უპირველეს ყოვლისა, მსურს აღვნიშნო, რომ თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში აქამდეც გამიმართავს შეხვედრები, ყოველი მათგანი იყო კარგი, მაგრამ ამდენი კონკრეტული შედეგით დატვირთული ამ კაბინეტიდან არც ერთხელ არ გამოვსულვართ, თანაც იმ მომენტში, როდესაც საქართველოსთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანია.
ყველამ მოისმინა ის, რაც პრეზიდენტმა ობამამ თქვა - ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ თავდაცვის სფეროში ჩვენი თანამშრომლობა ახალ დონეზე გადავიდეს. თუკი წინა წლების განმავლობაში ლაპარაკი იყო მხოლოდ ანტიტერორისტულ ოპერაციებში თანამშრომლობასა და ავღანეთსა და ერაყის მისიაში ჩვენს მონაწილეობაზე, ახლა უკვე ვსაუბრობთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, საქართველოს თავდაცვის სფეროს განვითარების თაობაზე.
ამ თემაზე ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას და უკვე დაიგეგმა კიდეც კონკრეტული შეხვედრები. ეს არის სამხედრო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის სრულიად ახალი, ბევრად უფრო მაღალი დონე.
მეორე საკითხი, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია: პრეზიდენტმა ობამამ გამოაცხადა, რომ მზად არის მხარი დაუჭიროს ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ ფორმატს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების პერსპექტივას გულისხმობს.
უნდა გვესმოდეს, რომ უახლოეს წლებში ამას საქართველოს ეკონომიკისთვის წარმოუდგენლად დიდი მნიშვნელობა აქვს.
ამერიკას თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმებული აქვს უახლოეს მოკავშირეებთან და ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელთანაც ეს ხელშეკრულება გაფორმდა, ეს იყო ძალზე სერიოზული ეკონომიკური ნახტომის საფუძველი.
ამ მხრივ, მსგავსი რამ პირველად გამოცხადდა საქართველოსთან მიმართებაში, რაც უკვე კონკრეტული შედეგია.
ყველამ მოვისმინეთ, რომ პრეზიდენტი ობამა მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის შემდგომ ინტეგრაციას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.
რა თქმა უნდა, ეს უფრო ფართოდ განსახილველი საკითხია, რადგან NATO-ს სხვა წევრ სახელმწიფოებსაც ეხება, თუმცა აშშ-ის მხარდაჭერა, ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია.
ასევე ყველამ მოისმინა, თუ რამდენად დადებითად და მაღალფარდოვნად ისაუბრა პრეზიდენტმა ობამამ საქართველოს დემოკრატიულ მიღწევებზე, ჩვენს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, მათ შორის, უმცირესობების დაცვისა და დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით და ჩვენს დემოკრატიულ პერსპექტივებზე.
ჩვენ ვისაუბრეთ იმაზეც, რომ საქართველოში არჩევნები და ყველა სხვა დემოკრატიული პროცესი ჩვენი მიღწევების გაგრძელება იქნება.
პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მიღწევა არა მხოლოდ წარმატებაა ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ეს არის სიმბოლოც მთელი რეგიონისათვის.
ასე რომ, ამ შეხვედრის კონკრეტულმა შედეგებმა ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა.
ვფიქრობ, ეს არ იყო მხოლოდ ამერიკის ოფიციალური პირების მიერ კარგად მომზადებული შეხვედრა - ეს იყო პირდაპირი შედეგი იმისა, რომ იგი პირადად იყო ჩართული, რომ ეს იყო მისი პირადი გადაწყვეტილება, ყველაფერი სწორედ ასე ყოფილიყო და ეს იყო მისი პირადი სიმპატია, რომელიც მან ჩვენს მიმართ გამოხატა.
ამ შეხვედრის შედეგებით ძალიან კმაყოფილი ვარ!