Google+

გამოსვლები და განცხადებები

06.05.2012
საქართველოს პრეზიდენტი პოლიციის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე სიტყვით გამოვიდა

გამარჯობათ ბატონებო!

გილოცავთ პოლიციელის დღეს!

ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო გორელებო, ჩვენო თანამემამულენო.

დღეს აღვნიშნავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს და პოლიციის დღეს.

საქართველოს პოლიცია მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს საკუთარ საზოგადოებაში.  

გამოკითხვების მიხედვით, საქართველოს პოლიციას 90 პროცენტიანი რეიტინგი აქვს საზოგადოებაში  და უტოლდება საქართველოს ეკლესიისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების რეიტინგს.

ეს ნამდვილად არ არის შემთხვევითი რამ.

საზოგადოებამ დიდი გამოცდილება დააგროვა და ეს არის გზა, რომელიც ჩვენ ამ წლების განმავლობაში განვვლეთ.

მსგავსი გამოკითხვა 2002 წელსაც ჩატარდა და მაშინ საზოგადოების მხოლოდ 5 თუ 6 პროცენტი ენდობოდა პოლიციას - პოლიცია საფრთხის წყაროდ აღიქმებოდა.

ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ კრიმინალებისა და ორგანიზებული დანაშაულისთვის საქართველოში მაშინ ძალიან ადვილი იყო ფეხის მოკიდება.

ისინი მჭიდრო კავშირში იყვნენ მთავრობასთან - ისინი მთავრობის ნაწილნი იყვნენ, ისევე როგორც ბიზნესისა და ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების ნაწილი.

აქედან გამომდინარე, პოლიციის რეფორმირება პირველი გადაუდებელი აუცილებლობა იყო, რომელი ყველას ერთად უნდა გაგვეხორციელებინა.

ჩვენ დღეს ასევე აღვნიშნავთ აჭარის საზოგადოების მიერ საქართველოს ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე საშიში სეპარატისტის, ადგილობრივი ფეოდალის ასლან აბაშიძის აჭარიდან გაძევებისა  და აჭარის საკონსტიტუციო სივრცეში დაბრუნების 8 წლისთავს.

ეს მაშინ აჭარის საზოგადოებამ და ცენტრალურმა ხელისუფლებამ ერთად მოვახერხეთ. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასლან აბაშიძემ იგორ ივანოვთან ერთად ბათუმიდან მაშინ წავიდა, როდესაც ბათუმში შინაგანი ჯარის პირველი შენაერთი, საქართველოს შინაგანი ჯარის პირველი ჯავშანტექნიკა შევიდა.

რა თქმა უნდა, გადამწყვეტი როლი აჭარის საზოგადოებამ და მისმა დარაზმულობამ შეასრულა, მაგრამ შინაგანი ჯარის უდიდესი დამსახურებაა ის, რომ აქ სტაბილურობა დამყარდა, უკანონობამ და განუკითხაობამ არ დაისადგურა და აჭარა საქართველოს კონსტიტუციურ–ეკომონომიკური სივრციდან არ გავიდა.  

ამ რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს პოლიციას დიდი და ისტორიული დამსახურება აქვს, მაგრამ ჩვენი მთავარი დამსახურება მაინც არის ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ წარმოუდგენელი რამ - საზოგადოებრივი განწყობის, მენტალიტეტის საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა პოლიციისა და სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ; ასევე შევცვალეთ საზოგადოებრივი ინსტიტუტები, დანაშაულისა და დამნაშავეების გავლენა  ქართულ საზოგადოებაზე, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.

ჩვენ, ყველამ ერთად, პრაქტიკულად, ძირფესვიანად გამოვცვალეთ მენტალიტეტი იმ საზოგადოებაში, რომელიც უკიდურესად კრიმინალიზირებული, უკიდურესად არაკანონმორჩილი, უკიდურესად უიმედო და დეპრესირებული იყო.

ჩემს ბავშვობაში, ისევე როგორც აქ მყოფი პარლამენტარებისა და მინისტრების ბავშვობაში, ბევრისთვის მისაბაძი მაგალითი იყო არა პოლიციელი, არამედ, კანონიერი ქურდი, მოჩალიჩე კანონდამრღვევი ელემენტი. პოლიციელის დანახვა, მათ შორის, არც მათ გვიხაროდა, ვინც კარგი ყოფაქცევითა და სწავლით გამოვირჩეოდით.

კრიმინალების სიტყვა  დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა და ყველაფერი, მათ შორის, საზოგადოების პრიორიტეტები უკუღმა იყო ამოტრიალებული.

ჩვენ მოვახერხეთ ამ ვითარების გამოსწორება.

არავის არ ეგონა თუ ამას შევძლებდით, რადგან ჩვენი დამპყრობლის თვალსაზრისით, საქართველო არის იმ ხალხის ქვეყანა, რომელიც კარგად მღერის, ცეკვავს, ართობს, გამოოიჩევა კარგი საჭმელ-სასმელით, მაგრამ ამ ხალხს არ შეუძლია შექმნას რაიმე სერიოზული. ისინი მიიჩნევენ, რომ ქართველი ხალხის მართვის ერთ-ერთი  მექანიზმი და საშუალება სწორედ კრიმინალია.

სწორედ ეს ტენდენცია შევცვალეთ მთლიანად და ჩვენი დამპყრობელი ვეღარასდროს ნახავს. კრიმინალიზირებულ, ჩამორჩენილ, მორჩილ, ადვილადმანიპულირებად საზოგადოებას, ადვილადსამართავ საქართველოს.

პირველად, ასწლეულების განმავლობაში, ჩვენი ეპოქისთვის ჩვენ მოვახდინეთ წარმოუდგენელი რამ კავკასიაში - თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შექმნა. ამას ვერ წარმოიდგენდა ვერც ერთი დამპყრობელი, რომელიც აქ საუკუნეების განმავლობაში შემოდიოდა და განსაკუთრებით ის, რომელიც აქედან რამდენიმე ათეულ კილომეტრში დღესაც დათარეშობს.

ეს არის დღევანდელი ეპოქის, დღევანდელი ცხოვრების, დღევანდელი თაობების დამსახურება, რომელიც ისტორიას შემდეგი 10 საუკუნის განმავლობაში ისევე შემორჩება, როგორც დავით აღმაშენებლის საქმეები 10 საუკუნის წინანდელ საქართველოს ეპოქაში.

10 საუკუნე დავით აღმაშენებლის ეპოქამდე და 10 საუკუნე მას შემდეგ, საქართველოს არ უნახავს კონსოლიდირებული, კონკრეტული ეპოქისთვის დამახასიათებელი თანამედროვე სახელმწიფოებრიობა.

ჩვენ ეს ყველამ ერთად ყველაზე გამაოგნებლად, რეკორდულად მოკლე დროში მოვახერხეთ.

ამიტომაც შემოგვყურებენ დღეს კავკასიის ხალხები.

ამ დღეებში თქვენთან ერთად ვიყავი საქართველოს სასაზღვრო პუნქტზე და ხელი ჩამოვართვით ძალიან ბევრი ჩრდილო კავკასიელს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოდიოდა.

ჩვენ ვურთიერთობთ ამ ხალხთან და კარგად ვიცი ამ ხალხის განწყობა - მათთვის დღეს ანდამატივით მისაბაძია საქართველო.

თუკი საბჭოთა სისტემამ და რუსეთის იმპერიამ ისინი ისე მოწამლა, რომ საუკუნეების განმავლობაში მტრად მიგვიჩნევდნენ ჩვენც და ჩვენს  ქვეყანასაც, ახლა ყველაფერი რადიკალურად არის შეცვლილი.

რა თქმა უნდა, ეს იწვევს საქართველოს დამპყრობლის უდიდეს შეშფოთებას, რადგან კავკასიამ (ვგულისხმობ კავკასიის ორივე ქედის ხალხებს) ნახა ორიენტირი, განვითარების მოდელი და მომავალი.

ეს ჩვენ ყველამ ერთად შევქმენით.

სხვათა შორის იქვე საზღვარზე ვნახეთ როგორ მუშაობენ ჩვენი პოლიციელები, რომლითაც სასაზღვრო ძალები ჩავანაცვლეთ და, პრაქტიკულად, ახალი სისტემა შევქმენით.

გუშინ ერთ–ერთი რუსეთის მოქალაქე შემხვდა, რომელიც მოსკოვიდან საკუთარი მანქანით ჩამოვიდა და საქართველოში ლარსის პუნქტიდან შემოვიდა. მან მიამბო, რომ ლარსის პუნქტზე მანქანაში რაღაც ჩაიღიღინა, ჩვენმა პოლიციელებმა კი სთხოვეს, უფრო ხმამაღლა ემღერა. ყველა მესაზღვრე გამოსულა, ჩვენი მომღიმარი პოლიციელები გარშემო დაუდგნენ და დაუწყია ქართული სიმღერები, რომლებიც მას ბავშვობიდან ახსოვდა. თურმე ყველა უღიმოდა და ტაშს უკრავდა, შემდეგ გაუმასპინძლდნენ და გამოუშვეს თბილისში...

იგი განცვიფრებული იყო, რომ ჩვენი მომღიმარი მესაზღვრეები დაინახა: მეორე მხარეს კი ღიმილის არანაირი სურვილი არ მქონდა, მით უმეტეს, კონცერტი რომ ჩამეტარებინაო.

ასეა ალბათ ბევრ სასაზღვრო პუნქტზე, მაგრამ საქართველო არის განსაკუთრებული და განსხვავებული ქვეყანა.

საქართველო არის ისეთი, როგორსაც მას ჩვენ ყველანი ერთად ვქმნით და შემთხვევითი არ არის, რომ არამხოლოდ კავკასია, არამედ უკრაინელები, მოლდაველები, შუააზიის ხალხები და რუსეთის საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი საქართველოს დღეს პროგრესული რეფორმების მამოძრავებელ დიდ ძალად განიხილავს.

რამდენიმე დღის წინათ, იმ ადამიანმა, რომელმაც ხელი მოაწერა ჩვენს ქვეყანაში მომხდარ უკანონობას, ხელი მოაწერა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას, ჯერ გადაიღო ჩვენი პოლიციის კანონი (ეს კარგად ვიცით, რადგან ცოტათი თავადვე შევუწყეთ ამას ხელი), შემდეგ კი - ჩვენი პოლიციის ფორმების ნაწილი და მანქანების აღჭურვა.

გადაიღეს ჩვენი შენობებიც და ბოლოს წამოცდა – რა ვქნათ, ძალიან გვინდა ქართული რეფორმა აქაც განვხორციელოთ, მაგრამ არაფერი გამოგვივა - ჩვენ ქვეყანა ძალიან დიდია,  საქართველო კი, პატარაო.

საქმე ქვეყნების სიდიდეში კი არა, გულშია. მენტალიტეტი უნდა გქონდეს ასეთი და გონებეში უნდა გქონდეს ახალი სამყარო.

ეს არის განსხვავება ჩვენს შორის და ამიტომაც არის საქართველო ორიენტირი მთელ პოსტსაბჭოთა სივრცესა და ევროპის მასშტაბით.  

რაც არ უნდა ილაპარაკონ მათ, ვინც ჩვენ გვაკრიტიკებს, ევროკავშირის ბოლო რამდენიმე კვლევის თანახმად არის საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში. ეს არც ჩემი პიარია, არც მერაბიშვილის და რომელიმე თქვენგანის. 

ამას ვერავინ ვერ იფიქრებდა რამდენიმე წლის წინათ.

დანაშაულის დონე ჩვენთან უფრო დაბალია, ვიდრე საფრანგეთში, გერმანიაში, სკანდინავიის ქვეყნებში, აღარაფერს ვამბობ პოსტსაბჭოთა სივრცეზე.

ჩვენ შეგვნატრიან, რადგან თავიდან მოვაცილეთ ორგანიზებული დანაშაული არა მხოლოდ საქართველოს, არამედ დავეხმარეთ ამ საქმეში ავსტრიელებს, ესპანელებს. პოსტსაბჭოთა სივრცესაც ვეხმარებით, რომ ასევე გათავისუფლდნენ ორგანიზებული დანაშაულისგან.

თუ 2004–2005 წლებში ევროკავშირი ზოგჯერ გარკვეული რეფორმების გაუგებრობის გამო გვაკრიტიკებდა, დღეს ამ ორგანიზაციამ რამდენიმე სემინარი გამართა თბილისში, სადაც ევროპის ყველაზე განვითარებული ქვეყნების წარმომადგენლები ჩამოყავთ ჩვენი რეფორმების გასაცნობად და შესასწავლად.

ეს არის რეალობა და ეს არ არის ჩემი მოგონილი.

ყველა შენატრის იმას, რომ უმაღლესი სკოლიდან დაწყებული, საშუალო სკოლებით დამთავრებული, საქართველოში აღარ არის ქუჩის და ორგანიზებული დანაშაული.

ეს თითოეული ჩვენგანის მიღწევაა.

ჩვენ ვამაყობთ თქვენით - რომ არა თქვენი განსაკუთრებული მოქმედება მთელი ამ პროვოკაციების და, მათ შორის, 2008 წლის ომის დროს, საქართველო დღეს, ალაბთ, აღარ იარსებებდა.

2008 წელს საქართველოზე, ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე აღმართეს ხელი.

ისინი პატარა ქალაქის, ცხინვალის ასაღებად კი არ შემოვიდნენ, ქართული სახელმწიფოებრიობის დასანგრევად, რომელიც ასე ხიჭვივითა აქვთ შერჭობილი და არ აძლევს მშვიდად არსებობის საშუალებას.

ჩვენ მათ წარმოუდგენელი მობილიზებულობა ვაჩვენეთ.

ბევრი ლაპარაკობს დღეს, რომ მაშინ მთავრობა გაიქცა - არა მხოლოდ არ გაქცეულა მთავრობა, არამედ არამედ საოცარი ერთსულოვნება აჩვენა ყველას. არადა ყველგან, სადაც საბჭოთა კავშირი ან რუსეთი შეიჭრა, რამდენიმე საათის განმავლობაში მთავრობა ან მოკლეს, ან გაიქცა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ გარშემო აბსოლუტურად ყველაფერი ჩამოიშალა.

ყველა პოლიციელი და ყველა სამთავრობო უწყება გამართულად მუშაობდა.

ჩვენმა პოლიციელებმა წარმოუდგენელი გმირობის მაგალითები აჩვენეს და შევინარჩუნეთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ჩვენი დროშა დღეს უფრო ამაყად ფრიალებს მსოფლიოს დასანახად, ვიდრე ოდესმე წარსულში, რადგან ყველამ ერთად ვთქვით – ჩვენ არ გვეშინია და ჩვენ არ დავნებდებით მტერს!

ჩვენ დღესაც იგივეს ვიმეორებთ: საქართველო არასდროს არ დანებდება, არასდროს არ იტყვის უარს თავისუფლებაზე, რადგან მან ერთხელ და სამუდამოდ გაიგო თავისუფლების ფასი და მისი დაკარგვის საფრთხე.

ეს ჩვენთვის მიუღებელია.

ამიტომ, ქედს ვიხრით ჩვენი დაღუპული პოლიციელების წინაშე, ჩვენ ქედს ვიხრით ომში დაცემული პოლიციელების წინაშე.

ჩვენ ქედს ვიხრით მათ წინაშე, ვისაც აქ პოსტებზე, დემარკაციის ხაზის გასწვრივ ესროდნენ და ცეცხლს მაინც არ უხსნიდნენ - უბრალოდ პოზიციებიდან გაჰყავდათ თავისი დახოცილი თანამშრომლები.

კარგად ვიცით, რომ, რეალურად, არავინ არაფერს არ გვაპატიებს. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს.

არასდროს არ დამავიწყდება რაც ომის ბოლო დღეებში მოხდა: 2008 წელს საერთაშორისო შეთანხმების თანახმად, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილი შეასრულა დამპყრობელმა, რუსები უნდა გასულიყვნენ ოკუპირებული ტერიტორიის ერთი მონაკვეთიდან; განმუხურის ხიდზე, შეთანხმებისამებრ, მათ აცილებლდა ახალგაზრდა მარტვილელი პოლიციელი, 22 წლის ბიჭი ბესო ხულორდავა. სადემარკაციო ხაზთან ბესო გაჩერდა და თვალი გააყოლა. რუსული „ბეტეერი“ შეჩერდა, საიდანაც ერთ-ერთმა რუსმა ჯარისკაცმა, მართლაც, არაადამიანმა ბესოს ავტომატის ჯერი დააცალა. ეს სიმწრის გამოძახილი იყო იმისთვის, რომ ბოლომდე ვერ აიღო საქართველო. ბესო იქვე დაიღუპა. გარშემო მყოფ ბიჭებს ცეცხლით არ უპასუხიათ მათთვის...

აი, ეს არის გმირობა და ეს არის ის, რასაც სამშობლოს სიყვარული ჰქვია.

ამიტომ არის, რომ ჩვენ, როგორც ქვეყანას, ვერავრინ ვერ დაგვამარცხებს.

ამიტომ უნდა ესმოდეს ყველას, რომ ეს პოლიცია რომელიმე პოლიტიკურ პარტიას კი არ ეკუთვნის, ან პრეზიდენტის თუ რომელიმე მინისტრის პირადი გვარდი კი არ არის, ხალხის საკუთრებაა.

ეს ჩვენმა ხალხმა კარგად იცის და კარგად უნდა გაითავისონ პოლიტიკოსებმაც,  განსაკუთრებით კი  მათ ეხება, ვისაც ერთხელაც არ გახსენებია კრიმინალთან ბრძოლაში დაღუპული პოლიციელები და ძეგლებს უდგამენ შეტაკების დროს დაღუპულ ყაჩაღებს.

არც ერთი ადამიანის სიკვდილი არ გვიხარია, მაგრამ ისინი სხვა ადამიანების სიცოცხლეს ემუქრებოდნენ და, მინიმუმ, იმ პოლიციელებს შეუქმნიდა საფრთხეს, რომლებთანაც ეს შეტაკება მოხდა.

ქართულ საზოგადოებას ახსოვს და ამ პოლიციელების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმაც იციან, რომ ამ ბიჭებს ტყუილად არ გაუწირავთ თავი.

რა თქმა უნდა, ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს და ჩვენი ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, ჩემო მეგობრებო, რომ კორუფციის წინააღმდეგ და საზოგადოების სტანდარტების შესანარჩუნებლად მუდმივი ბრძოლაა საჭირო.

ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ პოლიციელები გაუხეშდნენ.

ის ლეგენდები, რომლებსაც ჰყვებოდნენ პოლიციელების კეთილშობილებაზე, მათ სიკეთეზე ისევ უნდა გავრცელდეს და გაძლიერდეს.

ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს დღეს ჯერ კიდევ ძალიან უჭირს.

ჩვენ თავს არ ვიწონებთ, მაგრამ მთელი მსოფლიო შეგვნატრის, ვისაც კი საღი აზრი შერჩენია, მაგრამ იმდენად წარმატებით ვახორციელებთ რეფორმებს, რომ ჩვენს დისკრედიტაციას ვერ ახერხებენ.

ჩვენი საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი სიღარიბეში ცხოვრობს და უმუშევრობის დონე ჯერ კიდევ ძალიან მაღალია.

აქდან გამომდინარე, საზოგადოებასთან მიმართებაში განსაკუთრებული დელიკატურობა და განსაკუთრებული სიფაქიზე გვმართებს. უპირველეს ყოვლისა, მათ ჩვენგან სჭირდებათ ხელშეწყობა და თანადგომა, თანაგრძნობა და გაგება. თქვენ ეს არ გაგიჭირდებათ.

კარგად ვიცით, რომ თქვენც ბევრად მეტს იმსახურებთ, მაგრამ მოდით შევინარჩუნოთ ეს სისპეტაკე და, რა თქმა უნდა, საქართველოს კეთილდღეობის ზრდასთან ერთად უფრო მეტი ხელფასებიც გვექნება და მატერიალური პირობებიც ბევრად გაგვიუმჯობესდება.

ჩვენ დავიწყეთ პირველად ბინების გაცემა პოლიციელებზე და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა არც ერთმა თქვენგანმა და თქვენი ოჯახის წევრებმა არ ინანოთ, რომ ხართ ამ მნიშვნელოვანი ძალის ნაწილი.

საქართველოში პოლიციას ძალიან მოკლე, მაგრამ მნიშვნელოვანი ისტორია აქვს, საამაყო აწმყო და კიდევ უფრო დიდი მომავალი.

ჩვენს შეიარაღებულ ძალებთან ერთად, ჩვენს ასობით  ათას რეზერვისტთან ერთად, მუდმივად უნდა ვიყოთ მზად საქართველოში წესრიგის დასაცავად. ჩვენ უნდა ვიყოთ საზოგადოებისა და ქვეყნის სადარაჯოზე.

ამავე დროს, უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყნის პოლიცია და ქვეყანაში მიმდინარე ყველა პოლიტიკურ პროცესში პოლიცია არის ნეიტრალური.

პოლიცია ყველას უდგება ერთიანი საზომით.

პოლიცია მოწოდებულია დაიცვას კონსტიტუციური წესრიგი და და არა ცალკეული პოლიტიკოსები, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის, რომ ჩვენ ვიცავთ წესრიგს, ნიშნავს სწორედ იმას, რომ უწესრიგობის გამოწვევის ყველანაირი მცდელობა შეიარაღებული თუ სხვა გზით, როგორც არაერთხელ იყო გასულ წლებში, პასუხს მიიღებს საქართველოს პოლიციისგან, მთლიანად ქართული საზოგადოებიდან.

ეს არის კიდევ ერთი მთავარი გაკვეთილი, რომელიც გასულ წლებში ვისწავლეთ.

ჩვენ ვართ დემოკრატიის დამცველები ე.ი. ჩვენ ვართ ჩვენი და ჩვენი შვილების მომავლის დამცველები.

თითოული ჩვენგანისთვის  დიდი პატივი და საამაყოა დღეს თქვენ წინაშე დგომა.

დღეს რამდენიმე ათეული ქართველი პოლიციელი იღებს სახელმწიფო ჯილდოს - სხვადასხვა სახის ორდენებს.

 მანამდე, მინდა თქვენი და ჩვენი სახელით მადლობა ვუთხრა შინაგან საქმეთა მინისტრს  ივანე მერაბიშვილს, რომელმაც ყველა ჩვენგანთან ერთად, გადამწყვეტი როლი შეასრულა ქართული პოლიციის დღევანდელი სახით ჩამოყალიბებაში.

მას კიდევ დიდი გზა აქვს წინ და ამიტომ არ გვინდა ზედმეტად შევასხათ ხოტბა, კიდევ ბევრი გამოცდა ელოდება და უფრო მეტად უნდა დაამტკიცოს, რომ ღირსია იმსახურებდეს საზოგადოების პატივისცემას.

თქვენი სახელით, მინდა, მას წმინდა გიორგის ორდენი გადავცე.

მიხარია, რომ დღევანდელი აღლუმი, მტრის ჯინაზე და გორელების გასახარად, ამ მოედანზე იმართება.

გორთან დაკავშირებით წინ დიდი გეგმები გვაქვს, წინ დიდი აღმშენებლობა გველოდება და ეს არის ჩემი როგორც საპრეზიდენტო, ისე პიროვნული მოვალეობა. 

მივესალმები გორის საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ამ მოედანზეა შეკრებილი.

ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რაც აქამდე აქ გააკეთეთ.

დიდი მადლობა!

კიდევ ერთხელ გილოცავთ გიორგობას.

 

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)