(კიევი, უკრაინა 2005 წლის 2 დეკემბერი)
ჩვენ, ბალტიის, შავი და კასპიის ზღვის რეგიონის ქვეყნები;
ვადასტურებთ რა ერთგულებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებისა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში მითითებული მიზნებისა და პრინციპების მიმართ;
ვრჩებით რა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებული იდეალებისა და ღირებულებების ერთგულნი;
ვკისრულობთ რა "დემოკრატიულ სახელმწიფოთა თანამეგობრობის" შესახებ ვარშავის საბოლოო დეკლარაციაში მოცემული ძირეული დემოკრატიული პრინციპებისა და ღირებულებების პატივისცემის, პოპულარიზაციისა და განმტკიცების ვალდებულებას;
ვესწრაფვით რა თანმიმდევრულად განვახორციელოთ დემოკრატიულ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სეულის სამოქმედო გეგმა, კერძოდ რეგიონალური თანამშრომლობის სფეროში;
მივესალმებით რა გაეროს დემოკრატიის განვითარების ფონდის შექმნას;
ხაზს ვუსვამთ რა იმ ურყევ ურთიერთდამოკიდებულებას, რომელიც მშვიდობას, სტაბილურობასა და განვითარებას შორის არსებობს და ასევე გამოვხატავთ დემოკრატიული იდეალებისა და ადამიანის უფლებათა მიმართ პატივისცემას;
მოვუწოდებთ რა ყველას, რომ პატივი სცენ ადამიანის უფლებებს, რაც ამ სფეროში მოქმედ საერთაშორისო დოკუმენტებზე დაყრდნობით, სამოქალაქო, კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური უფლებების შენარჩუნებასა და განმტკიცებას მოიცავს;
ვაღიარებთ რა იმ საერთო პასუხისმგებლობას, რომელიც გვაკისრია მომავლისა და დემოკრატიის შემდგომი განვითარების, ასევე ბალტიის, შავი და კასპიის ზღვის რეგიონში ადამიანის უფლებათა პატივისცემის თვალსაზრისით;
ვესწრაფვით რა ევროპის გათავისუფლებას გამყოფი ხაზების, ადამიანის უფლებათა ხელყოფის, გაყინული კონფლიქტებისა და ნებისმიერი სახის კონფრონტაციისაგან;
ვაცხადებთ დემოკრატიული არჩევნის თანამეგობრობის შექმნის შესახებ, რომელიც დიალოგის წარმართვის მიზნით, როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო დონეზე თანამშრომლობის ფორუმს წარმოადგენს და რომლის საშუალებითაც ჩვენი ქვეყნების მეთაურები და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები თავიანთ მიზნებს აცხადებენ:
- მჭიდროდ ითანამშრომლონ იმ საერთო მიზნის მისაღწევად, რომელიც ევროპის მთელ კონტინენტზე ხანგრძლივი მშვიდობის, დემოკრატიისა და კეთილდღეობის დამკვიდრებას გულისხმობს;
- ითანამშრომლონ დემოკრატიის განვითარებისა და განმტკიცების მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ დემოკრატიული არჩევნის თანამეგობრობის ინტერესის სფეროში არსებული ქვეყნები და საზოგადოებები, დემოკრატიული განვითარების სხვადასხვა ეტაპზე იმყოფებიან;
- მხარი დაუჭირონ ადამიანური ღირებულებებისა და პრინციპების პოპულარიზაციას, რაც დემოკრატიული პროცესებისა და ინსტიტუტების ხელშეწყობასა და დამკვიდრებას, ასევე დემოკრატიის განმტკიცებისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის სფეროში დაგროვილი გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად;
- ხელი შეუწყონ ჩვენს მთავრობებსა და საზოგადოებებს შორის უფრო მჭიდრო კავშირის დამყარებას, რომელიც სხვადასხვა სფეროში, განათლების ჩათვლით, დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერას ისახავს მიზნად;
- ითანამშრომლონ ინსტიტუტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობებთან ახალი და განვითარებადი დემოკრატიული საზოგადოებებისთვის მხარდაჭერის კოორდინაციის მიზნით;
- მხარი დაუჭირონ შემდგომ ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას, მათ შორის სიღარიბის დაძლევას, რომელიც დემოკრატიული პროცესის განვითარებისა და დაცვის ძირითად შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს;
- გააძლიერონ პატივისცემა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მიმართ და გაუმკლავდნენ საზოგადოების დემოკრატიული განვითარების წინაშე მდგარ საფრთხეებს, მათ შორის კორუფციას, ორგანიზებულ დანაშაულს, ფულის გათეთრებას, ტერორიზმის სხვადასხვა გამოვლინებას, ევროპაში კვლავ არსებულ კონფლიქტებს და ნარკოტიკებით, იარაღითა და ადამიანებით უკანონო ვაჭრობას;
- მისცენ ჩვენს ქვეყნებში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის მაგალითი და დემოკრატიული განვითარების გზაზე მდგარ ქვეყნებს მოუწოდონ, რომ გამოიჩინონ შემწყნარებლობა და ურთიერთგაგება, პატივი სცენ პლურალიზმს, დაუპირისპირდნენ ეთნიკურ და რელიგიურ სიძულვილს, ძალადობას, სეპარატიზმსა და ექსტრემიზმის სხვა გამოვლინებებს და მხარი დაუჭირონ სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მასმედიის განვითარებას;
- ითანამშრომლონ ყველა იმ სფეროში, რომელიც დაკავშირებულია სიცოცხლისუნარიანი და უფრო ძლიერი დემოკრატიის განვითარებასთან, რაც დემოკრატიული არჩევნის თანამეგობრობის ფორმატის გაძლიერებას უზრუნველყოფს.
ამ დეკლარაციის მიღებით, ბალტიის, შავი და კასპიის ზღვის რეგიონის ქვეყნები აცხადებენ, რომ მდგრადი განვითარების უფრო მაღალი დონის მიღწევის მიზნით, დემოკრატიული არჩევნის თანამეგობრობა ძალ-ღონეს არ დაიშურებს თითოეული სახელმწიფოსა და საზოგადოების, ახალი თაობისა და ადამიანის კანონზომიერი სურვილის განსახორციელებლად.
ვიმედოვნებთ, რომ დემოკრატიული არჩევნის თანამეგობრობის უმნიშვნელოვანესი მისია რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების, დემოკრატიის ხელშეწყობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით, რეგიონის ყველა ქვეყნის ძალისხმევის გაერთიანებას შეძლებს. ჩვენ სხვადასხვა ფორუმზე დემოკრატიული გარდაქმნების შესახებ აზრთა გაზიარებას გავაგრძელებთ, მათ შორის "დიალოგისა და პარტნიორობის შავი ზღვის ფორუმზე" ბუქარესტში 2006 წლის გაზაფხულზე, "ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონის სამიტზე" ვილნიუსში 2006 წლის მაისში და ფორუმზე, რომელიც თბილისში 2006 წლის შემოდგომაზე გაიმართება.