Google+

გამოსვლები და განცხადებები

01.02.2012
საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტში

ლექცია სახელწოდებით „შემდეგი დღე: პრეზიდენტი სააკაშვილი პოსტრევოლუციურ საზოგადოებასა და იმის თაობაზე, თუ რა მოდის არაბული გაზაფხულის შემდეგ“

ქალბატონებო და ბატონებო,

ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა.

ეს ინსტიტუცია ძალზე მნიშვნელოვანია როგორც ამერიკისთვის, ისე ჩემი ქვეყნისთვის. აშშ-ს მშვიდობის ინსტიტუტს ლიდერობის და სწავლების უამრავი ცვლილება აქვს განხორციელებული.

იმდენად შორი მანძილიდანაც კი სადაც საქართველოა, ჩვენ ნათლად ვხედავთ, რას მიაღწიეთ თქვენ, რა გააკეთეთ, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი წვლილი მშვიდობის დამყარებაში მთელს მსოფლიოში, უფრო მდგრადი ამერიკის საგარეო პოლიტიკაში, როგორც მსოფლიო პოლიტიკაში. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართველებისთვის, მათ შორის, ნახევარი მილიონი იმ ადამიანისთვის, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გამოაძევეს.

მადლიერი ვარ დეიმონ უილსონის გულთბილი წარდგენისთვის და ასევე იმ როლისთვის, რომელსაც ატლანტიკური საბჭო რეგიონში ასრულებს. მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ყოველთვის გვერდით არიან ისეთ სიტუაციებში, როდესაც მეგობრების მნიშვნელოვანი რჩევა გვჭირდება...

ქალბატონებო და ბატონებო:

მე აქ მოვედი რათა ვისაუბრო რევოლუციების იმ ტალღაზე, ცვლილებებსა და პროტესტებზე რომელთა მოწმეც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთელი მსოფლიო გახდა.

ყოველივე ეს დღესაც გრძელდება ეს ყველაფერი.

მედიამ ისინი „არაბულ გაზაფხულად“ მონათლა, თუმცა ეს ახლო აღმოსავლეთს დიდად გაცდა თავისი მასშტაბით, ისევე როგორც გაზაფხულის სეზონს. ამ პროცესს არ გააჩნია ზღვარი დროის, გეოგრაფიისა და კულტურის თვალსაზრისით.

ამ რევოლუციებმა და პროტესტებმა ჩვენ ყველას გაგვახსენა რომ თავისუფლება, დემოკრატია და ანგარიშვალდებულება ყველაფერზე მნიშვნელოვანია.

თითოეული მათგანი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კულტურული, პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური განსხვავება; ვიდრე ცრუ სტაბილურობა და გეოგრაფიული
საზღვრები. ეს მოძრაობა მოტივაციას აძლევს მოქალაქეებს გაერთიანდნენ და უმამაცესი ქმედებებზე წავიდნენ.

ქალბატონებო და ბატონებო,

დღეს ჩვენ დაახლოებით ერთი წლით გავცდით იმ ისტორიულ მომენტს, რომლის დროსაც უცნობმა ტუნისელმა - მუჰამედ ბუაზიზიმ საკუთარი თავი გაინადგურა მის საზოგადოებაში დამკვიდრებული უიმედობისა და უსამართლობის მიმართ პროტესტის გამოსახატად.

13 თვის შემდეგ ჩვენ აღფრთოვანებით ვხედავთ თუ როგორ შეცვალა სასოწარკვეთილების ამ
ცალკეულმა აქტმა ისტორიის კურსი და ჩვენს მიერ მსოფლიოს აღქმა.

ძალაუფლებას გამოეთხოვა ტუნისის დიქტატორი - ბენ ალი, ისევე როგორც მუბარაკი და კადაფი.

პროტესტები ბევრად გასცდა ახლო აღმოსავლეთს და გადაინაცვლა მათ შორის მოსკოვის, სანკტ პეტერბურგის და ბევრი სხვა რუსული ქალაქის ქუჩებში.

ჩვენ ძლივს ვხვდებით რა მოხდა 13 თვის მანძილზე და არც ის ვიცით ეს მრავალფეროვანი მოვლენები საით წაგვიყვანს.

შეგვიძლია მიმოვიხილოთ მოვლენების მთელი სერია, რომელსაც საერთო ელემენტები აქვს - 80 წლების ხავერდოვანი რევოლუციებიდან დაწყებული 2000 წლების ფერადი რევოლუციებით დამთავრებული, მათ შორის, რევოლუცია ჩემს ქვეყანაში, რომელსაც CNN- მა შემთხვევით,
ვარდების რევოლუცია უწოდა.

ძვირფასო მეგობრებო,

ჩვენთვის არ არსებობდა „თავისუფლების წიგნი“ ისევე, როგორც არ არსებობს მსგავსი წიგნი ჩვენი ტუნისელი, ლიბიელი და სვა მეგობრებისთვის სხვა ქვეყნებისთვის, მაგრამ ჩვენი პოსტრევოლუციური გამოცდილებიდან გამომდინარე, შესაძლოა უკეთ გავიგოთ ის მრავალფეროვანი გამოწვევები, რომელთა წინაშეც ტრანსფორმირებადი საზოგადოებები არიან.

ჩვენმა მშვიდობიანმა და პოპულარულმა რევოლუციამ ხელისუფლებაში მოიყვანა ახალგაზრდა ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ქვეყნის ბედის შეცვლა სურდათ.

ჩავდგომოდი მათ სათავეში, ჩემი პრივილეგია იყო.

რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვქონდა მკაფიო პასუხები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოგვესწორებინა ქვეყანა, რომელიც იმაზე უარეს მდგომარეობაში იმყოფებოდა,
ვიდრე წარმოგვედგინა.

2003 წელს საქართველო არშემდგარი სახელმწიფო იყო. მთავრობა ზამთრის 80 პროცენტის განმავლობაში არ აწვდიდა მოსახლეობას ელექტროენერგიას; პოლიცია არა მხოლოდ კორუმპირებული იყო, არამედ კრიმინალიზებულიც, სამთავრობო აპარატი კი - ცინიკური.

ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ხაზინა ცარიელი იყო ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. არ
გვქონდა ძირითადი საჯარო სამსახურების დაფინანსების უნარი.

კორუფცია ქვეყნის წამყვანი ინდუსტრია და ყველაზე ძლიერი ინსტიტუცია იყო - პოლიციელები, რომლებსაც ხელფასს არ უხდიდნენ, იძულებული იყვნენ ფული ხალხისთვის
გამოეძალათ.

დანაშაულს ყოველი ქუჩის ყველა კუთხეში ვაწყდებოდით.

განათლების სისტემა კორუფციისგან დაჩაჩანაკებული იყო და მიზნად მხოლოდ მცირერიცხოვანი ელიტის პრივილეგიების დაცვას ისახავდა.

ჩვენ ვიცოდით რომ ნახევრად მიღებულ ზომებს აზრი არ ექნებოდა და ამიტომ გადავწყვიტეთ რამდენიმე ინსტიტუციის ერთდროული, ყოვლისმომცველი და  რადიკალური ტრანსფორმაცია.

ჩვენი მთავარი პრიორიტეტი კორუფციაზე პირდაპირი შეტევა იყო.

კორუფცია იყო ვირუსი, რომელმაც ყველა ინსტიტუცია დაასნეულა.

გუშინ მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ახალი სერიოზული კვლევა სახელწოდებით, „კორუფციასთან ბრძოლა საჯარო სამსახურებში - საქართველოს რეფორმების აღწერა“.

ეს წიგნი აღწერს ჩვენი მთავრობის ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ და იმას, თუ როგორ შეიძლება გამოადგეს სხვა ქვეყნების ანტიკორუფციულ ძალისხმევას ქართული გამოცდილება.

მართლაც, მითხრეს, რომ მსოფლიო ბანკმა კორუფციის პრობლემებზე მანამდე რამდენიმე წიგნი გამოაქვეყნა, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როცა მათი წიგნი კორუფციის დაძლევას შეეხება. ეს მათთვისაც შვება იყო.

ნება მომეცით მსოფლიო ბანკის ყველაზე გამამხნევებელი დაკვირვების ციტირება მოვახდინო:

„საქართველოს წარმატება ამსხვრევს მითს იმის შესახებ, რომ კორუფცია კულტურის ნაწილია და ყველა ქვეყნის რეფორმატორებს, რომლებიც საჯარო სამსახურების გასუფთავებისკენ მიისწრაფვიან, აძლევს იმედს“. 

მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ზოგი კულტურა, ადამიანი და რეგიონი არსებითად კორუმპირებული და ალერგიულია გამჭვირვალობის მიმართ, აბსოლუტურად მცდარია და ეს ჩემს ქვეყანაში დამტკიცდა.

ჩვენ ერთდროულად საგზაო პოლიციის 16 ათასი თანამშრომელი გავათავისუფლეთ სამსახურიდან. ქვეყანა რამდენიმე თვის განმავლობაში პოლიციის გარეშე დარჩა, მაგრამ საგზაო შემთხვებისა და დანაშაულის კლების დონემ იმდენად იკლო, რომ ფიქრიც კი დავწყეთ იმის შესახებ, გვჭირდებოდა თუ არა პოლიცია საერთოდ.

პოლიციის სტრუქტურაში ჩვენ ახალი ძალები მოვიწვიეთ და თუ ადრე პოლიციის ნდობა
საზოგადოების მხოლოდ 5 პროცენტს ქონდა, ახლა ეს მაჩვენებელი 86 პროცენტია.

ჩვენ დავიწყეთ საგადასახადო კანონების გამოყენება. ჩვენი ამბიცია ნათელი იყო: გვინდოდა ხალხისთვის მიგვეცა განცდა იმისა, რომ ისიც ამ სახელმწიფოს ნაწილი იყო.

ყოველივე ეს წარმატებული ვერ იქნებოდა, რომ არა ყოვლისმომცველი მიდგომა.

მმართველობის ნებისმიერ შეცვლას თან უნდა ახლდეს რადიკალური სოციალური
ტრანსფორმაცია, რათა ის იყოს ეფექტიანი და მდგრადი.

საბჭოთა კავშირი და პოსტსაბჭოთა რეჟიმები, ისევე, როგორც ყველა ავტორიტარული რეჟიმი, თვითგადარჩენას ცდილობდა საზოგადოების წევრთა გამოწვრთნით.

საზოგადოების ყველა დონეზე, ხალხი ხელოვნურად იყო დაპირისპირებული ერთმანეთთან.  სხვადასხვა რელიგიურ, სოციალურ და ეთნიკურ ჯგუფებს აიძულებდნენ ყოფილიყვნენ ერთმანეთთან მუდმივად დაპირისპირებული და პოლიტიკა აღქმული ყოფილიყო, როგორც მანიპულირების, შიშის და სიძულვილის ხელოვნება.

ჩვენი უპირველესი ამოცანა იყო გაგვეთავისებინა მრავალკულტურულობა და განსხვავებები. ჩამოვაყალიბეთ ტოლერანტული პროგრამა, რომელიც  ყველა სფეროს მოიცავდა უმაღლესი განათლებით დაწყებული ძალოვანი სტრუქტურების ჩათვლით.

ეს მიდგომა ყოველთვის პოპულარული არ არის, მაგრამ ჩვენ მომართული ვართ, რათა კვლავაც  გავნაგრძოთ ამ მეთოდის დანერგვა როგორც ჩვენი ქმედების პრიორიტეტი.

შარშან, სამწუხაროდ, თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის, არასამთავრობო ორგანიზაციის სურვილის წინააღმდეგ ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც ლეგალურ სტატუსს აძლევს ყველა აღმსარებლობის მქონე ჯგუფებს საქართველოში.

საბჭოთა კავშირსა და პოსტსაბჭოთა რეჟიმებს ჰქონდათ სხვა დამახასიათებელი ნიშანი - აბსოლიტური ცენტრალიზება.

ასე რომ, ჩვენ სერიოზული დეცენტრალიზაციის პროგრამის ინიციატივით გამოვედით, ძალისხმევა რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ მივმართეთ და საოცრად გავაძლიერეთ ადგილობრივი ხელისუფლებები. 

ამის შედეგად, ის რეგიონები რომლებიც ერთ დროს მიტოვებული იყო გახდა ჩვენი განვითარების ყველაზე შთამბეჭდავი მაგალითი.

ქალბატონებო და ბატონებო,

ბოლო 8 წლის ყველაზე მთავარი მიღწევა - ყველა წარმატების საიდუმლო არ იყო არა მხოლოდ
მთავრობის, არამედ, უპირველესად, ქართველი ხალხის დამსახურება იყო. ჩვენი
ინსტიტუციონალური რევოლუცია იმ „მენტალური რევოლუციის“ შედეგი იყო, რომელიც
ჩვენს ქვეყანაში მოხდა.

მხოლოდ მენტალურ რევოლუციას შეეძლო ჩვენი საზოგადოების დასავლური ტრანსფორმაცია.

დღეს ქართველებს სრულებით განსხვავებული დამოკიდებულება აქვს საკუთარი თავის, თავიანთი პრეროგატივებისა და პასუხისმგებლობების მიმართ, განსვავებულია დამოკიდებულება მთავრობისა და საზოგადოების მიმართაც.

რა თქმა უნდა, ბევრმა რეფორმამ ის შედეგი არ მოიტანა, რისი მოლოდინიც გვქონდა, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ პროგრესის პროცესში ვართ.

არავის არ შეუძლია საპირისპიროდ შეაბრუნოს ან რეპრესიაში მოაყოლოს ის ტრანსფორმაცია,
რომელიც საქართველოში მოხდა. ეს არ შეუძლია არც სხვას და არც ჩვენ.

ჩვენი გამოცდილებით ნასწავლი გაკვეთილების შეჯამება, ან მათი გაზიარება თუ მომიწევს ჩვენი მეგობრებისთვის სხვა ქვეყნებიდან, ციტირებას მოვახდენდი:

1. იმის მიუხედავად, თუ რამდენად ლამაზი და პოპულარულია ამბოხებები, ნამდვილი რევოლუცია იწყება მაშინ, როდესაც CNN, BBC და Al Jazeera-ს კამერები დატოვებენ ქვეყანას.

ეს პროცესი ხანგრძლივია და შედგება გრძელვადიანი და რთული რეფორმებისგან, რომლებიც რევოლუციას მოყვება.

2. რეალური და მდგრადი შედეგების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთელი მთავრობა და საზოგადოების სრული შემადგენლობა მიუდგება ამ საკითხს პრინციპულად.

სასამართლო სისტემის, პოლიციის, საგადასახადო და და საბაჟო სტრუქტურების, პოლიტიკური კლასის, საარჩევნო კოდექსისა და განათლების სისტემის რეფორმები არ უნდა განხორციელდეს ინდივიდუალურად, ეს უნდა იყოს ყოვლისმომცველი, სოციალური ტრანსფორმაციის ნაწილი.

თუ ამ მიმართულებებიდან ერთ-ერთს მაინც გამოტოვებ და გააცალკევებ, ცინიზმის ვირუსი
ეჭვქვეშ დააყენებს მთელი ამ ძალისხმევის საიმედოობას.

3. შენი პოპულარობა თავიადანვე უნდა დააყენო რისკის ქვეშ - როდესაც ინტერესთა ჯგუფებს უტევ, რთული პერიოდების გამოვლა გიწევს.  

ჩვენც გამოვცადეთ დემონსტრაციები და ოპოზიცია. მე იძულებული ვიყავი გადავმდგარიყავი ჩემი პირველი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე რათა მომეგო ახალი პოპულარული მანდატი და გამეგრძელებინა რეფორმების გზა.

როდესაც ხელისუფლებაში პოპულარულ ამბოხებას მოჰყავხარ, შენი ყველაზე დიდი რისკი შენივე უმოქმედობა შეიძლება იყოს - იმის ცდუნება რომ შეჩერდე და შენი პირვანდელი პოპულარობით დატკბე.

რევოლუციის შემდეგ ხალხი ბევრად ძლიერი და მოუთმენელი ხდება. საზოგადოებას
სწრაფი შედეგები სურს და რა წამსაც იმედგაცრუებული და ცინიკური ხდება, მაშინვე კარგავ ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობას.

4. წარმატების მისაღწევად რეფორმების პროცესში ხალხის აქტიური მონაწილეობა გჭირდება.
ტრანსფორმაციის მამოძრავებელი სწორედ მოქალაქეები არიან.

ვუდრო ვილსონი მართალი იყო, როდესაც ამბობდა: „თავისუფლება არასდროს არ მოდის მთავრობიდან. თავისუფლება ყოველთვის მისი სუბიექტებიდან მოდის“.

მათ, ვისაც ეგონა, რომ კორუფცია ჩვენი კულტურის ნაწილი იყო, სათანადოდ ვერ შეაფასეს ქართველი ერი. მან, ვისაც ბუნებით კრიმინალები ვეგონეთ, ვერ შეაფასა ქართველი ერი. ის, ვინც ფიქრობდა, რომ არჩევნებზე შეიძლებოდა ხალხის ყიდვა ყალბი დაპირებითა და ილუზიით, არასათანადოდ აფასებდა და აფასებს ჩემს ხალხს. მას, ვისაც ჰგონია, რომ თავისუფლებისათვის ბრძოლის წინააღმდეგობით აღსავსე გზას, ოქროს გალიის დაპირებულ კომფორტზე გავცვლით, სათანადოდ ვერ აფასებს ქართველ ერს!!!

5. მთავარი, რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ არის ის, რომ ბრძოლა არასდროს მთავრდება.

ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა იქნებოდა ის, თუ საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებზე ვიფიქრებდით; ან ის, თუ მსოფლიო ბანკის მიერ გამოცემული წიგნის წაკითხვის შემდეგ ჩვენი წარმატებებით ვიტრაბახებდით და დავასკვნიდით, რომ წარმატებას ერთხელ და სამუდამოდ მივაღწიეთ...

ასეთი მიდგომა ყველა ჩვენს წარმატებას გამოუთხრიდა ძირს.

სწორედ ამიტომ, რეფორმების პროცესი არასოდეს არ უნდა შეწყდეს. მმართველობა არის მუდმივი სწავლის, შეკითხვების დასმის, მორგებისა და ცვლილების პროცესი.

ჩემო ძვირფასო მეგობრებო,

რევოლუციების დროს იბძვიან და იმარჯვებენ ამ ქვეყნების მოქალაქეები, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებაში, ყოველმა ჩვენგანმა უნდა გავაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია სხვების დასახმარებლად.

საქართველოს შემთხვევაში, უამრავი საერთაშორისო კვლევითი ცენტრი და არასამთავრობო ორგანიზაცია, საგანმანათლებლო პროგრამები თუ სტიპენდიები, გვეხმარებოდა რათა გაგვეღვივებინა რევოლუციის მარცვლები.

მას შემდეგ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვურჩიოთ და დავეხმაროთ მათ, ვინც სხვა ქვეყნებში ცდილობენ მსგავსი გზის გავლას.

თავის დროს, ჩვენც განსაკუთრებულად დაგვეხმარა ეროვნულ დემოკრატიული ინტიტუტი და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, რომლებმაც გულწრფელი თავდადება გამოიჩინეს
საქართველოს მიმართ.

შესაძლოა, ზოგჯერ ვერც ვთანხმდებოდეთ, მაგრამ მსურს დავარწმუნო ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, დემოკრატიის ეროვნული მხარდამჭერი ფონდი, Freedom House და დემოკრატიული საზოგადოების ყველა ძირითადი მოთამაშე ამ ქალაქში, რომ საქართველო ყოველთვის იქნება მათი სახლის მსგავსი.

ჩვენ კარგად ვიცით რა გვმართებს მათი თავისუფლების, ერთგულებისა და თავდადებისათვის.

იმ დროს, როდესაც მრავალი წამყვანი ქვეყანა ებრძვის მცოცავ ეკონომიკასა და სამთავრობო დეფიციტს და ამავდროულად არის საფუძვლიანი ცდუნება შეამცირონ მსგავსი მოძრაობის დახმარება, მსურს შევახსენო ყველას თუ რამდენად დიდ ინვესტიციას წარმოადგენს დემოკრატიის  მხარდაჭერა.

დემოკრატიისაკენ სწრაფვა ყველა შემთხვევაში არ არის ყველა პრობლემის გადაჭრის გზა და არ
აძლიერებს უსაფრთხოებას, მაგრამ ნაკლები დიქტატურებისა და მეტი დემოკრატიების პირობებში, ყველანი უფრო უსაფრთხოდ ვიქნებით.

ქალბატონებო და ბატონებო,

2011 წლის მოულოდნელი აჯანყებები და მიმდინარე დემონსტრაციები ჩვენ შეგვიძლია ნასიმ ნიკოლა ტალების შავ გედებს შევადაროთ - წარმოუდგენლად დიდი გავლენის მქონე შემთხვევებს, რომელთა გამოჩენაც დანარჩენებს აოცებს, თუმცა რეტროსპექტივაში ჩანს
როგორც ნათელი ან გარდაუვალი.

ისინი მოულოდნელად გვატყდება თავს და გვაიძულებს, რომ გადავხედოთ ჩვენს წარმოდგენას იმის შესახებ თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი.

ისინი ხელახლა განსაზღვრავს საერთაშორისო ასპარეზს და ხელახლა ანაწილებს „კარტებს“ რეგიონალურ და გლობალურ მოთაშეებს შორის.

ერთის მხრივ, რუსეთის ფედერაციამ პანიკა და სიძულვილი გამოხატა არაბული გაზაფხულის მიმართ და ყველა ღონეს ხმარობს, რათა დემოკრატიული მოძრაობების მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერა არ დაუშვას; ხოლო მეორე მხრივ, თურქეთი მკვიდრდება, როგორც პოსტ-რევოლუციური ქვეყნების მაგალითი და მუსულმანური სამყაროს მშვიდობისმოყვარეთა  მთავარ მეგობრად.

ერთი მხრივ, პრემიერმინისტრ პუტინის მთავრობა სასოწარკვეთილად ცდილობს შეაჩეროს
ისტორიის წინსვლა, ხოლო მეორეს მხრივ, პრემიერმინისტრ ერდოღანის ადმინისტრაცია ცდილობს მხარი აუბას მსოფლიოს განვითარებას.

შემთხვევითი არ არის, მაშინ, როდესაც თურქეთის ლიდერობა ყოველდღიურად იზრდება, რუსეთის გავლენა სულ უფრო მცირდება.

ეს არის გაკვეთილი და იმედის გზავნილი: ხალხის წინააღმდეგ მოთამაშე გლობალური ძალებს მომავალი არ გააჩნია.

ქალბატონებო და ბატონებო,

ალბათ იცით, რომ ორშაბათს, პატივი მქონდა ოვალურ ოთახში შევხვედროდი პრეზიდენტ ობამას.

მე გაოგნებული დავრჩი მისი ხედვითა და იმით, რამდენად კარგად იცის მან ჩემი რეგიონის დინამიკა.

რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო მომესმინა მისი სიტყვები, რომელიც მან  მედიის წარმომადგენლებს უთხრა: საქართველო გახდა რეგონში „დემოკრატიისა და გამჭვირვალების მაგალითი“. მან დადებითად შეაფასა და მოიწობა ინსტიტუტების შექმნის ჩვენეული პროცესი.

ეს ძალზე გულთბილი სიტყვები იყო და მადლიერი ვარ მისი, იმ ურყევი მხარდაჭერისათვის, რომელსაც ჩვენს მიმართ გამოხატავს.

ჩვენ ვერასოდეს მივაღწევდით ამდენს, შეერთებული შტატების მხარდაჭერის, მისი წინამძღოლობის, მისი დიპლომატიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარების გარეშე.

ორშაბათს, პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა უფრო ღრმა და აქტიური ჩართულობის შესახებ.

ჩვენ მზარდი ეკონომიკის ქვეყანა ვართ. მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, ჩვენ გვაქვს ყველაზე სწრაფი საბაჟო პროცედურები; ჩვენს ქვეყანაში ყველაზე სწრფად ხდება ქონებისა და ბიზნესის რეგსტრაცია; ჩვენ გვაქვს ერთი ფანჯრის პრინციპი და საქართველოში, მაგალითად, პასპორტის აღება, დაახლოებით, 10 წუთშია შესაძლებელი; მართვის მოწმობის აღებას რამდენიმე წუთი სჭირდება; მომსახურების მიღება და ნებისმიერი ტვრთის განბაჟება 7-10 წუთში ხდება...

ასე რომ, ჩვენ წინ მივიწევთ, თუმცა შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ძალზედ მნიშვნელოვანი იქნებოდა.

პრეზიდენტი ობამასგან ასევე მივიღეთ ძლიერი მხარდაჭერა ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლებლობის განხილვასა და ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში.

ასეთი ვალდებულებები ჩვენს დემოკრატიას უფრო უსაფრთხოს ხდის და აგრეთვე, ნათელს ხდის, თუ რატომ არის და დარჩება ამერიკა თავისუფალი სამყაროს შეუცვლელ ლიდერად.

პრეზიდენტ ობამას განვუმარტე, რომ საპასუხოდ, მზად ვართ არა მხოლოდ უსაფრთხოების
მომხარებელი ვიყოთ, უსაფრთხოების მიმწოდებელიც დასავლური საზოგადოების ერებისათვის, რომელში ინტეგრაციისკენაც ასე მივისწრაფით.

ავღანეთში 1800 ქართველი ჯარისკაცის ყოფნა ჩვენთვის ძლზე მნიშვნელოვანია. ჩემი და არც ერთი ქვეყნისთვის ეს მარტივი არ არის, მაგრამ ეს აუცილებელია.

დაბოლოს, დავასრულებ მთავარი გზავნილით, რომელიც მე მინდოდა ვაშინგტონისთვის გამეცნო - ამერიკის დასუსტება შეუძლებელია.

2011 წელმა აჩვენა, რომ ის კონკრეტული ღირებულებები, რომელსაც ამერიკა ეფუძნება აღმასვლას განიცდის.

ხალხი მსოფლიოს გარშემო მზად არის ამ ღირებულებებისთვის სიცოცლე გაწიროს.

ეს არის იმედის წარმოუდგენელი გზავნილი, რომელიც რეალურად, ძლზე მნიშვნელოვანია.

შესაძლოა, ავტორიტარული მოდელები ძლიერად გვეჩვენოს და ზრდის შთამბეჭდავი ტემპით გაგვაოცოს, მაგრამ ისინი ვერ გვთავაზობს სანდო და უნივერსალურ ალტერნატივას.

შეცდომა იყო ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ ისტორიის დასასრულის გამოცხადება და იმის ფიქრი, რომ ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების პროგრესი აღარასდროს დადგებოდა გამოწვევის წინაშე.

მოდით ნუ დავუშვებთ საბედისწერო შეცდომას ახლა.

მოდით ნუ მივეცემით პესიმიზმს, დეპრესიას ან რელატივიზმს.

მოდით ნუ გადავხედავთ თავისუფლების საყოველთაო მოწოდებას, რომლის მომსწრეც ვართ მსოფლიოს ყველაზე განსხვავებულ ნაწილებში.

მოდით, ცინიკურ ადამიანებს და იზოლაციონისტებს არ მივცეთ გამარჯვების საშუალება - იმ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამერიკა იმპერიაა და მისი დრო წავიდა.

ამერიკა არასდროს ყოფილა იმპერია - ამერიკა იდეაა და მიმართულია მხოლოდ კარგისკენ.

ამას წინათ ჩემს მეგობრებთან ერთად, კალიფორნიაში, Basecamp-ის სამიტზე ვიყავი. იქ იყო რამდენიმე ადამიანი, რომელიც ამერიკაში შუა აზიიდან, კორეიდან და სხვა რეგიონებიდან რამდენიმე წლის წინათ ჩამოვიდნენ. ვუყურებდი მათ და ჩემსა და მათ გამოცდილებას ვადარებდი.

90-იან წლებში ამერიკაში კონგრესის სტიპენდიით ჩამოვედი. მაშინ ასტორია ქუინსზე  სარდაფში ვცხოვრობდი და სამართალს ვსწავლობდი. ფული იმდენად ცოტა მქონდა, რომ თვის ბოლოსაც მიჭირდა ადგილობრივ მარკეტში რამის შესაძენად. თუმცა ორ წელიწადში ყველაფერი შეიცვალა - ვმუშაობდი მსხვილ საადვოკატო ფირმაში და ცენრალური პარკის დასავლეთით ვცხოვრობდი. თუმცა ის, რაც ამ მხრივ მქონდა, ბევრად ნაკლები იყო იმ შეგრძნებასთან შედარებით, რომელიც მაშინ დამეუფლა. მქონდა შეგრძნება, რომ ყველაფერს ვიმსახურებდი და  მომავლის შეუზღუდავი შესაძლებლობებით ვსარგებლობდი. ასევე მეუფლებოდა შეგრძნება, რომ ამ ქვეყანაში შეუძლებელი არაფერია...

როდესაც კალიფორნიაში იმ ხალხს ვუყურებდი, ვფიქრობდი: შეხედეთ, ახალი ჩამოსულები არიან და ფიქრობენ,ლაპარაკობენ და იქცევიან ისე, როგორც ამერიკელები - თითქმის არიან კიდეც ამერიკელები...

აბა, სცადეთ, მათ ქვეყნებში ჩასვლა და, მაგალითად, ჩინელად გარდაქმნა ორი წლის ან თუნდაც 2 თაობის განმავლობაში...

აი, რა არის იმ იდეის ძალა, რომელზეც წეღან ვსაუბრობდი.

სწორედ ამ მოწოდებაშია ჭეშმარიტი მამოძრავებელი ძალა და ამ ქვეყნის ისტორიის მნიშვნელობის ნამდვილი არსი.  

დიდი მადლობა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)