Google+

გამოსვლები და განცხადებები

15.08.2012
საქართველოს პრეზიდენტმა რუსთავის მოსახლეობას მიმართა

არ შემიძლია არ ვთქვა, რომ თქვენთან ძალიან კარგი გზით და განათებული ქუჩებით მოვედი.

როდესაც ვლაპარაკობთ რუსთავზე, ზოგიერთები ამბობენ ხოლმე: ამ მთავრობამ ვირტუალური რეალობა შექმნა, ყველაფერი მხოლოდ ტელეეკრანზე ხდება და ცხოვრებაში არაფერი იცვლებაო.

კარგად მახსოვს 8 წლის წინანდელი რუსთავი - სად ვიყავით მაშინ და სად ვართ ყველანი ჩემო მეგობრებო დღეს.

მსურს უბრალოდ გაგახსენოთ, რომ მაშინ წყალი მოსახლეობას ოთხ დღეში ერთხელ მიეწოდებოდა.

დღეს, იმ ერთი უბნის გარდა, სადაც ჯერ კიდევ 4-საათიანი გრაფიკია, ყველა თქვენგანთან, ძირითადად, 24-საათიანი წყალმომარაგებაა.

ეს არის ვირტუალური რეალობა? რა თქმა უნდა არა - ეს არის რუსთავის რეალობა.

ისინი ამბობენ, რომ ეს მთავრობა ყველაფერს პიარისთვის აკეთებს და ყველაფერი ყალბიაო.

რუსთავში ყველგან ანგრეული იყო გზა და კარგად მახსოვს, რამდენი ხანი მიხდებოდა აქამდე მოსვლა.

დღეს რუსთავის ყველა ძირითადი მაგისტრალი საუკეთესოა და ამ შემოდგომის დამლევამდე ყველა ეზოში, ყველა კორპუსთან მივალთ ისეთი გზით, როგორიც არის ევროპაში.

არის თუ არა ეს რეალობა? თუ ეს ჩვენი მოგონილი ტყუილია?

თქვენ გახსოვთ, რომ რუსთავი მომაკვდავი ქალაქი იყო. აქ არის განსაკუთრებული ინდუსტრია, განსაკუთრებული ხალხი, განსაკუთრებული საინჟინრო კადრები, განსაკუთრებული სოციალური ფონი.

ბოლო თვეების განმავლობაში შევქმენით რამდენიმე დიდი ლოჯისტიკური, საავტომობილო და  სავაჭრო ცენტრები, ავტოტრეკი, რამდენიმე დიდი ახალი და ძველი საწარმო.

ყველაფერი ამუშავდა და ეს მხოლოდ დასაწყისია.

ეს ვირტუალური, ჩემ მიერ მოგონილი რეალობაა თუ თქვენი ყოველდღიური ცხოვრების რეალობა?

რუსთავში არაჩვეულებრივი ახალგაზრდობაა. აქ ყველა სკოლა საუკეთესო იქნება, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი, მაღალანაზღაურებადი და კვალიფიციური პედაგოგებით.

რუსთავში ახლა გადამზადების საუკეთესო ცენტრს ვაშენებთ, რათა ახალი სპეციალისტები აღვზარდოთ და ძველები გადავამზადოთ. ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ 55 ან 57 წლის ადამიანს არ სჭირდება დაფასება და ახალი საქართველოს მშენებლობაში ჩართვა.  

 ნახეთ, როგორი მოედნები გაკეთდა; როგორი სპორტული კომპლექსები აშენდა...

ცოტა ხნის წინათ აქ ისეთი საცურაო აუზი გავხსენით, როგორიც თბილისის ცენტრშიც არ არის. თბილისის ცენტრშიც უნდა იყოს ასეთივე და დედაქალაქი ისე არასდროს არ აშენებულა, როგორც შენდება ახლა.

დღეს დავიწყეთ ისტორიული საქმე - თბილისი-რუსთავის ავტობანის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ რუსთავის გასასვლელიდან თბილისის ცენტრში ჩასასვლელად 7 წუთი დაგვჭირდება.

თბილისის ნებისმიერი გარეუბნიდან თბილისის ცენტრში მისასვლელად უფრო მეტი დრო არის საჭირო, მაგრამ რუსთავი არა თბილისის გარეუბანი, არამედ დამოუკიდებელი ქალაქია. ეს არის ცალკე, სრულფასოვანი, დიდი ტრადიციების მქონე, ახალგაზრდა, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ქალაქი.

ეს არის ქართული საინჟინრო სკოლის, ინდუსტრიის მთავარი და დიდი ეკონომიკური მნიშვნელობის ცენტრი.

რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგად ახსოვს ჩვენს მთავრობას და ამიტომაც ძალიან დიდი გეგმები გვაქვს.

აქ ცხოვრება პირობებით და ინფრასტრუქტურით უნდა იყოს ძალიან კომფორტული,  სპორტული და დასასვენებელი ადგილებით.

რუსთავში იქნება ერთერთი ყველაზე საუკეთესო პარკი საქართველოს მასშტაბით, რომელსაც ესპანელ არქიტექტორებს ვაშენებინებთ. ამ პარკის მშენებლობა უახლოეს თვეებში დამთავრდება.

ნახეთ როგორი მოედნები გაკეთდა. მალე სპორტის სასახლის მშენებლობასაც დავასრულებთ და დიდი ზარზეიმით გავხსნით.

აქ იქნება საუკეთესო თეატრები, საუკეთესო კინოთეატრები, საუკეთესო ინფრასტრუქტურა, რათა ხალხს შრომის შემდეგ შეეძლოთ  სრულფასოვანი დასვენებაც.

კარგად ვიცი ახალგაზრდების პრობლემაც - აქ გასართობი ნაკლებად არის და თბილისში უწევთ სიარული. მალე ჩვენ, თბილისელებიც და სხვა ქალაქელებიც რუსთავში ვივლით, რადგან რუსთვი ამ მხრივაც იქნება საქართველოს საუკეთესო ქალაქი.

ვიცი როგორი ხალხი ცხოვრობს აქ და ვიცი რა ტრადიციებია - თვის დროს, ამ ქალაქში თავი მოიყარა საქართველოს მოსახლეობის საუკეთესო ნაწილმა კახეთიდან, ქართლიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან, აფხაზეთიდან, აჭარიდან... სწორედ მათ შექმნეს ეს ერთობა, რომელიც სრულიად უნიკალურია არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ მთელ რეგიონში.

რაც მთავარია, ჩვენ ეს ერთობა შევინარჩუნეთ და არ დავიშალეთ ყველაზე რთულ, 90-იან წლებში, მაშინ, როდესაც ყველაფერი ინგრეოდა.

დაბოლოს, დღეს მაქვს პრივილეგია, რომ წარგიდგინოთ თქვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ბატონი მამუკა ჩიქოვანი. იგი არის რუსთაველი, მისი მშობლებიც და მეუღლეც რუსთაველები არიან და არის ამ ქალაქის ყველაზე დიდი პატრიოტი. ვუსურვებ მას წარმატებას!

დიდი მადლობა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)