Google+

გამოსვლები და განცხადებები

04.07.2012
საქართველოს პრეზიდენტმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი წარუდგინა

მოგესალმებით,

ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში მაღალანაზღაურებადი მასწავლებლები იყვნენ. ამიტომ პედაგოგებისთვის განკუთვნილი ტესტირება, გადამწყვეტი იქნება.

ერთი მხრივ, თამასა იმ დონეზე არ უნდა ავწიოთ, რომ მასწავლებელმა მისი გადალახვა ვერ შეძლოს, ხოლო, მეორე მხრივ, მას სტიმული უნდა გაუჩნდეს - როგორც ბავშვს უნდა ჰქონდეს  უკეთესად სწავლის სტიმული, ისე მასწავლებელს უნდა ჰქონდეს პროფესიული დონის ამაღლების სტიმული.

ახალგაზრდებს, რომლებიც უმაღლეს სასაწავლებლებს ამთავრებენ, უნდა გაუჩნდეთ სკოლებში სწავლების სურვილი.

როდესაც ამთავრებ უნივერსიტეტს და შეგიძლია სკოლებში 1000 და 1500 ლარიან ხელფასზე იმუშაო სკოლაში, რა თქმა უნდა, სერიოზული სტიმულია ჩვენი სტუდენტებისთვისაც.

ყველაზე წარმატებულმა და კარგმა სტუდენტებმა, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებს ამთავრებენ, საშუალო სკოლების პედაგოგების რიგები უნდა შეავსონ.

ამ მიმართულებით, სერიოზული წინსვლა გვჭირდება.

თქვენ იცით, რომ საგამოცდო სისტემაში ცვლილება შედის.

ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ გამოცდებს ვერ ჩაატარებენ და ქვეყანა დაგვენგრევა, უკვე ნახეთ, რომ მოგონილია. გამოცდები იმართება.

ეს გამოცდები ჩვენი შექმნილია, ეს ჩვენი აწყობილი სისტემაა და ვინც რა არ უნდა თქვას, ვიდრე ამ ქვეყანაში მე ვიღებ გადაწყვეტილებას და იმედია ხალხი დაგვიჭერს მხარს, რომ ისევ ამ გუნდმა მიიღოს გადაწყვიტილებები, ეს სისტემა იფუნქციონირებს.

ეს გამოცდები ამის არაჩვეულებრივი მაგალითია.

თუმცა ზუსტად იმის გამო, რომ პირადად ჩემი და ჩვენი შექმნილი სისტემაა, კარგად დავინახე ამ სისტემის მინუსები. მინუსი იყო ის, რომ, რეალურად ერთიანი გამოცდები სკოლის პროგრამისგან განსხვავებული პროგრამით ტარდებოდა; პრობლემა იყო ისიც, რომ სკოლაში გამოცდები აღარ იყო და დიდი კამათის შემდეგ ხელახლა შემოვიღეთ; პრობლემაა ისიც, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად და უმაღლესში მოსახვედრად, ახალგაზრდებს სჭირდებათ რეპეტიტორები.

ეს არის სოციალური უსამართლობა.

ჩვენ გვჭირდება ყველა ადამიანი იყოს თანასწორ ვითარებაში - ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

 

თითოეულ ადამიანს, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ის, წნორში, გლდანულაში, სოფელ ლესიჭინეში, თუ ნებისმიერ სხვა ადგილზე საქართველოში, უნდა ჰქონდეს საშუალება ჩააბაროს ერთიანი ეროვნული გამოცდები.

ამიტომ ეს უნდა ხდებოდეს სკოლაში - ეს ერთი.

მეორე - გამოცდების ეროვნულ ცენტრში ზოგს 8 ათასი ჰქონდა ხელფასი, ზოგს 10 ათასი  და ზოგს 15 ათასი ლარი და ნამდვილ კანტორას დაემსგავსა. არც ეს არის სოციალური სამართლიანობა...

ჩვენი ამოცანაა, რომ გამოცდების ცენტრი მთელი წლის განმავლობაში მუშაობდეს.

გამოცდები წელიწადში ერხელ არ უნდა იმართებოდეს, აბიტურიენტს მთელი წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეს გადაბარების ან შედეგის გაუმჯობესების შესაძლებლობა. ეს შეეხება სახელმწიფო დაფინანსების მიღებასაც. უნდა გაიზარდოს ამ გრანტის რაოდენობაც.

აი, ეს არის ის, რაც ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ.

ეს ცენტრი უნდა ფუნქციონირებდეს ისე, რომ ყოველთვის ღია იყოს თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის.

ეს შეეხება მასწავლებლებსაც.

გამოცდების ჩაბარება ყველას ნებისმიერ დროს უნდა შეეძლოს -ისე, როგორც არის ამერიკაში.

ამერიკაში ტესტებს აბარებენ ყოველ თვე. შეგიძლია მიხვიდე, გააუმჯობესო შედეგი და მიღო მეორე შანსი.

აი, ეს არის სამართლიანობა.

თავის დროს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიღწევა იყო ერთიანი ეროვნული გამოცდები, მიღწევა იყო ბევრი სხვა რამ, რაც ამ სამინისტრომ გააკეთა, მაგრამ რეფორმას სჭირდება გაგრძელება და მისი მთავარი ობიექტი უნდა იყოს მასწავლებელი.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველას უნდა გვესმოდეს.

ვფიქრობ, ჩვენ თქვენთან ერთად დიდი გამოცდილება მივიღეთ და ჩვენი სამინისტროების მთავარი ხიბლი არის ის, რომ ყველანი თანასწორი ვართ.

აქ, ძირითადად, ერთი ასაკის ხალხი მუშაობს და მინისტრს, მის მოადგილესა და დეპარტამენტის ხელმძღვანელს შორის ასაკში სხვაობა, შეიძლება, ორი-სამი წელი იყოს.

ისევე როგორც, ზოგადად, მთავრობაში, აქაც არის დემოკრატიული ვითარება, ყველა ერთმანეთს უზიარებს აზრს, ყველა ერთად ქმნის პროდუქტს.

ეს არის დემოკრატიული სისტემა, სადაც არის წარმატების რეცეპტი.

ამიტომ აზრთა გაცვლა-გამოცვლა უნდა გაგრძელდეს.

ფაქტია, რომ ხატია დეკანოიძეს აქვს დიპლომატიური გამოცდილება. რამდენიმე წლის განმავლობაში, საკმაოდ რთულ პერიოდში ამერიკაში მუშაობდა ჩვენს საელჩოში.

პოლიციის აკადემია ნულიდან ააწყო, რომელიც პოლიციური დაწესებულება არ არის. ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის, რაც დაიწყო ჯერ კიდევ 2004 წელს - განათლების რეფორმა, რომელიც კახა ლომაიას ერთიანი გამოცდით დაიწყო და ჩვენთან ერთად გაგრძელდა.

კარგია, რომ ჩვენს მთავრობაში ხუთი მინისტრი ქალია.

ეს არ ყოფილა დაგეგმილი, მაგრამ ასე მოხდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ქალებს ახალი შესაძლებლობები ექმნება საქართველოში.

ვფიქრობ, თქვენი ლოზუნგი - "მეტი სარგებელი ხალხს", მართებულია.

თითოეულმა ადამიანმა უნდა დაინახოს რას ნიშნავს განათლების ახალი სისტემა და რას აძლევს ეს მის ბავშვს.

ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ სახელმძღვანელოების ფასი შემცირდეს.

ბავშვებს თანაბარი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, რათა ცხოვრებაში რამეს მიაღწიონ.

ეს ჩვენი ამოცანაა.

ჩვენ თანასწორუფლებიან სახელმწიფოს ვქმნით, სადაც ყველა თანაბარ ვითარებაში მივიწევთ წინ.

დიდ მადლობას ვუხდი მთელ თქვენს კოლექტივს.

ვფიქრობ, ხატია შეძლებს თავი გაართვას ამ ამოცანებს.

გისურვებთ წარმატებას.

გმადლობთ. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)