საქართველოს პრეზიდენტმა ბაგრატის ტაძრის ეზოში შეკრებილ საზოგადოებას მიმართა
მოგესალმებით ყველას!
დღეს, პრაქტიკულად, ჩემი ბავშვობის ოცნება ასრულდა. ჩემი დიდი ბაბუის ნიკოლოზ წერეთლის მამა, იოსები დეკანოზი იყო, საეკლესიო მოსამართლე და საკმაოდ დიდხანს მსახურობდა ქუთაისში. ნიკოლოზ წერეთლისგან ბავშვობიდან მახსოვს, რომ მათი ყველაზე დიდი ოცნება სწორედ ბაგრატის ტაძრის აღდგენა იყო.
არის დრო ქვების გაბნევის, არის დრო ქვების შეგროვების. ახლა სწორედ ქვების შეგროვების დროა.
ეს აღმშენებლობა ეკუთვნის ყველას - ჩვენ მართლაც შევდივართ ოქროს ხანაში.
ქუთაისში ხალხს ძალიან უჭირს, მაგრამ უმნიშვნელოვანესია გვესმოდეს, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა აღვადგინოთ და ყველაფერი უნდა ავაშენოთ.
ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის საკუთრება. მე არ დამიწყია ამ თემის პოლიტიზირება.
ზოგიერთი პოლიტიკოსი კი ამბობს, რომ არაფერი არ უნდა აღდგეს, რადგან მათ შენება აღიზიანებთ.
დრო პრეზიდენტებსაც გამოცვლის და მთავრობებსაც, მაგრამ ეს სამუდამოდ დაგვრჩება - ეს სრულიად საქართველოს ეკუთვნის - პოლიტიკოსს და არაპოლიტიკოსს, მორწმუნეს და არამორწმუნესაც.
ბაგრატის ტაძარი არის ერთიანი საქართველოს სიმბოლო და ჩვენ ეს სიმბოლო აღვადგინეთ, ისევე როგორც აუცილებლად აღვადგენთ საქართველოს მთლიანობას. ბაგრატის ტაძარი ამის საწინდარია.
ჩვენ შეგვიძლია იმ სურვილებისა და ოცნებების ასრულება, რომელიც ყველას ბავშვობიდან გვაქვს.
რა თქმა უნდა, ეს არ ყოფილა მარტო ჩემი ოცნება, ეს, ალბათ, თითოეული თქვენგანის ოცნებაც იყო, მათი, ვინც გარშემო ცხოვრობს ან მათი, ვინც ყოველდღე დადიოდა ქუთაისში და ამ სილამაზეს უყურებდა.
ამ ტაძრის აღდგენა ვერ შეძლეს ძველმა მთავრობებმა, თუმცა კომუნისტების დროს ჰქონდათ ამის მცდელობა და გააჩერეს.
ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ საქართველოში და თავისუფლების ხიბლი სწორედ ეს არის - „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“.
ჩვენ სიყვარულით ავაშენებთ მთელს საქართველოს! ეს ერთი და სხვა მრავალი, ჩემო მეგობრებო!
მინდა მეუფეს ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა იმისთვის, რომ ეს სამუშაოები მისი უწმინდესობის კურთხევით და მეუფის ყოველდღიური ზრუნვით მიმდინარეობს.
მინდა ყველა არქიტექტორს, ყველა მშენებელს ვუთხრა მადლობა.
ჩვენ დღეს აღვმართავთ ჯვარს და ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში ტაძარი საბოლოოდ მიიღებს პირვანდელ სახეს.
დღეს დიდი დღეა ქუთაისისთვის, დიდი დღეა სრულიად საქართველოსთვის.
გუშინ ახალი დიდებული კომპლექსი გავხსენით - რაბათის ციხე, რომელიც მართლაც საოცრებაა, რუსთაველის სამყაროში მეგონა თავი.
ახლა ვასრულებთ ამ ტაძრის აღდგენას. უახლოეს დღეებში გავხსნით აღდგენილ ფოთის ტაძარს; მესტიაში ვხსნით ახალ მუზეუმს და სრულად განახლებულ რაიონულ ცენტრს; უახლოეს დღეებში კი იწყება ლაზიკის მშენებლობა, სადაც ავაშენებთ ბანის, ჩვენი განადგურებული ძეგლის, დიდი ქრისტიანული სიწმინდის ასლს და ესეც იქნება საქართველოს წინსვლის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
მინდა კიდევ ერთხელ მოგესალმოთ ყველას და მეუფის კურთხევით, თქვენი ნებართვით, თქვენი სახელითა და მხარდაჭერით, პირადად ავიდე გუმბათზე და მონაწილეობა მივიღო ჯვრის აღმართვის ცერემონიალში.
ძველ დროს, მთავრობის წევრები გუმბათებზე ჯვრის ჩამოსაგდებად მათ გასანადგურებლად, ეკლესიების დასანგრევად, გუმბათების ჩამოსანგრევად ადიოდნენ. ზოგიერთი ახლაც მიიწევს უკან...
დღეს, დამოუკიდებელ საქართველოში ყველა ჩვენგანის, მათ შორის, მთავრობის მოვალეობაა - შენება.
მთავრობის ნებისმიერი ხელმძღვანელისთვის, არა მხოლოდ მოვალეობა, არამედ განსაკუთრებული პატივია იყოს ის, ვინც უკან დააბრუნებს ჯვარს ბაგრატის დიდებულ ტაძარზე.
ამიტომ, ამას მე თქვენი ნებართვით გავაკეთებ.
დიდი მადლობა.