Google+

სიახლეები

23.07.2009
აშშ-ის ვიცე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გამოსვლა საქართველოს პარლამენტში

დიდი მადლობა.

ბატონო სპიკერო, ქალბატონებო და ბატონებო, მეგობრებო!

დიდ მადლობას გიხდით იმისათვის, რომ ამდენად დიდი პატივი მომანიჭეთ.

მე ნამდვილად დიდ პატივად მივიჩნევ ამ დარბაზში სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობას.

მე არა მხოლოდ ჩემი სახელით ვსაუბრობ, არამედ ჩემი პრეზიდენტის, პრეზიდენტ ობამას სახელითაც, ასევე ჩემი ქვეყნის სახელით.

მე აქ ჩამოვედი ერთი მარტივი და პირდაპირი გზავნილის ჩამოსატანად ჩემი ხალხის სახელით: ამერიკის შეერთებული შტატები თქვენს გვერდით დგას უსაფრთხო, თავისუფალი, დემოკრატიული და კვლავ გაერთიანებული საქართველოს მოგზაურობაში.

ეს მოგზაურობა თითქმის საუკუნეს ითვლის. 1918 წლის მაისში საქართველოს უშიშროების საბჭომ - სწორედ ეს უწყება იყო, მხოლოდ შეცვლილი სახელით - გამოაცხადა დამოუკიდებლობა, ისევე როგროც ჩემმა ქვეყანამ 150 წლით ადრე.

სამი წლის შემდეგ თქვენ მიიღეთ კონსტიტუცია - მამაცი განცხადება თქვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შესახებ, ძლიერი საფრთხის არსებობის პირობებში.

ერთი თვის თავზე დასრულდა ბოლშევიკური ოკუპაცია და ეს პარლამენტი უკანასკნელად შეიკრიბა საუკუნის დასასრულამდე. ეს იყო მოგზაურობა, რომელიც მანამდე შეწყდა, სანამ დაიწყებოდა. თუმცა მოგზაურობა 1989 წელს განახლდა, როდესაც თავისუფლების ხმამ მთელს საქართველოში კიდევ ერთხელ დარეკა ზარი, რათა კიდევ ერთხელ შეჩერებულიყო მომაკვდავი იმპერიის უკანასკნელი შემოტევით. ორი წლის შემდეგ თქვენ ერთხელ კიდევ გამოაცხადეთ დამოუკიდებლობა და დათესილი მარცვალი გარდაიქმნა ვარდად, როემლიც უნდა აყვავებულიყო.

საქართველოს დემოკრატიის პირველი პოსტ-საბჭოთა ექსპერიმენტი ლპებოდა სამოქალაქო კონფლიქტებით, ეკონომიური სიდუხჭირით, მზარდი კორუფციით და უკან გადადგმული ნაბიჟით არადემოკრატიული მმართველობისაკენ. მაშინ, ექვსი წლის წინათ, ვარდების რევოლუცია გაისმა როგორც ნათელი გამოძახილი თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის, რომელიც მთელ მსოფლიოში გაიგეს.

მე კვლავ მაქვს სულისკვეთება იმ მომენტისა და იმ მოგზაურობისა, რომელიც თქვენ წამოიწყეთ. მე მახსოვს როგორ გადევნებდით თვალს იმ საშიშ გარემოში, რომელშიც თქვენ იდექით გამართულები და ამაღლებულები. ასევე იდგა მილიონობით ხალხი მსოფლიოში, რომელთა მოწოდება თავისუფლებისაკენ არ არის შესრულებული.

ერთი წლის წინათ, როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, მე ჩამოვედი საქართველოში სრულიად სხვა გარემოებაში. მე ბევრი მირჩევდა არ ჩამოვსულიყავი. მეუბნებოდნენ, რომ ეს არ იყო სასურველი მომენტი. მაგრამ მსურდა ნათელი გამეხადა თუ რატომ იყო თქვენი დამოუკიდებლობა ასეთი მნიშვნელოვანი ჩემი ქვეყნისთვის და მსოფლიოსთვის. თქვენს პარლამენტში ჯდომის ნაცვლად იმ ღამით, როდესაც არტილერიის ხმა და საბრძოლო ავიაცია მოძრაობდა, რესტორნის სახურავზე ვიჯექი, პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად. იმ სახურავზე მე პირობა დავდე საქართველოს წინაშე, რომ ამერიკა დაეხმარებოდა ამ ქვეყანას. მაშინ ამერიკის შეერთებული შტატების სენატში ვმუშაობდი. დღეს მე აქ კვლავ ვდებ პირობას, როგორც აშშ ვიცე-პრეზიდენტი. მე ვდებ პირობას არა მხოლოდ ჩემი სახელით, არამედ, პრეზიდენტ ბარაკ ობამას სახელითაც.

ეს ვიზიტი თბილისში, პრეზიდენტ ბარაკ ობამას მოსკოვში მოგზაურობის შემდეგ დაიგეგმა. როდესაც ის გეგმავდა თავის მოგზაურობას, მან დამავალა დამეგეგმა ჩემი მოგზაურობა თბილისში.

ქალბატონებო და ბატონებო, ვიცი რომ ზოგიერთი წუხს და მე კარგად მესმის, რომ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის გადატვირთვის მცდელობა მოხდება საქართველოს ხარჯზე.

ნება მომეცით ნათლად გითხრათ - ეს არ მომხდარა, არ მოხდება და არ შეიძლება მოხდეს.

როგორც მიუნხენში ვთქვი, ჩვენი ადმინისტრაციის მიერ ფიცის დადების ცოტა ხნის შემდეგ და როგორც პრეზიდენტმა ობამამ, შემიძლია დავამატო და კვლავ გაიმეორა ორი კვირის წინ მოსკოვში, - ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ პრინციპს, რომ სუვერენულ დემოკრატიებს შეუძლიათ მიიღონ თავიანთი გადაწყვეტილებები, აირჩიონ პარტნიორები და საკუთარი ალიანსები.

ჩვენ წინააღმდეგი ვართ 19-ე საუკუნის ცნებისა გავლენის სფეროების შესახებ. იგივე არ შეიძლება მოხდეს 21-ე საუკუნეში.

ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს.

ჩვენ მოუწოდებთ - ჩვენ მოუწოდებთ მსოფლიოს არ აღიარონ ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ჩვენ მივმართავთ რუსეთს პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს, რომელიც ნათლად არის ჩამოყალიბებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში და მოიცავს ყველა საჯარისო ფორმირების გაყვანას წინა კონფლიქტურ პოზიციებზე და მთლიანად საქართველოდან.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო დამკვირვებლების მისიის გაფართოებას საქართველოში, მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრებისათვის.

გასულ წელს, ჩემი ვიზიტის დროს ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იძულებით გადაადგილებულმა ოჯახებმა სამხრეთ ოსეთიდან. ჩემზე საოცრად იმოქმედა იმ მცდელობებმა, რომელიც მიმართული იყო საქართველოში ეკონომიკის განადგურებისაკენ, სამიზნედ კი გამოყენებული იყო საქართველოში არსებული ინფრასტრუქტურა.

მე შეგპირდით, რომ ჩემი ქვეყანა გაგიწევდათ მნიშვნელოვან დახმარებას, რათა ფეხზე დამდგარიყავით. დღეს კმაყოფილებით ავღნიშნავ, რომ აშშ-მ შეასრულა ეს დანაპირები - ერთი მილიარდი აშშ დოლარის დახმარების თვალსაზრისით.

ქალბატონებო და ბატონებო, აგვისტოდან მოყოლებული ჩვენ დავეხმარეთ ადგილნაცვალებს თავშესაფრის მოწყობაში, ჩვენ დავეხმარეთ თქვენს ბიუჯეტს და მთავრობას ფისკალურ ვალდებულებებში, სამშენებლო დახმარება გავუწიეთ მათ, ვისაც შეეძლო სახლებში დაბრუნება, დავაფინანსეთ გზების მშენებლობა და ენერგო უსაფრთხოება, ახალი რესურსები მოვიძიეთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად, ასევე საკანონმდებლო სისტემის და დამოუკიდებელი მედიის დასახმარებლად.

მთლიანად საქართველო არის დღეს ყველაზე მაღალი დახმარების მიმღები ქვეყანა ერთ სულ მოსახლეზე მთელ მსოფლიოში. იმ ქვეყნისთვისაც კი, საიდანაც მე მოვდივარ ერთი მილიარდი დოლარი ხუთ მილიონ მოსახლეზე ძალიან დიდი ფულია. ჩვენ ასევე ვმუშაობთ საქართველოსთან, რომ მოვახდინოთ თქვენი სამხედრო სფეროს მოდერნიზება.

ძირითადი აქცენტი კეთდება წვრთნაზე, დაგეგმარებაზე და ორგანიზებაზე.

ჩვენ გვესმის, რომ საქართველო მიისწრაფის ნატოსკენ და ჩვენ სრულად გიჭერთ მხარს ამ მისწრაფებაში.

პარლამენტის წევრებო, ჩვენ ვიმუშავებთ, რათა დაგეხმაროთ დააკმაყოფილოთ ნატოს წევრობის სტანდარტები.

სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ გასულ თვეში ამერიკამ და საქართველომ დაიწყეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაზე მუშაობა. ჩვენ განვსაზღვრეთ ამბიციური განრიგი ოთხ სფეროში: თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა და ვაჭრობა და ენერგეტიკის საკითხებში თანამშრომლობა. დემოკრატიის განვითარება და კანონის უზენაესობა; ასევე ჩვენს ქვეყნებს შორის კულტურული კავშირების განმტკიცება.

ნება მიბოძეთ ნათლად მოგახსენოთ რა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან და რა არ არის. აშშ-ს არავითარი სურვილი არ გააჩნია შექმნას გავლენის სფერო ამ რეგიონში ან სადმე სხვაგან მსოფლიოში. ჩვენი მიზანია შევქმნათ მრავალ-პარტნიორული მსოფლიო, სადაც ერებს ექნებათ საერთო ინტერესები.

ეს პარტნიორობა არ იქნება ვინმეს წინააღმდეგ, იგი იქმნება მათი ინტერესებისთვის, ვისაც სურს უფრო დემოკრატიული, აყვავებული და უსაფრთხო მსოფლიო.

საქართველოთან ჩვენი პარტნიორობა ასევე მოიცავს გამოწვევებს უსაფრთხოების სფეროში - ჩვენ გულითადად გემადლიერებით იმის გამო, რომ ქართველი ჯარისკაცები გვერდიგვერდ იბრძვიან ჩვენს მამაც საზღვაო ქვეითებთან ერთად. ის ასევე მოიცავს ვალდებულებებს ენერგოუსაფრთხოების სფეროში.

ჩვენ მივესალმებით იმას, რომ საქართველოს როლი ესოდენ მნიშვნელოვანია და რომ საქართველო შეასრულებს ხიდის როლს ბუნებრივი რესურსების გადაზიდვაში აღმოსავლეთიდან დასავლეთით, როგორც ეს ხდებოდა ათასი წლის წინ.

ეს შეთანხმება ასევე მოიცავს მყარი კავშირების შენებას არა მხოლოდ მთავრობებს შორის, არამედ ჩვენს ხალხებს შორისაც კულტურული ურთიერთგაცვლის მეშვეობით, თანამშრომლობას ბიზნესის მხრივ და სამოქალაქო სექტორში.

ჩვენი პარტნიორობა დაფუძნებულია საერთო დემოკრატიულ იდეალებზე. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი შრომის მხარდაჭერას, რომელიც მდგომარეობს ექვსი წლის წინანდელ დანაპირებში დემოკრატიასთან დაკავშირებით.

როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტს ერთი კვირის წინ განუცხადა (და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ იგი ამ ვალდებულებას შეასრულებს), კიდევ უამრავი რამ არის გასაკეთებელი. თქვენი ვარდების რევოლუცია მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც თქვენი მთავრობა იქნბა გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და მონაწილეობას მიიღებს ყველა პროცესებში - როდესაც საკითხები ირჩევა ამ პალატაში და არა მხოლოდ ქუჩაში; როდესაც თქვენ სრულად განიხილავთ მთავარ საკონსტიტუციო საკითხებს ძალაუფლების ბალანსის შესახებ მთავრობასა და პარლამენტს შორის, და როდესაც თქვენ მიაღწევთ თანაბარ საარჩევნო არეალს; როდესაც მედია იქნება სრულად დამოუკიდებელი და პროფესიონალური; მაშინ, როდესაც ხალხს მიეწოდება ისეთი ინფორმაცია, რომლის მეშვეობით საზოგადოება ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს მიიღებს და მთავრობაც იქნება ანგარიშვალდებული მათი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე; როდესაც სასამართლო იქნება თავისუფალი გარე გავლენისაგან, კანონის უზენაესობა კი - გამყარებული, როდესაც ხელისუფლების შეცვლა მოხდება მშვიდობიანი, კონსტიტუციური, დემოკრატიული პროცესებით და არა ქუჩაში.

ქალბატონებო და ბატონებო - მე არ მსურს გასწავლოთ და არასოდეს ვეტყვი ვინმეს რა უნდა იყოს მათი პოლიტიკური ინტერესი, მაგრამ გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ არ არსებობს განსაზღვრული ჩამონათვალი დემოკრატიისათვის. თუმცა არის მნიშვნელოვანი კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას ნებისმიერი დემოკრატიის გასაღრმავებლად.

წარმატება მოითხოვს ამ ოთახში მყოფთა ჩართვას, მათ კი ჩართვა ამ ოთახის გარეთ აირჩიეს. ის მოითხოვს ყველა ქართველი მოქალაქისგან, მიუხედავად მათი პოლიტიკური სიმპატიების ან ეთნიკური წარმომავლობისა, მონაწილეობა მიიღონ მართვაში.

და დღეს განსაკუთრებით მოუწოდებ საქართველოს ახალგაზრდობას, ქართველი ლიდერების მომავალ თაობას განაგრძონ წვლილის შეტანა თავიანთი იდეებით, ხმებით და ენერგიით, რათა შექმნან მშვიდობიანი, სტაბილური, დემოკრატიული და ეკონომიურად აყვავებული საქართველო. ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიხილავთ საქართველოს, რომელიც იქნება სახლი ყველა თავისი კანონიერი მოქალაქისათვის.

რაც არ უნდა ძნელი იყოს, მე მოგიწოდებთ თქვენ დატოვოთ კარი ღია აფხაზებისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისათვის, რათა მათ იცოდნენ, რომ აქვთ სხვა არჩევანი გარდა სტატუს კვოსი. არასტაბილურობა ან განახლებული კონფლიქტი ქმნის გარანტიას ჩვენი აზრით მიუღებელი სტატუს კვოს გაგრძელებისა და ეს მოტივაციას დაუკარგავს უცხოელ ინვესტორებს, რაც ასე მნიშვნელოვანია ეკონომიკის ზრდისა და პროგრესისათვის და რაც ასე ძლიერ გჭირდებათ.

სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ჭეშმარიტება, რომ არავითარი სამხედრო ალტერნატივა არ არსებობს რეინტეგრაციისათვის. მხოლოდ მშვიდობიანი და აყვავებული საქართველო, რომელსაც აქვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა უჩვენებს აფხაზებს და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას, რომ ისინი თავისუფალი იქნებიან და მათი დასახლებები განვითარდება. მხოლოდ ამ შემთხვევაში იგრძნობენ ისინი თავიანთ ავტონომიას ფედერალური ხელისუფლების ფარგლებში, სადაც ცხოვრება ბევრად უკეთესი იქნება მათთვის, ვიდრე ახლა. გააგებინეთ მათ თქვენი ერის სლოგანი: ძალა ერთობაშია.

ქალბატონებო და ბატონებო, დანაწევრებული საქართველო ვერ დაასრულებს ამ მოგზაურობას - გაერთიანებული საქართველო კი შეძლებს აასრულოს თქვენი წინაპრების ოცნებები და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, თქვენი შვილების იმედები.

დავამთავრებ გამოჩენილი ქართველი პოეტის სიტყვებით ლექსიდან - როცა პრეზიდენტის ოფისში ვიყავი, მე მას ვკითხე: „ვისი პორტრეტია ეს?" და მან ჩამიტარა გაკვეთილი ისტორიაში, შესაძლოა თქვენი გამოჩენილი პოეტი, რომელმაც შთააგონა 1921 წელს თავისუფლების მოგზაურობა აგრძელებს თავის ხმას დღესაც. მინდა დავრწმუნდე, რომ სწორედ მესმის, მან დაწერა: „ერის წყლული მაჩნდეს წყლულად...".

ქალბატონებო და ბატონებო, ჩემი პრეზიდენტი და მე, ჩემი ქვეყანა, ვლოცულობთ, რომ თქვენი გულები შეესაბამებოდეს თქვენს ამოცანას. მე ვიცი, რომ ეს ასეცაა და მადლობას გიხდით არა მხოლოდ თქვენი ხალხის სულისკვეთების გაღვივებისათვის, რომ დაამთავრონ ეს მოგზაურობა, არამედ იმ სულისკვეთებისათვის, რაც თქვენ ათობით მილიონი ხალხისათვის შექმენით. ამჟამად ამის გარანტირება თქვენს ხელშია.

ჩვენ თქვენთან ერთად ვიდგებით.

დიდი მადლობა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)