მე-8 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა
ქალბატონებო და ბატონებო,
ჩემთვის დიდი პატივია მოგმართოთ დღეს თქვენ, ქართველი ხალხის წარმომადგენლებს საქართველოს პარლამენტში!
ყოველი თქვენგანი, თითოეული ფრაქცის წარმომადგენელი ორივე პარტიიდან ქართველი ერის ლეგიტიმური წარმომადგენელია - ერის, რომელიც ჩვენ ძალიან გვიყვარს და ვემსახურებით.
პირველი ოქტომბერი ჩვენი საერთო დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იყო.
გაჩნდა ახალი უმრავლესობა. დღეს ახალი პარლამენტის სხდომა იმართება, ხვალ ახალი პრემიერ-მინისტრი გვეყოლება, იქმნება ახალი მთავრობა და ახალი ოპოზიციის კონსოლიდირებაც მოხდა.
ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს იყო პირველი დემოკრატიული პროცესი, რომლის დროსაც ხალხს არჩევანის ალტერნატივა ჰქონდა.
როგორც იქნა ქართველმა ხალხმა შექმნა სისტემა, რომელშიც მთავრობა იცვლება არა ტყვიებით, ტანკებით, დრამატული რევოლუციებით ან, თუნდაც, ვარდებით, არამედ უბრალოდ ბიულეტენებითა და ნორმალური არჩევნებით.
ქალბატონებო და ბატონებო,
პარლამენტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ცენტრში მდებარეობს, ჩვენი დემოკრატიული ცხოვრების გულია, რომელიც დღეს იწყებს ფეთქვას.
ის იქნება უფრო დაყოფილი, უფრო დაბალანსებული და უფრო მკაფიო, ვიდრე იყო წინა მოწვევის პარლამენტი.
იმის გათვალისწინებით, რომ 2008 წელს ოპოზიციის ბევრმა არჩეულმა წევრმა უარი თქვა საკუთარ მანდატზე, დღეს ამაყი ვარ, რომ ყველანი აქ ხართ.
ჩვენ ყველა ვხედავთ იმ მკაცრ და რთულ დებატებს, ვნებათა ღელვით მოცულ არგუმენტებს, რომლებიც ამ დარბაზში დაიდებს ბინას.
ჩვენი პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ჩვენ ყველას შეგვიძლია ერთ რამეზე შევთანხმდეთ: არის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებზეც ჩვენ განსხვავებული პოზიციები გვაქვს და მომავალში ეს დარბაზი ძალიან ცოცხალი ადგილი იქნება.
აზრთა სხვადასხვაობა და ერთმანეთის მიმართ ოპოზიციური დამოკიდებულება ნამდვილად არ გაქრება, მაგრამ ჩვენ ეს ინსტიტუტუციურ ჩარჩოებსა და კონსტიტუციის ფარგლებში უნდა მოვაქციოთ.
2008 წელს ზოგიერთი თქვენგანი, წინა მოწვევის პარლამენტის გახსნისას, აქციებშიც კი იღებდა მონაწილებობას, ახლა კი თქვენ პარლამენტის წევრები ხართ, რომელთაგან, ნაწილი მაღალ თანამდებობებსაც უმიზნებს.
ქალბატონებო და ბატონებო,
ეს არის დემოკრატია სამუშაო პროცესში. ეს იმ ინსტიტუტების ინკლუზიურობას წარმოადგენს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფომ ააშენა.
ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების ცვალებადობა ჩვეულებრივ ამბად უნდა იქცეს - ისე, როგორც ეს ევროპულ დემოკრატიულ სახელმწიფოებში ხდება.
ამ შემთხვევაში, არსებული მენტალიტეტი - „გამარჯვებული იღებს ყველაფერს“, რომელიც დამახასიათებელია მხოლოდ ახალგაზრდა დემოკრატიებისა და გარდამავალი ქვეყნებისთვის, ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად გაქრება.
ამ შემთხვევაში, ნელ-ნელა მაგრამ აუცილებლად გაქრება სიტუაციის დამძაბველი ის სამოქალაქო ომისეული რიტორიკაც, რომელიც ახლადშექმნილ პოლიტიკურ ლანდშაფტებს ახასიათებს.
ამ შემთხვევაში, საქართველო ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად გახდება ნორმალური ევროპული დემოკრატია, რომლისთვისაც აუცილებლად გაიღება თავისი ბუნებრივი ადგილსამყოფელის - ევროკავშირის კარი და ჩვენსავე ძალისხმევით, ჩვენი ერი აუცილებლად დაუბრუნდება მის ისტორიულ ოჯახს.
ამისათვის თითოეულმა ჩვენგანმა პატივი უნდა სცეს საქართველოს ინსტიტუტებს, პატივი უნდა სცეს ჩვენს კონსტიტუციას და პატივი უნდა სცეს საკუთარ ოპონენტებს.
გუშინდელი ოპოზიცია დღეს მთავრობაშია, ხოლო ის, ვინც დღეს ოპოზიციაშია, ხვალ, შესაძლოა, ისევ ხელისუფლებაში მოვიდეს.
ყოველივე ეს არის ის, რაც ჩვენ ყველამ უნდა ვაღიაროთ. თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე - ჩვენ ვართ არა მტრები, არამედ ერთმანეთის პოლიტიკური მეტოქეები.
ეს კამპანია რთული, უხამსი და გესლიანი იყო, მაგრამ ახლა თქვენ მთელ ერს წარმოადგენთ და არა მის ნაწილს - მთელ ერს, მთელ მრავალეთნიკურ ქართულ საზოგადოებას!
აქამდე კამპანიისა და კონკურენციის დრო იყო, ახლა კი მუშაობის დრო დაგვიდგა.
დადგა დრო, რომ შევქმნათ სამუშაო ადგილები, გავაუმჯობესოთ სოფლის მეურნეობა, გავაგრძელოთ ჩვენი ინფრასტრუქტურის პროგრესი, განვავითაროთ ჯანდაცვა, გავაგრძელოთ ჩვენი ტრანსატლანტიკური მისწრაფებები და ევროპული ინტეგრაცია, ასევე დემოკრატიული განვითარება. ამას გარდა, უნდა ვიმუშაოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე, დეოკუპაციაზე და დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი - არ გავებათ საქართველოს ტერიტორიის ოკუპანტის მიერ დაგებულ ხაფანგში.
მე ვუსურვებ უმრავლესობას შეძლოს ცხოვრების დონის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული იმ დაპირებების შესრულება, რომლებიც ხალხს მისცა, ხოლო უმცირესობას ვუსურვებ იყოს ეფექტიანი ოპოზიცია, რომელიც არასდროს ისურვებს ქვეყნის მარცხს.
კიდევ ერთხელ მინდა მკაფიოდ გითხრათ: ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაგვავიწყდა განსხვავება ჩვენს შეხვედულებებს შორის, ან იმას, რომ ჩვენ უცებ უნდა დავეთანხმოთ ერთმანეთს ისეთ საკითხებზე, რომლებზეც ვერ დავეთანხმებით და არ დავეთანხმებით.
ჩვენი განსხვავებული პოზიციები ეკონომიკურ პოლიტიკასთან, დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, რეგიონალური განვითარების, სამოქალაქო უფლებების, უმცირესობების უფლებების, კულტურისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, აქ არის წარმოდგენილი. ეს პოზიციები ერთმანეთს უნდა დაუპირისპირდეს ამ პარლამენტის კედლებში.
ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსი, ევროპელი განმანათლებელი და პოლიტიკური ლიბერალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი შარლ ლუი დე მონტესკიე წერდა: „თუკი ქვეყანაში ერთდროულად ეთანხმება ყველა მთავრობასაც და ერთმანეთსაც, ეს სახელმწიფო აღარ არის - ეს უკვე სასაფლაოა“.
ქალბატონებო და ბატონებო,
საქართველო ნამდვილად არ არის სასაფლაო - ჩვენი ქვეყანა არასდროს არ იქნება სასაფლაო.
ეს არის სიცოცხლით სავსე ადგილი, სადაც ყველას აქვს საკუთარი აზრისა და კრიტიკის გამოთქმის არა მარტო უფლება, არამედ ძლიერი ნებაც.
გვქონდეს განსხვავებული აზრის კულტურა, არის ჩვენი დემოკრატიის სოციალური ბაზისი.
განსხვავებული აზრის კულტურა და კანონის უზენაესობისა და კონსტიტუციის პატივისცემა - ეს ორი პრინციპი ქართულ დემოკრატიასაც ისევე განსაზღვრავს, როგორც ნებისმიერ დემოკრატიას მსოფლიოში.
ძვირფასო პარლამენტის წევრებო,
დემოკრატია ყველგან და ყოველთვის მიმდინარე სამუშაო პროცესია.
ახლა ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი დრო მოდის.
ჩვენ უნდა მივისწრაფოდეთ გადაწყვეტილებების მიღების დეცენტრალიზაციისკენ, რათა უფრო მეტ ჩვენს მოქალაქეს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მათ ცხოვრებას შეეხება; რათა პოლიტიკური ელიტა ყოველთვის დაკავშირებული იყოს საზოგადოების ევოლუციასთან; რათა ეს ელიტა ყოველთვის წარმოადგენდეს ჩვენი საზოგადოების მრავალფეროვან ნაწილს და არჩეულ უმრავლესობას.
პარლამენტის ქუთაისში გადმოტანა არც მარტივი გადაწყვეტილება იყო და არც დედაქალაქის წინააღმდეგ მიმართული სადამსჯელო ღონისძიება - ეს არის იმ დიდი გეგმის ნაწილი, რომელიც როგორც ხელისუფლების, ისე ინსტიტუტებისა და განვითარების დეცენტრალიზაციას ისახავს მიზნად, რათა მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველას მიეცეს შესაძლებლობა, ჩაერთოს ამ ინსტიტუტების მუშაობაში.
ეს არის სიმბოლო და ინსტრუმენტი იმ თანასწორობისა, რომელსაც ქართულმა საზოგადოებამ უნდა მიაღწიოს.
ეს არის ჩვენი ქვეყნის ერთ დროს მეორეხარისხოვანი ქალაქების განვითარების გეგმის სიმბოლო და ინსტრუმენტი.
უფრო მეტიც, დაჩქარებული ტემპით უნდა განვითარდეს ადგილობრივი პოლიტიკური ცხოვრებაც.
როდესაც ხელისუფლებაში მოვედი, ქალაქის მერებსა და გამგებლებს პრეზიდენტი ნიშნავდა, მათ ახლა საკრებულოები ირჩევენ, ხოლო თბილისის მერს - დედაქალაქის მოსახლეობა.
პირდაპირი არჩევის წესი სხვა მერებსა და გამგებლებზეც უნდა გავრცელდეს. ასევე გთავაზობთ, რომ პირდაპირი წესით ავირჩიოთ ყველა გუბერნატორი.
ეს გადამწყვეტი იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების კიდევ უფრო გაღმავების პროცესში.
დეცენტრალიზაცია არის არა მარტო სასიცოცხლო დემოკრატიული პრინციპი, არამედ ჩვენი ინსტიტუტების განვითარების ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი და მათი მდგრადი ფუნქციონირების საუკეთესო გზა.
ქალბატონებო და ბატონებო,
იმედი მაქვს, ყოველ ჩვენგანს ესმის თუ რამდენად უნიკალური შანსი გვეძლევა, ვაჩვენოთ ქართველ ხალხს და მთელს მსოფლიოს, რომ ყველას გვამოძრავებს დემოკრატიული პრინციპები და ჩვენი ქვეყნის ერთიანობა.
დღეს არ არის ბრაზის, შურისძიებისა და სიმწრის დრო - ეს არის ერთობლივი განხილვის, დებატებისა და საქმის კეთების დრო.
ევროკავშირსა და ნატოსთან დაკავშირებულ პროცესებში მომავალ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს მე პირადად შევთავაზე თანამშრომლობა და ამ პროცესში ჩართვა როგორც პირადად ჩემი, ისე უშიშროების საბჭოსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის სრული შემადგენლობის მხრიდანაც.
ევროკავშირი და ნატო ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თემებია, რომლებიც უფრო მაღლა დგას, ვიდრე ჩვენს შორის არსებული პოლიტიკური განსხვავებები.
იგივე შეიძლება ითქვას ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზებსა და ჩვენი ქვეყნის საგარეო საფრთხეებისგან დაცვის საკითხებზე: მე, ჩემს გუნდთან ერთად, მსურს ვემსახურო ქართველ ერს და ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით, ვითანამშრომლებთ საქართველოს მთავრობასთან.
ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის უმაღლესი ინტერესი ყველა ჩვენგანზე მაღლა დგას, იმ ადამიანებზე მაღლა, ვინც ახლა ამ დარბაზში ვიმყოფებით.
ყველას მოგიწოდებთ, კარგად იმუშაოთ, რათა ღირსეულად ემსახუროთ ამ უმაღლეს ინტერესს, რადგან ჩვენ ყველას გვიყვარს საქართველო.
გმადლობთ!