სიახლეები
01.02.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მიემგზავრება
დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 5 დღიანი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მიემგზავრება, სადაც იგი მიუნჰენის 42-ე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება.
ვიზიტის პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილი ევროპის ქვეყნებში აკრედიტებულ საქართველოს ელჩებს შეხვდება. 2 თებერვალს დაგეგმილია შეხვედრები გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან, თავდაცვის ფედერალურ მინისტრთან ფრანც-იოზეფ იუნგთან და ფედერალურ პრეზიდენტთან ჰორსტ კოლერთან. ამავე დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობას მიიღებს საგარეო პოლიტიკის გერმანული საზოგადოების მიერ მოწყობილ ფორუმზე.
3 თებერვალს მიხეილ სააკაშვილი ბერლინიდან მიუნჰენში გაემგზავრება, სადაც იგი ნატო-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ვიქტორია ნულანდსა და ამერიკის თავდაცვის მდივანს დონალდ რამსფელდს შეხვდება.
4 თებერვალს დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან, ნატო-ს გენერალურ მდივანთან იაპ დე ჰოოპ სხეფერთან, პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან რადოსლავ სიკორსკისთან, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან პიერ ლელუშთან, ეუთო-ს გენერალურ მდივანთან მარკ პერინ დე ბრიშამბოსთან, ასევე სენატორებთან ჯოზეფ ლიბერმანთან და ჯონ მაკკეინთან.
ვიზიტის პერიოდში საქართველოს პრეზიდენტი გერმანიისა და მსოფლიო მასმედიის, ასევე წამყვანი პოლიტიკური და ეკონომიკური წრეების წარმომადგენლებსაც შეხვდება.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 5 თებერვალს დაბრუნდება.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური