Google+

გამოსვლები და განცხადებები

12.03.2012
საქართველოს პრეზიდენტი თელავის მოსახლეობას შეხვდა

მოგესალმებით.

ცუდი ამინდის გამო, დღევანდელი ღონისძების გადატანას მირჩევდნენ, მაგრამ დრო ცოტა გვაქვს, ასაშენებელი კი - ძალიან ბევრი. ამიტომ, გადადების დრო ნამდვილად არ არის და გადავწყვიტე, ყველაფერი დღესვე დაგვეწყო.  

დღეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღეა თელავისთვის და მთლიანად კახეთისთვის.

მინდა, რომ თვალი გადაავლოთ დღევანდელ თელავს, რადგან მას ასეთს  ვერასოდეს ვეღარ იხილავთ.

ამ ქალაქს თქვენ უკვე ნახავთ ისეთს, როგორიც არასდროს არ ყოფილა მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში - ის იქნება ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, ყველაზე მშვენიერი ქართულ-ევროპული ქალაქი; საქართველოს მშვენება, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე გვირგვინი; აღმშენებლობის ამ ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე მემკვიდრეობა, რომელსაც ჩვენს შვილებს, შვილთაშვილებს, მომავალ თაობებს გადავცემთ.

მინდა, ამ ქალაქის გალამაზება დღეს ყველამ ერთად დავიწყოთ.

მინდა დაგარწმუნოთ იმაში, რომ არაფერს არ ვაზვიადებ და ჩამოვთვალო ის პროექტები, რომელთა განხორციელებაც კახეთში დღეს იწყება.

მშენებლობის პირველ ეტაპზე საქართველოს მთავრობის, მსოფლიო ბანკისა და კერძო ფონდების მიერ გამოყოფილია 120 მილიონი ლარი და დარწმუნებული ვარ, უახლოეს წლებში ეს თანხა გასამმაგდება, გახუთმაგდება.

ეს 120 მილიონი ლარი უახლოესი 6–7 თვის განმავლობაში უნდა ავითვისოთ.

თელავში დაწყებულია 140 შენობის რეაბილიტაცია; ძველი პარკებისა და სკვერების სრული განახლება; ახალი, ლანდშაფტური არქიტექტურის მქონე პარკების გაშენება, კომუნიკაციების შეცვლა და მათი მიწისქვეშ ჩატანა; ისტორიული შენობების, ღობე-გალავნების, ჭიშკრების რესტავრაცია; ქალაქში თანამედროვე განათების სისტემის დამონტაჟება; ქალაქის უზრუნველყოფა ოპტიკური ინტერნეტით.

იწყება ქუჩებისა და შენობების რეკონსტრუქცია - ჩოლოყაშვილის ქუჩა, ერეკლეს მოედანი, რუსთაველის გამზირი... ერეკლე ბატონის ციხე-სიმაგრე, თეატრი, ახალი, ულტრათანამედროვე იუსტიციის სახლი, ნადიკვარის პარკი, თელავის „ინტურისტი“, რომელიც გახდება აღმშენებლობის სიმბოლო.

ეს არის ის, რაც მხოლოდ თელავში კეთდება და კიდევ უამრავი სხვა პროექტია დაგეგმილი, რომელთაც აღარ ჩამოვთვლი, რომ რაიმე გამომრჩეს.

ძალიან ბევრი რამ კეთდება ყვარელშიც - კეთდება, პრაქტიკულად, ყველა ქუჩა; შენდება 6 ახალი სასტუმრო;  მთლიანად იცვლება ფასადები, სახურავები;   განახლდება კარიბჭეები და გალავნები, გამოიცვლება მთელი კომუნიკაცია - წყალსადენისა და კანალიზაციის სისტემები.

ასევე რეაბილიტაცია დაიწყება გურჯაანში - იგეგმება იუსტიციის სახლის მშენებლობა; ახტალის კურორტის სრული რეაბილიტაცია; სპორტკომპლექსის, საცურაო აუზის გაკეთება; ახალი სასტუმროს და ახალი კურორტის მშენებლობა ვეჯინში.

მთა-თუშეთში განხორციელდება დათრლოს ფუნდამენტური რეაბილტიაცია. წელს და მომავალ წელს მოხდება თუშეთის გზის ფუნდამენტური რეაბილტაცია.

კახეთში გზები გაკეთდება ყველა მიმართულებით. მოდერნიზაციის 2015 წლის გეგმის ფარგლებში, 2014 წლის დამლევისთვის გომბორზე ახალი გვირაბის გაკეთებას ვვარაუდობთ. ამისთვის ჩვენ უკვე ვემზადებით, მის  დაპროექტებას რამდენიმე წელი სჭირდება.

ჩემი ვარაუდით, რომ 2016–17 წლისთვის თელავი თბილისს უფრო მოკლე გზით დაუკავშირდება, ვიდრე, მაგალითად, გორი, თან იქნება ისარივით სწორი გზა. ეს არც თუ შორეული გეგმაა და მისი შესრულების შემდეგ თელავამდე, დაახლოებით, 40 წუთის სავალი გზა იქნება.

მანძილი იმაზე მეტად შემცირდება, ვიდრე შეამცირა გომბორის გზამ, რაც  კახეთისთვის სრულიად ახალი სიცოცხლე გახდება.

ასევე მინდა გითხრათ, რომ ამ 9 ქუჩის, 6 სკვერის განახლებასთან და სხვა პროექტებთან ერთად, აქ შემოვა მსოფლიოს უდიდესი ბრენდები.

წინანდალში, თბილისის მსგავსად, შემოდის „რედისონი“; თელავის „ინტურისტის“ ნაცვლად, შემოვა ამერიკული ბრენდი „ბესთ ვესტერნი“;

ჩვენს მტერს ვერც კი წარმოედგინა, რომ კახეთში და, საერთოდ,   საქართველოში, როდესმე შეიძლებოდა ისევ დაგვეწყო წამოდგომა. მან კარგად იცოდა სად უნდა მოეყენებინა მთავარი დარტყმა. შაჰ-აბასმა გაასახლა კახელები და ამოძირკვა ვაზი. პრეზიდენტად პირველად არჩევის შემდეგ, პუტინმაც პირველი მასშტაბური ქმედება, რომელიც მან საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა, იყო კახური ღვინოს ემბარგო. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის ხერხემალი. ამის მიუხედავად, კახეთი წამოდგა ფეხზე.

მათ ყველაფერი გააკეთეს ჩვენს წინააღმდეგ - სცადეს ენერგეტიკული ემბარგო...

ჩვენ ამ ზამთარს გავუძელით, თუმცა უამინდობა ჯერ კიდევ არ დამთავრებულა. შესაძლოა, ზოგიერთს სასაცილოდ არ ჰყოფნის 20-ლარიანი ვაუჩერი, მაგრამ ხალხისთვის, ვისაც 7, 8, 10, 15 ლარი ჰყოფნის სახლის გასანათებლად ან ოდნავ გასათბობად მაინც, ეს 20 ლარიც მნიშვნელოვანია.

მსგავსი გადანაწილება შესაძლებელია იმ პირობებში, როდესაც ფულს არ იპარავენ.

ზოგს, შესაძლოა, სასაცილოდ არ ჰყოფნის საგაზაფხულო სამუშაოებისთვის განკუთვნილი 30 ლარიანი ვაუჩერი, განსაკუთრებით მათ, ვინც მილიონებს არის დახარბებული, მაგრამ მთავრობისთვის, რომელსაც ძალიან კარგად ესმის თითოეული მოქალაქის ტკივილი, ეს 30 ლარიც ძალიან მნიშვნელოვანია.

ძალიან კარგად ვიცი, რომ საქართველო პატარა ნაბიჯებით მიიწევს წინ, მაგრამ ვინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო გაუძლებდა ეკონომიკურ და ენერგეტიკულ ბლოკადას...

ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ გვაქვს ყოველწლიური ეკონომიკური ზრდა. თავადაც  ნახეთ, როგორ იყო შარშან რთველი და წელს ბევრად უკეთესი რთველი გვექნება.

ჩვენ გავუძელით ომს... მითხარით, რომელ ქვეყანაში შეიჭრა საბჭოთა კავშირი - რუსეთი, არ ჩამოაგდო მთავრობა და არ გაანადგურა ქვეყანა?

ჩვენი ქვეყანა ამაყად დგას და ამაყად აფრიალებს თავის დროშას. ამიტომ, მათ იციან, რომ საქართველოსთან ისინი გამარჯვებულები არ არიან.

ჩვენ კი ვიცით, რომ, საბოლოოდ, საქართველო გაიმარჯვებს მაშინ, როდესაც ერთხელ და სამუდამოდ გავთავისუფლდებით მათი ჯარისაგან და დავიბრუნებთ ჩვენს ტერიტორიებს.

რამდენიმე დღის წინათ დამპყრობლის ახალმა-ძველმა უფროსმა დაგვინიშნა გენერალური ბრძოლის ახალი ადგილი და ახალი დრო - საქართველოს საპარლამენტო არჩევნები შემოდგომით.

ეს ყველამ მოვისმინეთ ტელევიზიით, მაგრამ ისევე, როგორც ვერ გაგვანადგურეს ბლოკადებით, როგორც ვერ მოგვიგეს ომი, მით უმეტეს ვერ დაგვამარცხებენ  დემოკრატიულ ბრძოლაში, რადგან დემოკრატიას ყოველთვის იგებს ხალხი; ქართველი ხალხი ყოველთვის გაიმარჯვებს ამ ბრძოლაშიც.

რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა პატარა თუ დიდი ნაბიჯებით მიიწევს წინ, მაგრამ ჩემთვის მთავარი გამოწვევაა, რომ საქართველოს ყველა ოჯახში დაინახონ ქვეყნის  წარმატებისა და წინსვლის თავისი წილი. 

მინდა, რომ საქართველოს ყველა რაიონში თითოეულ ადამიანს მიუწვდებოდეს ხელი იმაზე, რაზეც ადრე მხოლოდ მათ მიუწვდებოდათ ხელი და ზემოდან ქვემოთ დაჰყურებდნენ ხალხს. ახლა ისინი ქვემოდან ზემოთ, მოწიწებით შეხედავენ ხალხს,  კეთილს ინებებენ და პატივს სცემენ მათ. 

ეს არის განსხვავება ჩვენს ფსიქოლოგიასა და მათ ბატონყმურ, ფეოდალურ მენტალიტეტს შორის.

ფეოდალები საქართველოში ვერასდროს ვეღარ დაბრუნდებიან, ბატონყმობა საქართველოში ვეღარასდროს დაბრუნდება და ჩვენ არასდროს არ ვიქნებით არც სხვა ქვეყნის და არც სხვა ფეოდალების მონები!

აი, ეს არის ჩვენი ფსიქოლოგია - აი, ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაშენებთ!

ამისთვის ვაშენებთ ახალ საავადმყოფოებს!

ამისთვის კეთდება სოფლის მეურნეობის ახალი ცენტრები!

ამისთვის შემოგვაქვს სოფლის მეურნეობის ახალი ტექნიკა!

ამისთვის ვაშენებთ ახალ სკოლებს!

და ამისთვის ვაშენებთ ამ ქალაქს!

მინდა, რომ ყველა ადამიანმა, რომელსაც ვუკეთებთ სახლს, იფიქროს სასტუმროს, კაფეს გახსნაზე...

მე ვიყავი თელავის ბაზარში და ვნახე, როგორი სანდომიანი ხალხი დგას იქ, როგორი ადამიანები ცხოვრობენ აქ.

მე სოფელ-სოფელ დავდივარ და ვიცი, როგორ ეპყრობა თუნდაც პატარა ვენახის პატრონი თვისი შრომით მოყვანილ მოსავალს, სიმინდის პატარა ყანას, როგორი სიამაყით ზრდის შვილებს... ამიტომ, ჩვენი ვალია, შვილებს მივცეთ საუკეთესო განათლება, საუკეთესო პერსპექტივა, ხოლო მათ მშობლებს, ბებიებსა და ბაბუებს - შრომის საშუალება.

სწორედ ამიტომ უნდა გადანაწილდეს ყველაფერი ჩვენს ხალხზე, ამიტომ მომწონს ისიც, რომ ბევრი უცხოელი ხსნის სასტუმროს, მაგრამ მინდა, რომ სასტუმროებიც ქართველებმა გახსნან და თავად გაყიდონ საკუთარი პროდუქცია.

მე თვითონაც მაქვს აქ პატარა ვენახი და ვიცი რას ნიშნავს, ამ ვენახის მოვლა. მინდა, რომ  გარშემო ჩემი მეზობლები იყვნენ არა ამერიკელები, გერმანელები და ფრანგები, არამედ ქართველები.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომდევნო 2-3 წელიწადში 5 ჯერ მეტი თანხა დაიხარჯოს კერძო სექტორში, მათ შორის, სოფლის მეურნეობის ახალ საწარმოებში, პატარა ქარხნებში და გადამამუშავებელ საწარმოებში, რათა ქართველებს მოემართოთ ხელი და კახეთის მაცხოვრებლები გაიმართონ წელში. მათ ამაყად და თამამად უნდა შეხედონ მომავალს, რაც არის კიდეც ჩვენი საბოლოო ამოცანა.

ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს, რომლებიც ჩვენი წმინდა ადგილების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მათ შორის, ვაპირებთ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ინფრასტრუქტურის განახლებას; ასევე იცით როგორ გაკეთდა ნეკრესი და გრემის მიმდებარე ტერიტორია.

იცით, რომ შუამთის რეაბილიტაცია მოხდა, სიღნაღის ხიდი განახლდა, ძალიან მალე აღდგება გურჯაანის ყოვლადწმინდა...

ყოველივე ეს არის ჩვენი კულტურა, ჩვენი სულიერების ნაწილი, ჩვენი ტურისტული პოტენციალი და შემოსავლის წყარო. დაე, ყველამ ნახოს რა სიმდიდრის მფლობელები ვართ.

ადრე საქართველოში ჩამოდიოდნენ ჩვენი „პატრონები“ ჩრდილოეთიდან, ისინი აქ უნდა გაგვერთო - გვეცეკვა, გვემღერა... თუ იქ ჩავიდოდით, იქაც უნდა გვემღერა და გვეცეკვა, სუფრა გაგვეშალა და იქ ვიქნებოდით თუ აქ, მათი უფასო გამრთობები ვიყავით.

ჩვენ არც ერთი სტუმრის მიღების არ გვეშინია, ახლაც ჩამოვიდნენ, ნახონ აქაურობა და გაერთონ კიდეც და ფულიც დახარჯონ იმაში, რაც თავადვე აკრძალეს საკუთარ ქვეყანაში.

ჩვენ ყველას დავხვდებით ამაყად, ისევე, როგორც ქართველი კაცი ამას ყოველთვის აკეთებდა როგორც საკუთარი მიწის ბატონ-პატრონი, თავის მამულით წელგამართული, განსაკუთრებული სიმაყითა და ღირსებით აღვსილი ადამიანი.

ამიერიდან ასე იქნება მუდმივად და ხალხი, რომელიც ამას გააკეთებს, ხართ თქვენ - ხალხი, რომელიც დღეს აქ მიდგას.

მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო - თითოეული დეპუტატი, თქვენი გუბერნატორი, რომელიც ყოველივე ამაზე მუშაობს და იდეის ავტორია. თავის დროს, სიღნაღის რეაბილიტაციის იდეის ავტორი იყო ზურაბ ადეიშვილი, თუმცა არ უყვარს როდესაც ამ საკითხზე ვლაპარაკობ.

მაშინ ყველა ამბობდა: რა გენერალური პროკურორის საქმეა ქალაქების რეაბილიტაციაზე ლაპარაკიო, მაგრამ თუ ადამიანს გული უცემს, იმის მიუხედავად სად მუშაობს, ყველაფერი ყველას საქმეა, რაც ჩვენს ქვეყანას ეხება.

ასევე ზურაბ ადეიშვილის იდეაა ახლა თელავის, გურჯაანის, ყვარლისა და სხვა ადგილების რეაბილიტაცია.

გარკვეული რადიკალური ელემენტები თბილისში კვლავაც არიან აღსავსე იმის სურვილით, რომ დაამტკიცონ თუ როგორი კორუმპირებულია საქართველოს მთავრობა. ზურაბ ადეიშვილზე იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ამ მიზნით, მათ გადაწყვიტეს მიტინგი მოეწყოთ ზურაბ ადეიშვილის სახლთან ყვარელში. ყველა ერთად დაირაზმა, ჩავიდნენ და სახლი ვერ იპოვეს, რადგან ყველაზე მდიდრულ  სახლს ეძებდნენ. ადეიშვილს კი ყვარელში ერთი ჩვეულებრივი, მოკრძალებული სახლი აქვს. ადრე მამამისი მეურნეობის დირექტორი იყო, მაგრამ მას არც მაშინ  უკეთებია ფული და შვილიც ასე გაზარდა.

ჩვენს მთავრობას, წინა მთავრობის მსგავსად, ფულის გაკეთების სურვილი რომ  ამოძრავებდეს, ეს ადვილი გასაკეთებელი იქნებოდა, მაგრამ მითხარით რა ვილებზე, რა ფულზე, რა მანქანებზე და ზოგადად, რა მატერიალურ ღირებულებებზე შეიძლება გაიცვალოს ღირსება და ის ბედნიერება, რომ აკეთო შენი ქვეყნისა და შვილებისთვის.

ამას ისინი ვერასოდეს ვერ გაიგებენ, რადგან რაც მეტს მოპარავდი სახელმწიფოს, მით უკეთესი მათთვის.

ჩვენ გვაქვს იმის განცდა, ჩვენ ვაშენებთ საკუთარ ქვეყანას - ეს არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ღირსება, ჩვენი მომავალი, ჩვენი ხალხი, ჩვენი შვილები და ჩვენი პატიოსნება.

ჩვენთვის არ არსებობს უფრო მაღალი ღირსება, ვიდრე თქვენს სამსახურში ყოფნა და  თქვენს თვალებში ნაპერწკლის დანახვა.

რა სახლი უნდა აიშენო ისეთი, რომ გადაწონოს და ჯობდეს იმის თქმას: მე ავაშენე ახალი ბათუმი! მე ავაშენე ახალი ზუგდიდი! მე ავაშენე ახალი ქუთაისი! მე ავაშენე ახალი კახეთი! მე ავაშენე ახალი თბილისი და ჩვენ ავაშენეთ ახალი საქართველო!

ამას წინათ ერთ-ერთი მათგანი პარლამენტში ჩემს დეკლარაციას ახსენებდა, მაგრამ ჩემი დეკლარაცია დიდად არ გაზრდილა - ჩემი ხელფასი, ძირითადად, კახეთის ნაკვეთზე დავხარჯე, თუმცა ჩემი მდგომარეობა შეიცვალა და გაიზარდა იმდენად, რამდენადაც ჩემი ქვეყნის მდგომარეობა.

ჩემს დეკლარაციაში აუცილებლად შევიტან ახალ ბათუმს!

ჩემს დეკლარაციაში აუცილებლად შევიტან თბილისის ახალ უბნებს, რადგან თბილისში იმდენი არასდროს არ აშენებულა, რამდენიც ბოლო 5 წლის განმავლობაში აშენდა!

რამაზ ნიკოლაიშვილთან ერთად, ჩემს დეკლარაციაში აუცილებლად შევიტან საქართველოს ახალ გზებს!

ჩემს დეკლარაციაში აუცილებლად შევიტანთ ზუგდიდის ახალ ცენტრს!

აუცილებლად შევიტანთ ქუთაისის განახლებულ ცენტრს და ახალ პარლამენტს!

ძალიან კარგად ვიცი, რომ ჩვენს ხალხს ჯერ კიდევ ძალიან უჭირს, იმის მიუხედავად, რომ სიღარიბე ბოლო წლებში საქართველოში, მინიმუმ, ორჯერ შემცირდა.  

ჩვენი საზოგადოების ჯერ კიდევ დიდი ნაწილი ძალიან გაჭირვებულია და ესეც ჩემს დეკლარაციაში მაქვს შეტანილი.

ძალიან კარგად ვიცი რა ვალიც მაქვს კიდევ - ჩემი მთავარი ვალი არის ის, რომ ეს  სიღარიბე ერთხელ და სამუდამოდ გადავლახოთ და ესეც ვალად მაქვს შეტანილი ჩვენს დეკლარაციაში.

ჩემს სიმდიდრედ დეკლარაციაში ასევე შევიტანთ ახალ თელავს და ახალ კახეთს იმ ვალთან ერთად, რომელსაც აუცილებლად გავისტუმრებთ მთელი მთავრობა.

აი, ეს არის ჩვენი ანგარიშვალდებულება თქვენს წინაშე.

მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე და გითხრათ ყინვის მიუხედავად  გაზახფული აუცილებლად მოვა ამ ახალ ქუჩებში.

წელს, შემოდგომით საუკეთესო რთველი გვექნება, კახეთიც უკეთესი იქნება და ცხოვრებაც უკეთესად წავა.

ჩვენ იმ ბრძოლასაც მოვუგებთ დამპყრობელს, რომელიც ამ ოთხი დღის წინათ გამოგვიცხადა - პაემანი რომ დაგვითქვა შემოდგომით.  

დიდი მადლობა.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)