Google+

გამოსვლები და განცხადებები

29.01.2012
საქართველოს პრეზიდენი სამიტის Basecamp მონაწილეების წინაშე სიტყვით წარსდგა

ჩვენთვის დიდი პრივილეგიაა, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტს ვმასპიძლობთ. ის მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა, დემოკრატიულად არჩეული ლიდერია. მან ბევრი რამ გააკეთა საქართველოს ეკონომიკის გაუმჯობესების თვალსაზრისით და დიდი სამუშაო შეასრულა საკუთარი ქვეყნის განვითარებისთვის.

ფელიქს მარკუარდტი: პირველად საქართველოში წელიწადნახევრის წინათ ვიყავი და მახსოვს, პირველმა ლედიმ დანარჩენ სტუმრებთან ერთად, ლანჩზე მიმიწვია. მე მას ვკითხე, რას საქმიანობდა გარდა იმისა, რომ ქვეყნის პირველი ქალბატონი იყო. მან მიპასუხა,  რომ საავადმყოფოში ექთნად მუშაობდა. ზოგადად, ეს ის საქმიანობა არაა, რითაც კავკასიის რეგიონის პირველი ქალბატონები არიან დაკავებული. მე  გავიფიქრე, საქართველო ნამდვილად საინტერესო ადგილია-მეთქი. ეს ქვეყანა, მართლაც, უამრავი მიმართულებით არის გასაოცარი, ის პატარაა, მაგრამ 14 კლიმატური ზონა აქვს. იქ თავისუფლად შეგიძლია დილით შავ ზღვაში იცურაო, ხოლო შემდეგ, შუადღეს მთაში თხილამურებით ისრიალო. ეს არის ადგილი, სადაც შეხვდებით უძველეს ქრისტიანულ ტრადიციებსა და სხვა კულტურების ნაზავს. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ულამაზესი ანბანი აქვს. ასე რომ, ეს დიდი ისტორიისა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქვეყანაა, რომელიც სათავეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3 ათასი წლით ადრე იღებს.

ბატონო პრეზიდენტო, მოხარული ვართ, რომ აქ იმყოფებით. უნდა აღინიშნოს, რომ თქვენ ხართ მომავალზე ორიენტირებული ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ინოვაციური მთავრობა ჰყავს. არის ერთი ფენომენი, რაც თითქმის ყველა რევოლუციაგამოვლილ ქვეყანაში გვხვდება - ესაა ენთუზიაზმი და იმედი.

ჩემი პირველი შეკითხვა ასეთია, ავტოკრატიული რეჟიმის დამარცხება სხვადასხვა უნარებს მოითხოვს, რისი საშუალებითაც ქვეყანა უნდა ააშენო. თქვენს შემთხვევაში, როგორ მოხდა ეს საქართველოში?

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი: 35 წლის ვიყავი, როდესაც პრეზიდენტი გავხდი. ჩვენი მთავრობის გუნდში კი იყვნენ 20-30 წლამდე მინისტრები. საქართველოს მაშინ ძნელად თუ უწოდებდი ქვეყანას. სკოლის მოსწავლეთა მთელ თაობას, ვარდების რევოლუციამდე 10-11 წლის განმავლობაში არ ჰქონდა ელექტროენერგია და გათბობა, აღარაფერს ვამბობ განათლების მიღების თანამედროვე ტექნოლოგიებზე. ეს იყო ქვეყანა, სადაც კორუფცია იყო ცხოვრების წესი.

რამდენიმე წლის წინათ ჩემს ასისტენტთან ერთად 2003 წლის კადრებს გადავავლეთ თვალი. ორივემ ერთმანეთს შევხედეთ, ყველაფერი მუქ ფერებში გამოიყურებოდა, თითქოს ტელევიზიის შავ-თეთრი კადრებს ვუყურებდით. ასეთი ქაოსი გვერგო მემკვიდრეობით. თუმცა პირველივე წუთიდან ვიცოდით, რომ დრო არ გვქონდა, საიდანღაც უნდა დაგვეწყო და ძალიან სწრაფად გვემოქმედა. 

ჩვენ ვიყავით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა, ახლა კი „ტრანსფარენსი ინტერნეიშენალის“ მიხედვით, კორუფიის წინააღმდეგ მებრძოლი ნომერ პირველი ქვეყანა ვართ - არც ერთ ქვეყანას 5 წლის განმავლობაში არ მიუღწევია ისეთი წარმატებისთვის, როგორსაც საქართველომ მიაღწია.  საქართველოში ევროკავშირის მიერ ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევების თანახმად, ჩვენი ქვეყანა დანაშაულის თვალსაზრისით, ყველაზე უსაფრთხოა ევროპაში. რაც შეეხება ბიზნესგარემოს, ჩვენ ამ კატეგორიაში 147-ე ადგილი გვეკავა, მაგრამ ახლა, ბიზნესის კეთების სიმარტივით, მე-12 ადგილზე ვართ აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში. სახელმწიფო აპარატის ეფექტიანობის დასადგენად „ტრანსფარენსი ინტერნეიშენალზე“ დაყრდნობით, კვლევა კანადურმა ცენტრმა ჩაატარა და მსოფლიო მასშტაბით, ახალი ზელანდიის შემდეგ, საქართველოს  ყველაზე ეფექტიანი სახელმწიფო აპარატი აქვს.

ჩვენ ურთულესი პერიოდი გავიარეთ, იყო დესტაბილიზაციის უამრავი მცდელობა, 2008 წელს გადავიტანეთ ომი, რასაც წინ უძღოდა მრავალწლიანი პრვოვოკაციები, ენერგეტიკული და ეკონომიკური ემბარგო - ერთ კვირაში საექსპორტო ბაზრის 60 პროცენტი დავკარგეთ. შემოიჭრა რუსეთის რეჟიმი და მას დღემდე ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი. მათ საკუთარი სახლებიდან გამოაძევეს ნახევარი მილიონი ადამიანი.  კრიზისული წლების მიუხედავად, თუკი წელს ყველაფერი კარგად იქნება, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი კვლავ ორციფრიან ნიშნულზე ავა. ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს, რადგან მოლოდინი დიდია.  

ჩვენი მაგალითიდან ჩანს, რომ შეიძლება უიმედო სიტუაციიდანაც გამოხვიდე და ფეხზე დადგე.

ფელიქს მარკუარდტი: მინდა შევჩერდეთ რამდენიმე რეფორმაზე, რომლებიც გამორჩეულია და რომლებმაც დიდი ცვლილება მოუტანა ქვეყანას. დავიწყებ პოლიციის რეფორმით. რამდენიმე წლის წინათ, ამ სტრუქტურის ხელმძღვანელობამ, რომელმაც ეს რეფორმა წამოიწყო, ათასობით ოფიცერი გაათავისუფლა სამსახურიდან. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ როდესაც პოლიციელები დაითხოვეს, დანაშაულის რიცხვი შემცირდა. რა არის ამ რეფორმის შედეგი, როგორ განახორციელეთ ეს რეფორმა და რამდენ ხანს გაგრძელდა ის?

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ ვიყავით ქვეყანა, რომელიც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ყველა მხრიდან გამოწვევების წინაშე იდგა, მაგრამ ჩვენ მაინც დავითხოვეთ ყველა პოლიციელი. 3 თვე დაგვჭირდა იმისთვის, რომ ახალი შემადგენლობა აგვეყვანა და ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანა პოლიციის გარეშე ცხოვრობდა. იმ პერიოდს დასვენების სეზონი დაემთხვა, თანაც საქართველო ტურისტული  ქვეყანაა... ამ ხნის განმავლობაში, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ავტოსაგზაო შემთხვევებისა და დანაშაულის რიცხვი შემცირდა, ხალხმა თავი შედარებით უსაფრთხოდ იგრძნო. აღმოვაჩინეთ, რომ პოლიციელები დამნაშაულის  შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდნენ - დანაშაულს ისინი თავადაც ჩადიოდნენ.

მსგავსი რეფორმები განხორციელდა სხვა სფეროებშიც. სავალალო მდგომარეობა იყო საგადასახადო და საბაჟო სამსახურებში. ახლა საქართველოში საბაჟო პროცედურა ყველაზე სწრაფია. ეს არ არის ჩემი სიტყვები - ეს მსოფლიო ბანკის შეფასებაა. გვაქვს ერთი ფანჯრის პრინციპი და უსწრაფესად ხდება ქონებისა და კომპანიების დარეგისტრირება. ამ რეფორმების მიღმა არის კიდევ ერთი ჩანაფიქრი, ყველა ახალი სამთავრობო შენობა მინისაა. სხვათა შორის, აღიარებულია, რომ ჩვენი ოფისები საუკეთესოა მსოფლიოში. ყველა შემინულია და გამჭვირვალე. იუსტიციის სახლი ის ადგილია, სადაც ყველა სახის საბუთის, პასპორტის, მანქანის, მართვის მოწმობის აღება 5-6 წუთშია შესაძლებელი.

ფელიქს მარკუარდტი: ერთხელ ბაქოში ყოფნისას თვითმფრინავზე დამაგვიანდა და თბილისში მანქანით წამოვედი. ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ საზღვარზე მოვედით და 2 საათი ვცდილობდი დავლაპარაკებოდი მესაზღვრეს. ამ ორ საათში დავკარგე მანქანა, მძღოლი, როდესაც ვიპოვე ჩემი ბარგი მანქანაში აღარ იყო. ამ ორსაათიანი ნონსენსის შემდეგ გადავედი მეორე მხარეს. ერთ-ერთი მებაჟე ჯენიფერ ანისტონს გავდა... სულ 3 წუთი დამჭირდა ამ პროცედურისთვის. უკანასკნელად, საზღვარზე ერთი წლის წინათ ვიყავი.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი: კარგი ახალი ამბავი ისიცაა, რომ მებაჟეებს იქ ვეღარ შეხვდებით, რადგან უკვე გვაქვს ახალი აღჭურვილობა. ვიღაც ამბობდა, რომ მომავალში ხალხი მხოლოდ ჩიპებით ივლის. საქართველოში კი ეს უკვე არსებობს. მიდიხარ საბაჟოს კართან მხოლოდ პასპორტით, ჯიბიდან არაფრის ამოღება აღარ გჭირდება, მხოლოდ გადიხარ, რადგან ავტომატურად ხდება რეგისტრაცია ელექტრონული ჩიპებით.

ფელიქს მარკუარდტი: მახსენდება, რომ პოლიციას საერთოდ არ ენდობოდა მოსახლეობა.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი: თუკი ადრე პოლიციის მიმართ ნდობა მოსახლეობის 5 პროცენტს ჰქონდა, ახლა ეს მაჩვენებელი 86 პროცენტია. როდესაც ინსტიტუტების მიმართ ნდობა იზრდება, ქვეყანა უფრო სწორი მიმართულებით ვითარდება.

ფელიქს მარკუარდტი: რა თქმა უნდა,  პოლიციური სახელმწიფოს რეფორმირება, ფუნდამენტური რამ არის, რადგან ძირეული ცვლილებები განხორციელდა. კიდევ რის კეთებას გეგმავთ? 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში ყველაზე კორუმპირებული იყო განათლების სისტემა და არა პოლიცია. ინსტიტუტში მოსახვედრადაც ქრთამი უნდა მიგეცა და  კურსიდან კურსზე გადასასვლელადაც. ახლა კი რადიკალურად შეცვლილია ის კატეგორიაც, ვინც გამოცდებზე გადიოდა - გამოცდებს ღარიბი რეგიონებიდან ჩამოსულებიც თავისუფლად აბარებენ.

ახლა სახელმწიფო დაფინანსებით ათასობით წარჩინებულ ახალგაზრდას ვგზავნით სასწავლებლად საზღვარგარეთ. ჩვენ ასე წავახალისებთ მათ, რომ უკეთ ისწავლონ.  ამას გარდა, განვახორციელეთ პროგრამა, რომლის თანახმადაც ყველა ბავშვს სკოლაში კომპიუტერებს ვურიგებთ. ეს ძალზე მნიშვნელოვანი რეფორმაა. საბოლოოდ, თუ მკითხავთ, რა არის ყველაზე მთავარი ცვლილება საქართველოში, ეს მენტალური რევოლუციაა, მერიტოკრატიის იდეა, სოციალური მობილურობა, ეს არის ნამდვილი გზა დემოკრატიისკენ.

შეკითხვა: მინდა გკითხოთ დასაწყისის შესახებ, იმ გამბედაობის შესახებ, რომლითაც წარსდექით ქვეყნის წინაშე. მახსოვს, როდესაც შეხვედით საკანონმდებლო ორგანოში და ყოფილ პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებდით. მსგავსი სიმამაცე და ის მომენტი შეუძლებელია დაივიწყო. ახლა კი გვესაუბრებით იმაზე, თუ როგორ გახდა თქვენი რევოლუცია შთაგონების წყარო არაბული ქვეყნებისთვის. გვინდა მოვისმინოთ თქვენგან როგორ დაძლიეთ შიში და როგორ გეხმარებათ თქვენი ხალხი მათან გამკლავებაში?

მიხეილ სააკაშვილი: როდესაც შენი არსებობა საფრთხის წინაშეა - ასეთი  საფრთხე დღეს ჩვენი დიდი მეზობლის მხრიდან მოდის, არ უნდა იყვირო, რომ დაგიპყრეს, პირიქით ეს არის დრო, როდესაც უნდა იმოქმედო.
თუ გეშინია, რომ დაკარგავ საკუთარ ქვეყანას, მომავალს, იმას, რისთვისაც იბრძვი, უკან დასახევი გზა არ გაქვს. ვფიქრობ, ნამდვილი რევოლუცია არ იწყება მაშინ, როდესაც მიდიხარ პარლამენტში და იწყებ ყვირილს, არც მაშინ, როდესაც იმის საშიშროების წინაშე დგახარ, რომ გესვრიან. ნამდვილი რევოლუცია იწყება მაშინ, როდესაც CNN-ის კამერები ტოვებენ ქვეყანას. ჩვენ ვიყავით ახალგაზრდები, გამოუცდელები, იდეალისტები, განათლებულები... მახსოვს, უცხოელი ჟურნალისტები ყოველივე ამას „ოუშენის 11 მეგობარს“ ადარებდნენ. მათ სწრაფად უნდა გაეკეთებინათ საქმე, უნდა გაერისკათ. პოლიტიკაში, ძირითადად, ასეა - თუ რისკს არ პასუხობ, მოცდა მოგიწევს. ჩამოყალიბებულ და წარმატებულ საზოგადოებაშიც კი მიდიან რისკზე. პოლიტიკოსებისთვის სხვა გზა არ არსებობს თუკი ქვეყნის წინსვლის სურვილი აქვთ. მეორე საკითხი - არ უნდა გაეკიდო პოპულარობას. ეს კარგია, მაგრამ თუ მხოლოდ სახელის მოხვეჭას ცდილობ, დაკარგული ხარ, რადგან პოპულარობა არის პოლიტიკური კაპიტალი, რომელიც გონივრულად უნდა დახარჯო.

შეკითხვა: მოვისმინეთ პოლიციის და სხვა სფეროში გატარებული რეფორმების შესახებ. რა ცვლილებებია საჭირო კანონის უზენაესობისა და სამართლებრივი სისტემის მდგრადობისთვის?

მიხეილ სააკაშვილი: საამისოდ ჩვენ შემოვიღეთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. ადრე ნდობის მაჩვენებელი იყო ნული, ახლა კი 60 პროცენტს აღემატება. ეს უფრო ნაკლებია, ვიდრე პოლიციას აქვს, მაგრამ ეს მაინც მაღალი მაჩვენებელია. ამ სასამართლოს საკმაოდ კარგი დასაწყისი ჰქონდა. ვფიქრობ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მომავალში უკეთესი გახდება. სამართებლივ სისტემაში მუშაობა ყოველთვის რთულია. არის ცდუნება გახდე კორუმპირებული ან  პოლიტიზირებული. პოლიციის შეცვლა ადვილია, სასამართლო სისტემას კი დრო და ტრადიცია სჭირდება. ჩვენ შევცვალეთ მოსამართლეთა 100 პროცენტი, ახლა, უმეტესწილად, ახალგაზრდები მუშაობენ, რომლებსაც მაღალი ანაზღაურება აქვთ და ტრადიციას ისინი ქმნიან.

შეკითხვა: თუ შეგიძლიათ გვითხრათ როგორ აზარალა რუსეთის შემოჭრამ თქვენი ქვეყანა და თქვენ როგორ ხედავთ საქართველოს სუვერენიტეტს მომავალში...

მიხეილ სააკაშვილი: დიდი რამაა, როდესაც აშენებ დემოკრატიას და შენი ქვეყნისკენ იარაღი აქვთ დამიზნებული. ვლადიმერ პუტინმა საჯაროდ დადო ფიცი, რომ სხეულის ერთი ნაწილით ჩამომკიდებდა. არ არის კარგი, როდესაც ასეთი ფრაზებით ლაპარაკობენ. არც ის არის კარგი, რომ ასი ათასობით დევნილი ადამიანი ვერ ბრუნდება საკუთარ სახლში, რადგან ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ის მათ აღარ ეკუთვნის. მაგრამ ახლა, მოსკოვში რუსეთის მოქალაქეები გამოდიან ქუჩებში და ამბობენ, რომ სურთ რუსეთი, რომელშიც ქართული რეფორმები განხორციელდება.

შეკითხვა: თქვენ და თქვენმა გუნდმა თქვენ ქვეყანაში საკმაოდ მოკლე პერიოდში რადიკალური ცვლილებები განახორციელეთ. ამ დარბაზშიც იმყოფება ხალხი, ვისაც სურს ცვლილებები საკუთარ ქვეყანაში. რა გაკვეთილი ისწავლეთ ამ წარმატებებისგან და რას ურჩევდით მეწარმეებს?

მიხეილ სააკაშვილი: საზოგადოება მას შემდეგ გამოგყვება, რაც საკუთარ თავზე იკისრებ ლიდერობას. თავისუფალი ნების ხალხი სასწაულებს ახდენს, მაგრამ ჩვენ მთავრობის მანდატით ვმოქმედებთ. ჩვენ ვაშენებთ ისეთ ცათამბჯენებს, როგორზეც ნავთობისა და გაზის რესურსით მდიდარი ქვეყნებიც კი არ ფიქრობენ. როგორ ვაკეთებთ ამას? მხოლოდ თავისუფლებით! მთავარია დიდ რისკებზე წახვიდე. პირადად მე, ძალიან ცუდი ბიზნესმენი ვიქნებოდი, მაგრამ არსებობს ერთი რამ, რაც ორივე სფეროს აერთიანებს - თუ იქნები გამბედავი და რისკზეც წახვალ, ყოველთვის წარმატებას მიაღწევ. თუ ასე არ გააკეთებ, ცხოვრება მოსაწყენი გახდება და სახელმწიფოც არავის გამოადგება. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)