Google+

გამოსვლები და განცხადებები

10.07.2012
საქართველოს პრეზიდენტისა და ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ერთობლივი განცხადებები

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

უპირველეს ყოვლისა, მსურს მივესალმო ვილფრედ მარტენს, რომელიც არის ევროპის პოლიტიკურ პარტიათა ყველაზე გავლენიანი გაერთიანების პრეზიდენტი, ძალიან ცნობილი პოლიტიკოსი მსოფლიოში და მრავალი წლის განმავლობაში იყო ბელიგის პრემიერ-მინისტრი.

ამ პარტიების გაერთიანებას ყველაზე დიდი წარმომადგენლობა აქვს ევროპარლამენტში, ხელმძღვანელობს რამდენიმე წამყვან ევროპულ ქვეყანას და ბევრ ქვეყანაში წამყვანი პოზიციები უკავია ევროპაში.

იმას, რაც დღეს ბათუმში გადავწყვიტეთ, უახლოესი თვეებისა და წლების განმავლობაში დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.

მომავალ წელს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა არის ლიტვა. მომავალი წლის შემოდგომით სამიტი სწორედ ლიტვაში გაიმართება.

დღეს ევროგაერთიანების პარტიებისა და ამ გაერთიანებების ხელმძღვანელობამ დაუჭირა მხარი იმას, რომ ევროკავშირმა ნათლად გამოხატოს მზადყოფნა საქართველოსა და იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც მზად იქნებიან ევროკავშირის წევრობისთვის.

ეს არის უპირველესი რამ, რისთვისაც ჩვენ უნდა მოვემზადოთ.

მინდა გვესმოდეს, რამდენად სერიოზული განაცხადია ეს ჩვენთვის ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით.

მომავალ წელს გვაქვს სრულიად რეალისტური შანსი, გვქონდეს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პროდუქცია ბაჟის გარეშე შევა ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებში, რაც ათობით ათას დამატებით სამუშაო ადგილს შექმნის საქართველოში.

მეორე, ეს არის უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. ამ მხრივ, სერიოზულ პროგრესს მივაღწიეთ და გვაქვს შანსი, მომავალი წლისთვის მოლაპარაკება დავასრულოთ. ე.ი. საქართველოს ყველა მოქალაქე ქართული პასპორტით, უვიზოდ შევა ევროპის კავშირის ქვეყნებში.

თუკი ვილნიუსის სამიტმა, ამის პარალელურად, მოგვცა განაცხადი იმის თაობაზე, რომ უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, საქართველოსთვის ეს ისტორიული გარღვევა იქნება საკუთარი მომავლის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს შექმნის თვალსაზრისით.

ეს შეეხება  აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა იმ ქვეყანას, რომელიც მზად იქნება ამ დროისთვის ზუსტად იგივე კრიტერიუმები დააკმაყოფილოს და თანაბრად ვრცელდება  იმ ქვეყნებზე, რომლებიც განახორციელებენ რეფორმებს.

ეს ვადა პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ემთხვევა ჩემი მეორე საპრეზიდენტო ვადის დასასრულს და თუკი იმ დროისათვის შევძლებ საქართველო ვაქციო ევროკავშირში ინტეგრაციის მყარი პერსპექტივის მქონე ქვეყანად, უვიზო მიმოსვლითა და თავისუფალი ვაჭრობით ევროპასთან, ეს ოცნებას აღემატება.

ამ დოკუმენტში ასევე  მხარდაჭერილია ის ასპექტები, რომელთა თანახმად, „ერასმუსის“ პროგრამა გავრცელდება ქართველ სტუდენტებზე. ეს არის პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს ევროკავშირის სტუდენტებს იარონ ევროპაში და უსასყიდლოდ ისწავლონ ევროპულ სასწავლებლებში.

თუკი ევროკავშირი მხარს დაუჭერს, იგივე გავრცელდეს ყველა ამ ქვეყანაზე, ქართველზე, მოლდაველზე, სომეხზე, უკრაინელზე, ბელარუსზე - ეს საშუალებას მოგვცემს, ჩვენმა სტუდენტებმა იარონ მთელ ევროპაში და მიიღონ ბევრად უფრო მაღალი ხარისხის განათლება.

ამავდროულად, დღეს ამ დოკუმენტით მხარი დაუჭერეს იმას, რომ ბათუმში გაიხსნას ევროპული კოლეჯი.

ასეთი მარტო ბრიუგეში და  ბელგიაშია და იქნება ბათუმშიც.

ევროპული კოლეჯი აქ - ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გაგვიჩნდება დიდი საერთაშორისო უნივერსიტეტი, სადაც სტუდენტები ისწავლიან მთელი რეგიონიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, იქნებიან ევროპელი პროფესორები, ევროპული დიპლომი გაიცემა, ევროპული დასაქმების პერსპექტივით.

იმ პირობებში, როდესაც ბათუმში იქნება ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, გაიხსნება ევროპული კოლეჯი და სხვა სასწავლებლების გახსნასაც ვგეგმავთ, ბათუმი გახდება ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საგანმანათლებლო ცენტრი.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია.

თქვენ იცით, რომ ევროპალამენტში გაიმართა დებატები საქართველოს შიდა საკითხებთან დაკავშირებით. ამ თემასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა მარტენსმა გამოაქვეყნა სტატია გავლენიან ფრანგულ გაზეთში „ლე მონდში“.

რა თქმა უნდა, ამ განხილვის დროს, პრაქტიკულად, ყველა ფრაქციის წარმომადგენელი გამოვიდა და, ვფიქრობ, ძალიან ნათელი გზავნილი იყო ყველასთვის ის, რომ ევროპა არ იყიდება.

ეს ჩემთვის მკაფიო ნიშნაია იმისა, თუ რატომ გვინდა ევროპასთან გაერთიანება.

სხვა სივრცისგან განსხვავებით, სადაც ჩვენ უკან მიგვათრევენ, ევროპული სივრცე ჩვენი ბუნებრივი საცხოვრებელი ადგილია, ჩვენი ისტორიულ-კულტურული გარემო.

ამ განხილვის დროს გამოვიდნენ ევროპელი სოციალისტები, ევროპული დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები, ევროპელი ლიბერალების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლიდერი, ევროპული სახალხო პარტიიდან გამოვიდა საგარეო კომიტეტის თავჯდომარე ელმარ ბროკი, ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ევროპარლამენტარი, რომელმაც ნათლად ილაპარკა საქართველოში არსებულ ვითარებაზე.

ისევე როგორც ქშიშტოფ ლისეკი, რომელმაც დაამკვიდრა ტერმინი „ოკუპაცია“.

საქართველოში არის ხალხი, რომელთაც არ მოწონთ ტერმინი ოკუპაცია, მაგრამ ჩვენც არ მოგვწონს ეს რეალობა და თუკი რეალობა ასეთია, ტერმინიც უნდა გამოიყენო.

სწორედ ეს არის მყარი გარანტია იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიებს ვერავინ ვერ მიიტაცებს და მოუწევს მათი უკან დაბრუნება.

ამიტომ, გუშინდელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება სერიოზული დიპლომატიური წარმატება იყო.

ამას გარდა, მსურს ვთქვა, რომ ეს არის იმის გაგრძელება, რასაც სახალხო პარტიამ, ქშიშტოფ ლისეკმა და სხვა მომხსენებლებმა მიაღწიეს ჩვენთვის ევროპის პარლამენტში.

კიდევ ერთხელ მსურს პრეზიდენტ მარტენსს დიდი მადლობა ვუთხრა.

ამ რანგის პოლიტკოსის სტუმრობა ყველა ქვეყნისთვის დიდი პატივია,  რადგან მას აქვს ძალიან დიდი მორალური, ზნეობრივი ავტორიტეტი ევროპაში. საქართველოსთვის კი ეს განსაკუთრებული პატივია,

თავის დროს, ნაციონალური მოძრაობისთვის დიდი პატივი იყო ევროპის სახალხო პარტიაში გაწევრიანება. ახლა კი დიდი პატივია ის, რომ სახალხო პარტია ღონისძიებებს მართავს საქართველოში და რაც მთავარია, აქ ასეთ დეკლარაციებს იღებს.  

დიდი მადლობა.

 

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრიდ მარტენსი

ქალბატონებო და ბატონობო კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ კონფერენციაზე.

მე და პრეზიდენტი სააკაშვილი წარმოგიდგენთ ანგარიშს ევროპის სახალხო პარტიის აღმოსავლეთის პარტნიორობის პირველ სამიტთან დაკავშირებით აქ, ბათუმში.

მე მოგმართავთ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელით, სომხეთის პრეზიდენტის სახელით, და ასევე მოლდოვას პრემიერ-მინისტრის ვლად ფილატის სახელით.

ევროპის სახალხო პარტიის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი პლათფორმაა ევროინტეგრაციისა და რეგიონალური განვითარების თვალსაზრისით.

ჩვენ მივესალმებით იმ პროგრესს, რომელსაც 2009 წლის პრაღის სამიტისა და 2011 წლის ვარშავის სამიტის ფარგლებში მივაღწიეთ.

გვჯერა, იმისთვის, რომ განვითარდეს აღმოსავლური პარტნიორობის პოლიტიკური განზომილება და გაიზარდოს კონკრეტული სარგებელი, უპირველესად, პარტნიორობამ ევროკავშირის წევრობა უნდა შესთავაზოს იმ აღმოსავლელ პარტნორებს, რომლებიც მზად არიან შესაბამისი ნაბიჯები გადადგან.

მეორე, ევროკავშირმა და აღმოსავლეთის პარტნიორობამ ხელახლა უნდა შეიმუშაოს ინიციატივები, რათა ამ პარტნიორობის შინაარსი გაღრმავდეს.

მესამე, ევროპის სახალხო პარტიის მთელი ოჯახი უნდა იყოს მთავარი მოთამაშე  აღმოსავლეთის პარტნიორობის დინამიკასა და ინტერესების ფარგლებში.

პრეზიდენტებმა, პრემიერ-მინისტრმა და მე, როგორც ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ჩვენი დასკვნები ჩამოვაყალიბეთ დოკუმენტში და აღმოსავლეთის პარტნიორობის შემდეგი სამიტი, რომელიც ვილნიუსში 2013 წელს გაიმართება, ანალოგიურად მნიშვნელოვანი იქნება აღმოსავლეთ ევროპელი მეზობლებისა და ევროკავშირისთვის, როგორიც იყო სალონიკის სამიტი 2003 წელს და სხვა ბალკანურ ქვეყნებში.

იმისთვის, რომ ამ მიზნებს მივაღწიოთ, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოვახდინოთ იმის ინსტიტუციონალიზაცია, რასაც ახლა ევროპის სახალხო პარტიის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს ვუწოდებთ.

პირველი საკითხი შეეხება აღმოსავლეთ პარტნიორობის წმინდა პოლიტიკურ ხედვას და ხსნის მის ძირითად საკითხებს.

ამ დოკუმენტში აღმოაჩენთ 10 კონკრეტულ საკითხზე მეტს, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

ჩვენ მივესალმებით ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის საპარლამენტო ასამბლეად ჩამოყალიბებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში.

როგორც იცით, ამ საპარლამენტო ასამბლეას EUORONEST ეწოდება.

რამდენიმე თვის წინათ, ჩვენ შევქმენით ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფი, რომელმაც პირველი შეხვედრა თბილისში 2012 წელს გამართა. ასევე გაიმართა ყრილობა ბაქოში.

მეორე, ჩვენ შევთანხმდით, რომ ორგანიზება გავუწიოთ ევროპის სახალხო პარტიის ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას კიშინიოვში,  მოვამზადოთ 2013 წელს აღმოსავლეთის პარტიორობის სამიტი ვილნიუსში სავარაუდოდ შემდეგ ნოემბერს.

და მესამე - ის, რომ ბათუმის სამიტი ძალიან მდგრადი ინიციატივის დასაწყისია. ჩვენ ვგეგმავთ კიდევ ერთ სამიტს ერევანში 2012 წლის მიწურულს და ბათუმში 2013 წლის ივლისში.

ასე რომ, პირველი შეხვედრისას, სამი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ:

 პირველი - პოლიტიკური განზომილება;

მეორე - კონკრეტული შინაარსი;

მესამე - ჩვენი ყველას როლი ევროპის სახალხო პარტიიდან და ევროპის სახალხო პარტიის როლი აღმოსავლეთის პარტნიორობაში. 

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)