Google+

სიახლეები

30.09.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი პრესის წარმომადგენლებს შეხვდნენ

მიხეილ სააკაშვილი

მოგესალმებით ყველას!

ჩვენთვის დიდი პატივია მივესალმოთ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს საქართველოში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს.

სომხეთი და საქართველო ისტორიულადაც და დღევანდელ დღესაც ახლო მოკავშირეები, მოძმე ქვეყნები, მეგობრები არიან.

ეს ის ქვეყნებია, რომლებსაც აერთიანებს არა მხოლოდ წარსული, არამედ, დარწმუნებული ვარ, ძალზე წარმატებული მომავალიც.

ჩვენ დიდი ინტერესით ვადევნებთ თვალს სომხეთში მიმდინარე მოვლენებს, რეგიონალურ საკითხებს.

ჩვენ დიდად დავაფასეთ სომხეთის ხელმძღვანელობის პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

სომხეთმა, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრმა და რეგიონის ყველა ქვეყანამ, ცალსახად და ურყევად დაუჭირა მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოს ერთიანობასა და საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტას.

ასეთ საკითხებში ჩვენი ერთიანობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მთავრობებისთვის, არამედ ჩვენი ერებისთვისაც. ჩვენი ხალხის მახსოვრობაში ეს სამუდამოდ დარჩება, რადგან ხალხი იმახსოვრებს ვის რა პოზიცია ჰქონდა და ვინ როგორ დაუდგა საქართველოსა და ქართველ ხალხს ძნელბედობის ჟამს, გაჭირვებისა და გადამწყვეტ მომენტში.

ამავდროულად, მინდა ვთქვა, რომ ეთნიკური სომხები ქართული საზოგადოებრიობის ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილია.

ჩვენ არ ვანსხვავებთ ჩვენს მოქალაქეებს ეთნიკური ნიშნით, მაგრამ უდიდეს პატივს ვცემთ მათ კულტურასა და წარმომავლობას, ეს მათი იდენტურობის ნაწილია და, იმავდროულად, საქართველოს იდენტურობის ნაწილიც.

ამ მხრივაც, ჩვენ ძალზე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, რათა გაადვილდეს ხალხს შორის დიალოგი, ხოლო კულტურებს შორის - კავშირი.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ასევე ძალზე მნიშვნელოვანია.

საქართველო-სომხეთის საზღვარი, უნდა იყოს და არის კიდეც მეგობრობის საზღვარი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ერთად ვიმუშავოთ საზღვრის გადასვლის პროცედურის უკიდურესად გამარტივების მიზნით. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს ვთხოვ ერევანში უახლოეს კვირაში ჩავიდნენ და ამ საკითხთან დაკავშირებით სომეხ კოლეგებთან ერთად იმუშაონ.

მიმაჩნია, რომ საქართველოს და სომხეთის საზრვარი ისეთივე უნდა იყოს, როგორიცაა, მაგალითად, შვეიცარიისა და გერმანიის საზღვარი.

ჩვენს ხალხს საზღვრის გადაკვეთისას არ უნდა სჭირდებოდეს ფორმალური პროცედურების გავლა, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში ეს უნდა იყოს უკიდურესად მარტივი პროცედურა - ადამიანი საზღვარზე ნახევარი საათითაც კი არ უნდა შეყოვნდეს.

იმდენად ახლოსაა ერევანი თბილისიდან და თბილისი ერევნიდან, რომ ჩვენ უბრალოდ ერთმანეთის დამატება და გაგრძელება უნდა ვიყოთ.

თქვენ იცით სომხეთის რამდენი მოქალაქე ისვენებს ზაფხულობით საქართველოში; ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ერთობლივი ძალით ავაშენოთ ახალი გზა.

ჩვენ ვაშენებთ ჯავახეთში დიდ გზას, რომელიც ახალქალაქს, წალკას, ნინოწმინდას თბილისთან შეაერთებს. ამ გზის მშენებლობა უახლოესი 2 წელიწადში დასრულდება და მასზე 170 მილიონი დოლარი იხარჯება.

ეს ასევე არის საქართველო-სომხეთისა და საქართველო-თურქეთის საზღვრებისკენ მიმავალი გზა და მთელი რეგიონი კარგი გზებით დაკავშირდება ერთმანეთთან.

ამას გარდა, ჩვენ შევთანხმდით, რომ შევქმნით კონსორციუმს, რომელიც გოდერძის უღელტეხილის გავლით ააშენებს გზას შავი ზღვისპირეთისკენ.

ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მაღალმთიანი აჭარა არ იყოს ჩიხი და ის კარგი გზით დაკავშირდეს სამხრეთ საქართველოსთან, სამხრეთ საქართველოს მეშვეობით კი - თბილისთან. ეს იქნება ალტერნატიული გზა მაღალმთიანი აჭარიდან თბილისისკენ.

თუ დღეს ხულოდან თბილისში ჩამოსასვლელად 7 საათი გჭირდება, რეალურად, გაჩნდება საშუალება, რომ ეს დრო მინიმუმ ორჯერ შემცირდეს.

ეს ასევე შეეხება შუახევს, ქედას. მაღალმთიანი აჭარის ყველა რაიონი უნდა დავუკავშიროთ საქართველო-სომხეთის საზღვარს, სამხრეთ საქართველოს მეშვეობით კი - საქართველოს დედაქალაქსა და სხვა ადგილებს.

მაშინ აჭარის მაღალმთიანეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფადგანვითარებადი რეგიონი გახდება.

ჩვენ ერთობლივი ძალებით ვიმუშავებთ იმისათვის, რომ ეკონომიკური კავშირი ჩვენს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო განმტკიცდეს და გაძლიერდეს.

ვფიქრობ, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებულმა ომმა ყველას ნათლად დაგვანახა თუ რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონალური თანამშრომლობა, რამდენად ზარალდება ყველა პრობლემებისა და კონფლიქტებისგან და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველა საკითხი გადაწყდეს სწრაფად და არ გადაიდოს მომავალი თაობებზე.

ჩვენ ვამთავრებთ მუშაობას საზღვრის დელიმიტაციაზე და, ამ მხრივ, პრაქტიკულად, გადაუწყვეტავი საკითხი აღარ არსებობს.

ასევე ვმუშაობთ ამ დიდ პროექტებზე, რომელთა განხორციელება მთლიანად შეცვლის ჩვენი ქვეყნების ეკონომიკურ გეოგრაფიას და, რა თქმა უნდა, წაადგება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას.

თუ ჩვენი შეხვედრიდან ორ დღეში ერევნიდან წამოსული ან, პირიქით, თბილისიდან წასული ადამიანი სადახლოსთან გაივლის საზღვარს, პასპორტს გადააწოდებს მესაზღვრეს, რომელიც მას ორ წუთში დაუბრუნებს უკან, გაუღიმებს და გაუშვებს, ეს იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულ შედეგს მივაღწიეთ.

თუ ორ თვეში ჩვენი კონსორციუმი იშოვის იმდენ საერთაშორისო ფულს, რომ გოდერძის უღელტეხილის გავლით გზის მშენებლობა რეალურად დაიწყოს, რაზეც ჩვენ უკვე ვმუშაობთ (დარწმუნებული ვარ, ეს გზა რამდენიმე წელიწადში გაიხსნება), ჩვენი მომავალი თაობები დიდი სიხარულით გაიხსენებენ დღევანდელ შეხვედრას.

თუ ჩვენი ურთიერთობა შემდგომში კიდევ უფრო განმტკიცდება და ჩვენი ქვეყნები გაძლიერდება, გვემახსოვრება ისიც, რომ ერთმანეთის დახმარებით მოვახერხეთ რთული პრობლემის გადალახვა და უკეთესი მომავლის შექმნა.

დარწმუნებული ვარ, რომ კავკასიის მომავალი არის ერთიანი ბაზრის, ადამიანური, კულტურული, ეკონომიკური ერთიანი სივრცის შექმნაში, მჭიდრო თანამშრომლობაში რეგიონის სხვა ქვეყნებთან.

ვიდრე ამას მივაღწევთ, რა თქმა უნდა, არსებული პრობლემები უნდა დავძლიოთ, მაგრამ მჯერა, რომ ამასაც შევძლებთ.

ბატონო პრეზიდენტო, ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი მიღება აქ, საქართველოს დედაქალაქში.

ვფიქრობ, აქ თავს გრძნობთ ისე, როგორც საკუთარ სახლში. თქვენ თან გახლავთ დელეგაციის წევრები, რომელთათვისაც საქართველო არის კიდეც საკუთარი სახლი.

დარწმუნებული ვარ, ამ შეხვედრის შედეგად, ჩვენი ურთიერთობა სრულიად ახალ ეტაპზე გადავა.

სერჟ სარგსიანი

დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო!

მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება აგვისტოს მიმდინარე მოვლენებისა და მის შედეგად დაღუპული ხალხის გამო, ღრმა მწუხარება გამოვთქვა ქართველი ხალხისა და პრეზიდენტ სააკაშვილის წინაშე.

ჩვენს შორის კომუნიკაციის მაღალ დონეზე განვითარებისა და უკეთესი ურთიერთობის დასამყარებლად ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს.

მოხარული ვარ, რომ ეს შესაძლებლობა გვაქვს. ყოველივე ეს მეტად მნიშვნელოვანია სტაბილურობისათვის.

არაერთხელ მითქვამს და ახლაც მსურს გავიმეორო, რომ საქართველოს სტაბილურობა სომხეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ეს საკითხი შეგვიძლია ჩვენს ქვეყანაში არსებულ სტაბილურობას შევადაროთ.

ჩვენი დები და ძმა საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ და ახლაც ცხოვრობენ საქართველოში.

ყველაფერი, რაზეც მიხეილ სააკაშვილი საუბრობდა, მნიშვნელოვანია.

ჩვენ შევთანხმდით ახალი გზის მშენებლობაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა ჩვენთვის.

დღეს საზღვრის გადალახვის არავითარი პრობლემა არ უნდა შევუქმნათ ჩვენს ხალხს. საზღვარი, ხალხის კეთილდღეობისათვის დაბრკოლება არ უნდა გახდეს.

ხოლო რაც შეეხება არსებულ პრობლემებს, მათი მოგვარება შეუძლებელია სამხედრო ჩარევით.

ყველას გვესმის, რომ კავკასიას მთელ რუკაზე გეოგრაფიულად პატარა ადგილი უკავია, მაგრამ კავკასია მნიშვნელოვანი ადგილია, სადაც ინტერესები გადაიკვეთება. ეს ინტერესები კი, ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ უნდა გამოვიყენოთ.

ჩემთვის დიდი პატივია, საქართველოს პრეზიდენტისგან ასეთი ჯილდოს მიღება, რაც დიდ ემოციურ დატვირთვას სძენს ჩემს ვიზიტს საქართველოში.

ჩვენ უნდა შევაფასოთ ჩვენი ურთიერთობა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო განმტკიცდეს.

კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას.

მე დადებითი შეგრძნებებით ვარ აღსავსე და დარწმუნებული ვარ, ყოველივე ეს დიდ სარგებელს მოგვიტანს ყველას!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)