Google+

სიახლეები

26.05.2009
საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი ტაუერის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი

მომავალი წლის გაზაფხულისთვის ამ სანაპიროზე სამშენებლო სამუშაოების გაორმაგებას ვგეგმავთ. აქ დასაქმდება ათასობით ადამიანი. ათასობით ოჯახს, რომელიც დღეს გაჭირვებას და სიღარიბეს ებრძვის, გაუჩნდება შემოსავალი, მეცემა იმედი და ექნება მომავალი.

დღეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და მინდა მივესალმო მთლიანად საქართველოს.

მინდა მივესალმო ყველა ქართველს და ყველა ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეს მათი შეხედულებებისა და საქმინობის, ასაკისა და სოციალური ცენზის მიუხედავად, რადგან ჩვენ ყველანი ერთი ქვეყნის შვილები ვართ.

მინდა მივესალმო იმ ხალხსაც, ვინც დღევანდელი დღე თბილისის ცენტრში თავისი პროტესტისა და გულისწყრომის გამოსათქმელად გამოიყენა. მე მშვენივრად მესმის ამ ხალხის გაჭირვება და მშვენვრად მესმის ამ ხალხის პროტესტის მოტივაციაც.

შესაძლოა, მე არ დავეთანხმო ზოგიერთ პოლიტიკურ ლიდერს და მისი საქციელი ჩემთვის მიუღებელი იყოს, ჩვენ შეიძლება არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს პოლიტიკურ შეხედულებებში, მაგრამ ჩვენ ყველას ერთნაირად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. ღია მოღალატეების გარდა, ყველა ჩვენგანს ერთნაირად სურს, რომ საქართველო ერთიანი და წარმატებული იყოს.

მინდა დღეს ამ თავისუფლების ჩირაღდნის მშენებლობა დავიწყოთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შავიზღვისპირეთის სიმბოლო გახდება და ათწლეულების განმავლობაში ისეთივე მნიშვნელოვანი იქნება, როგორიც - ეიფელის კოშკს აქვს პარიზისთვის, როგორიცაა ევროპის რამდენიმე ნაგებობა. ეს იქნება ევროპის ყველაზე მაღალი ნაგებობების მსგავსი და ჩვენ მას "თავისუფლების ჩირაღდანს" ვარქმევთ.

ჩვენ გვყავს ინვესტორები, რომლებიც მას ააშენებენ და ამ საქმეში მონაწილეობას სახელმწიფოც მიიღებს.

ეს ნაგებობა გამოჩნდება საქართველოს კარიბჭიდან და, დარწმუნებული ვარ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებიდან, მათ შორის, აფხაზეთიდანაც. ის იქნება საქართველოს ერთიანი, თავისუფალი მომავლისა და ამ თავისუფლების შეუქცევადობის სიმბოლო.

მე ხელთ მაქვს დოკუმენტი, რომელშიც შავით თეთრზე წერია:

"დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 2009 წლის 26 მაისს ქალაქ ბათუმში ვუყრით საფუძველს თავისუფლების ჩირაღდნის მშენებლობას, ნიშნად ჩვენი ქვეყნის თავისუფლების იდეალებისადმი ერთგულებისა".

ამ დოკუმენტს ვაწერ ხელს და მინდა დავძინო, რომ უზარმაზარი სირთულეების მიუხედავად, როგორი პრობლემები და როგორი ეკონომიკური კრიზისიც არ უნდა იყოს, საქართველოს აღმშენებლობა არც ერთი დღით არ შეჩერდება. ჩვენ ყველაფერი, მათ სორის მსოფლიო კრიზისი უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ბევრი ავაშენოთ საუკეთესო ავაშენოთ და არა მხოლოდ დავასაქმოთ ხალხი, არამედ რეალური საფუძველი შევქმნათ ბევრად უფრო უზრუნველყოფილი მომავლისათვის.

სწორედ ამას ვაკეთებთ დღეს ჩვენ - საქართველოში მცხოვრები ეს თაობა ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობებისთვის. როგორც გზავნილი, მინდა დღევანდელი ხელმოწერა თქვენთან ერთად გავაფორმო.

ასევე ვიწყებთ ბათუმის ახალი ბულვარის მშენებლობას, რომელიც ამ ქალაქში ასობით ათასი ახალი ტურისტის მოზიდვის საშუალებას მოგვცემს.

ჩვენი მიზანი - 2011 წელს მხოლოდ აჭარის სანაპიროს 2 მილიონი ტურისტი სტუმრობდეს - დარწმუნებული ვარ, მიღწეული იქნება. 2 მილიონი ტურისტი კი ნიშნავს იმას, რომ თითოეულ ადგილობრივ მცხოვრებზე მოვა 9 ტურისტი მაინც. ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს 9-ჯერ მეტ შემოსავალს, 9-ჯერ მეტ შესაძლებლობას, ასევე არა მხოლოდ რეკლამას ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ თითოეული ოჯახის გაძლიერებას და კეთილდღეობას.

დღეს სწორედ ამას ვუყრით საფუძველს!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)