საქართველოს პრეზიდენტმა კიევში საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
მოგესალმებით,
ყოველთვის მიხარია უკრაინაში ყოფნა. ეს ქვეყანა ჩემი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია და აქაური ხალხი, ალბათ, ყველაზე მეგობრულადაა განწყობილი ქართველების მიმართ.
განსაკუთრებით მახარებს კიევში დაბრუნება, რადგან აქ მაქვს გატარებული სტუდენტობის წლები, ყველაზე კარგი პერიოდი... ამ ფანტასტიკურ ქალაქში ერთხელ კგბ-მაც დამაპატიმრა...
უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ საქართველო და უკრაინა საკუთარი ისტორიების გზაჯვარედინზე იმყოფებიან და დღეს სწორედ ამაზე მსურს ვისაუბრო.
ყოფილ იმპერიაში დასაბრუნებელი გზა აღარ არის და ჩვენ ერთიანი ჰორიზონტი გვაქვს, რომელსაც ევროინტეგრაცია ჰქვია.
ჩვენ ერთ ამბიციას ვიზიარებთ და ერთად ვცდილობთ, აღმოსავლეთის პარტნიორობა გადავაქციოთ ევროკავშირის „მისაღებ ოთახად“. ეს დამოკიდებულია ჩვენს უნარზე, დავარწმუნოთ ევროპული დედაქალაქები, რომ გაფართოების პერიოდი დასრულებული არ არის.
ასევე ეს დამოკიდებულია ჩვენს უნარზე, გადავაქციოთ ჩვენი ქვეყნები ნამდვილ ევროპულ დემოკრატიებად.
ეს რადიკალური ტრანსფორმაცია ჩემი მთავრობის დიდი ამბიცია იყო ბოლო 9 წლის განმავლობაში. არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სოციალური, მორალური და მენტალური ტრანსფორმაცია.
ყველა ის რეფორმა, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ - დაწყებული სამართლებრივი სისტემის სტრუქტურის მთლიანი ცვლილებით, დამთავრებული განათლების რეფორმითა და კორუფციასთან ბრძოლით, პოსტსაბჭოთა ქვეყნის ევროპულ ქვეყნად გადაქცევის ზოგადი პროექტის ნაწილი იყო. ჩვენ გვქონდა წარმატებები და წარუმატებლობები, მაგრამ არავის შეუძლია უარყოს ის საოცარი პროგრესი, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ ამ გზაზე მიაღწია.
მოგეხსენებათ, რომ ჩვენი პოლიტიკის გასატარებლად ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოგვიწია: დაპირისპირებების, ზეწოლისა და შემოჭრისაც კი. რეფორმები და ტრანსფორმაციები თავისით არ ხდება ისეთ რეგიონში, როგორიც ჩვენია - საბჭოთა მემკვიდრეობის და მოსკოვში შემორჩენილი ძველი იმპერიალისტური მენტალიტეტის მქონე რეგიონებში; თანაც რეფორმები და გარდაქმნები ბევრისთვის მტკივნეული პროცესია და საკუთარ ქვეყანაშივე გიქმნის ძლიერ ოპოზიციას.
მაგრამ ვფიქრობ - და დღეს ეს ჩემი მთავარი გზავნილია - არ არსებობს ამის ალტერნატიული გზა.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ბოლო საპარლამენტო არჩევნებმა სათავეში მოიყვანა ახალი უმრალესობა და ახალი მთავრობა. ალბათ, ზოგიერთ ადამიანს მოსკოვში გაუხარდა ის, რომ ჩვენმა გუნდმა სამინისტროები დატოვა. მაგრამ მათ უნდა გაითავისონ, რომ დემოკრატიული განვითარება, ისევე, როგორც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ჩვენს რეგიონში სახიფათო უკუმოდელია თავიანთი ავტორიტარული მმართველობისთვის გრძელვადიანი თვალსაზრისით.
ქართულმა სახელმწიფომ დაამტკიცა, რომ ის ფუნქციონალური დემოკრატიაა და მე მჯერა, რომ ქართველი ხალხი არასდროს დაუშვებს ამ საოცარი მიღწევის შემობრუნებას.
რა თქმა უნდა, ვწუხვარ, იმ მენტალიტეტის გამო - „გამარჯვებულს რჩება ყველაფერი“, რომელსაც დღეს ჩვენ ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე ვხვდებით, მაგრამ ეს ახალგაზრდა დემოკრატიების საერთო ნაკლია. უფრო მეტიც: დაპატიმრებების ტალღა, შეტევები მედიაზე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა მუდმივი შეურაცხყოფა...
თუმცა არ მგონია, რომ ვინმემ ჩემი ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის შემობრუნება შეეძლოს. ხალხმა იგემა თავისუფლება და წარმატება და ის არ მიიღებს ძველ სისტემაში დაბრუნებას.
საქართველოსა და უკრაინის ევროპული გზა არ არის რომელიმე ლიდერის ან პოლიტიკური ძალის ხედვა - ეს არის ჩვენი ერების იდენტურობა და ჩვენი ხალხის ძლიერი სურვილი. არც ერთ მთავრობას არ შეუძლია ამას წინააღმდეგობა გაუწიოს.
შემდგომი ტრანსფორმაცია და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში პროგრესული ინტეგრირება არის ერთადერთი გზა, რომლის გავლითაც ჩვენს ქვეყნებს გარდარჩენა და ლაღად ცხოვრება შეუძლია ჩვენს რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში.