დიდ მადლობას ვუხდით ბატონ ერდოღანს მეგობრული დამოკიდებულებისთვის.
დღეს ისევ ერთად ვართ ჩვენს მეგობრებთან, რომლებიც წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ჰყავდათ დატყვევებული. თურქეთი დაგვეხმარა და ჩვენი მეგობრები ტყვეობიდან ერთად დავიხსენით.
სახლში მობრძანებას ვულოცავთ მათ!
მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თურქეთის სახელგანთქმულ ლიდერს და ჩვენს დიდ მეგობარს.
მძიმე დღეებში ჩვენ ყოველთვის ერთად ვიყავით და დღესაც ჩვენთვის ბედნიერ წუთებშიც ერთად ვდგავართ.
პირადად მე ძალიან ბევრ ლიდერს ვიცნობ, მაგრამ არ მინახავს არც ერთი ლიდერი, რომელიც ყოველი კონკრეტული მოქალაქის ბედზე ზრუნვას ყოვედღიური საქმიანობის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევდეს. როდესაც შენ გყავს 5 მილიონი მოქალაქე, როგორც ჩვენს შემთხვევაშია, შესაძლოა, შედარებით ადვილი იყოს, როდესაც 70 მილიონი მოქალაქე და მეტი გყავს, ამის გაკეთება ბევრად ძნელია. თუმცა ფაქტია, რომ თქვენთვის ეს რთული არ არის.
ყველაზე ხშირად თქვენ სწორედ კონკრეტული მოქალაქეების ბედით ინტერესდებით და როდესაც საქმე თურქეთის მოქალაქის ინტერესებს, სიცოცხლეს, ქონებას, თავისუფლებას შეეხება, თქვენთვის პატარა ინტერესი არ არსებობს.
ეს მართლაც დიდი და დემოკრატიული ლიდერის უნიკალური თვისებაა. ეს შემთხვევაც ზუსტად ასეთია - ჩვენ ვიყავით იმის მომსწრე, თუ როგორ ფიქრობდით თქვენ ამ თემებზე.
ისიც მახსოვს, როგორ ვმუშაობდით ერთობლივად ამ თემებზეც და ბევრ სხვა საკითხზეც, რომლებიც ჩვენ ორმხრივ თანამშრომლობას უკავშირდება.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თურქეთი განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობის სახელმწიფო გახდა. ეს უდავოდ არის რეგიონალური ლიდერი, რომელიც წარმართავს პროცესებს და ახლო აღმოსავლეთში და ევროპის ჩვენს ნაწილში მშვიდობის მთავარი გარანტია.
რომ არა თურქეთის პროაქტიული სამშვიდობო როლი შარშანდელ მოვლენებთან დაკავშირებით არაბულ სამყაროში, ასევე ირანთან, სირიის პროცესებთან დაკავშირებით, სხვა მოვლენებთან - იგივე ევროკავშირთან და უახლოეს სამეზობლოსთან მიმართებით, ვფიქრობ, ძალიან ბევრი პროცესი კიდევ უფრო გართულდებოდა.
თურქეთი ცალსახად არის პოზიტიური როლის შემსრულებელი ყველა ამ პროცესის მიმართ.
ხშირად ჩვენ ევროპელ მეგობრებთან, ორმხრივი ურთიერთობის თვალსაზრისით, თურქეთი მაგალითად მოგვაქვს.
სხვათა შორის, ამას წინათ შევამჩნიე, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოსვლისას, ევროკავშირს მაგალითად მოუტანა თურქეთ-საქართველოს ურთიერთობა. ზუსტად იმავეს ვაკეთებთ ჩვენ ევროკავშირის ქვეყნებთან, როდესაც თურქეთზე ვსაუბრობთ.
ჩვენ ძველ დროს რკინის ფარდა გვყოფდა, მაგრამ დღეს გვაქვს უვიზო მიმოსვლა და საზღვრის გადაკვეთა უკვე უპასპორტოდ შეგვიძლია.
მთავარი ის კი არ არის, რომ ჩვენ ვიყავით პირველი ორი ლიდერი, რომელთაც პასპორტის გარეშე გადალახეს ქვეყნის სახელმწიფო საზღვარი, არამედ ის, რომ ორივე მხრიდან ყოველდღიურად ათასობით და ზოგჯერ ათიათასობით მოქალაქე პასპორტების გარეშე კვეთს თურქეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარს.
ჩვენ დღეს მოვილაპარაკეთ, რომ მარადიდისა და მაჭახელას ხეობას შორის გაიხსნება დამატებითი სასაზღვრო პუნქტი, რომელიც დააკავშირებს ორივე მხარის მოსახლეობას.
ჩვენ ვმუშაობთ იმაზეც, რომ ორი ქვეყნის საზღვართან რიგების აცილების მიზნით თურქეთის მხარეს აშენდეს და გაფართოვდეს სასაზღვრო პუნქტი. ჩვენს მხარეს დიდი სასაზღვრო პუნქტი სარფში უკვე ავაშენეთ.
ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ამუშავდეს სრული დატვირთვით; ბათუმის აეროპორტი, რომელიც, რეალურად, პატარა სოფლის აეროპორტის დონეზე იყო და რეისებიც არ სრულდებოდა. უკვე მოვილაპარაკეთ, რომ ამ წელიწადში დღეში ორი რეისი შესრულდება სტამბულიდან და ყოველდღიური რეისი დაინიშნება ანკარიდან - ეს არის ერთობლივი თურქულ-ქართული აეროპორტი.
თურქეთი ასევე არის ჩვენი ფანჯარა ევროპაში, რადგან თურქეთის მეშვეობით საქართველო ევროპულ რკინიგზას უკავშირდება. 2012 წელს გვექნება პირველი საცდელი, ხოლო 2013 წელს გვექნება მუდმივი, რეგულარული სარკინიგზო მიმოსვლა ევროპასთან ახალი, თანამედროვე რკინიგზით.
ეს იქნება ძალიან დიდი გეოპოლიტიკური გარღვევა მთლიანად ჩვენი რეგიონისთვის.
მინდა ვთქვა, რომ სხვა პოზიტიური დინამიკაც შეინიშნება - ძალიან ბევრი თურქი ბიზნესმენი საქართველოში დებს ფულს. მთელი საქართველოს მასშტაბით ინტენსიურად ვახორციელებთ ერთობლივ პროექტებს, მათ შორის, ენერგეტიკის სფეროში.
ძალიან ბევრი თურქული კომპანია ჩვენს ქვეყანაში ჰიდროელექტროსადგურებს აშენებს. ასევე ხორციელდება ჰიდროელექტროსადგურების პროდუქტის - ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთის მიმართულებით.
ჩვენ ვაშენებთ ახალ ელექტროგადამცემ ხაზებს...
ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, თურქეთი, რომელიც არის დინამიკური განვითარების წარმოუდგენლად ძლიერი მაგალითი იმ პირობებში, როდესაც ევროპაში კრიზისია, ხოლო აზიაში - რთული ეკონომიკური სიტუაცია. თურქეთი არის როგორც კუნძული და კეთილდღეობითა და ძალიან სწრაფი ეკონომიკური განვითარებით გამოირჩევა.
ეს ძალზე მნიშვნელოვანი რევოლუციური განვითარების კონკრეტული შედეგია, რომელიც ყველა დაბრკოლების მიუხედავად, თურქეთის ხელისუფლებამ ბოლო წლების განმავლობაში განახორციელა.
ჩვენ დიდი ყურადღებით ვაკვირდებით ამ რეფორმებს. რეგიონის ქვეყნების წარმატება დაკავშირებულია, ასევე, თურქეთის ეკონომიკურ წარმატებასთან, მაგრამ ეს არა მხოლოდ ეკონომიკური რეფორმებია. ჩვენ დიდი ინტერესით ვაკვირდებით, რეფორმებს განათლებისა და ტექნოლოგიების სფეროებში.
თურქეთი გახდა ინოვაციების შემქმნელი სახელმწიფო, რაც ძალიან იშვიათი და ძლიერი ფენომენია.
ჩვენ გვაქვს ასევე აქტიური ურთიერთობა განათლების სფეროს მიმართულებით, ვთანამშრომლობთ სხვადასხვა უნივერსიტეტებთან და გვაქვს აქტიური ურთიერთობა კულტურის სფეროში.
ამას გარდა, ვმუშაობთ იმაზე, რომ კულტურული ძეგლები ორი ქვეყნის ტერიტორიაზე იყოს დაცული.
რა თქმა უნდა, ვზრუნავთ იმაზე, რომ სათანადო მდგომარეობაში მოვიდეს და აღდგენილ იქნას თურქეთის ტერიტორიაზე მყოფი ქართული ძეგლები. ჩვენ მადლობელი ვართ იმისთვის, რომ თურქეთის მთავრობა ამ საკითხში აქტიურად თანამშრომლობს ჩვენთან.
ერთი სიტყვით, თუ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ორმხრივი კარგი თანამშრომლობის მისაბაძი მაგალითი შეიძლება იყოს, მათ შორის, დიდ და პატარა სახელმწიფოს შორის, რომელიც დაფუძნებულია მეგობრობაზე და დაცლილია ყოველგვარი ჰეგემონიზმისგან, იმპერალიზმისგან, დიქტატისგან და რეალურად ემსახურება ორი ქვეყნის ხალხის განვითარებასა და დაახლოებას, ეს ჩვენს ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობაა.
ჩვენ გვაქვს რთული სამეზობლო და ამ სამეზობლოში საქართველო-თურქეთის ურთიერთობა სამაგალითოა.
ცოტა ხნის წინათ, ჩვენთან ჩამოსული იყო თურქეთის მეჯლისის მრავალრიცხოვანი დელეგაცია. ჩვენ ისევ ველით ახალ დელეგაციას და ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ეს კონტაქტები კიდევ უფრო გავაღრმავოთ.
ერთი სტყვით, ჩვენ გვაქვს უპრობლემო ურთიერთობა.
უპირველეს ყოვლისა, ეს არის პრემიერ-მინისტრ ერდოღანის დამსახურება. მე არასდროს დამავიწყდება მისი პირველი ვიზიტი ბათუმში, 2004 წლის ზაფხულს და ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში ვიზიტმა საფუძველი დაუდო რევოულუციურ გარღვევას და საქართველოს განვითარების ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს.
კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს მეზღვაურებს.
როდესაც ვლაპარაკობთ თურქ და ქართველ მეზღვაურებზე, მათ საოცარი სოლიდარობა გამოიჩინეს ერთმანეთის მიმართ. მათი ბედი ისევე არის დაკავშირებული ერთმანეთთან, როგორც ჩვენი ხალხის.
ძალიან მიხარია, რომ ჩვენი თურქი ძმები თავიანთ ოჯახებს უბრუნდებიან. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია.
სულ მალე, დაახლოებით, საათ-ნახევარში ქართველებიც დაუბრუნდებიან საკუთარ სახლებს.
ძალიან ძნელია წარმოიდგინო ის ჯოჯოხეთი, რომელიც ამ ამ ხალხმა გამოიარა. ტყვეობის დროს წარმოუდგენელ პირობებში უწევდათ ყოფნა.
ეს, ალბათ, ყველაზე ცუდი რამ არის, რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს.
ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ისინი დღეს არიან თავისუფლები.
უნდა გვახსოვდეს, რომ 600-ზე მეტი მეზღვაური, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები, დღეს დატყვევებული არიან სომალიში.
იმ პირობებში, როდესაც ყველანი ვგმობთ მეკობრეობას, საერთაშორისო კრიმინალს და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ თურქეთთან ყველა ამ საკითხში, ის, რომ თქვენ აღმოჩნდით იმ იღბლიანთა შორის, ვინც ასეულ ადამიანს შორის თავი დააღწია ამ ჯოჯოხეთს, ჩვენთვის ძალიან დიდი მიღწევა და სიხარულია. ეს ასევე უდიდესი იმედია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც იქ არის დარჩენილი.
კიდევ ერთხელ გიხდით უდიდეს მადლობას თითოეულ თქვენგანს გამძლეობისთვის.
ძალიან დიდი მადლობა თბილი მასპინძლობისთვის. მართლაც განსაკუთრებული მეგობრული ჟესტია, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სპეციალურად ჩამოდის სტამბულში, მოდის ჩემთან შესახვედრად, მოდის თქვენ დასახვედრად.
ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა და განსაკუთრებულად უსვამს ხაზს მის თბილ დამოკიდებულებას, უპირველესად, ადამიანის ბედის მიმართ, ხოლო შემდეგ ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულების მიმართ.
თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯიფ თაიფ ერდოღანი
ძვირფასო მეგობრებო,
მასმედიის წარმომადგელებო,
დღეს ჩვენ აქ ვდგავართ ჩვენს მეგობარ მიხეილ სააკაშვილთან ერთად და ბედნიერი ვართ, რომ განვითარებული მოვლენები ყველა ჩვენგანისთვის სასიხარულოდ დასრულდა.
უპირველეს ყოვლისა, ჩვენ საყვარელ თანამემამულეებს შევხვდით.
სამწუხაროდ, 2010 წლის 8 სექტემბერიდან ჩვენი მოძმე 15 ქართველი და 3 თურქი მეზღვაური, რომლებიც ინდოეთის ოკეანეში მეკობრეების მიერ გატაცებულ, უცხოური დროშის ქვეშ მცურავ გემზე მუშაობდნენ, დაატყვევეს.
2011 წლის 8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მძევლად აყვანილი ორივე ქვეყნის მოქალაქეების მშვიდობიანად გათავისუფლება მოხერხდა და გუშინ შუადღისთვის კენიაში, ქალაქ მომბასაში ჩავიდნენ.
რა თქმა უნდა, მიღებულმა ცნობებმა ძალიან გაგვახარა და ეს იყო ჩვენი დიდი სიხარულის საფუძველი.
ყველას - მათ, ვინც ამ მიზეზით ეს მწარე გამოცდილება საკუთარ თავზე გადაიტანა და ასევე მათ ოჯახებს, ვუსურვებთ, რომ ამ ამბისგან დატოვებული კვალი მალე წაშლილიყოს.
ჩვენ სახელმწიფოს მუდმივი კავშირი ჰქონდა საქართველოს მთავრობასთან, ჩვენს მეგობარ ბატონ სააკაშვილთან. ასევე კავშირი ჰქონდათ ჩვენი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს. ასევე ვთანამშრომლობდით საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. სომალიში ვიზიტის დროსაც, სომალის პრეზიდენტთან შეხვედრისას, დაწვრილებით განვიხილეთ ეს საკითხი და ძალიან დიდი მუშაობა დაგვჭირდა მძევლების გასათავისუფლებლად.
ამ მოვლენის დაწყებისთანავე ყველა შესაძლებლობას და სხვადასხვა სახის ინიციატივას განვიხილავდით.
მოხარული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა, რომელიც თურქი და ქართველი მოქალაქეების გათავისუფლებისკენ იყო მიმართული, წარმატებით დასრულდა.
გადარჩენილი მეზღვაურები ჩვენმა მეგობარმა სააკაშვილმა სპეციალურად გამოგზავნილი თვითმფრინავით ჩამაოყვანინა აქ, ჩვენთან. ამისთვის, ყველა თქვენგანის თანდასწრებით, მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მას.
მწამს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, გამომჟღავნებული ქართულ-თურქული თანადგომა ისტორიაში ჩაიწერება, როგორც ჩვენი მეგობრობის ნიმუში.
ცოტა ხნის წინათ, პირისპირ შევხვდი და ვესაუბრე ბატონ სააკაშვილს ამ სასიხარულო ამბის მიზეზით.
ამ შეხვედრის დროს, სულ სხვა განზომილებაში განვიხილეთ ისეთი საკითხები, როგორიც არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ყველა სფეროში, განსაკუთრებით, უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები როგორც პოლიტიკურ, ისე სამხედრო, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში.
საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობა სულ სხვა საფეხურზე გადადის.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე დაძლეულია ყოველგვარი პრობლემა - საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობით შეუძლიათ.
რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუწყობს ჩვენ შორის სულ სხვა სახის სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი და საქართველოს მიზნები ენერგეტიკის სფეროშიც ემთხვევა. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ხაზი ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. ამას გარდა, თბილისი-ახალქალაქი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მიმართულებითაც მიმდინარეობს სამუშაოები, რომელიც, იმედია, 2013 წლისთვის ამოქმედდება.
ახლა მიმდინარეობს მუშაობა მდინარე მტკვარზე კაშხალის მშენებლობის საკითხის დაგეგმვასთან დაკავშირებით.
ყველა ზემოაღნიშნული ღონისძიება ხელს უწყობს თურქეთისა და საქართველოს კიდევ უფრო დაახლოებას.
ზამთრისთვის ვაპირებთ ბორჩხაზე გავლით გზის გაყვანას. როგორც ვიცით, ბორჩხიდან შემოსასვლელ გზაზე გარკვეული პრობლემები იყო.
იმისათვის, რომ საქართველოდან ბორჩხის გავლით გახდეს შესაძლებელი თურქეთში გადასვლა, თურქეთის თანამშრომლობისა და აღორძინების სააგენტოს კოორდინირებით, აშენდება გზა.
საუბრისას, ჩვენ ახალციხელი მესხების საკითხსაც შევეხეთ. ბატონი სააკაშვილი დადებითად არის განწყობილი ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც გვაიმედებს, რომ ახალციხელი თურქები, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ თავიანთ ქვეყანას მოშორებული, საკუთარ სამშობლოში დაბრუნდებიან.
ჩვენს ქვეყნებს შორის კულტურის სფეროს თვალსაზრისითაც შეინიშნება წინსვლა.
ეს არის ურთიერთობა იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც ერთმანეთის ესმით. მათ შორის, თანამშრომლობენ პატიმართა და მსჯავრდადებულთა საკითხებთან დაკავშირებით.
სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება ჩვენმა მეგობარმა მიხეილ სააკაშვილმა.
საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მხარდაჭერისთვის და საქმისადმი ყოველთვის დადებითად ვართ განწყობილი.
ზემოხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით, მინდა მადლობა გადავუხადო მას როგორც პირადად ჩემი, ისე მთელი ერის სახელით.
დაახლოებით, წელიწად-ნახევრის წინათ სომალიში მეკობრეების მიერ დატყვევებულ ჩვენს ძმებს და შვილებს მინდა ვუთხრა: კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება!
მინდა მათ ვუსურვო, რომ ყოველივე ეს წარსულს ჩაბარდეს და თქვენთვის მხოლოდ მოგონებად დარჩეს.
მჯერა, რომ ის ბედნიერება, რომელსაც ახლა განიცდიან, ხელს შეუწყობს მათ რეაბილიტაციას.
ბედნიერი ვარ, რომ დღეს ყველა მეგობარი ერთად ვართ.
დიდი მადლობა.