Google+

სიახლეები

26.12.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეროვნული გვარდიის ახალი შენობის გახსნას დაესწრო

პატივცემულო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო, პატივცემულო დამსწრე საზოგადოებავ!

დღეს ჩვენ ვხსნით საქართველოს ეროვნული გვარდიის სამმართველოს ახალ შენობას, რომელიც რეკორდულ ვადაში, 2 თვეში აშენდა.

ეს ინფრასტრუქტურის მშენებლობის ნაწილია.

შეამჩნევდით, რომ ყველაფერი კეთდება ზედმეტი დეკლარირებისა და ბაქი-ბუქის გარეშე, მაგრამ კეთდება უფრო ხარისხიანად, უფრო ფუნდამენტურად, უფრო მიზანმიმართულად და კონკრეტულ ამოცანებზე გათვლით და არა უბრალოდ სილამაზისთვის.

ჩვენ მოვახერხეთ სწორი გადაწყვეტილებების მიღება ჩვენს შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით.

ბოლო თვეების განმავლობაში უხმაუროდ, მაგრამ ძალზე მტკივნეული რეფორმები განვახორციელეთ, მათ შორის პირად შემადგენლობასთან მიმართებაში. გაიმართა ატესტაციები, სერიოზულად ამაღლდა თითოეული მებრძოლის, თითოეული ოფიცრის მომზადების დონე, მკვეთრად ამაღლდა მოთხოვნა. ამავდროულად, ჩვენი შეიარაღებული ძალები მუდმივად ივსება ახალი კადრებით და მომავალშიც შეივსება.

ჩვენ ილუზია არ გვაქვს - საქართველოს წინააღმდეგ წარმოებს ომი და ჩვენი ქვეყნის მიმართ ყოველდღიურად ისმის მუქარა, მაგრამ არც მტერს არ უნდა ჰქონდეს ილუზია - ყოველგვარი ახალი ფართომასშტაბიანი ავანტიურა წააწყდება თითოეული ქართველი ჯარისკაცის, ოფიცრისა და მთელი ქართველი ხალხის სამკვდრო-სასიცოცხლო, გააფთრებულ წინააღმდეგობას.

ჩვენ საკუთარ სამშობლოსა და მის თავისუფლებას არასდროს არ დავთმობთ და არასდროს არავის არ ჩავაბარებთ. ასე იქნება ვიდრე თითოეული ჩვენგანი ცოცხალია მიუხედავად იმისა, როგორი პროპაგანდაც არ უნდა წარმოებდეს, როგორი მანევრებიც არ უნდა მოაწყონ ჩვენს საზღვრებთან, როგორი მუქარაც არ უნდა ისმოდეს ხალხიც არ უნდა იშოვონ საქართველოს შიგნით - ცალკეული ადამიანები ყოველთვის იქნებიან.

კარგად შენიშნა ვანო ჯავახიშვილმა: "შეიქმნა საიტი მოღალატე.გე".

ამ საიტზე ვერასდროს მოხვდება ნამდვილი ქართველი ხალხი, რომელიც საქართველოს დაიცავს. ვერანაირი ღალატი, მუქარა და თავზეხელაღებული ქმედება ვერ აგვაღებინებს ხელს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებაზე.

საქართველოს სახელმწიფო შედგა. ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალები შედგა როგორც ბრძოლისუნარიანი შენაერთი.

ჩვენ გვყავს ჯარი, რომელმაც გამოიარა ურთულესი გზა და შეიძინა გამოცდილება. ეს გამოცდილება არის ჩვენი სიმდიდრე, რადგან უკვე გასაგებია როგორ უნდა დაიჭირო საქმე ძალიან უსამართლო, ვერაგ და დაუნდობელ მტერთან.

დღეს ჩვენ ვიმყოფებით ეროვნული გვარდიის სამმართველოში და მსურს ეროვნული გვარდიის მთავარი კონცეფცია გავშალოთ.

საქართველოში არავის არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ საქართველოს და ყოველივე იმის დაცვა, რასაც ჩვენ ვაშენებთ: ჩვენი ქალაქების, სკოლების, საავადმყოფოების და რაც მთავარია, ჩვენი მომავლისა და თითოეული ოჯახის კეთილდღეობის დაცვა არის 20-30 ათასი ქართველი ჯარისკაცისა და მებრძოლის, თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის საქმე.

ცალკე აღებული 12 ათასი კაცი ვერ შეაჩერებს ბევრად უფრო მრავალრიცხოვან დიდი დაფინანსების მქონე, ვერაგ, მონღოლების მემკვიდრე ურდოს, რომელიც ემუქრება საქართველოს საზღვრებს და ოკუპირებული აქვს მისი ტერიტორია.

რა თქმა უნდა, ეს არის ჯალალედინისა და შაჰ აბასის მემკვიდრე სამხედრო შენაერთების. საქართველო კი მათ მხოლოდ მაშინ უმკლავდებოდა, როდესაც ყველა ქართველი ერთად იდგა სამშობლოს სადარჯოზე.

ჩვენს მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებში ჯარში მსახურობენ ქალებიც და კაცებიც. ამჟამად ჩვენ არ გვაქვს ქალების გაწვევის აუცილებლობა, მაგრამ ჩვენს შეიარაღებულ ჯარებში ამაყად მსახურობენ ქალბატონებიც და პირნათლად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას. თუმცა თუკი საქართველოს დასჭირდება (ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს მომენტი არ დადგეს), თითოეული ქართველი კაცი და ქალი უნდა იყოს მზად იბრძოლოს საქართველოსთვის. თოთეული მებრძოლი უნდა იყოს სათანადოდ მომზადებული და აღჭურვილი, რაც უკვე გვაქვს. თითოეული ოჯახი უნდა იქცეს საქართველოს გადასარჩენად აშენებულ ბასტიონად.

ჩვენ მხოლოდ მშვიდობისათვის ვემზადებით და ჩვენ გვინდა მშვიდობა როგორც არასდროს.

ეს არის ჩვენი გვარდიის ამოცანა და სულ სხვაგვარად უნდა გავიაზროთ. ჩვენი საუკეთესო კადრიც სწორედ იმისათვის მოვავლინეთ აქ, რომ სხვაგვარად, უფრო ფართოდ გაეაზრებინა გვარდიის კონცეფცია.

აღარ უნდა განმეორდეს ის ვითარება, რომელიც მძიმე დღეებში შეიქმნა - ჩვენი გულანთებული ბიჭები, რომლებიც ბრძოლის ველზე წავიყვანეთ, მიტოვებული აღმოჩდნენ სათანადო ინსტრუქციების გარეშე.

მეთაურები ყოველთვის უნდა იყვნენ მზად, ამიტომ ჩვენი ამოცანაა ქართველი ოფიცრებისა და მეთაურების მომზადება. აქედან გამომდინარე ყველა ოჯახი და ყველა ადამიანი, ვისაც საქართველოსთვის ბრძოლა შეუძლია, უნდა იყოს მომზადებული, რათა დაიცვას საკუთარი ქვეყანა.

ამის გარეშე, თავისუფლებისა და ეკონომიკური განვითარების გრძელვადიან გარანტიებს ლანგრით არავინ მოგვართმევს.

საქართველო გადარჩა მტრის ყველა ხრიკის მიუხედავად, მაგრამ იმისათვის, რომ საქართველო, რომელმაც არ დაიჩოქა და ნელ-ნელა წელში იმართება, მყარად დადგეს ფეხზე, აუცილებელია მომზადების ხარისხისა და ცოდნის დონის ამაღლება, ასევე შეიარაღებული ძალების მასობრიობა.

ერთი რამ კარგად ვისწავლეთ: ჩვენს გასაკეთებელ საქმეს არავინ არ გააკეთებს. ჩვენ თავსებადი უნდა ვიყოთ ყველა სხვა არმიასთან. ჩვენ ვაგზავნით კონტიგენტს ავღანეთში, სადაც უნიკალურ საბრძოლო გამოცდილებას ვიძენთ; ასევე ვმონაწილეობთ სხვა ოპერაციებში, მაგრამ როდესაც საქმე საქართველოს დაცვას შეეხება, ყველა უნდა ჩავერთოთ ამ საქმეში. თუ საჭირო გახდა ნახევარი მილიონიც უნდა დავდგეთ იარაღით ხელში. ამდენი ავტომატიც გვაქვს და ტყვია-წამალიც. მთავარია საკმარისი რაოდენობის მომზადებული ხალხი გვყავდეს.

მინდა, რომ ყოველივე ეს კარგად გააცნობიეროთ.

საჩვენებლად და თავის მოსაწონებლად ჩვენ არაფერი არ გვჭირდება, მაგრამ იმ მუქარების ცალ ყურში შეშვება და მეორედან გამოშვება ტრაგიკული შეცდომა იქნებოდა.

ჩვენი ქვეყნის ხარჯზე, რისკის ფასად ექსპერიმენტებს ვერ ჩავატერებთ და მტრის კეთილ ნებაზე ვერ ვიქნებით დამოკიდებული.

მინდა მოვუწოდო ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ჩვენს ეროვნულ გვარდიას ვიყოთ მზად და ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ იყოს მშვიდობა, დავიცვათ საქართველო, ჩვენი ქვეყნის მომავალი და ჩვენი შვილების ხვალინდელი დღე.

გისურვებთ წარმატებას.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)