამ-ს შეგვიძლია თამამად ვუწოდოთ ძალზე ეფექტიანი საერთაშორისო ორგანიზაცია.

ჩვენი სახემწიფოები ერთმანეთს საერთაშორისო დონეზე ეხმარება და უამრავი მაგალითი დასახელება შეგვიძლია, როდესაც ჩვენმა თანამშრომლობამ ერთობლივი სარგებელი მოუტანა ქვეყნებს.

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, გავაძლიეროთ ძალისხმევა პოლიტიკური თვალსაზრისით.

კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მადლიერი ვართ სუამ-ის წევრი თითოეული ქვეყნის, რომელიც მხარს უჭერს აზერბაიჯანს და რომელმაც მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას აზერბაიჯანის ტერიტორიის ოკუპაციასთან დაკავშირებით.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ერთობაა და სოლიდარობის გამოხატვა.

როდესაც მსგავსი რეზოლუცია იყო მიღებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობასთან დაკავშირებით, ჩვენც იგივე გავაკეთეთ.

რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, არ უნდა იყოს იგნორირებული, რადგან ეკონომიკური და სოციალური პროგრესი სწორედ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზეა დამოკიდებული.

ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა დღეს დარღვეულია. საქართველომ და აზერბაიჯანმა ბევრი რამ გადაიტანა, რადგან ჩვენს ქვეყნებში ეთნიკური წმენდის პოლიტიკა გატარდა.

ამ პოლიტიკის შედეგად ათასობით ადამიანი იქცა ადგილნაცვალ პირად, დაკარგა ქონება და საკუთრება და შეელახა ელემენტარული ადამიანური უფლებები.

მილიონობით ადამიანი გახდა აგრესიისა და სეპარატიზმის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის რღვევის მსხვერპლი.

ჩვენ ვართ ერთიანი და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს.

აზერბაიჯანში ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს პრობლემები პოლიტიკური გზით და საერთაშორისო სამართლის პრინციპების გათვალისწინებით მოვაგვაროთ.

აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ყველაფერს გავაკეთებთ.

რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები დიდ ყურადღებას მოითხოვს და სწორედ ამიტომ, სამომავლო თანამშრომლობის გასაღრმავებლად, ძალზე მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოვაწერეთ ხელი.

ჩემმა მეგობარმა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა უკვე აღნიშნა, რომ დღეს ერთ-ერთ ქართულ ოჯახს ვესტუმრეთ, სადაც ოჯახის წევრებისა და პრეზიდენტების გულთბილი, გულითადი შეხვედრა გაიმართა.

ეს არის ჩვენი მეგობრობის სიმბოლო - აზერბაიჯანის გაზი ბათუმში აინთო.

ეს ისტორიული მოვლენაა, რადგან როგორც ვიცი, ამ რეგიონში ბუნებრივი გაზი არასდროს არ ყოფილა.

ბუნებრივ აირს დღეს ხალხი ბათუმსა და მის მიმდებარე უბნებში მიიღებს.

ეს მხოლოდ ჩვენი მეგობრობისა და თანამშრომლობის წყალობით მოხდა.

ამ ურთიერთობას უდიდესი გავლენა აქვს ჩვენ პოლიტიკურ პროცესებზე, უსაფრთხოებაზე, რაგიონალური თანამშრომლობის განვითარებაზე.

რეგიონში ერთობლივად ვახორციელებთ საკმაოდ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებს.

საიდუმლო არ არის, რომ ენერგო უსაფრთხოება დღესდღეობით ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია მსოფლიოში.

საქართველო და აზერბაიჯანი, როგორც მეგობრები და მოკავშირეები, ძალიან ბევრს აკეთებენ იმისთვის, რომ საკუთარი წვლილი შეიტანონ ამ საქმეში.

ჩვენ უკვე განვახორციელეთ წარმატებული პროექტები, ახლა კი ახალი პროექტების განხორციელებას ვიწყებთ.

ჩვენ ვმუშაობთ ოდესა-ბროდი-გდანსკის პროექტზე.

ჩვენი მეგობრები უკრაინიდან, პოლონეთიდან, ლიტვიდან ასევე მონაწილეობენ ამ პროცესში და დარწმუნებული ვარ, სამომავლო ინიციატივები, რომლებიც ბუნებრივ გაზთან დაკავშირებულ პროექტებს შეეხება, ძალიან ბევრი სახელმწიფოს მონაწილეობით განხორციელდება, რითაც რეგიონალური თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება.

დღესდღეობით უკვე რეალობაა, რომ კასპიის, შავი ზღვის, ბალტიის ქვეყნები ძალისხმევას იმისათვის აერთიანებს, რომ ახალი სატრანსპორტო დერეფნები გაიხსნას, რომ დამყარდეს მჭიდრო კავშირი სხვადასხვა კულტურებსა და ხალხებს შორის.

ეს არის ბრწყინვალე მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია სხვადასხვა სახელმწიფოს გააერთიანოს საკუთარი შესაძლებლობები.

სუამი სწორედ ასეთი თანამშრომლობის ფორმატია და დარწმუნებული ვარ მის წარმატებაში.

ერთად მომავალში კიდევ უფრო მეტს მივაღწევთ და ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება და განმტკიცდება.

მინდა ქართველ ხალხს მივმართო და ვუთხრა, რომ ჩვენს ქვეყნებს მეგობრობის დიდი ისტორია აქვს.

ჩვენი თაობა მართლაც ბედნიერია, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოში უწევს ცხოვრება.

ჩვენი ქვეყნების მმართველებს დამოუკიდებლობა საუკუნეების განმავლობაში ოცნებად ჰქონდათ ქცეული.

ჩვენ ეს ბედნიერება წილად გვხვდა, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა კიდევ უფრო განვამტკიცოთ.

კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ჩემს მეგობარ მიხეილ სააკაშვილს სტუმართმოყვარეობისა და ამ შეხვედრის ბრწყინვალე ორგანიზებისათვის.

მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ეს სამიტი მომავალი წარმატების ბრწყინვალე ნიშანია.

პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი

მოგესალმებით!

სუამის წევრ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის განვითარება ძალზე მნიშვნელოვანია.

ეს არის ურთიერთობა, რომელიც მრავალი გეგმის განხორციელებას ისახავს მიზნად.

ეს არ არის მხოლოდ ენერგეტიკულ საკითხებთან დაკავშირებული თანამშრომლობა.

ვფიქრობ, დღეს ჩვენ ვაყალიბებთ ურთიერთობას, რომლიდან გამომდინარეც პოლონეთი გააგრძელებს დახმარებას უკრაინისათვის, საქართველოსთვის, აზერბაიჯანისთვის, რაც მეტად მნიშვნელოვანია.

ეს შეესაბამება როგორც თქვენს ინტერესებს, ისე ჩვენს ინტერესებსაც.

დღევანდელი ევროპა საკმაოდ რთული სტრუქტურაა, მაგრამ ის საკმაოდ უსაფრთხოა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შესაძლოა არ იყოს იდეალური, რამეთუ მსოფლიოში არ არსებობს იდეალური ორგანიზაცია, მაგრამ ის მშვიდობას და სტაბილურობას ამკვიდრებს.

მუდმივად შემიძლია გავიმეორო, რომ ჩვენი მიზანია საქართველოსა და უკრაინის მაპ-ის მიიღება ამ წლის დამლევს.

ჩვენი მიზანია განვითარდეს ეკონომიკური თანამშრომლობა არა მარტო ენერგეტიკული პროექტების, არამედ ურთიერთობის მთელი სისტემის თვალსაზრისით.

ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ეს პოლიტიკური ალიანსის განმტკიცების მატერიალური საფუძველია.

ეს ჩვენს ერთობლივ ინტერესს წარმოადგენს.

მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, ყურადღებას ვამახვილებ როგორც აფხაზეთზე, ისე მთიან ყარაბახზე.

რასაკვირველია, არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია აიტანოს უცხო ძალების არსებობა მის ტერიტორიაზე.

აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიის ნაწილია.

უცხო იმპერიის ძალები მთიან ყარაბახშიც შევიდნენ და ამით საერთაშორისო სამართლის პრინციპები დაირღვა.

დარწმუნებული ვარ, ეს მდგომარეობა აუცილებლად შეიცვლება და ჩემი სურვილია, ეს მალე მოხდეს.

ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა პრეზიდენტ ადამკუსთან, რომელიც ორი თვის წინ დაიწყო, კიდევ უფრო განვითარდება და პოლონეთი-ლიტვის, ორი ისტორიული პატრნიორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის.

ლიტვის პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი

უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ ნამდვილად სასიამოვნოა იმყოფებოდე მეგობრებს შორის, მით უმეტეს, თუ ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრას ესწრები.

ეს ორგანიზაცია არა მარტო ძლიერდება, არამედ სულ უფრო მეტ მეგობარს იკრებს თავის გარშემო.

აქედან გამომდინარე ის უფრო მნიშვნელოვან როლს იძენს.

მე არ უნდა გავიმეორო ის, რაც აქ უკვე ითქვა, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი რეგიონია.

ჩვენ ხალხებს შორის მშვიდობიან თანაარსებობაზე ვლაპარაკობთ.

ამას გარდა, უკვე გავიარეთ ის ეტაპი, რომელსაც შეგვიძლია ტრაგედიების საუკუნე ვუწოდოთ.

ჩვენ 21-ე საუკუნის ახალი განვითარების გზას დავადექით და, ამ მხრივ, თითოეული ჩვენგანისთვის სუამი ძალიან კარგი მაგალითია.

გაყინული კონფლიქტები არ უნდა არსებობდეს და არავინ არ უნდა ცდილობდეს სხვის ტერიტორიაზე ძალისმიერი მეთოდით შესვლას.

უნდა შეიქმნას დემოკრატიული განვითარების გარემო, სადაც თავისუფალ არჩევანს აკეთებს ხალხი, რადგან ამ მნიშვნელოვან პრინციპებს სწორედ ხალხი ამკვიდრებს.

დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პოლიტიკური დამოუკიდებლობის მიღწევა ენერგოდამოუკიდებლობის გარეშე შეუძლებელია.

ხალხის ცხოვრების დონე უნდა ამაღლდეს და თავად უნდა აირჩიოს საკუთარი განვითარების გზა.

ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი არჩევანი გაკეთებულია.

ასე რომ, იმას აღარ გავიმეორებ, რაც აქამდე ითქვა.

მინდა ყველას მივულოცო მიღწეული წარმატებები და მოხარული ვარ, რომ ვხედავ ქვეყნების, ხალხის ჯგუფს, რომელიც კვლავ გააგრძელებს გაერთიანებას - თავისუფლების მოყვარული ერები ერთად დადგებიან.

სუამის გენერალური მდივანი ვალერი ჩეჩელაშვილი

ჩვენ განვიხილეთ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უკავშირდება ურთიერთობის განვითარებას როგორც სუამ-ის შიგნით, ისე საგარეო პოლიტიკის თვალსახრისით.

მსურს მხოლოდ ერთი რამ დავამატო.

მინდა ვთქვა, რომ ჩვენ უმნიშვნელოვანესი პროგრესს მივაღწიეთ,

სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მეთაურებმა კი შეფასება მისცეს ამ პროგრესს.

წელს საქართველო ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე გახდა.

ჩვენ ამბიციური გეგმები გვაქვს.

სამდივნო ყველაფერს გააკეთებს, რათა რესურსებისა და შესაძლებლობების მობილიზება მოხდეს, არსებული პროექტები საქართველოს აქტიური მონაწილეობით განხორციელდეს, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ამ ორგანიზაციისა და ჩვენი ქვეყნების შემდგომ წარმატებებში.

აუცილებელია, რომ შავი ზღვისა და კასპიის რეგიონში მშვიდობა დამკვიდრდეს.

ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის თავმჯდომარეობას ბრწყინვალე მუშაობისთვის.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)