მიხეილ სააკაშვილი: „ყველა ჩვენგანისთვის, ვინც ცივი რკინის ფარდის მიღმა გაიზარდა, რონალდ რეიგანი ყოველთვის იყო და დარჩება თავისუფლების იდეად“
მადლობელი ვარ გულთბილი წარდგენისთვის.
როდესაც აქაურობას ვათვალიერებ, მახსენდება ადამიანი, რომელსაც ყველაზე დიდი პოლიტიკური კარიერა ჰქონდა არა მარტო მეოცე საუკუნეში, არამედ ზოგადად.
რონალდ რეიგანი ისტორიაში არ შესულა როგორც რომელიღაც მორიგი პრეზიდენტი ან ლიდერი - ვფიქრობ, ეს არის სახელი, რომელიც განმარტავს იმას თუ ვინ ვართ ჩვენ - მე, ჩემი მეგობრები, ბევრი ქვეყანა, ჩემი სამშობლოს ჩათვლით; რა არის ამერიკა მსოფლიოსთვის; რას ნიშნავს იყო ამერიკელი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც წარმოუდგენლად დიდი დამსახურება აქვთ ამ ქვეყნის წინაშე.
ასე რომ, ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ მომიწვიეთ. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო აქ და მოგმართოთ თქვენ რეიგანის სახელობის ბიბლიოთეკაში.
ყველა ჩვენგანისთვის, ვინც ცივი რკინის ფარდის მიღმა გაიზარდა, რონალდ რეიგანი ყოველთვის იყო და დარჩება თავისუფლების იდეად; იმ იდეად, რომელიც დღესაც ურყევია.
იგი იყო ადამიანი, რომელიც 1987 წლის 12 ივნისს ბრანდენბურგის ჭიშკართან დადგა და წარმოთქვა თავის ცნობილი ფრაზა: „მობრძანდით ამ ჭიშკართან, ბატონო გორბაჩოვო, გააღეთ კარი და დაანგრიეთ ეს კედელი“.
თითოეული ჩვენთაგანისთვის, ვინც იმ დათრგუნულ საზოგადოებაში ცხოვრობდა, რომელიც გულით და სულით გვძულდა, რონალდ რეიგანი იმედის სიმბოლო იყო. როდესაც მან ეს სიტყვა წარმოთქვა მე საბჭოთა მესაზღვრე ვიყავი. ბალიშის ქვეშ პატარა რადიო მიმღებს ვინახავდი. ეს რომ გაეგოთ, მინიმუმ, ორკვირიანი პატიმრობა არ ამცდებოდა სამხედრო ციხეში.
იყო პერიოდები როდესაც ასეთ ამბებს ვეძებდი რადიოს მეშვეობით. და მაშინ ამ პატარა რადიო მიმღებით გავიგონე რეიგანის სიტყვა, რომელიც BBC World-მა გადმოსცა.
რეალობა ჩემთვის მაშინ საშინელი იყო - იმ რეალობის ყოველი წამი მძულდა. იმ სიტყვებით რეიგანმა მაშინ მომცა არა მარტო იმედი, არამედ კიდევ სხვა რამ - თითქოს მაღლა ამწია და სულ სხვა რეალობაში გადამიყვანა.
თვალწინ წარმომიდგა ის ადამიანებიც, რომლებიც ამ სიტყვებს ისმენდმნენ და იმავეს იგრძნობდნენ ბანაკებში, გულაგებში... მოწყვეტილ ციხეებსა და მსგავს ადგილებში...
მაშინ ახალგაზრდა, სტუდენტი ვიყავი. ჩემი ღირებულებების მიუხედავად, მაინც ვერ წარმომედგინა რამდენად დიდი გავლენა ექნებოდა ამ სიტყვებს ჩემი ქვეყნის ბედსა და პირადად ჩემს ცხოვრებაზე.
შეიძლება, ეს უცნაურადაც მოგეჩვენოთ ისეთი ქვეყნის ლიდერისგან, რომლის ტერიტორიის ნაწილიც ოკუპირებულია 100-ჯერ უფრო დიდი ქვეყნის მიერ; იმ ქვეყნის ლიდერისგან რომელიც ეგზისტენციალური მუქარის წინაშე დგას და ყოველდღიურად უწყობენ პროვოკაციებს.
მაგრამ მე მაინც აქ ვარ, რეიგანის სახელობის ბიბლიოთეკაში, რათა ჩემი ოპტიმიზმი გაგიზიაროთ თავისუფლების ტრიუმფის შესახებ, მსოფლიოში ამერიკული ლიდერობის შესახებ, ნატოს მომავლისა და ჩემი ქვეყნის მომავლის შესახებ ნატო-ს ფარგლებში.
ეს ოპტიმიზმი რონალდ რეიგანის მახასიათებლებს შორის ერთ-ერთი უმთავრესი იყო როგორც კაცისთვის, ისე პოლიტიკური ლიდერისა და პრეზიდენტისთვის.
როდესაც რაიმესთან დაკავშირებით ეჭვი მიჩნდება, ყოველთვის ვიხსენებ მის საინაუგურაციო სიტყვას, წარმოთქმულს 1981 წლის 20 იანვარს. მაშინ მთელი მსოფლიო ამერიკის დაღმასვლაზე ლაპარაკობდა, მთელი მსოფლიო პესიმიზმის უზარმაზარ ტალღას მოეცვა და ამერიკის ეკონომიკა ყველას უიმედოდ ეჩვენებოდათ.
რეიგანის გზავნილი მსოფლიოს მიმართ, გვასწავლის, რომ გმირული ოცნებების უფლება ყველას გვაქვს. ის ადამიანები, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობენ, გაურკვევლობაში არიან. რეიგანმა ოპტიმიზმი მოუტანა მთელს მსოფლიოს.
რეიგანის მიერ წარმოთქმული კიდევ ერთი ძალიან ცნობილი ფრაზა მახსენდება, რომელიც ზუსტად იმას იმეორებს, რაც ჩვენი პრეზიდენტის სასახლის ფასადზეა გამოსახული - ფრაზა მე-12 საუკუნის ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის კლასიკური პოემიდან „ვეფხისტყაოსანი“. რეიგანმა თქვა: „გულის სიღრმეში ვიცი, რომ ადამიანი ფუნდამენტურად დადებითი მოვლენაა და სიმართლე და სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს.“
პრეზიდენტის სასახლის ფასადზეც სწორედ ეს ფრაზაა დაწერილი და ეს ჩვენი ისტორიიდან და ლიტერატურიდან მოდის. ეს არის ის, რასაც თავიანთი დროის დიდი ადამიანები მიიჩნევდნენ სწორად.
როდესაც შენი ქვეყანა ოკუპირებულია და დიდი პრობლემების წინაშე დგახარ, ეს არის სწორედ ისეთი ოპტიმიზმი, როგორიც ამ დროს გჭირდება. რეიგანის ხედვას არა მარტო კომფორტულია, არამედ ის, მარტივად რომ ვთქვათ, სწორია და საქართველო ამის კარგი მაგალითია.
ქალბატონებო და ბატონებო,
საქართველო იყო ყველაზე კორუმპირებული და ყველაზე კრიმინალური ადგილი კრიმინალურ საბჭოთა იმპერიაში. ეს იყო ქვეყანა, რომელსაც სიძულვილი ჰყოფდა. მას ავტორიტარული პოლიტიკური სტრუქტურა ახრჩობდა და კორუფცია და დანაშაული აჩაჩანაკებდა. 10 წლის წინათ ჩვენ ასეთი ქვეყანა ვიყავით.
ვარდების რევოლუციის შედეგად, ქვეყნის სათავეში ახალი თაობა მოვიდა.
ხორცი შევასხით რეიგანის ორ იდეას: ერთი - „დააპატარავეთ მთავრობა და უკან კი არა, წინ გაიხედეთ“ და მეორე - „ჩვენ, მთავრობის წევრებმა საკუთარ ქვეყანას უნდა შევხედოთ მეწარმის თვალით და ვიპოვოთ შესაძლებლობები იქ, სადაც სხვები პრობლემას ხედავენ“ - ამბობდა რეიგანი.
ის, რაც ჩვენ გვჭირდება არის მენტალიტეტის ტოტალური ცვლილება. ეს არის ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ. ბიუროკრატიის 80-90 პროცენტი შევამცირეთ და ეს ჩვენთვის მენტალიტეტის ცვლილება იყო.
მენტალური ცვლილება ასევე ნიშნავს იმას, რომ ხალხი ახლა სხვაგვარად ხედავს მთავრობას, ინსტიტუციებს, ისევე როგორც თავიანთ მოვალეობებს, როგორი დამოკიდებულება აქვს ხალხი სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფის მიმართ, რადგან ყოფილ საბჭოთა სივრცეზე ხალხით მანიპულირება ხდებოდა საუკუნეების წინანდელი მტრობითა და ბოროტი განწყობით; რელიგიური, ეთნიკური და ენობრივი ჯგუფების დაპირისპირებით.
გზა ამერიკისკენ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დანიშნულების ადგილი. ეს არის დემოკრატიის რეალური მნიშვნელობა ამერიკაშიც და დღევანდელ საქართველოშიც. საზოგადოება ეფუძნება მერიტოკრატიას და არა კონკრეტული ადამიანებისა თუ მათი წინაპრების წარმომავლობასა და მდგომარეობას, ასევე იმას, მდიდარი დაიბადე თუ ღარიბი.
ქალბატონებო და ბატონებო,
როგორც თქვენ იცით, ეს პრინციპები მუშაობს ყველგან. ისინი მუშაობს აშშ-შიც და საქართველოშიც. ისინი იმუშავებს ყველგან, სადაც არიან ადამიანები, რომლებსაც მათი სჯერათ.
ამ პრინციპების, იდეალიზმისა და ოპტიმიზმის წყალობით, საქართველომ განიცადა ისეთი ტრანსფორმაცია, რომელზეც ადრე ოცნებაც კი შეუძლებელი იყო.
შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენი დედაქალის ცენტრში რონალდ რეიგანის ძეგლი დგას. მისი ხედვა იყო ჩვენი თაობის მეგზური - ჩვენ ვირწმუნეთ, რომ ყველაფრი შესაძლებელია და საქართველო გახდა უფრო მეტი, ვიდრე ქვეყანა. ჩვენს რეგიონში ის არის იდეა; ამ პრობლემურ რეგიონში საქართველოს ბრწყინვალე მაგალითი ყველასთვის არის დემოკრატიის განვითარების გზავნილი.
ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში პოსტსაბჭოთა სივრცეზე ხალხი მიიჩნევდა, რომ მხოლოდ ორი არჩევანი ჰქონდა: პირველი - ეს იყო ქაოსი, 90-იანი წლების რუსეთის მსგავსად - სადაც იყო სიტყვის თავისუფლება, მაგრამ ამავდროულად კორუფციის პრობლემა და გახშირებული მკვლელობები, ხოლო ამის ალტერნატივა იყო ის მეთოდები, რომლებიც ვლადიმერ პუტინმა დაამკვიდრა - ავტორიტარული მმართველობა, კორუფცია, დანაშაულებრივი დაჯგუფებები, რომელსაც მხოლოდ თვითონ აკონტროლებს.
საქართველომ აჩვენა, მესამე გზა - ეს არის დემოკრატიული ფასეულობების გზა.
ეს, რა თქმა უნდა, უდიდეს საფრთხეებსაც გვიქმნის, მაგრამ ჩვენ გვყავს მნიშვნელოვანი მოკავშირე - ამერიკის შეერთებული შტატები. რომ არა პრეზიდენტი ბუში და პრეზიდენტი ობამა, მე დღეს აქ არ ვიდგებოდი.
1984 წელს რეიგანი ერს მიმართავდა და მან განაცხადა: „ისტორია გვასწავლის, რომ ომები იწყება მაშინ, როდესაც მთავრობა იჯერებს, რომ აგრესიის ფასი დაბალია“.
აშშ-სთან ჩვენი მეკავშირეობა საერთო ფასეულობებს ეფუძნება და ეს ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი ელემენტია. ეს დიპლომატიურ არჩევანსა და სახელმწიფო უსაფრთხოების არჩევანზე მეტია - ეს არის ფასეულობების არჩევანი, საზოგადოების არჩევანი და ცხოვრებისეული არჩევანი.
მათთვის ვინც წინა ხაზზეა დემოკრატიული ღირებულებებისთვის ბრძოლაში, არ არსებობს ამერიკული დაღმასვლა.
არაბული სამყაროდან პოსტსაბჭოთა სივრცემდე, აზიიდან ევროპამდე, ხალხს ჯერ კიდევ მიაჩნია, რომ თქვენი ერი არის თავისუფლების უმთავრესი ძალა მსოფლიოში.
ეს არ არის დემოკრატიული ან რესპუბლიკური ადმინისტრაციის იდეა - ეს ეკონომიკურ დაღმასვლასა და მსოფლიო კრიზისზე მაღლა დგას. ეს არის მსოფლიოში ამერიკული როლის არსი. ამერიკის საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის ისევე, როგორც ჩვენი მთავარი მიღწევები.
რონალდ რეიგანი ურყევ მომავალს ქმნიდა აბსოლუტური ოპტიმიზმით. მან იცოდა, რომ ეს არასოდეს დამთავრდებოდა.
ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ გავიმეორო: „თავისუფლება არასდროს არ არის ერთ თაობაზე მეტით დაშორებული განადგურებისგან. თუკი მას ჩვენს შვილებს სისხლით არ გადავცემთ, მაშინ უნდა ვიბრძოლოთ მის მოსაპოვებლად და დასაცავად და მოვუწოდოთ მათ, რომ იგივენაირად მოიქცნენ.“
ამ სიტყვებს ყველაზე დიდი „ექო“ საქართველოში ექნება. ჩვენ ვიცით რამდენად ძვირფასი და, ამავდროულად, მსხვრევადია თავისუფლება. ჩვენ ვიცით რას ნიშნავს როდესაც თავისუფლებას გართმევენ და ვიცით, რას ნიშნავს როდესაც მისთვის იბრძვი.
თავისუფლება ყველაფერია. ის ერთდროულად მზეც არის, რომელიც ყველაფერს ასაზრდოებს და ნათელიც, რომელიც საშუალებას გვაძლევს ყველაფერი დავინახოთ. თავისუფლების გარეშე არაფერს არ აქვს ფასი. მის გარეშე ფაქტობრივად არაფერი არ არსებობს.
რეიგანმა ამერიკულ ფენომენს სწორი განმარტება მისცა: „ამერიკა ადგილი ნაკლებადაა - ის უფრო იდეაა; იდეა, რომელიც ადამიანების სულში ყოველთვის ღრმად იყო გამჯდარი. და ეს დიადი იდეა ყველაზე მეტად თავისუფლებასთან არის დაკავშირებული“.
ეს არის ის, რის დაცვას და განვითარებასაც ჩვენ დღეს საქართველოში ვცდილობთ.
დიდი მადლობა.